Facebook Twitter

საქმე №ას-236-2020

12 მარტი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.დ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

აღწერილობითი ნაწილი:

მამუკა დადვანმა და გ.დ–მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ.ბ–ის მიმართ და მოითხოვეს, რომ 2018 წლის 24 დეკემბერს ნოტარიუს ქ.ბ–ის მიერ გაცემულ #181553696 სააღსრულები ფურცელში შესულიყო ცვლილება და სესხის თანხად განსაზღვრულიყო 15 900 აშშ დოლარი.

მოპასუხემ სარჩელი ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა გ.დ–მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით გ.დ–ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.დ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემული საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს რამდენჯერმე გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე (თბილისი, ......). საქმის მასალებში არსებული საფოსტო გზავნილებით ირკვევა, რომ დოკუმენტის ჩაუბარებლობის ძირითადი მიზეზად გვევლინება ადრესატის მისამართზე არ ყოფნა. ამავდროულად, ერთ შემთხვევაში საფოსტო უკუგზავნილში აღნიშნულია, რომ გ.დ–ის მეუღლემ 2019 წლის 27 დეკემბერს უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

სსსკ-ის 75-ე მუხლის თანახმად თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.

სსსკ-ის 75-ე მუხლის დანაწესის ანალიზიდან გამომდინარე თუ მხარეს სასამართლო შეტყობინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნება და მხარის მიერ მითითებულ მისამართზე განმეორებით გაგზავნილი სასამართლო შეტყობინების მიღებაზე ადრესატის ქმედუნარიანი ოჯახის წევრი უარს განაცხადებს სასამართლო შეტყობინების მიღებაზე, ასეთი უარი ჩაითვლება შეტყობინების ჩაბარებად. (იხილეთ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება საქმეზე N ას-561-529-2011)

განსახილველი საქმის შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება გ.დ–ს გაეგზავნა რამდენჯერმე, მესამედ გაგზავნის პირობებში გ.დ–ის მეუღლემ, 2019 წლის 27 დეკემბერს, უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე, მას შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ რამდენჯერმე გაუგზავნა ადრესატს გზავნილი, თუმცა გასაჩივრებული განჩინების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

2020 წლის 29 იანვარს გ.დ–მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ჩაიბარა გასაჩივრებული განჩინება. 2020 წლის 10 თებერვალს გ.დ–მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრის წარდგენის გზით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსსკ-ის 75-ე მუხლიდან გამომდინარე გ.დ–ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინების ჩაბარების თარიღად უნდა ჩაითვალოს 2019 წლის 27 დეკემბრი, როდესაც კერძო საჩივრის ოჯახის წევრმა დოკუმენტის ჩაბარებაზე უარი განაცხადა და შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორისათვის განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დინება ამავე თარიღის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით 2019 წლის 09 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 28 დეკემბერს და ამოიწურა 2020 წლის 8 იანვარს. გ.დ–მა კი კერძო საჩივარი შეიტანა 2020 წლის 10 თებერვალს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, გ.დ–ის კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა

1. გ.დ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე