საქმე №ას-341-2019 2 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „T. G.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „E.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „T. G.-მ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „E-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2013 წლის 27 ივნისს დადებული ნასყიდობისა და უფლებამოვალეობათა გადაცემის შესახებ ხელშეკრულების გაუქმება, ნასყიდობის საგნის _ ქ.ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #......, შემდგომში _ უძრავი ქონება ან ნასყიდობის საგანი) მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა, ასევე, დღგ-ს სახით გადახდილი 94 500 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 27 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობისა და უფლებამოვალეობათა გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა ქ.ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონება. მხარეთა შეთანხმებით, უძრავი ქონების გადაცემისა და მისი განვითარების უფლების დათმობის სანაცვლოდ მყიდველი გამყიდველს გადაუხდის 525 000 აშშ დოლარს. ხელშკრულება არ მოიცავდა დღგ-ს გადასახადს. 2013 წლის 29 ივნისს მხარეებმა ცვლილება შეიტანეს ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომლის თანახმადაც, საზღაური უნდა გადახდილიყო უნაღდო ანგარიშსწორებით ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი თვის ვადაში _ 2013 წლის 27 სექტემბრამდე. მოსარჩელემ გასხვისების ოპერაციის გამო დღგ-ს სახით გადაიხადა 94 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური, მას გამყიდველმა 2015 წლის 10 თებერვალს საბოლოო შეტყობინებით მიმართა და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, გაწეული ხარჯებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუმცა, უშედეგოდ. ამ გარემოებათა გამო მოსარჩელე გადის ხელშეკრულებიდან, მოითხოვს ნასყიდობის საგანი აღირიცხოს მის საკუთრებად და აუნაზღაუროს ის ზიანი, რაც მას მიადგა დღგ-ს გადასახადის გადახდით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. მას ხელშეკრულების დადებისა და მასში ცვლილების შეტანის ფაქტები სადავოდ არ გაუხდია, თუმცა, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვინაიდან ძირითადი ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონით დადგენილია გარიგების წერილობითი ფორმით დადებისა და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება, რაც არ იქნა დაცული ცვლილებების შემტან შეთანხმებასთან მიმართებაში, ეს უკანასკნელი, როგორც ფორმადაუცველი, ბათილია. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულებიდან გამყიდველის გასვლა ნასყიდობის საგნის დაბრუნებას ვერ გამოიწვევს, რადგანაც ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე არის შემძენი. მოპასუხის განმარტებით, მას შესრულებული აქვს ვალდებულება და გამყიდველისათვის ანაზღაურებული აქვს ქონების საფასური, რაც გამორიცხავს, როგორც ქონების დაბრუნების, ისე დღგ-ს სახით გადახდილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულებიდან გასვლის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოთხოვნა წარუმატებლად მიიჩნიეს, რასაც არ ეთანხმება კასატორი და პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან სამართლის ნორმათა დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის თანახმად კი:
- ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არ დააკმაყოფილეს სარჩელი. სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში გამყიდველის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბიზნესსაინვესტიციო გარიგების შესრულება და სწორედ ამ საფუძვლით დადო მან გარიგება, შესაბამისად, გაუგებარია რა არგუმენეტებით იმსჯელა ორივე ინსტანციის სასამართლომ იმ ფაქტზე, თითქოს მოსარჩელის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების დარღვევის პირობებზე მითითება არ ყოფილა გაკეთებეული ან სათანადო მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაშინ, როდესაც მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა, როგორც სახელმწიფოსთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულება, ისე _ სადავო ხელშეკრულება. კანონიც და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებაც უნდა განიმარტოს ერთიანი მიზნიდან გამომდინარე და არა ფორმალურად, მით უფრო მაშინ, როდესაც სახეზეა ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევა;
- ქვემდგომმა სასამართლოებმა გვერდი აუარეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და იმსჯელეს მხოლოდ ფორმალურ საკითხზე, თუმცა, სარჩელის უარყოფა იურიდიულად მაინც ვერ დაასაბუთეს. უსაფუძვლო და სამოქალაქო ბრუნვის საწინააღმდეგოა სააპელაციო პალატის განმარტება, რომლის თანახმადაც აპელანტის მითითება საინვესტიციო ვალდებულებების დარღვევის გამო გარიგების გაუქმების თაობაზე დაუშვებელია, თუმცა, ამ ფაქტის დასაშვებად ცნობაც არ ქმნის აპელანტისთვის საშეღავათო გარემოებებს, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახამად, ნებისმიერი სახელშეკრულებო გადაცდომისთვის მხარეებს სამინისტროს წინაშე წარმოეშობათ სოლიდარული პასუხისმგებლობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობა პირდაპირ კავშირშია მხარის კანონიერ ინეტერესთან, გაუგებარია რა ლოგიკას დაეფუძნა სასამართლო, იმ პირობებში, როდესაც კასატორმა დადო გარიგება მოპასუხესთან და ამ გარიგების ფარგლებში ორივე მხარემ იკისრა პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. თუკი მყიდველი გადაცემული ქონებით არცერთ ვალდებულებას არ ასრულებდა, სწორედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ მოთხოვნა უნდა იქნას მიჩნეული გამართლებულად;
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სახელშეკრულებო ურთიერთობა. გარდა იმისა, რომ სასამართლო სხდომაზეც ნათლად დადასტურდა ხელშეკრულების საფასურის გადაუხდელობის ფაქტი, ასევე გამოიკვეთა სხვა ვალდებულების შეუსრულებლობაც, შესაბამისად, სასამართლოს კუმულატიურად, შეუსრულებელ ვალდებულებებთან ერთად უნდა დაედგინა მოწინააღმდეგე მხარის მიერ საზღაურის გადაუხდელობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, ნათლად იკვეთება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არასრული და არასწორი შეფასება;
- სასამართლო განიხილავს ხელშეკრულებას, როგორც ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, თუმცა, შეფასების გარეშე ტოვებს მის არსებით პირობებს, შეფასების გარეშეა დატოვებული გარიგების ის დებულებები, სადაც განსაზღვრულია, რომ 2013 წლის 27 ივნისის ხელშეკრულება ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებაში ასახავს ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან 2012 წლის 3 თებერვალს დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების მავალდებულებელ პირობებს, კერძოდ, 2013 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ „საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაციის შემდგომ მყიდველზე გადადის ყველა ის უფლება და მოვალეობა, რაც განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით. მყიდველმა ასევე განაცხადა, რომ ის იცნობს ძირითად ხელშეკრულებას (2012 წლის 3 თებერვლის), ეთანხმება მის პირობებს და იძლევა გარანტიას, რომ შეასრულებს ნებისმიერ ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს აღნიშნული ხელშეკრულებიდან“. მოწინააღმდეგ მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები აისახა საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულების გრაფაში (მას სწორედ აღნიშნული ნასყიდობის საფუძველზე დაეკისრა: 1. ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდა; 2. ხელშეკრულების შესაბამისად, 2013 წლის 20 აპრილამდე 33-სართულიანი შენობის მშენებლობის დაწყება და 2015 წლის 31 დეკემბრამდე მისი ექსპლუატაციაში მიღება). ამ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია, ამასთან, ფაქტია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მშენებლობის ნებართვაც კი არ აქვს მოპოვებული.
1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.2.1. სარჩელზე თანდართული ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2012 წლის 3 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა სადავო უძრავი ქონება _ 982 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 513 კვ.მ. შენობა-ნაგებობა;
1.2.2. უძრავი ქონების გადაცემა განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით;
1.2.3. 2013 წლის 27 ივნისს მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმდნენ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და უფლებამოვალეობათა გადაცემაზე. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა სადავო უძრავი ქონება. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი უძრავი ქონების გადაცემისა და მისი განვითარების უფლების დათმობის სანაცვლოდ, გამყიდველს გადაუხდიდა 525 000 აშშ დოლარს;
1.2.4. მიწის ნაკვეთის გასხვისების გამო, გამყიდველმა დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით გადაიხადა 94 500 აშშ დოლარი;
1.2.5. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ქონების გადაცემა გამყიდველზე მოხდა გარკვეული ვალდებულებების შესრულების პირობით და ამ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში გამყიდველს, ძირითადი ხელშეკრულების თანახმად, ეკისრება გარკვეული სანქციები, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან და აცნობიერებენ, რომ ქონების გამყიდველიდან მყიდველზე გადაცემის შემდეგ, რომელიმე მხარის მხრიდან სამინისტროს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სანქციები დაეკისრება ორივე მხარეს და ორივე მხარე სამინისტროს წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო სასამართლო სრულად უარყოფს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომლის თანახმადაც ნასყიდობის საზღაურის გადაუხდელობა არ შეიძლება ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობა გახდეს და ასეთ ვითარებაში გამყიდველმა შეიძლება მხოლოდ ფასის ანაზღაურება მოითხოვოს. სააპელაციო პალატა ხსენებულ დასკვნას ამყარებს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე, თუმცა, მოძიებული გადაწყვეტილებები (სუსგ-ებები: #ას-1439-1357-2012; #ას-1206-1226-2011) განსახილველი შემთხვევის არარელევანტურია. საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით დადგენილია, რომ ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ნება ნამდვილია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის წინაპირობები. ნამდვილი ნების შემთხვევაში კი, დასაშვებია პირველადი მოთხოვნის _ ვალდებულების შესრულების დაყენება, ისევე, როგორც შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, შესაძლოა კონტრაჰენტი გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ამდენად, გასაჩივრებული განჩინების დასკვნა არ გამომდინარეობს არც სამართლის ნორმათა და არც საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის სწორი ანალიზიდან, შესაბამისად, სახეზეა მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.3.2. განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეფასება მისცეს მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობას. უდავოა, რომ მოსარჩელემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებისაგან შეიძინა უძრავი ქონება გარკვეული საინვესტიციო პირობებით, შემდგომში კი, შეძენილი ქონება ვალდებულებებთან ერთად სასყიდლის სანაცვლოდ გადასცა მოპასუხეს და ამ გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო (ფასის გადაუხდელობა), მას სურს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ასევე, გაწეული დანახარჯების ანაზღაურება. ისმის კითხვა: რა სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მხარეთა შორის? საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების პირობების შესწავლის შედეგად პალატა მიდის დასკვნამდე, რომ სახეზეა შერეული ხელშეკრულება (სკ-ის 340-ე მუხლი), რომლის საფუძველზეც მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა, როგორც უძრავი ქონება, ისე _ გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ამდენად, სახეზეა მოვალესა და მესამე პირს შორის დადებული ვალის გადაკისრებისა და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, ამგვარი ვალის გადაკისრება მერყევად ბათილი გარიგებაა და მისი ნამვილობა დამოკიდებულია კრედირტორის თანხმობაზე. მხარეებს შორის სადავო არაა და საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების პრეამბულის თანახმად, იგი დადებულია კრედიტორის მიერ წინასწარ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე (სკ-ის მე-100 მუხის თანახმად, სახეზეა წინასწარ გაცემული თანხმობა _ ნებართვა), შესაბამისად, ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმება ნამდვილია, ისევე, როგორც უდავოა, რომ უძრავი ქონების გადაცემის ნაწილში ხელშეკრულების დებულებები შეესაბამება მხარეთა ნებას და იგი დადებულია წერილობითი ფორმით (სკ-ის 183-ე და 59.1 მუხლები). ამდენად, პალატა ასკვნის, რომ 2013 წლის 27 ივნისის ხელშეკრულება ნამდვილია, რაც მხარეებს წარმოუშობს მისი შესრულების ვალდებულებას.
1.3.3. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებს წარმოადგენს ნასყიდობის საგანსა და მის ღირებულებაზე მხარეთა შეთანხმება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა, არამედ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არ გადაუხდია ქონების საფასური და გაფრთხილების მიუხედავად, იგი კვლავ არღვევს ვალდებულებას, რის გამოც, გამყიდველი გადის ხელშეკრულებიდან და ქონების დაბრუნების გზით სურს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. შესაგებლის შესწავლით ირკვევა, რომ მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შედავება წარადგინა, კერძოდ, მან მიუთითა თანხის გადახდის ფაქტზე, რაც იმდენად არსებითია, რომ სარჩელის წარმატებულობას გამორიცხავს (სკ-ის 427-ე მუხლი). ხსენებულიდან გამომდინარე, მტკიცების საგანში შემავალ უპირველეს გარემოებას წარმოადგენს საფასურის გადახდის ფაქტი. სამოქალაქო კოდექსის 429-ე-431-ე მუხლებით განსაზღვრული სავალო საბუთის ინსტიტუტიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ყოველთვის მოპასუხეს ეკისრება, რომელიც ვალდებულია, ხსენებული ფაქტი სათანადო დოკუმენტით დაადასტუროს (დადგენილია, რომ მხარეებმა სადავო ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება, რომელიც მათ შორის საზღაური გადახდის ფორმას შეეხებოდა. ეს დოკუმენტი წერილობითი ფორმისაა, შესაბამისად, მოპასუხის შედავების საპირისპიროდ, იგი ნამდვილია, რადგანაც საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ წარმოადგენს გარიგების ფორმას, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იარსებებდა მხარეთა შეთანხმება უნაღდო ანგარიშსწორებაზე ან ამ შეთანხმების საწინააღმდეგოდ, სხვა მტკიცებულებით დადგინდება საზღაურის გადახდის ფაქტი, ეს შესრულების ნამდვილობაზე გავლენას ვერ იქონიებს). გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, გადაუხადა თუ არა თანხა მოვალემ კრედიტორს, შესაბამისად, ამ ნაწილში საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა.
1.3.4. როგორც უკვე ითქვა, საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელობა არ შეიძლება ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი გახდეს. სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებიდან გამომდინარე, კრედიტორს ვალდებულების არსებითი დარღვევის შემთხვევაში შეუძლია მეორე მხარის მიმართ განაცხადოს უარი ხელშეკრულებაზე, თუკი იგი დაიცავს დამატებითი ვადის დაწესების/გაფრთხილების წინაპირობებს. ასეთ შემთხვევაში, მისი ცალმხრივი ნება მიღება-სავალდებულოა და ნამდვილია იმ მომენტიდან, როდესაც იგი მეორე მხარეს მიუვა (სკ-ის 51.1 და 355-ე მუხლები). ხსენებული კი, მეტყველებს იმაზე, რომ ნების მიმღებს წარმოეშობა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა სწორედ ვალდებულების არსებით დარღვევას წარმოადგენს და ხელშეკრულებიდან გასვლის წესების დაცვის შემთხვევაში, კრედიტორს ყოველთვის შეუძლია გადაცემული სარგებლის/ქონების დაბრუნების მოთხოვნის წარდგენა. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ დაუდგენიათ გამყიდველის მოქმედება შეესაბამება თუ არა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის წინაპირობებს, მით უფრო საქმეში წარმოდგენილია ე.წ საბოლოო შეტყობინება, რომლითაც კრედიტორი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას, ამდენად, ამ ნაწილში ასევე სავალდებულოა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიმართ კრედიტორს ყოველთვის გააჩნია ინტერესი, ვინაიდან პრეზუმირებულია, რომ ინტერესის არარსებობის შემთხვევაში, ის რელატიურ ურთიერთობაში არ შევიდოდა მეორე მხარესთან. თუკი ვალდებულების არსებითი დარღვევა დადგინდება, დამატებითი მტკიცების გარეშე გამართლებულად მიიჩნევა ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის წარდგენა. აღნიშნული დასკვნა სწორედ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარეობს, რადგანაც კანონი უპირატესობას პირველად მოთხოვნას _ შესრულებას ანიჭებს და ავალდებულებს კიდეც კრედიტორს დამატებითი ვადის დაწესებას, თუმცა, ამ ვადის უშედეგოდ გასვლის, ასევე, შესრულების მიმართ ინტერესის დაკარგვის შემთხვევაში, უპირატესობას უფლებადარღვეულ მხარეს ანიჭებს და უდგენს მას ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობას. ამგვარად, საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის ვერ გახდება ის, სარჩელში მიუთითა თუ არა გამყიდველმა სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის საკუთარ სოლიდარულ პასუხისმგებლობაზე და ამ ფაქტის სააპელაციო სასამართლოში მითითება არღვევს თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნებს.
1.3.5. საკასაციო სასამართლო, გასვლის წინაპირობების დადგენის შემთხვევაში, საფუძვლიანად მიიჩნევს გამყიდველის მოთხოვნას დღგ-ს სახით გადახდილი თანხის ანაზღაურების თაობაზე. სააპელაციო პალატამ ხსენებული მოთხოვნა არასწორად მიიჩნია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნად და არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 409-ე მუხლით, ასევე, საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ამ თანხის გადახდა ხელშეკრულებით იკისრა მოსარჩელემ. სამოქალაქო კოდექსის 479-ე მუხლი, დისპოზიციური მოწესრიგების ფარგლებში გამყიდველს აკისრებს უძრავი ქონების გაყიდვის ხარჯების გაღებას, რომელიც მათ შორის შეიძლება დღგ-ს გადასახადსაც ითვალისწინებდეს, თუმცა, ხელშეკრულებიდან გასვლისა და რესტიტუციის შემთხვევაში, ეს ხარჯები მიიჩნევა აუცილებელ დანახარჯებად და მისი ანაზღაურების წესს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი. განსახილველი ნორმის თანახმად, თუ მოვალე საგანს უკან აბრუნებს, ანაზღაურებს ფულით ან, თუ 352-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მაშინ მას უნდა აუნაზღაურდეს აუცილებელი დანახარჯები. სხვა დანახარჯები უნდა ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ, თუ კრედიტორმა მათ საფუძველზე სარგებელი მიიღო.
1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე (2) (3) მუხლის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული მსჯელობის გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ განსაზღვროს უფლების საკითხი.
2. პროცესის ხარჯები:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კასატორს დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის გადახდა. ვინაიდან საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „T. G.-ს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი