საქმე №ას-705-705-2018 23 დეკემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი – ზ.ლ–ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ნ.მ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ე.რ–ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ნ.ჩ–ი
მესამე პირი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილება (არასრულწლოვნების: მ. და თ. ლ–ის კანონიერი წარმომადგენელი)
წარმომადგენელი _ ე.უ–ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ზ.ლ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.რ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 30 მარტს დაბადებული თ.ლ–ისა და 2010 წლის 8 თებერვალს დაბადებული მ.ლ–ის საცხოვრებელი ადგილის მამის _ ზ.ლ–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრა, ასევე, ე.რ–ძისათვის შვილების თავისთან საცხოვრებლად წაყვანისა და მათი წარმომადგენლობითი უფლებების შეზღუდვა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით მოდავე მხარეთა შვილების: მ. და თ. ლ–ის საცხოვრებლად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი. ამჟამად შეიცვალა გარემოება და შვილები რამდენიმე თვეა არიან მასთან. ბავშვებს არავითარი სურვილი არ აქვთ, წავიდნენ დედასთან არათუ საცხოვრებლად, არამედ, ურთიერთობა იქონიონ მასთან ან ესაუბრონ ტელეფონით. ე.რ–ძე არ ასრულებს მშობლის უფლება-მოვალეობებს, რაც დადასტურებულია ზ.გ–ძის მიერ შედგენილი ხელწერილით. ბავშვები მიუთითებენ დედის უარყოფით პირად ცხოვრებაზე, მ–ს ასახელებს მისი არაერთი მეგობარი მამაკაცის სახელს, რაც ცუდად აისახება მცირეწლოვნის ფსიქიკაზე, მის მომავალ ცხოვრებაზე. აღნიშნულის გამო ე.რ–ძეს უნდა შეეზღუდოს შვილების წაყვანისა და მათი წარმომადგენლობის უფლება, ხოლო, ბავშვების საცხოვრებლად უნდა განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ზ.ლ–თან ქორწინების პერიოდში ჰქონდა კონფლიქტი, იგი მოპასუხეს ბავშვების თანდასწრებით აყენებდა შეურაცხყოფას, ხშირად იყო და არის ალკოჰოლური თრობის ქვეშ. მოპასუხემ დახმარებისთვის მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ზ.ლ–ს ჩამოართვეს ხელწერილი. განქორწინების შემდეგ გარკვეული პერიოდი მხარეები ცხოვრობდნენ ზ.ლ–ის სახელზე რეგისტრირებულ, ხონში მდებარე ბინაში, რომელიც შეძენილ იქნა ე.რ–ძის დედის მიერ საბერძნეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილი დანაზოგით, მაგრამ იმისათვის, რომ თავიდან აერიდებინა უსიამოვნება და ბავშვები გაეზარდა მშვიდ გარემოში, არასრულწლოვნებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ნაქირავებ ბინაში, ქ.ქუთაისში. მოპასუხეს მატერიალურად ეხმარება დედა, თვითონ მუშაობა დაიწყო მაღაზიაში გამყიდველად, იმყოფება ქორწინებაში ა.რ–ძესთან, რომელიც დასაქმებულია და ხშირად უწევს გამგზავრება გერმანიაში. მოპასუხის მეუღლე არ არის წინააღმდეგი, ბავშვებმა იცხოვრონ დედასთან. მოსარჩელე რაიმე მატერიალურ დახმარებას არ უწევდა და არც ახლა უწევს შვილებს, არ იხდის ალიმენტს. ზ.გ–ძის მიერ 2014 წელს შესრულებულ ხელწერილს მოსარჩელე ინახავდა 2 წელი, მხოლოდ მას შემდეგ გამოაჩინა და საფუძვლად დაუდო ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე დავას, რაც ალიმენტის იძულებით გადახდევინებაზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება. სარჩელის აღძვრა ემსახურება არა ბავშვების ჭეშმარიტ, არამედ მოსარჩელის პირად ქონებრივ ინტერესს, ამასთან, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გამოიკვლია სარჩელის აღძვრის შემდგომ შეცვლილი გარემოებები, ფსიქოლოგთა დასკვნები თითოეული არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და თითოეული მშობლის მიმართ მათი დამოკიდებულების თაობაზე, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ზ.ლ–ის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი, ასევე, არსებობს თუ არა ერთ-ერთი მშობლის უფლებების შეზღუდვის ფაქტობრივი წინაპირობები. ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან სარჩელი უარყოფილ იქნა, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, არ ეთანხმება კასატორი. მართალია, ზოგადპროცესუალური სტანდარტის თანახმად (სსსკ-ს 404.1 მუხლი) საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებას კასატორის პრეტენზიების შესაბამისად ამოწმებს და მას მხოლოდ იმ ფარგლებში ცვლის, რა ფარგლებშიც შედავებაა გამოთქმული საჩივარში (სსსკ-ს 409-ე მუხლი), თუმცა, ვინაიდან განსახილველი დავა საოჯახო სამართლიდანაა ნაწარმოები და არასრულწლოვნის უფლებრივ მდგომარეობას ეხება, საკასაციო სასამართლომ განკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული ინკვიზიციურობის პრინციპი (სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ), საკუთარი ინიციტივით დაავალა არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენელ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის _ ფსიქოლოგის გამოყოფა, რომელსაც დაევალა შემდეგი საკითხების გამოკვლევა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა:
არასრულწლოვანი მ. და თ. ლ–ის ფსიქო-ემოციური დამოკიდებულება თითოეული მშობლის მიმართ;
თითოეული არასრულწლოვნის ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა (მათ შორის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით მათი დამოკიდებულება).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასევე დაევალა, შეცვლილი გარემოებების შესაბამისად, შეისწავლოს თითოეული მშობლის საცხოვრებელი გარემო-პირობები და წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა (იხ. 16.10.2019წ. საოქმო ამონაწერი).
საკასაციო სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლია სოციალური მუშაკების 2019 წლის 21 ნოემბრისა და ფსიქოლოგ ნ.კ–ძის 2019 წლის 25 ნოემბრის დასკვნები. მხარეთა საპროცესო თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით (სსსკ-ის მე-5 მუხლი), მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის ზეპირ განხილვაზე მოწვეულ იქნა ფსიქოლოგი ნ.ლ–ძე, რომლის ახსნა-განმარტებაც მიიღო სასამართლომ და დაფიქსირდა შესაბამის სხდომის ოქმში.
საკასაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოცემული დავის გადაწყვეტისას დროის ფაქტორის საკითხი, რამდენადაც საქმის განხილვის გაჭიანურება ნეგატიურად მოქმედებს, როგორც დასადგენ გარემოებათა სტაბილურობაზე, ისე _ არასრულწლოვანთა ინტერესებზე, იცვლება მათი ასაკი, გარემო და სხვა, რის გამოც, საკითხის საბოლოოდ და ამომწურავად დროული გადაწყვეტა სამართალწარმოების ეფექტიანობას გაზრდის და მიღებული გადაწყვეტილება მეტად იქნება ორიენტირებული არასრულწლოვანთა ინტერესებზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო, როგორც საქმის განხილვის წინა ეტაპებზე, ისე _ საკასაციო განხილვისას გამოვლენლი გარემოებები, რომელთა ურთიერთშეჯერების შესაბამისადაც შეამოწმებს პალატა კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
1.2. ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით მოსარჩელე ე.რ–ძესა და მოპასუხე ზ.ლ–ს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:
ა) ბავშვების: მ. და თ. ლ–ის საცხოვრებლად განისაზღვრა დედის _ ე.რ–ძის საცხოვრებელი ადგილი;
ბ) მამის, ზ.ლ–ის ბავშვებთან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგნაირად: მ. და თ. ლ–ი პარასკევს, 16:00 საათიდან კვირის 16:00 საათამდე წაყვანისა და დარჩენის უფლებით იყვნენ მამასთან, რომელიც კისრულობს ვალდებულებას, კვირას, 16:00 საათზე დაუბრუნოს ბავშვები დედას;
1.2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ე.რ–ძესა და ზ.ლ–ს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:
ა) განქორწინებით შეწყდა ე.რ–ძესა და ზ.ლ–ს შორის 2009 წლის 3 ნოემბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება;
ბ) ზ.ლ–ს დაეკისრა არასრულწლოვანი ბავშვების: 2011 წლის 30 მარტს დაბადებული თ.ლ–ისა და 2010 წლის 8 თებერვალს დაბადებული მ.ლ–ის საზრდოდ, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 100 ლარის, ორივე შვილისათვის _ 200 ლარის გადახდა ბავშვების მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე;
გ) ალიმენტის გადახდევინება დაიწყო სარჩელის შეტანის მომენტიდან _ 2014 წლის 12 ნოემბრიდან.
1.2.3. ბავშვები: მ. და თ. ლ–ი, 2016 წლის მარტამდე იზრდებოდნენ დედასთან, ე.რ–ძესთან ქ.ქუთაისში. 2016 წლის მარტიდან დედის, ე.რ–ძის ნების საწინააღმდეგოდ, ზ.ლ–მა ბავშვები დაიტოვა თავის საცხოვრებელ ადგილას, ხონის რაიონის სოფელ ......ში, სადაც ისინი ცხოვრობენ დღემდე;
1.2.4. 2016 წლის 28 ივლისიდან ე.რ–ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა.რ–ძესთან. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, მიეკუთვნა გვარი _ რ–ძე;
1.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია საქმე ბავშვების: მ. და თ. ლ–ის რჩენა-აღზრდისათვის, 2014 წლის 12 ნოემბრიდან 2016 წლის 17 ოქტომბრამდე წარმოშობილი დავალიანების _ 4 600 ლარის ზ.ლ–ისათვის იძულებით გადახდევინების შესახებ;
1.2.6. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგ ლ.ც–ის მიერ 2016 წლის 18 ივლისს შედგენილი ფსიქოლოგიური გამოკვლევის თანახმად, „სხვადასხვა მეთოდის მიხედვით ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ბავშვები გამოხატავენ დედასთან ურთიერთობის სურვილს, თუმცა, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, კერძოდ, რომ დედამ იცხოვროს მათთან და მამასთან ერთად. მ–სს შემთხვევაში წარსულში არსებული ნეგატიური გამოცდილება იწვევს გაურკვევლობის და შიშის გრძნობას, რაც წარმოადგენს ერთადერთ პირობას, რის გამოც უარს აცხადებს დედასთან ცხოვრებაზე, თუმცა ბავშვი არ ეწინააღმდეგება დედასთან შეხვედრას... მამის ოჯახში უფროსების მხრიდან არსებული ნეგატიური შეხედულება დედაზე ასევე ახდენს გავლენას მის დამოკიდებულებაზე დედის მიმართ. რაც შეეხება თ–ს, მასზე გავლენას ახდენს, როგორც მ–ს, ასევე ოჯახის უფროსი წევრების მიერ გამოთქმული აზრები და რეპლიკები“ (გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებზე არაპირდაპირი ფორმით ნათქვამი ან შემთხვევით გაგონილი აზრები იმავე ზემოქმედებას ახდენს, რაც მიზანმიმართულად მათი მისამართით ნათქვამი აზრი);
1.2.7. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგ ლ.ც–ის 2016 წლის 11 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, „ბავშვის ასაკი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ მოვლენების შეფასებისას იყოს თანმიმდევრული და ობიექტური. დედასთან ცხოვრების პერიოდში მას აღნიშნულ მოვლენებთან მიმართებით ექნებოდა ნეგატიური ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ ის ნაკლებად იფიქრებდა მათ შეფასებით მომენტებზე (მაგალითად, რატომ იყო ცუდი ის, რაც დაინახა). მამის ოჯახის წევრების მხრიდან მის მონათხრობთან დაკავშირებულმა ემოციურმა რეაქციებმა და შეფასებებმა აშკარად გაამყარეს მისი ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, რამაც შესაბამისად იმოქმედა დედასთან ურთიერთობის საკითხზეც. თავის პარტნიორთან დედის ურთიერთობის სცენებს ბავშვი შემთხვევით, დაუდევრობის ფონზე შეესწრო და რა თქმა უნდა, მას არ ჰქონდა მიზანმიმართული ხასიათი“;
1.2.8. ფაქტის შემთხვევითობა იკვეთება, ასევე მ.ლ–თან ფსიქოლოგის გასაუბრებისას, როცა ფსიქოლოგის კითხვაზე, თუ რას აკეთებდა ამ დროს თავად, ბავშვმა თქვა, რომ ის თვალებს ხუჭავდა, რომ მათ არ დაენახათ: „ვითომ მეძინა“ (თან ფიზიკურად აჩვენა, როგორ ხუჭავდა თვალებს), ხოლო თ–ს ეძინა და ეს არ დაუნახავს (თ–ს გადახედა და დამცინავად თქვა: „ამას მართლა ეძინა“). იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის, ლ.ც–ის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად, გაცემულ იქნა შემდეგი რეკომენდაცია:
„იმისათვის რომ დაცული იქნას ბავშვის ინტერესები, მიზანშეწონილია მისი თანდასწრებით უფროსებმა თავი შეიკავონ მსგავსი მოვლენების შეფასებებისაგან, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვების თვალში მშობლის დისკრედიტაცია მათ ფსიქიკაზე განსაკუთრებულად ნეგატიურად მოქმედებს“;
1.2.9. ხონის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მოვალეობის შემსრულებლის დასკვნით, „ბავშვები კატეგორიულ უარს აცხადებენ დედასთან ერთად ცხოვრებაზე სხვა საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა გამოხატავენ სურვილს, რომ დედა იყოს მათ გვერდით“;
1.2.10. ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების მიერ, დროის სხვადასხვა მონაკვეთში გაცემული დასკვნების თანახმად, ე.რ–ძე ზ.ლ–თან განქორწინების შემდეგ, შვილებთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. საცხოვრებელი ბინა შედგება 3 ოთახისაგან. ბავშვებისათვის გამოყოფილია ცალკე საძინებელი, სახლი გარემონტებულია და საცხოვრებლად უსაფრთხოა. მეუღლე დასაქმებულია და პერიოდულად სამუშაოდ იმყოფება გერმანიაში. მას ყოველთვიურად მატერიალურად ეხმარება დედა, ლ.რ–ძე, რომელიც სამუშაოდ იმყოფება საბერძნეთის რესპუბლიკაში. ე.რ–ძის ოჯახში შექმნილია ბავშვების განვითარებისათვის საჭირო პირობები. ბავშვები: მ. და თ. ლ–ი დედასთან ცხოვრების პერიოდში დადიოდნენ ქ.ქუთაისის #.. ბაგა-ბაღში, საბავშვო ბაღის პედაგოგის ინფორმაციით, ე.რ–ძე არის მზრუნველი დედა და ჩართული იყო შვილების სოციალურ ცხოვრებაში, ბავშვები ყოველთვის დადიოდნენ მოწესრიგებულები და მონაწილეობდნენ საბავშვო ბაღში დაგეგმილ ღონისძიებებში. დედის ინიციატივით ბავშვები ჩაირიცხენ ქ.ქუთაისში, სკოლა „იმედში“. დედის აღმზრდელობითი უნარ-ჩვევები დადებითია, მას შესწევს უნარი, შექმნას ბავშვების საჭიროებებზე ორიენტირებული, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო. იგივე გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა: ა.ფ–ძემ, ჟ.რ–ძემ და მ.რ–ძემ;
1.2.11. ააიპ „ახალი ინიციატივა, ახალი შესაძლებლობების“ დასკვნის თანახმად, იმ საკითხზე, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვების ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე დედასთან ურთიერთობამ, ასევე, საცხოვრებელ ადგილად ბავშვების მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრამ, ფსიქოლოგმა ნ.ლ–ძემ განმარტა:
„გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს აქვთ სურვილი დედასთან ურთიერთობისა და მათ შორის იკვეთება პოზიტიური ემოციური კავშირის სიმპტომატიკა, დედასთან ურთიერთობა ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.
გამომდინარე იქიდან, რომ მ–სს დიდი სურვილი აქვს მშობლების შერიგების, დედასთან ურთიერთობა მისთვის იქნება ერთგვარი კომპენსაცია ოჯახური მთლიანობის დარღვევისაგან გამოწვეული დანაკარგის. მის ცხოვრებისეულ რეალობაში მამის გარდა შემოვა დედაც, ორივე მშობელთან ურთიერთობა მის ემოციურ მდგომარეობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. დედასთან ურთიერთობისას დედის მხრიდან განხორციელდება ადეკვატური ზრუნვა ბავშვების საჭიროების დაკმაყოფილების კუთხით, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს ბავშვების მოვლისა და ზრუნვის პროცესზე.
საყურადღებოა გარკვეული სახის რისკები, კერძოდ: დედის მეორე მეუღლის არსებობა, რომელიც ბავშვებისათვის უცხო ადამიანია, დედასთან ურთიერთობის დამაბრკოლებელ სუბიექტად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან ბავშვების ცხოვრებისეულ გამოცდილებაში დედისა და მისი ყოფილი მამაკაცების ურთიერთობა მათ აღქმაში ნეგატიურ გამოცდილებად არის მიჩნეული.
მამის მიმართ ბავშვებს აქვთ პოზიტიური, ემოციური დამოკიდებულება, სურთ მასთან ერთად ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მამის საცხოვრებელი სახლის ბავშვების საცხოვრებელ სახლად განსაზღვრის შემთხვევაში, მამასთან ურთიერთობა მათ ემოციურ მდგომარეობაზე პოზიტიურად იმოქმედებს.
გასათვალისწინებელია გარკვეული სახის რისკები ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მამის საცხოვრებელი ადგილით განსაზღვრის შემთხვევაში, კერძოდ, ვინაიდან მამა გეგმავს სამუშაოდ ისევ თურქეთში გამგზავრებას და გარკვეული დროის ხანგრძლივობით ვერ იქნება ბავშვებთან (დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში), ძირითადად მზრუნველობას მათზე განახორციელებს ბებია, რომელსაც მოუწევს ოთხ არასრულწლოვან ბავშვზე ზრუნვა. იგი სავარაუდოდ ვერ განახორციელებს ბავშვებზე ადეკვატურ ზრუნვას, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბავშვების მოვლისა და ზრუნვის პროცესზე.
საყურადღებოა ბავშვებზე ზეგავლენის შემთხვევების გაძლიერების რისკფაქტორი ბებიის მხრიდან, ასევე ბავშვებსა და დედას შორის ურთიერთობის პროცესის მხარდაჭერის ნაკლებობა, რაც უარყოფითად იმოქმედებს ბავშვებისა და დედის ურთიერთობის პროცესზე. ასეთ შემთხვევაში, დამაშორებელი ქცევების ეფექტი სავარაუდოდ გაიზრდება, როდესაც დაბრკოლებული იქნება შეხვედრები დედასთან, ბავშვები მნიშვნელოვან დროს ვერ გაატარებენ მასთან და მის ოჯახთან/ნათესაობასთან, ბავშვები ვერ შეძლებენ გადაამოწმონ რეალობა დედასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბავშვების დაბნეულობა მიმდინარე მოვლენებისა და ქცევების გაგებაში გაიზრდება, რაც გამოიწვევს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამწვავებას.
მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი. იმისთვის რომ ბავშვი გადავიდეს ერთი მშობლის მხარეს და შესაბამისად უარყოს მეორე, საჭიროა კოგნიტური და ემოციური სიმწიფე, რაც 7-8 წლის ასაკიდან მიიღწევა. შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ერთი მხარის მიერ გავლენის მცდელობის რისკი და თანმდევი ეფექტები. თუკი გავითვალისწინებთ ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებული სტრესული გამოცდილების ნეგატიურ ზემოქმედებას, მეორე მხრივ კი, მშობლების განქორწინებას, როგორც მატრავმირებელ მოვლენას, შესაძლებელია, რომ ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემდგომმა საფუძვლიანმა გამოკვლევამ გამოავლინოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სირთულეები, რაც სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს (მოცემულ შემთხვევაში, მომართვის მიზანს წარმოადგენდა ფსიქოლოგიური შეფასება სასამართლო პროცესის მხარდასაჭერად და შეფასება წარიმართა აღნიშნული მიმართულებით). რეკომენდებულია ორივე მშობლისა და ოჯახის წევრებისათვის სპეციალისტის/ფსიქოლოგის კონსულტირება განქორწინების შემდეგ, ბავშვებსა და მშობლებს შორის ურთიერთობების საკითხთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვებს სტრესთან გამკლავებაში და ასევე აღზრდა/განვითარების შესახებ. აუცილებელია საქმეში ჩაერთოს სპეციალისტი/ფსიქოლოგი/სოციალური მუშაკი შემდეგი ძირითადი სტრატეგიით: მუშაობა ბავშვებთან, განსაკუთრებით მ–თან, ვინაიდან მასთან იკვეთება განსაკუთრებული საჭიროება ემოციური მხარდაჭერის, ემპათიისა და უკუკავშირის მიმდინარე მოვლენებისა და ქცევების გაგებაში. განხორციელდეს სპეციალისტების მიერ ბავშვების მომზადება დედის მეორე ქმრის ბავშვებისათვის გაცნობისა და მასთან ურთიერთობის საკითხის შესახებ;
1.2.12. საქმის სააპელაციო განხილვისას ე.რ–ძემ აღნიშნა, რომ ამჟამად განქორწინებულია და მიმდინარეობს ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოება. შესაბამისად, იგი ცხოვრობს მარტო, ბავშვებს მის მეორე მეუღლესთან ცხოვრება აღარ მოუწევთ, რაც გამორიცხავს ამ მიმართებით რისკების არსებობას;
1.2.13. სასამართლო გაესაუბრა არასრულწლოვნებს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. შეხვედრაზე მ.ლ–მა მოსამართლის შეკითხვაზე უპასუხა, რომ არ მოსწონს დედა, დედასთან ცხოვრება არ უნდა იმიტომ, რომ ეშინია, სხვა კაცი მოიტაცებს. თ.ლ–მა მოსამართლის შეკითხვაზე უპასუხა, რომ გაბრაზებულია დედაზე, იცის, რომ დედას არ უყვარს, არ უნდა მასთან ერთად ცხოვრება, თუმცა ვერ იხსენებს რატომ.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებათა მოსმენიდან გამომდინარე, გამოიკვეთა შემდეგი:
1.2.14. ზ.ლ–ი ცხოვრობს ხონის რაიონის სოფელ ....... ოჯახი დღეის მდგომარეობით შედგება ოთხი პირისგან: არასრულწლოვანი მ. და თ. ლ–ის, ზ.ლ–ისა და ბავშვების ბებიის _ ნ.ლ–გან. სახლში მოწესრიგებულია საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია, დაცულია უსაფრთხოების ზომები. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი გადამოწმება. ოჯახის ძირითადი შემოსავალი საარსებო შემწეობა, პენსია და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული თანხაა. ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზ.ლ–ი ზრუნავს შვილების აღზრდა-განვითარებაზე, ისინი ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მასწავლებლების თქმით, რეგულარულად ესწრებიან სასწავლო პროცესს და არ უფიქსირდებათ უმიზეზო გაცდენები, არიან მოწესრიგებულები და სწავლის დონით შეესაბამებიან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უზრუნველყოფილი არიან სასწავლო ინვენტარით. არ უფიქსირდებათ ჯანმრთელობის პრობლემები, ჩატარებული აქვთ ასაკის შესაბამისი აცრები და იმყოფებიან სამედიცინო აღრიცხვაზე. ბავშვებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ დედას პერიოდულად მიჰყავს ქუთაისში, ყიდულობს სხვადასხვა ნივთებს, თუმცა, ბავშვებს აქვთ მიჯაჭვულობა ბიოლოგიური მამის მიმართ, საუბრისას პოზიტიურად მოიხსენიებენ მას და ბებიას, სურთ მამასთან ცხოვრება, ხოლო, დედას შეხვდებიან პერიოდულად;
1.2.15. ე.რ–ძე ცხოვრობს ქ.ქუთაისში, ნაქირავებ სახლში, ქირას უხდის დედა. სახლში საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, არის საყოფაცხოვრებო ნივთები და საცხოვრებლად უსაფრთხო გარემო. ბინის პირველ სართულზე არსებულ ფართში მოპასუხემ გახსნა სალონი, მისი გადმოცემით ყოველთვიური შემოსავალი 500-600 ლარია, ასევე, მატერიალურად ეხმარებიან ნათესავები. დასკვნაში ასახულია ე.რ–ძის განმარტება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს ბავშვებზე. ბოლო შეხვედრისას შვილებმა ჰკითხეს აპირებდა თუ არა გათხოვებას, რადგანაც, მამის თქმით, მას სხვა შვილი შეეძინებოდა და კვლავ მიატოვებდა არასრულწოვნებს. ე.რ–ძე ზრუნავს შვილებზე, ყიდულობს სასკოლო და სხვა ინვენტარს, ასევე, მისი თქმით, მოპასუხის ყოფილ დედამთილს ე.რ–ძის დედა ყოველთვიურად ურიცხავს გარკვეულ თანხას;
1.2.16. უკანასკნელი ფსიქოლოგიური კვლევა საინტერესოა ბავშვების მშობლებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით. არასრულწლოვნები პოზიტიურ დამოკიდებულებაში არიან მამასთან, თუმცა, დედის მიმართ გამოხატავენ ამბივალენტურ განცდებს, ბოლომდე არ უარყოფენ მას, პერიოდულად ადგილი აქვს მის უარყოფით შეფასებას, მიუღებლობას, ვერბალურად თუ არავერბალურად გამოხატულ ანტიპათიას. განსაკუთრებულ გაუცხოებას ავლენს მ–ს. მიუხედავად საკასაციო სასამართლოს თხოვნისა, ფსიქოლოგიური კვლევა წარსულ ფაქტებთან დაკავშირებით ნაკლებად მატრავმირებელი ყოფილიყო ბავშვებისათვის, მათ მაინც გაიხსენეს დედის პირადი ცხოვრების დეტალები. ფსიქოლოგის დაკვირვებით, მ–ს ამ ამბის შემსწრეა და დამაჯერებლად, თანმიმდევრულად იხსენებს მისთვის არასასიამოვნო მოვლენებს, მისი საუბრიდან იკვეთება, რომ ობიექტური პირადი გამოცდილება აქვს დედის მიმართ წყენის საფუძველი რომ ჰქონდეს, მესამე პირში მოიხსენიებს მას. ფსიქოლოგი ასკვნის იმასაც, რომ მამასთან და ბებიასთან ყოფნისას მ–ს სურს დედასთან კონტაქტიც, თუმცა, ერიდება ოჯახის წევრების. ნიშანდობლივია ფსიქოლოგის კვლევა ბებიის მიერ დედის პერსონის მიუღებლობისა და ბავშვის ნეგატიურად განწყობის თვალსაზრისით. გაორებული დამოკიდებულება გააჩნია თ–ს დედის მიმართ, დიალოგისას გამოხატავდა სევდას, მოწყენილობას, ამოიოხრა რამდენჯერმე. ბავშვი ძმისგან გაზიარებული ინფორმაციის გავლენის ქვეშაა, საუბრისას ცდილობდა მ–ს მოეყვანა დასამოწმებლად. თ–ს ემოციური თავშეკავებულობა არასასიამოვნო მოცემულობამ განაპირობა, თუმცა, ურთიერთობის დეფიციტის კომპენსირებას ცდილობს პოზიტიური მოლოდინით, დადებითი ცვლილებების აქცენტირებული ხაზგასმით. მიუხედავად სტრესული ფონისა, დედის სახე ბავშვში სასურველთან, მისი მისაწვდომობის სურვილთან ასოცირდება. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე ფსიქოლოგების: ნ.კ–სა და ნ.ლ–ძის გამოკითხვით საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბავშვების მიერ განცდილი ტრავმა, მათი ასაკის გათვალისწინებით, არ არის დაძლეული და ის ნეგატიურ გავლენას ახდენს მშობლებთან ურთიერთობის საკითხზე.
1.1.17. ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ბავშვები ადაპტირებული არიან ხონის რაიონში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ გარემოსთან, ბებია წარმოადგენს მზრუნველ ფიგურას, გრძნობენ ყურადღებასა და მზრუნველობას და ჰყავთ სოციალური წრე. მნიშვნელოვანია, ოჯახის მხრიდან ხელი შეეწყოს დედასთან კონტაქტის აქტუალური გამოცდილების მიღებას, ასეთ შემთხვევაში, ცალმხრივად ნეგატიური ფოკუსირებით არ შეაფასებენ დედას. მნიშვნელოვანია, მამამ და ბებიამ მისცენ არჩევანის შესაძლებლობა ბავშვებს და თავი შეიკავონ დედის უარყოფით კონტექსტში პრეზენტირებისგან ქცევითი, ემოციური თუ აზრობრივი ფორმებით. დედ-მამა ინტენსიურად უნდა ჩაერთონ არასრულწლოვანთა აღზრდის პროცესში, სასურველია დედამ გამოიჩინოს მეტი ინიციატივა, რადგანაც მისი მხრიდან პასიურობა შვილებისადმი დისტანცირებას გაზრდის.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. ზემოხსენებული გარემოებების სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე (1) (3), 1201-ე (2), 1202-ე, 1205-ე (1198-ე) მუხლებით, რომელთა ფარგლებშიც კანონმდებლობით დადგენილია მშობელთა თანაბრობის პრინციპი არასრულწლოვნის აღზრდა-განვითარებისათვის სასარგებლო მოქმედებათა განხორციელებაში. მათი საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა უფლებების განსაზღვრის ნაწილში პრიორიტეტს კანონმდებელი მშობელთა ნებას ანიჭებს, თუმცა, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხის გადაჭრა სასამართლოს ვალდბულებაა. მშობელთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ეროვნული კანონმდებლობა არ ადგენს რაიმე წესს, თუ რომელ მშობელს უნდა მიანიჭოს სასამართლომ უპირატესობა დავის გადაწყვეტისას, თუმცა, საკითხის განსაკუთრებული სენსიტიურობიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში, გადამწყვეტია სასამართლოს მხრიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესების გამორკვევა, რომელიც ნებისმიერ სხვა ინტერესს, იქნება ეს მშობლის სუვერენული უფლება თუ სხვა, გადაწონის. ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება ასახულია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის (შემდგომში _ კონვენცია) მე-3 მუხლში, რომლის თანახმადაც, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის ან მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და მათი პერსონალის რიცხვისა და ვარგისიანობის, აგრეთვე, კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
1.3.2. კონვენციის ხსენებული დებულებები ფართო განმარტებას ექვემდებარება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება სამგანზომილებიანია:
(ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად და გარანტია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფთან ან ზოგადად ბავშვებთან დაკავშირებით. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აწესებს სახელმწიფოთა არსებით ვალდებულებას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს (თვითაღსრულებადია) და შეიძლება მოხმობილ იქნას სასამართლოს წინაშე.
(ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის.
(გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ჩარჩოს მონაწილე სახელმწიფოთა სამი სხვადასხვა სახის ვალდებულებისთვის:
(ა) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სათანადოდ ინტეგრირებული იყოს და თანმიმდევრულად ხდებოდეს მათი გათვალისწინება საჯარო უწყების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში, განსაკუთრებით განხორციელების ყველა ღონისძიებაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოებაში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვს ბავშვებზე;
(ბ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ყველა სასამართლო და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში ნათლად ჩანდეს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს დაეთმო უპირველესი ყურადღება. საჭიროა იმის აღწერაც, თუ როგორ მოხდა საუკეთესო ინტერესების შესწავლა და შეფასება და რა მნიშვნელობა მიენიჭა მათ გადაწყვეტილებაში.
(გ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ინტერესები შეფასდა და დაეთმო უპირველესი ყურადღება კერძო სექტორის ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში, მათ შორის მომსახურების მიმწოდებლების ან ნებისმიერი სხვა კერძო ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ, რომლებიც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ან შეეხება მას.
1.3.3. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიზანია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს, უნდა ითვალისწინებდეს მის საუკეთესო ინტერესებს, როგორც უპირველეს პრიორიტეტს. სიტყვა „ქმედება“ მოიცავს არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს, არამედ მოქმედებებს, ქცევას, წინადადებებს, მომსახურებას, პროცედურებსა და სხვა ღონისძიებებს. მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, სათანადოდ გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები, წარმოადგენს ყოვლისმომცველ ვალდებულებას, რომელიც მოიცავს ყველა საჯარო და კერძო სოციალური დაცვის ორგანოს, სასამართლოს, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საკანონმდებლო ორგანოებს, რომლებსაც შეხება აქვთ ან დაკავშირებული არიან ბავშვებთან. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები პირდაპირ არ არიან ნახსენები მე-3 მუხლის პირველ პუნქტში, ბავშვის საუკეთესო ინტერესები „უნდა იყოს მათი მთავარი საზრუნავი“ (მე-18 მუხლის პირველი პუნქტი). ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას, კონკრეტული ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
(ა) საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ კონტექსტში უნდა განისაზღვროს, თუ რომელია შესაბამისი ელემენტები საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის, მიენიჭოს მათ კონკრეტული შინაარსი და პრიორიტეტი ერთმანეთთან მიმართებაში;
(ბ) ამისათვის დაცული უნდა იქნეს ისეთი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ გარანტიებსა და უფლების სათანადო გამოყენებას.
„საუკეთესო ინტერესების განსაზღვრა“ წარმოადგენს ოფიციალურ პროცესს მკაცრი საპროცესო გარანტიებით, რომელიც შექმნილია ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსასაზღვრად საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სავალდებულოა ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მშობლებისაგან ბავშვის პოტენციური განცალკევების კონტექსტში (მე-9 , მე-18 და მე-20 მუხლები). აქვე უნდა ითქვას, რომ ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების ფუნდამენტურ ერთეულს და მისი წევრების, განსაკუთრებით ბავშვების, ბუნებრივ გარემოს აღზრდისა და კეთილდღეობისათვის (კონვენციის პრეამბულა). ბავშვის ოჯახური ცხოვრების უფლება დაცულია კონვენციით (მე-16 მუხლი). ტერმინი „ოჯახი“ ფართოდ განიმარტება და მოიცავს ბიოლოგიურ, შვილად ამყვან, მინდობით მიმღებ მშობლებს, შესაბამის შემთხვევებში, ნათესავებს ან თემის წარმომადგენლებს ადგილობრივი ჩვეულებების შესაბამისად (მე-5 მუხლი). ოჯახის განცალკევების პრევენცია და ოჯახის ერთიანობის შენარჩუნება ბავშვთა დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტებია და ეფუძნება მე-9 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ უფლებას, რომელიც მოითხოვს, რომ „ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ [...] ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს“, ამასთან, ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი). ბავშვზე მშობლებთან დაშორების ზეგავლენის სიმძიმიდან გამომდინარე, ამგვარი დაშორება უნდა განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც ბავშვს ემუქრება უშუალო საფრთხე ან როდესაც ეს სხვაგვარად არის აუცილებელი. დაშორება არ უნდა განხორციელდეს, თუ ნაკლებად მკაცრი ზომებით შესაძლებელია ბავშვის დაცვა. დაშორების განხორციელებამდე სახელმწიფომ უნდა გაუწიოს დახმარება მშობლებს თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულებაში და აღადგინოს ან გააძლიეროს ოჯახის უნარი, იზრუნოს ბავშვზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაშორება აუცილებელია ბავშვის დასაცავად. ეკონომიკური მიზეზები არ შეიძლება იქნეს გამოყენებული გამართლებად ბავშვის მშობლებთან დაშორებისათვის. დაშორება შეიძლება განხილული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ოჯახისათვის აუცილებელი დახმარება ოჯახის შესანარჩუნებლად არ არის საკმარისად ეფექტიანი ბავშვის უგულვებელყოფის ან მიტოვების, ან ბავშვის უსაფრთხოების რისკის პრევენციისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის უფლება, შეინარჩუნოს ურთიერთობა ორივე მშობელთან, საქმისათვის რელევანტურ სხვა ელემენტებთან ერთად. ემოციური ზრუნვა ბავშვთა ძირითად საჭიროებას წარმოადგენს. თუ მშობლები ემოციურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებენ, მიღებული უნდა იქნეს ზომები, რათა ბავშვს განუვითარდეს უსაფრთხო სიყვარული. ბავშვებს უნდა ჩამოუყალიბდეთ სიყვარული მზრუნველის მიმართ ძალზე ადრეულ ასაკში და ეს სიყვარული, თუ იგი ადეკვატურია, შენარჩუნებული უნდა იქნეს დროთა განმავლობაში ბავშვისათვის სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.
1.3.4. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის უსაფრთხოებაც, ე.ი ბავშვის უფლება, იყოს დაცული ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის ყველა ფორმისაგან, ზიანისა და ჩაგვრისაგან (მე-19 მუხლი), სექსუალური ძალადობისაგან, თანატოლთა მხრიდან ზეწოლისაგან, ჩაგვრისაგან, დამამცირებელი მოპყრობისაგან და სხვ., ასევე სექსუალური, ეკონომიკური და სხვა სახის ექსპლუატაციისაგან, ნარკოტიკებისაგან, შრომისაგან, შეიარაღებული კონფლიქტისაგან და ა.შ (მუხლები 32-39). საუკეთესო ინტერესების შეფასების ელემენტები შესაძლოა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს კონკრეტული შემთხვევისა და მისი გარემოებების განხილვის დროს. მაგალითად, ოჯახური გარემოს შენარჩუნება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს მშობლების მხრიდან ძალადობის ან ჩაგვრის რისკისაგან ბავშვის დაცვის საჭიროებას. ამგვარ სიტუაციებში ელემენტები ერთმანეთთან მიმართებით უნდა აიწონ-დაიწონოს, რათა მოძიებული იქნეს ისეთი გადაწყვეტის გზა, რომელიც ბავშვის ან ბავშვების საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება. სხვადასხვა ელემენტის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრის მიზანია კონვენციით და მისი ფაკულტატური ოქმებით გათვალისწინებული უფლებებით სრული და ეფექტიანი სარგებლობისა და ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარების უზრუნველყოფა. ელემენტების დაბალანსებისას არსებითი უნდა იყოს ბავშვის ასაკი და სიმწიფის ხარისხი. ბავშვის სიმწიფის ხარისხის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის ფიზიკური, ემოციური, შემეცნებითი და სოციალური განვითარება. საუკეთესო ინტერესების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ბავშვის უნარები, განვითარდება. ამიტომ მხედველობაში მიიღება ისეთი ელემენტები, რომელთა გადასინჯვა ან მორგება იქნება შესაძლებელი. ამისათვის შეფასებას ექვემდებარება არა მხოლოდ ფიზიკური, ემოციური, საგანმანათლებლო და სხვა საჭიროებები გადაწყვეტილების მიღების კონკრეტულ მომენტში, არამედ ბავშვის განვითარების შესაძლო ვარიანტებიც და უნდა გაანალიზდეს ისინი მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილებები უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის არსებული და სამომავლო სიტუაციის განგრძობადობასა და სტაბილურობას.
1.3.5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი მ. და თ. ლ–ის ასაკს, მიჯაჭვულობას მამის მიმართ, ასევე იმ სამწუხარო ფაქტს, რომ ბავშვები იმყოფებიან მამისა და ბებიის მხრიდან დედასთან დამაშორებელი გავლენის ქვეშ და მათ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ დამოუკიდებელი დასკვნების გამოტანა, შესაბამისად, იკვეთება მათი სურვილი, ურთიერთობა იქონიონ დედასთან, თუმცა, გარეგანი ფაქტორი რეალური ნების გამოვლენაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ არასრულწლოვანთა საცხოვრებელი განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც ბავშვები ადაპტირებული არიან გარემოსთან, იღებენ განათლებას, აუცილებელ სამედიცინო მომსახურებას, აქვთ შექმნილი კეთილსაიმედო გარემო და მეტ-ნაკლებად იღებენ ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო სერვისს, თუმცა, სასამართლო მხარს უჭერს ოჯახთან გაერთიანების პრინციპს და მიიჩნევს, რომ სავალდებულოა, არასრულწოვანთა დედას მიეცეს შეუზღუდავი ურთიერთობის შესაძლებლობა შვილებთან, მათ შორის თავისთან წაყვანისა და ღამის გათევის უფლებით, რათა დროთა განმავლობაში დედა-შვილებს შორის წარმოშობილი გაუცხოება აღმოიფხვრას, დედას მიეცეს შესაძლებლობა, შეცვალოს ბავშებში არსებული ნეგატიური მუხტი და განაწყოს ისინი საკუთარი თავის მიმართ კეთილსაიმედოდ, ვინაიდან, მშობელთა დაშორების მიუხედავად, არასრულწლოვნებს აქვთ სრული უფლება, შეძლებისდაგვარად იქონიონ ურთიერთობა ორივე მათგანთან, ჰქონდეთ ნორმალური აღზრდისათვის მშობლიური სითბოს მიღებისა და მშვიდობიან გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა.
1.3.6. საკასაციო სასამართლო შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბავშვების მიმართ ვლინდება ნეგატიური ფსიქოლოგიური ზემოქმედება ერთ-ერთი მშობლის მხრიდან, როგორც ფსიქოლოგის დასკვნიდან ირკვევა, ბავშვებს სურვილი აქვთ, ურთიერთობა იქონიონ დედასთან, თუმცა, ამ სურვილის გამჟღავნების ერიდებათ ოჯახის სხვა წევრებთან, ასევე, ისინი დედასთან წასვლას სიამოვნებით თანხმდებიან თუ ოჯახის სხვა წევრები ამაზე თანახმა იქნებიან და დედა დააბრუნებს მათ მამის სახლში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. ECHR: რ.ი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ, 18.12.2018წ.), რომლის თანახმადაც, მშობლისა და ბავშვის ერთად ყოფნის, თანაცხოვრების სიამოვნება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის, „ოჯახური ცხოვრების“ უფლების ძირითადი არსია, მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობა მშობელსა და ბავშვს შორის გარკვეულწილად პრობლემურია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ცხოვრება, კონვენციის მიხედვით, ძირითადად, დაცულია სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი ჩარევის შემთხვევებისგან, დამატებით, ასევე, არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება – „პატივი სცეს“ ოჯახურ ცხოვრებას. სახელმწიფოს პოზიტიური ღონისძიება მე-8 მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს სახელმწიფო ორგანოების ნაბიჯებს – გააერთიანოს მშობლები და ბავშვები, ხელი შეუწყოს მათ ერთმანეთთან დაბრუნებას. ოჯახების გაერთიანება ეხება არა მარტო იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი მოთავსებულია სახელმწიფო სამზრუნველო დაწესებულებაში, საიდანაც უწევს ოჯახში დაბრუნება, არამედ იმ შემთხვევბსაც, როდესაც მშობლებს შორის მიმდინარეობს საოჯახო დავა ბავშვებთან ურთიერთობისა და საცხოვრებლის განსაზღვრის თაობაზე. ეს პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს როგორც კანონმდებლობის არსებობას, ისე _ მის ეფექტიან აღსრულებას. სასამართლო ამოწმებს იყო თუ არა დაცული ბალანსი ინდივიდისა და საზოგადოების, მათ შორის, მესამე პირების, ინტერესებს შორის. ამ ბალანსის დაცვის პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რომელიც, გარემოებების არსიდან და სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა, აჭარბებდეს მშობლების ინტერესის დაცვის მიზანს. ამავე დროს, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ბავშვის მოწყვლადი სტატუსიდან გამომდინარე, იგი დაცვის განსაკუთრებულ ზომას საჭიროებს.
1.3.7. საკითხის სენსიტიურობიდან, ასევე, ბავშვის მოწყვლადი სტატუსიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისას მხედველობაში უნდა იქნას ზემოხსენებული ინტერესები მიღებული და სწორედ არასრულწლოვანთა ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში დედასთან ურთიერთობის გაჯანსაღების მიზნით, უნდა მიეცეს ე.რ–ძეს შვილების თავისთან წაყვანის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ბავშვების ასაკის, არსებული დაძაბული ფონისა და ურთიერთობის კრიზისის სიცხადის გათვალისწინებით, იმისათვის, რათა შემდგომში შესაძლებელი გახდეს ორივე მშობელთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ბოლო ფსიქოლოგიური კვლევის რეკომენდაციას ფსიქოლოგის ჩართულობის თაობაზე, რათა საბოლოოდ გადაიჭრას შვილების ოჯახთან გაერთიანების ნეგატიური ფაქტორები, შესაბამისად, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების ხანგრძლივ პერსპექტივაში სრულყოფის მიზნით, ერთი მხრივ, ზ.ლ–ს უნდა აეკრძალოს დედის მიმართ იმგვარი დამაშორებელი მოქმედებების განხორციელება, რომლებიც ნეგატიურად იმოქმედებს ბავშვების მოპასუხესთან ურთიერთობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, არასრულწლოვანთა კანონიერ წარრმომადგენელს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, გამოყოს ფსიქოლოგი, რათა დახმარება გაეწიოთ არასრულწლოვნებს დედასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, სტრესთან გამკლავებაში, ემპათიის, მიმდინარე მოვლენებისა და ქცევის გაგებაში. ის მშობელი, რომელთანაც იქნებიან ბავშვები, ვალდებულია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს არასრულწლოვნების ვიზიტი ფსიქოლოგთან (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეთანხმებით, ბავშვთა ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). კონსულტაციების ხანგრძლივობა/ ინტენსივობა კი, უნდა განისაზღვროს ფსიქოლოგის მიერ. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მშობლებისა და შვილების ურთიერთობის აღდგენის კონტექსტში მნიშვნელოვნად მიაჩნია ზ.ლ–ისა და ე.რ–ძის ინტენსიური ჩართულობა არასრულწლოვნების აღზრდის პროცესში მათი ფსიქო-ემოციური, სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ამ პროცესის სრულყოფის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, შესაბამისი სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროების აღმოფხვრამდე ზედამხედველობა უნდა განახორციელოს თითოეული მშობლის ბავშვთან დამოკიდებულებაზე, იქონიოს აქტიური კომუნიკაცია ბავშვებთან, რათა გამოარკვიოს წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა.
1.3.8. საკასაციო სასამართლო, პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, ხაზს უსვამს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს როლს მსგავსი კატეგორიის საქმეებში და აღნიშნავს, რომ მეურვეობის არაეფექტური და დაგვიანებული ჩართულობა, შესაძლოა არღვევდეს კონვენციის მე-8 მუხლს. ამ კონტექსტში ღონისძიების ადეკვატურობა ფასდება მისი აღსრულების სისწრაფით, ვინაიდან, დროის ფაქტორს აქვს შეუქცევადი ეფექტი ბავშვის და იმ მშობლის ურთიერთობაზე რომელთანაც არ თანაცხოვრობს. სამართალწარმოების დრო განსაკუთრებულად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როდესაც დავა ეხება ბავშვებს, ვინაიდან, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ პროცედურების ნებისმიერი სახით გაჯანჯლება გავლენას იქონიებს საკითხის გადაწყვეტაზე. ევროსასამართლოს განმარტებით, ხელისუფლების ორგანოების წარუმატებელი ქმედებები ავტომატურად არ გულისხმობს, რომ მან დაარღვია მე-8 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება. ხელისუფლების ვალდებულება ბავშვისა და მშობლის გაერთიანებისა, არ არის აბსოლუტური, ვინაიდან იმ ბავშვისა და მშობლის გაერთიანება, რომლებიც გარკვეული ხნის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, შესაძლოა, ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და შესაძლოა, მოითხოვოს მოსამზადებელი სამუშაოები. მოსამზადებელი სამუშაოების ხასიათი და ინტენსივობა დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე, მაგრამ ამ სამუშაოების დროს გადამწყვეტია ყველა მხარის ჩართულობა და თანამშრომლობა ერთმანეთთან. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გააკეთონ მაქსიმუმი ამ თანამშრომლობის მხარდასაჭერად, თუმცა, ამავე დროს, მათ აქვთ იძულებითი ღონისძიებების განხორციელების შეზღუდული ვალდებულება, ვინაიდან მათ უნდა გაითვალისწინონ ყველა ჩართული მხარის ინტერესი, უფლებები და თავისუფლებები, განსაკუთრებით კი, ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მისი მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლება. არ არის მისაღები და სასურველი იძულებითი ღონისძიებების გატარება ბავშვების მიმართ ამ განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვითარებაში, თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს სანქციების გამოყენება იმ მშობლის უკანონო ქმედების მიმართ, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. შესაძლებელია, ხელისუფლების მხრიდან უფრო მკაცრი სანქციის გამოყენებამ არ შეცვალოს ამ მშობლის პოზიცია, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ხელისუფლების ორგანოებს ვალდებულებისგან მიიღონ ყველა საჭირო ზომა კონტაქტის დასამყარებლად (ბავშვსა და იმ მშობელს შორის, რომელთანაც ბავშვი დააცილეს). მართალია, ბავშვების აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ მათი აზრი ყოველთვის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და უცვლელი არ არის. ბავშვის უფლება გამოხატოს თავისი აზრი, არ უნდა განიმარტოს, როგორც უპირობო უფლება, სხვა ფაქტორებისა და მისი ჭეშმარიტი ინტერესის გამოკვლევის გარეშე. ასეთი ინტერესი კი, როგორც წესი, მიუთითებს, რომ ბავშვის კავშირები ოჯახთან უნდა შენარჩუნდეს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კავშირი საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის. ხელისუფლების სწრაფი მოქმედების ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმეში, სადაც მეურვეობაზე უფლების მქონე მშობელი ითხოვს ბავშვების დაბრუნებას პირისგან (იქნება ეს ერთ-ერთ მშობელი თუ მესამე მხარე), ვისაც ბავშვები უკანონოდ ჰყავს, მეურვეობის მქონე პირის თანხმობის გარეშე.
1.3.9. რაც შეეხება ე.რ–ძისათვის უფლებების შეზღუდვის საკითხს, როგორც უკვე ითქვა, ხსენებული საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1205-ე (1) (2) და 1198-ე (5) (6) მუხლების ფარგლებში უნდა შეფასდეს. ხსენებული ნორმების თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. მსგავსად არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა, საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც ხელმძღვანელობს ბავშვების საუკეთესო ინტერესებით, მხედველობაში იღებს მათი ურთიერთობის აუცილებლობას და გრძელვადიან პერსპექტივაში დედასთან დამოკიდებულების სტაბილიზაციის შესაძლებლობას, შეფასებას აძლევს არასრულწლოვანთა მატრავმატიზირებელ, წარსულში გამოვლენილ ფაქტს, რომელმაც გავლენა იქონია ბავშვებზე. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს არ წარმოადგენს დედის პირადი ცხოვრება, უფრო მეტიც, აღნიშნული საკითხის შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ვერ იქნება, თუკი არ ვლინდება ბავშვების მიმართ სექსუალური ან სხვა ხასიათის ძალადობა. მოცემულ შემთხვევაში, არცერთი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას არ დადგენილა დედის მხრიდან პირადი ცხოვრების უფლების იმგვარი დემონსტრირება, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვების ინტერესების შელახვას, გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს დედის სურვილს, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მის ზრუნვას შვილებზე, მცდელობას, აღადგინოს არსებული გაუცხოება, ასევე, ბავშვების პოზიტიურ მოლოდინს დადებითი ცვლილებების მიმართ, მათ სურვილს დედის მიმართ მისაწვდომობაზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს 1205-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები.
1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
1.4.2. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ იკვეთება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის წინაპირობები, შესაბამისად, უფლებამოსილია თავად გადაწყვტოს დავა. ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.3. პუნქტში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვიანია, კერძოდ, გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს მამის საცხოვრისით იმგვარად, რომ ბავშვებს არ შეეზღუდოთ დედასთან ურთიერთობის შესაძლებლობა, ამასთანავე, სპეციალისტთა აქტიური ჩართულობით მშობლებს უნდა დაეკისროთ შვილების საუკეთესო ინტერესების გამოვლენა და ამ გზით მათი დამაშორებელი ქცევის აღმოფხვრის ხელშეწყობა. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხისათვის მშობლის უფლებების შეზღუდვის თაობაზე, ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და პალატა უარყოფს მას.
1.5. პროცესის ხარჯები:
1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
1.5.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ (მოთხოვნის ½ ნაწილში) დაკმაყოფილდა, პალატა თვლის, რომ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 350 ლარის გადახდა, ხოლო, გაწეული ხარჯი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ.ლ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ზ.ლ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
3.1. მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე არასრულწლოვნების: თ.ლ–ისა (დაბადებული 2011 წლის 30 მარტს) და მ.ლ–ის (დაბადებული 2010 წლის 8 თებერვალს) საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს მამის _ ზ.ლ–ის საცხოვრებელი ადგილით;
3.2. ზ.ლ–ის მოთხოვნა ე.რ–ძისათვის შვილების: თიკო და მ–ს ლ–ის საცხოვრებლად წაყვანისა და ბავშვების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3.3. ე.რ–ძეს მიეცეს უფლება, შეუზღუდავად იქონიოს ურთიერთობა შვილებთან, მათ შორის, უქმე და/ან არასასწავლო დღეებში წაიყვანოს ისინი ღამის თევის უფლებით არასრულწლოვანთა ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით;
3.4. ზ.ლ–ს აეკრძალოს მ. და თ. ლ–ის მიმართ დამაშორებელი მოქმედებების განხორციელება, რომლებიც ნეგატურად იმოქმედებს ბავშვების დედასთან _ ე.რ–ძესთან ურთიერთობაში;
3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენელს დაევალოს, გამოყოს ფსიქოლოგი, რათა დახმარება გაეწიოთ არასრულწლოვნებს დედასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, სტრესთან გამკლავებაში, ემპათიის, მიმდინარე მოვლენებისა და ქცევის გაგებაში. ის მშობელი, რომელთანაც იქნებიან ბავშვები, ვალდებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს არასრულწლოვნების ვიზიტი ფსიქოლოგთან (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეთანხმებით, ბავშვთა ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). კონსულტაციების ხანგრძლივობა/ინტენსივობა განისაზღვროს ფსიქოლოგის მიერ;
3.6. ზ.ლ–სა და ე.რ–ძეს დაევალოთ, იქონიონ ინტენსიური ჩართულობა არასრულწლოვნების აღზრდის პროცესში მათი ფსიქო-ემოციური, სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების ხელშეწყობის თვალსაზრისით;
3.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, შესაბამისი სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროების აღმოფხვრამდე ზედამხედველობა განახორციელოს თითოეული მშობლის ბავშვთან დამოკიდებულებაზე, იქონიოს აქტიური კომუნიკაცია ბავშვებთან, რათა გამოარკვიოს წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა.
4. ე.რ–ძეს (პ/# ......) ზ.ლ–ის (პ/#......) სასარგებლოდ დაეკისროს 350 ლარის გადახდა.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური