Facebook Twitter

საქმე №ას-1111-2019 31 იანვარი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.ჭ–ძის უფლებამონაცვლე ნ.ჭ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ჭ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ლ.ჭ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ჭ–ძის (უფლებამონაცვლე ნ.ჭ–ძე იხ. 20.07.2018წ, განჩინება, შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ ქ.თბილისში, ...... მდებარე მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმებისა და ამონაგები თანხის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მხარეთა წილების შესაბამისად განაწილების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში გააჩნია სადავო ქონების 1/3 ნაწილი, რომელსაც ვერ ფლობს, ვინაიდან მოპასუხე ხელს უშლის საკუთრებით სარგებლობაში. უფლების რეალიზაციის მიზნით მოსარჩელეს სურს საზიარო უფლების გაუქმება. სამჯერ ექსპერტიზის მცდელობის მიუხედავად, ვერცერთხელ ვერ მოხერხდა მისი ჩატარება მოწინააღმდეგე მხარის ბრალით, ასევე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი სადავო უძრავი ნივთის გაყოფის შეუძლებლობის შესახებ.

2. მოპასუხის პოზიცია:

სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, სასამართლო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა მოსარჩელის მოთხოვნას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მხარეთა შორის საზიარო უფლება სადავო უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და დადგინდა ამონაგები თანხის განაწილება უძრავი ქონების მისაკუთრეებს შორის მათი წილების პროპორციულად.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ირიცხება ლ.ჭ–ძისა (1/3 ნაწილი) და ნ.ჭ–ძის (2/3 ნაწილი) თანასაკუთრებად;

1.2.2. მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ქონების ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია (11.09.2017 წელს წარდგენილი სარჩელით მოსარჩელე საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით ითხოვდა. მოსარჩელე ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობისა და სასამართლო განჩინებით ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობდა, რასაც იმით ასაბუთებდა, რომ სარჩელში მოპასუხედ დასახელებული პირები ექსპერტს საზიარო საგნის აზომვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ექსპერტიზის ჩატარებას კი, არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა, როგორც საზიარო უფლების გაუქმების შესახებ მოთხოვნის საშუალების (საზიარო უფლების გაუქმების საშუალების) დაზუსტების, ასევე საქმის არსებითი გადაწყვეტისთვის. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.06.2017 წლის წერილით, რომლითაც ამ უკანასკნელმა მოსარჩელეს მიმართა, ირკვევა, რომ მოსარჩელის მოთხოვნით დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტის ჩატარების მიზნით ექსპერტი 2017 წლის 27 ივნისს ესაუბრა მოქალაქე მ.ჭ–ძეს (მოპასუხის დედას), რა დროსაც მან საკვლევ ობიექტზე ექსპერტის დაშვებაზე უარი განაცხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა დაინიშნა, მისი ჩატარება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.05.2018 წლის აქტით ირკვევა, რომ 17.05.2018 წელს ექსპერტი იმყოფებოდა ქ.თბილისში ...... I ქუჩა, #2-ში მდებარე უძრავ ქონებაში, რა დროსაც სახლთმფლობელობა დახვდა დაკეტილი, ასევე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა საექსპერტო ობიექტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტმა ვერ შეძლო დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა. აქტში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ექსპერტიზის ჩატარების დრო მხარეებს წინასწარ ეცნობათ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.07.2018 წლის აქტით ირკვევა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისა და საზიარო უძრავი ნივთის ნატურით გაყოფის შესაძლებლობის დადგენის შესახებ განცხადებით 11.06.2018 წელს ექსპერტიზის ბიუროს მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა. აქტით ასევე ირკვევა, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად და შესაბამისად დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო იყო სახლთმფლობელობის შესწავლა და მასში აზომვითი სამუშაოების ჩატარება. აქტში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ექსპერტი 02.07.2018 წელს მისამართზე გამოცხადდა, რა დროსაც ესაუბრა მისამართზე მცხოვრებ მ.ჭ–ძეს, რომელმაც საექსპერტო ობიექტის შესწავლასა და მასში აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე უარი განაცხადა. 08.10.2018 წელს წარდგენილი განცხადებით მოსარჩელემ საზიარო უფლების გაუქმების საშუალების შესახებ მოთხოვნა დააზუსტა და უძრავ ნივთზე თანასკუთრების უფლების გაუქმება ამ ნივთის აუქციონზე რეალიზაციითა და ამონაგები თანხის გაყოფის საფუძველზე მოითხოვა).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა თანამესაკუთრის აბსოლუტური უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ უფლების შეზღუდვა დაუშვებელია. რაც შეეხება საზიარო უფლების გაუქმების წესს, კანონი ადგენს შემდეგ ბალანსს: საზიარო უფლება შეიძლება გაუქმდეს ქონების ნატურით გაყოფის გზით, თუკი შესაძლებელია დაიყოს ქონება წილთა შესაბამისად და თითოეულმა ნაწილმა შეინარჩუნოს ფუნქციური ღირებულება (სკ-ის 963-ე მუხლი), თუკი ამგვარი დაყოფა გამოირიცხება, უფლება შეიძლება გაუქმდეს ქონების რეალიზაციისა და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეთა წილების პროპორციულად განაწილების გზით (სკ-ის 964-ე მუხლი). ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს განეკუთვნება: საზიარო უფლების არსებობა; საგნის დაყოფის შეუძლებლობა მათი ფუნქციური ღირებულების შენარჩუნების გზით. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს, რომელთა თანახმადაც, სწორედ მოპასუხის/მასთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრის ხელშეშლის გამო, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა შესაბამისი საექსპერტო კვლევა. ამ მდგომარეობას ვერ შეცვლის ის ფაქტი, რომ სასამართლოს განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის ჩატარებისას არ გამოცხადდა თავად მოსარჩელეც, რადგანაც სარჩელის წინაპირობას და მის ერთ-ერთ საფუძველს სწორედ მოპასუხის მხრიდან ქონებით მოსარჩელის სარგებლობის შეუძლებლობაა. ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169.4 მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ქონების ნატურით გაყოფის მტკიცების ტვირთი მართებულად გადააკისრა მოპასუხეს, რომელსაც, უდავოა, რომ არ წარმოუდგენია შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, ხოლო, მოსარჩელის მითითება ქონების ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობის შესახებ კანონიერად იქნა მიჩნეული დასაბუთებულად. ასეც რომ არ იყოს, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც თავდაპირველად აღძრული სარჩელის და არც დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის შემდგომ მოპასუხეს შესაგებლის უფლებით არ უსარგებლია, რაიმე საპატიო მიზეზზე მითითებას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.4 და 219.1 მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ დაკარგა შედავების უფლება სარჩელში/დაზუსტებულ სარჩელში მითითებული გარემოებების წინააღმდეგ, რაც სავსებით გამორიცხავს საპროცესო წესების დარღვევის თაობაზე კასატორის პრეტენზიების გაზიარების შესაძლებლობას. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საზიარო უფლების გაუქმების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს ა.გ–ას მიერ 12.08.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჭ–ძის უფლებამონაცვლე ნ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ.ჭ–ძეს (პ#....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ა.გ–ას მიერ 12.08.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ზ. ძლიერიშვილი