ბს-601-569(კს-06) 20 ოქტომბერი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნათია წკეპლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. კ.-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით:
1. დაკმაყოფილდა ნ. ა.-ის სარჩელი, ნება დაერთო ქ. თბილისში, ...-ის ¹24-ში მდებარე სახლზე თავის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ასასვლელი კიბის, ტუალეტის, აბაზანისა და ღია აივნის მოწყობისა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტების 1998 წლის 23 სექტემბრის ¹1225/15 დასკვნის საფუძველზე დანართი ¹1-2-ის მიხედვით;
2. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლება მოსარჩელეს მიეცა კანონით დადგენილი წესით დამუშავებული და შეთანხმებული პროექტის მიხედვით, არქიტექტურის სამშენებლო ინსპექციისაგან მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ;
3. მოპასუხეებს აეკრძალათ მოსარჩელისათვის ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ნებართვის ხელისშემშლელი მოქმედებანი, გარდა კანონით მინიჭებული უფლებებისა (გადაწყვეტილების გასაჩივრება და ა.შ.);
4. ნ. ხ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო;
5. ა. კ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
5.1. ნ. ა.-ესა და ნ. ხ.-ს დაევალათ თავიანთ საკუთრებაში არსებული სარდაფის (შესაბამისად, ფართებში ¹2-21 და ¹8-81) კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში შეზღუდავდა ა. კ.-ის საცხოვრებელ ფართში აღნიშნული სათავსოებიდან ნესტისა და სუნის გადინებას;
5.2. ა. კ.-ეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე თბილისის ორჯონიკიძის რაიაღმასკომის 1989 წლის 24 მაისის ¹14.07.444 გადაწყვეტილების აღდგენისა და ვაკის რაიონის გამგეობის 1992 წლის 5 აგვისტოს ¹12.7.228 გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ (ტომი 3, ს.ფ. 418-422).
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი 3, ს.ფ. 425-426).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 1 აპრილის განჩინებით ნ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (ტომი 4, ს.ფ. 156-164).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ.-მა. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების 1-4 პუნქტები და ამ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი 4, ს.ფ. 169-177).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 25 მარტის განჩინებით ნ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 1 აპრილის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი 4, ს.ფ. 314-328).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ნ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, ნ. ა.-ის სარჩელზე, ნ. ხ.-ისა და ა. კ.-ის შეგებებულ სარჩელებზე საქმის წარმოება შეწყდა და დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი მასში მითითებული პირობებით: ნ. ა.-ეს ნება მიეცა გარკვეული პირობებით ეწარმოებინა მხოლოდ მორიგების აქტით გათვალისწინებული მშენებლობა და მისი დასრულების შემდეგ შეეწყვიტა ზ. კ.-ის კუთვნილი ¹17 ოთახით სარგებლობა, ხოლო ეზოთი სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარება უნდა მომხდარიყო თანამესაკუთრეთა მონაწილეობით (ტომი 4, ს.ფ. 357-371).
2005 წლის 21 მარტს ზ. კ.-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილებების შეტანა.
განმცხადებლის მითითებით, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ.-მა, შედგება 5 პუნქტისაგან. მისი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 1 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ნ. ხ.-მა გაასაჩივრა მხოლოდ გადაწყვეტილების 1-4 პუნქტების ნაწილში, ხოლო მე-5 პუნქტი არ არ გასაჩივრებულა. საკასაციო სასამართლოს მიერ გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება მხოლოდ გასაჩივრებულ, ე.ი. მხოლოდ 1-4 პუნქტების ნაწილში და შესაბამისად, საქმის სააპელაციო წესით ხელახალი განხილვის შედეგად მორიგების აქტის საფუძველზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაც მხოლოდ ამ და არა მე-5 პუნქტის ნაწილში უნდა გაუქმებულიყო (ტომი 4, ს.ფ. 380).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 14 აპრილის განჩინებით ზ. კ.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი განცხადება შინაარსობრივად წარმოადგენდა კერძო საჩივარს. მხარეს გაშვებული ჰქონდა კანონით ამ წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება უნდა განხილულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის ფარგლებში და ამ მხრივ იგი დაუსაბუთებელი იყო (ტომი 4, ს.ფ. 385-389).
სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინება მორიგების დამტკიცების შესახებ 2005 წლის 27 აპრილს კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. კ.-მ თბილისის საოლქო სასამართლოში გასაჩივრებულ განჩინებაში სათანადო კორექტირების შეტანა, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად (ტომი 4, ს.ფ. 392-393).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 11 მაისის განჩინებით ზ. კ.-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას (ტომი 4, ს.ფ. 394-397).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ზ. კ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 8 ოქტომბრისა და 2005 წლის 11 მაისის განჩინებები (ტომი 4, ს.ფ. 198-202).
2001 წლის 21 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ზ. კ.-მ. განმცხადებელმა მოითხოვა, განმარტებულიყო, თუ რა ფარგლებში გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამგვარი განმარტების მიცემის აუცილებლობა დასაბუთებული იყო სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სრულად გაუქმების დაფიქსირებით, იმის მიუხედავად, რომ გასაჩივრებული იყო მისი მხოლოდ 1-4 პუნქტები, ხოლო მე-5 პუნქტი კანონიერ ძალაში იყო შესული (ტომი 5, ს.ფ. 1-2).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 11 მაისის განჩინებით ზ. კ.-ის განცხადება განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაში გარკვევით იყო გამოხატული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ტომი 5, ს.ფ. 7-10).
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. კ.-მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინების განმარტებაზე უარის გაუქმება და განჩინების განმარტება (ტომი 5, ს.ფ. 13-14).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 მაისის განჩინებით ზ. კ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ტომი 5, ს.ფ. 15-16).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ზ. კ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 11 მაისისა და 20 მაისის განჩინებები, ზ. კ.-ის განცხადება განჩინების განმარტების შესახებ განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების განმარტებაზე უარის თქმა და მიიჩნია, რომ ზ. კ.-ის განცხადება აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნებს, განჩინება ჯერ აღსრულებული არ იყო და არც მისი აღსრულების ვადა იყო გასული. საკასაციო სასამართლოს აზრით, მართლაც გაურკვეველი იყო მორიგების დამტკიცების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინების მე-2 პუნქტი, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თუ არა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება მთლიანად, მათ შორის, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტიც. აღნიშნულ ბუნდოვანებას შეიძლებოდა განჩინების აღსრულების შეფერხება გამოეწვია. ამიტომ, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. კ.-ის განცხადება განჩინების განმარტების შესახებ საფუძვლიანი იყო (ტომი 5, ს.ფ. 27-31).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინებით ზ. კ.-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია განმცხადებლის მითითება სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებასა და მის სარეზოლუციო ნაწილში ასახვის ფორმას შორის განსხვავების თაობაზე. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 1 აპრილის განჩინებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემდეგ მისი მე-5 პუნქტი არ გასაჩივრებულა, იგი კანონიერ ძალაში იყო შესული და შესაბამისად, არ შეიძლებოდა შემდგომ, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისას დავის საგანი ყოფილიყო. სააპელაციო სასამართლომ კი 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით გადაწყვეტილების სრულად გაუქმებით, გააუქმა მისი მე-5, გაუსაჩივრებელი პუნქტიც. ამ შემთხვევაში სასამართლო მოკლებული იყო მითითებული შეუსაბამობის აღმოფხვრის შესაძლებლობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გადაწყვეტილების განმარტება დასაშვები იყო მხოლოდ მისი შინაარსის შეუცვლელად. სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინების იმგვარად განმარტებით, რომ მასში მითითებულიყო სააპელაციო სასამართლოს მიერ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების მხოლოდ 1-4 პუნქტების გაუქმების შესახებ, იცვლებოდა მისი შინაარსი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელი იყო (ტომი 5, ს.ფ. 66-69).
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. კ.-მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინების განმარტებაზე უარის გაუქმება და განჩინების განმარტება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მართალია, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მისი მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებასა და მის სარეზოლუციო ნაწილში ასახვის ფორმას შორის განსხვავების თაობაზე, მაგრამ იმავდროულად განმარტა, რომ იგი მოკლებული იყო ამ შეუსაბამობის აღმოფხვრის შესაძლებლობას, ვინაიდან ეს გამოიწვევდა განჩინების შინაარსობრივი მხარის შეცვლას. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებდა სასამართლოს ამ შეხედულებას და მიიჩნევდა, რომ სარეზოლუციო ნაწილის ისეთნაირი განმარტების შედეგად, როგორიცაა: «გაუქმდეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მის გაუსაჩივრებელ ნაწილში» არ იცვლება გადაწყვეტილების შინაარსი. იგი მიიჩნევდა, რომ განჩინების ამგვარი განმარტება მოიცავდა მხოლოდ 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინების შინაარსობრივი მხარის დაზუსტებას და არც ერთ შემთხვევაში არ იყო დაკავშირებული მისი შინაარსის შეცვლასთან. ამგვარი განმარტება იქნებოდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი და აღმოფხვრიდა იმ გაუგებრობებს, რაც შემდგომში დაკავშირებული იქნებოდა რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებასა და მორიგების აქტის აღსრულებასთან (ტომი 5, ს.ფ. 79-81).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. კ.-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინება, ზ. კ.-ის განცხადება განჩინების განმარტების შესახებ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, განჩინების განმარტების დაუშვებლობისა და შესაბამისად, განმარტებაზე უარის თქმის საპროცესოსამართლებრივი საფუძვლის არსებობის შესახებ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი 3, ს.ფ. 425-426). თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 1 აპრილის განჩინებით ნ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (ტომი 4, ს.ფ. 156-164). ნ. ხ.-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების მხოლოდ პირველი ოთხი პუნქტი ტომი 4, ს.ფ. 169-177), შესაბამისად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმე გააუქმა და ხელახლა განსახილველად დააბრუნა ამ ნაწილში, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი კი (რომელიც ა. კ.-ის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შეეხებოდა) მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში (ტომი 4, ს.ფ. 314-328). თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ნ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, ნ. ა.-ის სარჩელზე, ნ. ხ.-ისა და ა. კ.-ის შეგებებულ სარჩელებზე საქმის წარმოება შეწყდა და დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი მასში მითითებული პირობებით (ტომი 4, ს.ფ. 357-371).
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ გაურკვეველია მორიგების დამტკიცების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, იმ ვითარებაში, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული. ამასთან, საგულისხმოა, რომ 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინების აღწერილობითი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მოცემული განჩინებით ხელახლა განიხილა ნ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების 1-4 პუნქტების ნაწილში.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მორიგების აქტმა, რომელიც დამტკიცდა სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, არ მოიცვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გადაწყვეტილი საკითხი. მორიგების აქტი შეეხო მხოლოდ აღნიშნული პუნქტის 1-4 საკითხებს. კერძოდ, 2001 წლის 12 ივნისის აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით ნ. ა.-სა და ნ. ხ.-ს დაევალათ თავიანთ საკუთრებაში არსებული სარდაფის (შესაბამისად, ფართებში ¹2-21 და ¹8-81) კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში შეზღუდავდა ა. კ.-ის საცხოვრებელ ფართში აღნიშნული სათავსოებიდან ნესტისა და სუნის გადინებას. სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ნ. ა.-ის საცხოვრებელ ბინაში ასასვლელი კიბისა და აბაზანა-ტუალეტის მიშენების საკითხზე, ასევე ეზოს მოწესრიგების საკითხზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განმცხადებელი სრულიად საფუძვლიანად ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინების განმარტებას იმის შესახებ, საპელაციო სასამართლოს მიერ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება მთლიანად გაუქმდა თუ ნაწილობრივ, გაუქმდა თუ არა მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაშია შესული. გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლოს მიერ ამგვარი განმარტების მიცემა არ გამოიწვევს გადაწყვეტილების ძირითადი აზრისა და შინაარსის შეცვლას, რადგან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სასამართლო განჩინებით არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებასა და მის სარეზოლუციო ნაწილში ასახვის ფორმას შორის განსხვავებას, რაც უდავოდ დაზუსტებას საჭიროებს და არ არის დაკავშირებული მისი არსებითი შინაარსის შეცვლასთან. აღნიშნულ გარემოებაზე სათანადო მითითებები ჯერ კიდევ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მიეცა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც განცხადება განმარტების შესახებ ხელახლა დაბრუნდა განსახილველად. სააპელაციო სასამართლო განჩინების სამოტივაციო ნაწილი თავადაც ადასტურებს საქმეზე არსებულ აღნიშნულ შეუსაბამობას და ფაქტობრივად განმარტავს განცხადებაში დასმულ საკითხს, თუმცა განჩინების სარეზოლუციო ნაწილში განცხადებას არ აკმაყოფილებს, რის გამოც განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეესაბამება მის სამოტივაციო ნაწილს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა განმარტების საპროცესო შესაძლებლობისა, სააპელაციო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში აქვს 2004 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაში თავისი ინიციატივით უსწორობის გასწორების საპროცესო შესაძლებლობაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი, რის გამოც სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. კ.-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინება;
3. ზ. კ.-ის განცხადება განჩინების განმარტების შესახებ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.