საქმე №ას-17-2020 8 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე:
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ვ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ვ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ქონების წილზე საკუთრების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი.ვ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ბ–ის მიმართ უძრავი ქონების წილზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინებით მოპასუხე ნ.ბ–ის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნენ შვილი - ვ.ბ–ი და მეუღლე - ნ.ნ–ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ბ–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ვ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს ნ.ნ–ამ და ვ.ბ–მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით, კასატორს - ვ.ბ–ს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 6 თებერვალს, განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა მ.ჭ–ძემ, წარმოადგინა მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) ქვითრის ასლები. მისი განცხადებით, კასატორს სწორად აქვს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით, კასატორს - ვ.ბ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 24 თებერვალს, განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა მ.ჭ–ძემ და მიუთითა, რომ კასატორმა სწორად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით ვ.ბ–ს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5(ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით ვ.ბ–ს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5(ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2020 წლის 20 მაისს, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს მ.ჭ–ძეს (იხ. მინდობილობა ტ. 1, ს.ფ. 168-171)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 21 მაისს და ამოიწურა 2020 წლის 25 მაისს. ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ.ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. ვ.ბ–ს (პირადი ნომერი ......) დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის, მ.ჭ–ძის(პ/ნ ......) მიერ 2019 წლის 13 დეკემბერს N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე