Facebook Twitter

საქმე №ას-1801-2019 28 მაისი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.კ. ე–ო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.07.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ვ.გ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „E”-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მსესხებელი“) და შპს „ს.კ. ე“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის (სესხის ძირი - 43 000 ლარი, 5 თვის სარგებელი - 7525 ლარი და პირგასამტეხლო - 2017 წლის 31 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასაბრუნებელი თანხის, ანუ 50 525 ლარის 0,1% გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე) სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.02.2019წ. გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 31.10.2016წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 43 000 ლარი, სარგებელი 7525 ლარი და არსებულ დავალიანებულ თანხაზე - 50 525 ლარზე დარიცხული პირგასამტეხლოს 0.1 %-ის გადახდა 31.10.2017წ.-დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელეს უარი ეთქვა მეორე მოპასუხის, როგორც სოლიდარული მოვალის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

2.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას პირველი მოპასუხის მიმართ და ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

2.2. სასამართლომ სარჩელი მეორე მოპასუხის, როგორც თავდები პირის მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, მიიჩნია დაუსაბუთებელად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე არ დააკმაყოფილა. სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ ორივე მოპასუხის დირექტორი არის ერთი და იგივე პირი, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მოსარჩელის არგუმენტაციის გასაზიარებლად. დირექტორის მიერ ერთ-ერთი სატელევიზიო არხით გაკეთებული განცხადება ვერ შეფასდება მეორე მოპასუხის მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულების ფარგლებში სსკ-ის 892-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დადებულ თავდებობის ხელშეკრულებად. სხვაგვარი მსჯელობის განვითარება ეწინააღმდეგება ზემოთ დასახელებული ნორმის მიზანს.

2.3. სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოების გასაზიარებლად უნდა დგინდებოდეს, რომელი ვალდებულების უზრუნველყოფა მოახდინა ნების გამომვლენმა მეორე მოპასუხის სახელით და რა ფარგლებში. ვინაიდან მეორე მოპასუხეს არ გამოუვლენია ნება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებლობის შესახებ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა მეორე მოპასუხის, როგორც თავდები პირის მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.

გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.07.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.02.2019წ. გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. მოსარჩელე სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა პირველ მოპასუხესთან. მხოლოდ ის გარემოება, რომ ორივე მოპასუხის დირექტორი ერთი და იგივე პირია, ვერ გახდება იმის წინაპირობა, რომ მეორე მოპასუხე მიჩნეულ იქნეს მოსარჩელესთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ სუბიექტად. სესხის ხელშეკრულების მხარეები არიან პირველი მოპასუხე და მოსარჩელე, სესხის თანხა მიღებული აქვს უშუალოდ მსესხებელს, რომელსაც ვალდებულება შესრულებული არ აქვს.

3.2. პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის დადგენის თაობაზე.

3.3. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 892-ე მუხლის მიზანია გარიგების წერილობითი ფორმით დადების მოთხოვნით თავდების დაცვა ნაჩქარევი და გაუაზრებელი მოქმედებისაგან. ასევე, თავდების მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის განსაზღვრულობის უზრუნველყოფა (პრევენციული ფუნქცია). მხოლოდ გამონაკლისის სახით 892-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაშვებული თავდებობის დადგენა წერილობითი დოკუმენტის შედგენის გარეშე. წერილობითი ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი მეწარმე სუბიექტების მხრიდან პროფესიული საქმიანობის (სარეწის) შესრულების ფარგლებში ნაკისრი თავდებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მეწარმეებმა თავდებობის კისრება უნდა მოახდინონ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში. მოცემულ საქმეში აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა სახეზე არ არის.

3.4. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როდის განაცხადა მეორე მოპასუხის დირექტორმა თავდებობის შესახებ, სესხის ხელშეკრულების დადებამდე, თუ მსესხებელის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ. ასევე, ვერ დგინდება პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული რა მაქსიმალური თანხის ფარგლებში იკისრა მან თავდებობა. ამ პირობებში თავდებობის ხელშეკრულებას პალატა ვერ მიიჩნევს დადებულად და ასეთი განცხადება (ხელშეკრულება) თუნდაც, მხარის პროფესიული საქმიანობის შესრულების ფარგლებში განცხადებული, ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და იგი ბათილია (სსკ-ის 50-ე, 54-ე, 327-ე, 892.1 და 898.1 მუხლები).

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

4.1. სასამართლომ სწორად მიიჩნია სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად, თუმცა დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. როგორც სარჩელში, ისე სააპელაციო საჩივარში მითითებულია დავის მომწესრიგებელ ნორმა, სსკ-ის 892-ე მუხლის მეორე ნაწილი.

4.2. განჩინებაში ასახული არ არის, სასამართლომ რის საფუძველზე დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსკ-ის 892.2 მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სარჩელში მითითებული და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას მეორე მოპასუხისთვის, როგორც თავდებისთვის, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.

8. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია, ხოლო, თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს (სუსგ. Nას-1337-2019, 02.03.2020წ.). ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა "მერიდიანი," თბილისი 2015, გვ.637).

9. სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავებით, თავდებობა კრედიტორს თავდების რაიმე კონკრეტულ ქონებაზე, რაიმე უპირატესი დაკმაყოფილების უფლებას კი არ ანიჭებს, არამედ თავდებობის ძალით კრედიტორი მოვალესთან მიმართებით არსებულ ძირითად მოთხოვნასთან ერთად, ასევე, დამატებით ვალდებულებით-სამართლებრივ მოთხოვნას იძენს თავდების მიმართ (სუსგ საქმეზე №ას-726-2019, 5 ივლისი, 2019 წელი). სსკ-ის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ნორმა იმპერატიულია, საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) გარიგება (სსკ-ის 54-ე მუხლი). მიუხედავად უზრუნველყოფილი ვალდებულების ზრდისა, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და თავდების განცხადებაში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (სსკ-ის 898.1 მუხლი) (სუსგ-ებები: Nას-1172-2018. 08.02.2019წ.; Nას-1359-2019, 24.12.2019წ.). ნორმის დანაწესი, რომლის მიხედვით ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა, სწორედ კონკრეტული ოდენობის თანხის მითითების ვალდებულებას გულისხმობს და არა, ზოგადად, აბსტრაქტულ ციტირებას პასუხისმგებლობის ფარგლებთან დაკავშირებით (სუსგ Nას-1172-2018. 08.02.2019წ.). რაც შეეხება სსკ-ს 892-ე მუხლის ნე-2 ნაწილს, აღნიშნული ნორმა ადგენს ერთგვარ გამონაკლისს თავდებობის ფორმასავალდებულოობის მოთხოვნიდან. კერძოდ, თუ ვინმე თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების ფარგლებში განაცხადებს თავდებობის შესახებ, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი. ანუ ზოგიერთ შემთხვევაში კანონი არ მოითხოვს თავდებობის ნამდვილობისთვის წერილობით ფორმას. ეს ხდება მაშინ, როცა თავდები თავდებობას კისრულობს პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

10. განსახილველ შემთხვევაში სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებებით არ დგინდება თავდებობის არსებით პირობაზე მეორე მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის ნების არც წერილობით და არც ზეპირად შეთანხმება (ასეთ ნებად ვერ შეფასდება ტელევიზიის მეშვეობით გაკეთებული ზოგადი შინაარსის განმარტებები); ასევე, გარემოება მასზე, რომ მეორე მოპასუხისთვის, როგორც მეწარმისთვის, თავდებობა წარმოადგენს მისი პროფესიული საქმიანობის სფეროს შესაბამის გარიგებას (დაწვრილებით იხ.: ლადო ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ.189,190). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასაბუთებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლის არარსებობის შესახებ. არ დგინდება სსკ-ის 464-ე ნორმით (სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით) დადგენილი რაიმე საფუძვლის არსებობა.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (სუსგ. N3კ\570, 29.09.2000წ.; Nას-660-626-2015, 03.09.2015წ.; ას-1172-2018. 08.02.2019წ.; Nას-1359-2019, 24.12.2019წ.) . ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

12. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

პაატა ქათამაძე