საქმე №ას-389-2020 23 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ.მ–ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე ნ.მ–ძის სარჩელის გამო მ.ლ–ის მიმართ გზით სარგებლობის უფლების დადგენის თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
ნ.მ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო/კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ ნ.ც–ს (იხ.მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 49-51) საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად 2019 წლის 25 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 150).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
ზემოხსენებული წესების შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 26 დეკემბერს - დასაბუთებული განჩინების ნ.ც–თვის ჩაბარების მომდევნო დღეს და ამოიწურა 2020 წლის 6 იანვარს. საქმეში წარმოდგენილი, კერძო საჩივარზე დასმული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სარეგისტრაციო შტამპით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შესულია 2020 წლის 17 თებერვალს, კერძო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით, ისე, რომ არ დასტურდება კერძო საჩივრის ფოსტაში და ამ ფორმით მისი სასამართლოში ჩაბარების ფაქტი.
საგულისხმოა ისიც, რომ 2019 წლის 4 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ.მ–ძემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების (გასაჩივრებული განჩინების) ჩაბარება, სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მიზნით, რაც მან ჩაიბარა 2019 წლის 12 თებერვალს (იხ. ს.ფ. 152-153).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.მ–ძის კერძო საჩივრი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.მ–ძის კერძო საჩივრი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე