Facebook Twitter

საქმე №ას-827-2019 30 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.წ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ვალდებულების ოდენობის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ.ჩ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.წ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) მიმართ და მოითხოვა პროცენტის ნაწილში 2015 წლის 10 აგვისტოს მხარეთა შორის სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სარგებლის წლიური 13%-ით განსაზღვრა, მოსარჩელის მიერ გადახდილი 3 000 აშშ დოლარის ძირი თანხისათვის _ 10 000 აშშ დოლარისათვის გამოკლება წლიური 13%-იანი გრაფიკით, კერძოდ გადასახდელი თანხიდან 649.98 აშშ დოლარის ჩათვლა 6 თვის დარიცხულ სარგებლად, ხოლო, 2 350.02 აშშ დოლარის გამოკლება სესხის ძირი თანხის _ 10 000 აშშ დოლარისათვის და 2016 წლის 21 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოპასუხის მოთხოვნის 8 149.98 აშშ დოლარით განსაზღვრა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 10 აგვისტოს მხარეებმა სანოტარო წესით დაამოწმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 10 000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, თვეში 2,5% სარგებლის დარიცხვის პირობით. კრედიტორმა ისარგებლა დომინირებული მდგომარეობით და ნაცვლად ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთისა, სესხი გასცა წლიური 30%-ის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ #......). მოსარჩელემ სესხის მიღებისთანავე გადაიხადა სამი თვის სარგებელი _ 1 125 აშშ დოლარი, მოგვიანებით გადაიხადა ასევე სამი თვის სარგებელი, 2016 წლის 10 თებერვლის შემდგომ კიდევ გადაიხადა 750 აშშ დოლარი. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხა სულ 3 000 აშშ დოლარს შეადგენს (თანხა შეტანილია ე.წ თიბისი ფეის ტერმინალით შუამავლის ანგარიშზე). კრედიტორმა არ გაითვალისწინა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ განხორციელებული გადახდები ძირ თანხას რომ უნდა გამოკლებოდა და მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თხოვნით და მოითხოვა სესხის ძირი თანხის _ 10 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ 500 აშშ დოლარის ანაზღაურება. ნოტარიუსმა ხსენებული მოთხოვნის ფარგლებში გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც დაწყებულია სააღსრულებო წარმოება იპოთეკის საგანზე, რომელიც აღმასრულებელმა 27 000 აშშ დოლარად შეაფასა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მოვალეს მხოლოდ სარგებლის გადახდის ნაწილში აქვს ვალდებულება შესრულებული, რაც შეეხება თავად ხელშეკრულებას, ის დადებულია ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე და სრულად შეესაბამება სარგებლიანი სესხის დადებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მსესხებელს დასაბრუნებელი აქვს სესხის ძირი თანხა. ხელშეკრულების ვადის გასვლიდან ოთხო თვის განმავლობაში, მიუხედავად კრედიტორის მოთხოვნისა, მოვალეს ვალდებულება არ შეუსრულებია, რაც დაედო საფუძვლად სააღსრულებო ფურცლის აღებასა და სააღსრულებო წარმოების დაწყებას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელეს, როგორც მსესხებელსა და უძრავი ქონების მესაკუთრეს და მოპასუხეს, ასევე, ვ.მ–ძეს, როგორც გამსესხებლებს შორის 2015 წლის 10 აგვისტოს სანოტარო წესით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო, ვ.მ–ძემ _ 5 000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 6 თვის ვადით, 2016 წლის 10 თებერვლამდე. სესხი იყო სარგებლიანი, რომელიც თვეში ძირი თანხის 2,5%-ს შეადგენდა (წლიური 30%). ხელშეკრულებით გათვალიწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის, შეუსრულებელი ვალდებულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.12%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გამსესხებელთა სასარგებლოდ მსესხებლის საკუთრებში მყოფი უძრავი ქონება, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში;

1.2.2. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სრულად იქნა გადახდილი 6 თვის სარგებელი (10 000/100X2.5X6=1500) _ 1 500 აშშ დოლარი;

1.2.3. გამსესხებელმა მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებლო ფურცლის გაცემა. ნოტარიუსმა დააკმაყოფილა კრედიტორის მოთხოვნა და 2016 წლის 21 ივნისს გასცა #160674627 სააღსრულებლო ფურცელი, რომელშიც კრედიტორად მითითებულია მოპასუხე, მოვალედ _ მოსარჩელე, აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა განსაზღვრულია სესხის ძირი თანხით _ 10 000 აშშ დოლარითა და პირგასამტეხლოთი _ 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (შემცირებული) 500 აშშ დოლარი, ჯამში _ 10 500 აშშ დოლარი და სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯი _ 126 ლარი. ასევე მოთხოვნის გადახდევინების მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა. სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოების პროცესი;

1.2.4. გარდა მოპასუხის მიერ დადასტურებული 6 თვის სარგებლისა, მოსარჩელეს მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა თანხა არ გადაუხდია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა განხორციელებადია, თუკი დადგინდება გამსესხებლის მხრიდან სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების არამართლზომიერად განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ სახეზე არაა სამოქალაქო კოდექსის 8.3 და 115-ე მუხლებით დადგენილი უფლების მართლზომიერად განხორციელების წინაპირობები. ამ მხრივ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გამსესხებელი არ წარმოადგენს ბაზარზე მოქმედ ერთადერთ სუბიექტს, რომელსაც უკავია დომინირებული მდგომარეობა და ამ მდგომარეობას გამოიყენებს არამართლზომიერად. გარდა ამისა, სახელშეკრულებო პირობათა კანონიერების შემოწმებისას, სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული დაადგინოს, ხომ არ ეწინააღმდეგება გარიგება კანონის იმპერატიულ მოწესრიგებას. ამ მხრივ ზოგადი ნორმა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლია, რომლის ფარგლებშიც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებითი პირობები ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ არ მიიჩნევა, რაც შეეხება მართლწინააღმდეგობრიობის საკითხს, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი ადგენს სარგებლიანი სესხის გაცემისას სარგებლის გამოანგარიშების წესს. ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქციით ხსენებული ნორმის წინაპირობები დაცული იყო და შეთანხმებული პროცენტი არ აღემატებოდა კანონის იმპერატიულ ნებას, შესაბამისად, არ არსებობს სარგებლის ნაწილში გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობა. გარდა ამისა, დადგენილია და კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარუდგენია იმ თვალსაზრისით, რომ მას, გარდა 6 თვის სარგებლისა, სხვა თანხა კრედიტორისათვის არ გადაუხდია (მოსარჩელემ სკ-ის 429.1 და 431-ე მუხლების შესაბამისად, ვერ წარადგინა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები). ამ ვითარებაში კი, შეუძლებელია მსჯელობა ძირი თანხის ანგარიშში ჩათვლაზე (სკ-ის 427-ე მუხლი) და სააღსრულებო ფურცელში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოვალე ვერ ამტკიცებს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ბ.ვ–ძის მიერ კასატორის სახელით 21.06.2019წ. #8090876508 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 326,70 ლარის 70% _ 228,69 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ გ.ჩ–ძეს (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ბ.ვ–ძის მიერ კასატორის სახელით 21.06.2019წ. #8090876508 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 326,70 ლარის 70% _ 228,69 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი