Facebook Twitter

საქმე №ას-872-2019 9 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „N.V. “ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „N.V. -ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის _ 5 745.36 ლარის, პირგასამტეხლოს _ იანვრის საიჯარო ქირის 0.1%-ის _ 310.50 ლარის, ასევე, თებერვლის საიჯარო ქირის 0.1%-ის _ 23 ლარისა და ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის _ 41 450.75 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 11 ნოემბრის ტენდერში გაიმარჯვა მოპასუხემ და გაფორმებული ხელშეკრულებით იკისრა მოსარჩელისათვის კვებითი მომსახურების გაწევის ვალდებულება 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის #90 კანკარგულების „დ“ ქვეპუნქტით მოპასუხეს იჯარით გადაეცა ქ.თბილისში, ...... მდებარე #1 შენობის ცოკოლის სართულზე არსებული 284,45 კვ.მ ფართი მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთით, ასევე, ...... მდებარე ნახევარსარდაფი მიწის ნაკვეთითა და შენობაში განთავსებული სასადილო ინვენტარით, შესაბამისად, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 5 745,36 ლარით, რომელიც მოიჯარეს ყოველი თვის 25 რიცხვამდე უნდა გადაეხადა. 2017 წლის 21 მარტს მოპასუხემ განაცხადა, რომ 1 აპრილიდან წყვეტდა ხელშეკრულებას. 2017 წლის 21 მარტის წერილით მოსარჩელემ მოითხოვა მარტისა და იანვრის თვეების საიჯარო ქირის გადახდა, საიდანაც მოპასუხემ მხოლოდ მარტის დავალიანება აანაზღაურა. კვების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოსარჩელემ 2017 წლის 1 აპრილიდან ხელშეკრულება გააფორმა სხვა კომპანიასთან. იანვრის ქირის გადაუხდელობის გამო, მოსარჩელემ მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო, რომელიც გადაუხდელი თანხის 0,1%-ს შეადგენს, გარდა ამისა, კვებითი მომსახურების ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხეს ეკისრება ჯარიმა 41 450,75 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სრულად ცნო პირველი სასარჩელო მოთხოვნა საიჯარო ქირის 5 745.36 ლარის დაკისრების თაობაზე, ნაწილობივ ცნო მეორე სასარჩელო მოთხოვნა, პირგასამტეხლოს თანხის 62 ლარის დაკისრების თაობაზე. რაც შეეხება მესამე სასარჩელო მოთხოვნას, ჯარიმის დაკისრების თაობაზე, მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელემ უკვე გამოითხოვა ბანკისაგან საბანკო გარანტია და აინაზღაურა ზიანი, შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელის მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრების მცდელობა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების _ 5 745.36 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 333.5 ლარის გადახდა, ხოლო, ჯარიმის სახით 41 450.75 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 41 450,75 ლარის დაკისრება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2016 წლის 11 ნოემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შედეგად მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო კვებითი მომსახურების გაწევა მოსარჩელისათვის. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 829 015.00 ლარს, პრეისკურანტის ჯამური ღირებულება _ 333.84 ლარს;

1.2.2. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის #90 განკარგულების „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს იჯარის უფლებით გადაეცა ქ.თბილისში, ..... და ...... მდებარე შენობა-ნაგებობის კონკრეტული უძრავ-მოძრავი ქონება, რაზედაც გაფორმდა #4 იჯარის ხელშეკრულება;

1.2.3. მოპასუხის საიჯარო ქირის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5 745.36 ლარს, ხოლო საიჯარო ქირის გადაუდელობის/დაგვიანებით გადახდისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა _ 333.5 ლარს;

1.2.4. 2017 წლის 10 აპრილს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ წაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით #PE39476-16 საბანკო გარანტიის შესაბამისად სს „ს.ბ–ის“ მიერ გადახდილი იქნა 41 451 ლარი;

1.2.5. მოსარჩელესა და შპს „ჰ.ი–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის სავალდებულო ვადიანი სამხედრო მოსამსახურეთა, მორიგე თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა (პლასტიკური ბარათების საშუალებით) და ადმინისტრაციულ შენობაში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებულ პირთა საქვაბე კვებით მომსახურების შესყიდვა, ხელშეკრულების #1 დანართის შესაბამისად.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ საიჯარო ქირის დავალიანებისა და ამ დავალიანების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, მოპასუხის მიერ საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელის ცნობის გამო, არსებობდა მისი დაკმაყოფილების საპროცესო წინაპირობა (სსსკ-ის 208.3 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ნარდობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის გამო ეკისრება თუ არა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. ხსენებული მოთხოვნა განხორციელებადია, რადგანაც მხარეთა შორის სადავო არ არის მოთხოვნის წინაპირობების _ სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 399-ე, 417-ე მუხლებით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, თუმცა, ამ მოთხოვნას მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შედავება დაუპირისპირა და მიუთითა, რომ კრედიტორმა პირგასამტეხლოს მოთხოვნა აინაზღაურა საბანკო გარანტიით. სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). მოხმობილი ნორმის მიზნებისათვის გადამწყვეტია ის, რომ შესრულებას იღებს კრედიტორი. ამგვარ შესრულებად განიხილება მათ შორის სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით განსაზღვრული ანაზღაურება, კერძოდ, როდესაც გარანტი ბენეფიციარს აუნაზღაურებს გარკვეულ თანხას პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გარანტმა ბენეფიციარის სასარგებლოდ აანაზღაურა ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მხარეთა შორის შეთანხმებული თანხა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ვალდებულება შეწყვეტილია შესრულებით და არ არსებობს მენარდისათვის ამ თანხის განმეორებით დაკისრების წინაპირობები. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ განმარტა თუ რა იყო მითითებული საგარანტიო თანხა და მოცემული სასარჩელო წარმოების ფარგლებში მოთხოვნილი ჯარიმის თანხა, ასევე, რა სხვაობა იყო მათ შორის. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ვალდებულების შეწყვეტის, ასევე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი