Facebook Twitter

საქმე №ას-1207-2018 30 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.ქ.“, თავმჯდომარე _ ე.მ–ძე, წევრები: მ.ნ–ძე, თ.გ–ი, ნ.ლ–ი, ზ.წ–ძე, გ.ჩ–ძე, შ.შ–ი, თ.ჩ–ძე, დ.ც–ა, ბ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ა“, ნ.ლ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის ნაწილში

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.ქ–ის“ თავმჯდომარე ე.მ–ძემ, წევრებმა: მ.ნ–ძემ, თ.გ–მა, ნ.ლ–მა, ზ.წ–ძემ, გ.ჩ–ძემ, შ.შ–მა, თ.ჩ–ძემ, დ.ც–ამ და ბ.კ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელეები, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები ან კასატორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ.ლ–ძისა და შპს „ლ–ას“ (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, მეორე მოპასუხე აგრეთვე წოდებული, როგორც აპელანტი, ხოლო ორივე მათგანი, როგორც კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვეს ქ.თბილისში, ...... მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე #ნ/09/12/270 მშენებლობის ნებართვის შესაბამისად, განსახორციელებელ გამაგრებით სამუშაოებზე ხელისშემშლელი მოქმედებების აკრძალვა და ამხანაგობის წევრების სასარგებლოდ მორალური ზიანის კომპენსირებისათვის 3 000 ლარის დაკისრება (დ.ც–მ და ბ.კ–ძემ მოთხოვნებს მხარი მხოლოდ პირველი მოპასუხის წინააღმდეგ დაუჭირეს).

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ.თბილისში, ........ ქ#3-ში მდებარე შენობა-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და საჭიროებს გამაგრებას. ამხანაგობის წევრთა სურვილით გადაწყდა გამაგრებითი სამუშაოების წარმოება, რის თაობაზეც შედგა ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება. პროექტი შეადგინა შპს „მ.დ–მა“, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სამმართველომ 2014 წლის 25 აგვისტოს გასცა გამაგრებით სამუშაოებზე ნებართვა (ვადა განისაზღვრა 2014 წლის 25 აგვისტომდე, თუმცა, შემდგომ გაგრძელდა) და სამუშაოები დააფინანსა ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ. გარდა ამისა, ჩატარდა საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა და საკითხი შეისწავლა ხელოვნებათმცოდნემ, ჩატარდა შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხცვის ექსპერტიზა. მრავალი კონსულტაციის შემდგომ გამაგრების დამტკიცებული პროექტი მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრთა მიერ. არსებული მდგომარეობით დასასრულებელია შენობის მარჯვენა ფლანგზე განსახორციელებელი სამუშაოები, რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, სამუშაოთა წარმოება შეჩერებულია ნ.ლ–ძისა და შპს „ლ–ას“ მიერ შეთანხმების დარღვევის გამო. პრობლემა ისაა, რომ პროექტის თანახმად, გამაგრებითი სამუშაოების წარმოება ითვალისწინებს ნ.ლ–ძის აივანზე სვეტების დაყენებას, რისი წინააღმდეგიც არიან მოპასუხეები, არ აძლევენ მშენებლებს სამუშაოების წარმოების შესაძლებლობას, რის გამოც, საფრთხის ქვეშ დგას, როგორც ინდივიდუალური საცხოვრებელი ფართები, ისე _ მთლიანად ძეგლი. დაზიანებულ სახლში ცხოვრება ზიანს აყენებს მოსარჩელეთა ჯანმრთეობასაც, რადგანაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფი მცხოვრებლები განიცდიან სულიერ ტანჯვას, რაც წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. პირველმა მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მარტივი შედავება წარადგინა, ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გაუხდია, არამედ, განმარტა, რომ თანხმობის მიცემისას მისთვის უცნობი იყო ამხანაგობა ბოროტად გამოიყენებდა თუ არა მის ნდობას და მის აივანზე განათავსებდა სვეტებს, რომლებიც აბნელებენ საძინებელ ოთახს, ამცირებენ ინდივიდუალური საკუთრების საგნის ღირებულებას და საფრთხეს უქმნის მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯით გამაგრებული აივნის სიმტკიცეს, გარდა ამისა, მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელეთა ქმედების გამო ის ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა 10 000 ლარით, რაც სრულად გადაიხადა პირველმა მოპასუხემ. აღნიშნული კი, გაუმართლებელს ხდის მოსარჩელეთა მოთხოვნას აივნით სარგებლობის თაობაზე. რაც შეეხება მორალურ ზიანს, შესაგებლის თანახმად, ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა;

2.2. მეორე მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ არსებითი შედავება წარადგინა, შესაგებლის თანახმად, შენობას ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები და აღარ არსებობს მისი ექსპლუატაციის შედეგად სართხის წარმოშობის საშიშროება. ამხანაგობის კრებაზე არ იყო მიწვეული მეორე მოპასუხე და მისთვის უცნობია სარჩელში მითითებული შეთანხმების თაობაზე, ისევე, როგორც ნებართვების გაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული არ ყოფილა მოპასუხე. ამხანაგობის კუთვნილ შენობასა და მეორე მოპასუხის ობიექტს ჰყოფს საერთო კედელი, რაც მის დაინტერესებულ პირად მიჩნევას განაპირობებს. ამხანაგობის რეალურ მიზანს წარმოადგენს არა შენობის გამაგრება, არამედ, მეორე მოპასუხის ოპერირების აკრძალვა, მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების მარჯვენა ფლანგზე სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის მიზეზს წარმოადგენს ამხანაგობის წევრთა შორის არსებული შეუთანხმებლობა. გარდა ხსენებულისა, შესაგებლით შედავებულია მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობების არსებობა, რამდენადაც, მეორე მოპასუხის განმარტებით, შენობა არ არის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, მასში წლების განმავლობაში ცხოვრობენ მოსარჩელეები და ფსიქიკის შერყვის მტკიცება საფუძველს მოკლებულია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს აეკრძალათ ქ.თბილისში, ........ ქ#3-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სანებართვო მოწმობის შესაბამისად (მშენებლობის ნებართვა ნ/09/12/270) განსახორციელებელ გამაგრებით სამუშაოებზე ხელშემშლელი მოქმედებების გამხორციელება, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აპელანტის მიმართ სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საზიარო საგნის გამაგრებითი სამუშაოების წარმოებისას ხელშეშლის აღკვეთის წინაპირობების არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს, კერძოდ:

1.1.1. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 25 აგვისტოს #4/136 ბრძანების საფუძველზე გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა #ნ/09/12/270 და ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 25 აგვისტომდე პერიოდი. სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის #2218931 ბრძანების მიხედვით, ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ სანებართვო მოწმობაში და ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 9 ოქტომბრამდე. ამავე ბრძანებაში მიეთითა, რომ საკითხი განხილული უნდა ყოფილიყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს ნ/09/12/270 სანებართვო მოწმობასთან ერთად. მთაწმინდის რაიონის გამგეობიდან მოპოვებულ იქნა დაფინანსება სამუშაოთა სრული ღირებულების 90%-ის ოდენობით. გამაგრებითი სამშენებლო სამუშაოების ნაწილი ჩატარებულია, თუმცა, მათი დასრულება ფერხდება მოპასუხეების მიერ, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში არ უშვებენ მშენებლებს. ეს გარემოება კი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ........ ქ#3-ში მცხოვრებ პირებს, ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ავარიულია და საჭიროებს გამაგრებითი სამუშაოების დასრულებას. ავარიული შენობა ჩამოშლის საფრთხის ქვეშ იმყოფება. თავად ხელშეშლა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოდან მოპოვებული დოკუმენტებით, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში დაცული მასალით და სხვ.

1.1.2. კასატორებმა ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში არაერთხელ მიმართეს მთაწმინდის რაიონის გამგეობას და აცნობეს, რომ მოპასუხეები მათ არ აძლევდნენ შენობის გამაგრებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობას, რის გამოც, მოითხოვეს გარკვეული ღონისძიებების გატარება. აღნიშნული ინფორმაცია გამგეობას მიაწოდა აგრეთვე იმ კომპანიამ, რომელიც გამაგრებით სამუშაოებს დამტკიცებული პროექტის საფუძველზე ახორციელებს.

1.1.3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში შედის სხვა მესაკუთრეთა საცხოვრებელი ბინებიც, რომელთა საერთო ინტერესს წარმოადგენს უძრავი ქონების გამაგრების სამუშაოები, მათივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლომ კი, არ გაითვალისწინა, რომ აპელანტის მხრიდან ადგილი აქვს სწორედ უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც აგრეთვე, წინააღმდეგობაში მოდის კეთილსინდისიერების პრინციპთან. სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა სწორედ მისი ბრალით იმ პირობებში, როდესაც ჩვენი მარწმუნებლების მხრიდან შესრულებული და გატარებულია ყველა საჭირო ღონისძიება. აპელანტი მოქმედებდა კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ - ხელშეშლა ატარებდა ხანგრძლივ ხასიათს. უდავოა ისიც, რომ გამაგრებითი სამუშაოების დასრულების ინტერესი აღემატება კერძო მესაკუთრის ინტერესს, რამდენადაც ავარიულ კორპუსში ცხოვრება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს. სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს არ მიეცათ მშენებლობის დასრულების შესაძლებლობა,

1.1.4. საყურადღებოა, რომ სააპელაციო საჩივარში ხელშეშლის ფაქტი სადავოდაც არ იყო გამხდარი. მეორე მოპასუხე აღიარებდა ხსენებულს. თუმცა აპელირებდა იმაზე, რომ დღეის მდგომარეობით ხელშეშლა კანონიერია მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო, რასაც არასწორად დაეყრდნო სასამართლო, ამასთან, არ გაითვალისწინა ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.ქ–ს“ შორის 2016 წლის 23 თებერვალს დადებული #77-16 ხელშეკრულების 5.1 პუნქტის დებულება, რომლითაც განისაზღვრა, რომ თუ მხარეები ხელშეკრულების შესრულების პროცესში წააწყდებოდნენ რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამოც ფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარეისათვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის 7 აპრილს ჩატარებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებას, წევრებისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელთა გარდა, ესწრებოდნენ მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და სწორედ აღნიშნულ კრებაზე განიხილებოდა მშენებლობის ხელისშემშლელი გარემოებების არსებობის საკითხი, რომელთა გამოც დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოს მოსარჩელე მხარემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კრების ოქმსა და ადმინისტრაციულ წარმოებაში აპელანტის არმიწვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ეს ფაქტი სარჩელის უარყოფის საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო, ისევე, როგორც მშენებლობის ნებართვის არსებობა/არარსებობის საკითხი სცდება სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებს, შესაბამისად, გაუგებარია რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ ნებართვის ვადის გასვლის გამო აღარ არსებობდა ხელშეშლა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება გამოიწვევს დავის უსასრულოდ გაგრძელების პრაქტიკის დამკვიდრებას, რაც აზრს უკარგავს დავას და შეუძლებელს ხდის მოსარჩელეთა უფლებების დაცვას.

1.1.5. სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რადგანაც პირველ მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ორივე მოპასუხის მიმართ უარყო სარჩელი.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივრები არ შეიცავენ მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.2.1. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქ.თბილისში, ........ ქუჩა #3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელეთა საკუთრების უფლებები. საცხოვრებელ სახლში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.ქ.“;

1.2.2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის #3/181 ბრძანებითა და მისი #1 და #2 დანართების შესაბამისად, მოსარჩელეთა კუთვნილ ქონებას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა;

1.2.3. ამხანაგობის 2013 წლის 7 მარტის #9 კრების ოქმის საფუძველზე, ამხანაგობის წევრებმა თანხმობა გამოთქვეს ........ ქ#3-ში არსებული ავარიული შენობის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ამხანაგობის წევრებმა დაადასტურეს ხელმოწერით. გამაგრებით სამუშაოებზე თანხმობა განაცხადა პირველმა მოპასუხემაც, მეორე მოპასუხემ კი, უარყო კრებაში მონაწილეობის მიღების ფაქტი;

1.2.4. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2014 წლის 25 აგვისტოს #4/136 ბრძანებით გაიცა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვა. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების #ნ/09/12/270 მოწმობის შესაბამისად, ნებართვა გაიცა ქ.თბილისში, ........ ქ#3-ში არსებული ავარიული შენობის გამაგრებაზე. ნებართვის მოქმედება განისაზღვრა 2014 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 25 აგვისტომდე;

1.2.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 08.10.2015 წლის #2218931 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს #ნ/09/12/270 სანებართვო მოწმობაში და ნებართვის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 9 ოქტომბრამდე;

1.2.6. ქ.თბილისში, ........ ქ#3-ში არსებული ავარიული შენობის გამაგრებისათვის გამოყოფილი უბნის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების დასკვნებითა და რეკომენდაციებით (2015წ.) ირკვევა, რომ შენობა-ნაგებობა არის ავარიული, აქვს ხარვეზები და ესაჭიროება გამაგრების სამუშაოების ჩატარება;

1.2.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2015 წლის 20 ოქტომბრის #844 და 2016 წლის 20 იანვრის #35 ბრძანებებით დაკმაყოფილდა ბმა „ბ.ქ–ის“ განცხადება და ........ ქ#3-ში განთავსებული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოთა დაფინანსების მიზნით გამოეყო თანხა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით განსაზღვრულ სამუშაოთა საერთო ღირებულების - 72 579.12 ლარის 90%-ის ოდენობით. ამავე ბრძანებებით დაევალა ამხანაგობასა და მომსახურე ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების დედნის, ასევე, თანადაფინანსებაში ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის, ავანსის სახით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის გამგეობაში წარდგენა;

1.2.8. 2016 წლის 4 იანვარს ამხანაგობასა და შპს „ჰ–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ანაზღაურების სანაცვლოდ შემსრულებელი (შპს „ჰ–ი“) ვალდებულია გაწიოს ავარიული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები დეფექტური აქტებისა და პროექტის მიხედვით. შესრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 20 მარტით;

1.2.9. 2016 წლის 23 თებერვალს, ერთი მხრივ, ბმა „ბ.ქ–ის“ თავმჯდომარესა და, მეორე მხრივ, ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, რომ ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 2016 წლის 20 იანვრის #35 ბრძანებით, ამხანაგობასა და მომსახურე ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ამხანაგობის კუთვნილი შენობის გამაგრების სამუშაოების შესრულების თაობაზე ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის წარმოდგენის შემთხვევაში, სამუშაოების ღირებულების დანაშთ ნაწილს აანაზღაურებს გამგეობა. აქვე მითითებულია, რომ სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 72 579.12 ლარს, საიდანაც ამხანაგობამ მომსახურე ორგანიზაციას უკვე გადაუხადა ავანსის სახით 6 895.03 ლარი. გამგეობამ კი, აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშსწორება 65 684.09 ლარის ოდენობით;

1.2.10. 2016 წლის 19 მაისს შესრულებული სამუშაოს აქტითა და ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის 2016 წლის 20 მაისის წერილით დადგენილია, რომ ........ ქ#3-ში გამაგრების შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 38 626.82 ლარს. სამუშაოების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი მხარეთა შორის სადავო არაა;

1.2.11. ამხანაგობის წევრების მიერ პოლიციის დეპარტამენტსა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში წარდგენილი არაერთი განცხადების თანახმად, ........ ქუჩა #3-ში გამაგრების სამუშაოების დასრულება ფერხდება ნ.ლ–ძის მიერ;

1.2.12. 2016 წლის 7 აპრილის ........ ქ#3-ში მდებარე სახლის მობინადრეთა ამხანაგობა „ბ.ქ–ის“ #31 კრების ოქმით, რომელსაც თავმჯდომარეობდა ე.მ–ძე, დღის წესრიგით განსახილველ საკითხად განისაზღვრა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის, ........ ქ#3-ში მდებარე ავარიულ სახლში გასამაგრებელი სამუშაოების შესრულების საქმეში ბინათმესაკუთრე ნ.ლ–ის მიერ შეთანხმების დარღვევით საქმიანობის შეფერხება. კრების ოქმში მიეთითა ხარვეზები, რაც გააჩნდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მოსამზადებელი ღონისძიებები, რაც გაწეულ იქნა სამუშაოების შესრულებამდე. აქვე წევრებმა დაადასტურეს, რომ ამ დროისთვის დამთავრებული იყო შენობის მარჯვენა ფლანგის სამუშაოები. მარცხენა ფლანგის სამუშაოები კი შეჩერებული იყო ნ.ლ–ძის მიერ შეთანხმების დარღვევის გამო. პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა სწორედ მოპასუხე ნ.ლ–ის აივანზე გასამაგრებელი სამუშაოების წარმართვასა და სვეტების დაყენებას, რისი წინააღმდეგიც იყო პირველი მოპასუხე. გამოიხატებოდა ხელშეშლა მეორე მოპასუხის მხრიდან, მით უფრო იმ პირობებში, რომ დადასტურებული იყო გარემოებები მასზედ, რომ საქმეზე წარმოდგენილი ამხანაგობის წევრების მიერ პოლიციის დეპარტამენტსა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში წარდგენილი არაერთი განცხადების თანახმად, ........ ქუჩა #3-ში გამაგრების სამუშაოების დასრულება ფერხდებოდა ნ.ლ–ძის მიერ, ამავდროულად, დგინდებოდა ისიც, რომ 2013 წლის 7 მარტის კრების ოქმზე, რომლითაც გადაწყდა შენობის გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება, მეორე მოპასუხეს ხელი არ ჰქონდა მოწერილი და იგი არც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ყოფილა ჩართული, სადაც განიხილებოდა ნებართვის გაცემის საკითხი.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო პალატა საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე. როგორც უკვე ითქვა, საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია მესაკუთრისათვის ხელშეშლის აღკვეთის წინაპირობების არასებობა, ხსენებული საკითხის მარეგულირებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი და 172-ე მუხლის მე-2 ნაწილია, რომელთა ფარგლებში, სარჩელის ფორმალური გამართულობისათვის საჭიროა მხარემ მიუთითოს, რომ წარმოადგენს ქონების მესაკუთრეს, მოპასუხე ახორციელებს იმგვარ ქმედებას, რომლის შედეგადაც არსებითად ირღვევა მესაკუთრის უფლება, თუმცა, ხელშეშლა ხდება ნივთის ჩამორთმევის გარეშე. რაც შეეხება მტკიცების საგანს, იგი მოპასუხის შედავების გათვალისწინებით განისაზღვრება, თუმცა, ხელშეშლის ფაქტის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება.

1.3.2. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ საზიარო საგნის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის) თანამესაკუთრეებს, კერძოდ, მათ მრავალბინიან სახლში გააჩნიათ, როგორც ინდივიდუალური საკუთრების, ისე _ თანასაკუთრების ობიექტები, ამასთანავე, საკუთრების ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, სახეზეა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირთა ერთობა, რომელთაც სურთ ავარიული სახლისათვის გამაგრებითი სამუშაოების დასრულება. სარჩელის თანახმად, სამუშაოთა ნაწილი შესრულებულია, ხოლო, დარჩენილი ნაწილის დასრულება შეუძლებელია მოპასუხეთა მხრიდან ხელისშემშლელი მოქმედებების განხორციელების გამო. უდავოა, რომ პირველი მოპასუხე ამავე ამხანაგობის წევრია, ხოლო, მეორე _ მეზობელ ნაკვეთზე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.

1.3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი მოპასუხე მართლსაწინააღმდეგოდ იყენებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ უფლებებს, რითაც ხელი ეშლებათ მოსარჩელეებს შენობის გამაგრებითი სამუშაოების წარმოებაში, ისევე, როგორც მეორე მოპასუხის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი იმგვარი დასაბუთებული შედავება, რომელიც მოსარჩელეთა პრეტენზიების უარყოფას განაპირობებდა, შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოპასუხეთა ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭების საკმარისი საფუძველი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მეორე მოპასუხემ. სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და აპელანტის მიმართ სარჩელის უარყოფაა მოთხოვნილი. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა სააპელაციო საჩივარი, სრულად გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უარყო. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი და გასცდა სააპელაციო მოთხოვნას. ამ გარემოებასთან დაკავშირებით კი, საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ შედავებას.

1.3.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლების გაცდენას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, რაც ამ ნაწილში მისი გაუქმების საკმარისი საფუძველია. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუბრუნდება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეთაგან ერთ-ერთი _ ფიზიკური პირი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრია, ხოლო, მეორე _ იურიდიული პირი, მეზობელ მიწის ნაკვეთზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი, გარდა ამისა, მხარეთა სოლიდარული პასუხისმგებლობისა (იხ. სკ-ის 463-ე და შემდგომი ნორმები) და სავალდებულო თანამონაწილეობის (იხ. სსსკ-ის 86.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) წინაპირობებზე არც მოსარჩელეს მიუთითებია და არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ მსგავსი რამ, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მეორე მოპასუხეს, გარდა იმისა, რომ არ წარუდგენია მოთხოვნა (იხ. სააპელაციო საჩივარი), არც გააჩნდა უფლება პირველი მოპასუხის სახელით სადავო გაეხადა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. განსახილველი საკითხი პრაქტიკული მნიშვნელობისაა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. რაც შეეხება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგებს, იგი ამავე კოდექსის 267-ე მუხლითაა გათვალისწინებული და უკავშირდება, არა მისი შემდგომი გასაჩივრების და/ან გაუქმების, არამედ _ იძულებით აღსრულების შესაძლებლობას, ამასთანავე, უდავოა, რომ პირველი მოპასუხის მიმართ საქმის წარმოება არ არის განახლებული (სსსკ-ის 265-ე მუხლი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქალაქო სასამართლ;ოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინაპირობა.

1.3.5. რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, საკასაციო სასამართლო სრულად უარყოფს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მშენებლობის მარეგულირებელი საჯარო ხასიათის დოკუმენტების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო სარჩელი ექვემდებარებოდა უარყოფას. მართალია, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა იმ ფაქტზე, რომ ამხანაგობის წევრები მოთხოვნას კონკრეტულ მშენებლობის ნებართვას უკავშირებდნენ, თუმცა, აღნიშნულმა არ შეიძლება სარჩელის წარმატებულობაზე იქონიოს გავლენა. სამოქალაქო დავის განხილვისას მოსამართლის მთავარ ვალდებულებას წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რისი მიღწევა სურს მოსარჩელეს, რაც მისაღები გადაწყვეტილების მთავარი საკითხია, რადგანაც მხარის მოთხოვნა და სარჩელში გადმოცემული ფაქტები განაპირობებენ მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ მოსარჩელეთა სურვილი მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოების დასრულებაა, გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გამაგრებითი სამუშაოების წარმოების ნებართვა და შესაბამისი თანხმობა იქნა გაცემული, თავისთავად პრეზუმირებულს ხდის უძრავი ქონების დაზიანებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების აუცილებლობის ფაქტს, რომელის გაქარწყლებაც იმ მხარეს ევალება, რომლის წინააღმდეგაცაა ეს ვარაუდი მიმართული, შესაბამისად, სამუშაოების წარმოების უფლების მიმნიჭებელი აქტების მოქმედების ვადის გასვლა ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სარჩელის განხილვისას მხოლოდ ფორმალური საკითხია და იმ პირობებშიც კი, თუ სამართალწარმოების დასრულებამდე ამოიწურება ამ აქტების მოქმედების ვადა, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევად არ მიიჩნევა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება გაზიარებას.

1.3.6. მიუხედავად ზემოხსენებულისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა. პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივრით არ იყო შედავებული აპელანტის მხრიდან გამაგრებითი სამუშაოების წარმოების ხელშეშლის ფაქტი. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა _ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, არ შეიძლება ვიწროდ იქნას გაგებული, არამედ, სააპელაციო პრეტენზიათა გათვალისწინებით ზემდგომი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას არკვევს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლიანობას, რაც თავის მხრივ სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობის შემოწმებასაც გულისხმობს. როგორც ზემოთ ითქვა, სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობა დამოკიდებულია იმაზე, მოსარჩელე მიუთითებს თუ არა მოთხოვნის განმაპირობებელ ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე (დამფუძნებელი ნორმით განსაზღვრულ აბსტრაქტულ ელემენტებზე), თუკი სარჩელი ფორმალურად გაუმართავია, იგი თავშივე უსაფუძვლოა და საქმის განხილვის შემდგომი საფეხურების გავლა გაუმართლებელია.

1.3.7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მეორე მოპასუხის მხრიდან რაში გამოიხატა ხელშელის ფაქტი სარჩელში არ არის მითითებული. ამ ფაქტს იზიარებს საკასაცო სასამართლოც და ვინაიდან მოსარჩელე ვერ მიუთითებს მეორე მოპასუხის მხრიდან იმგვარი მოქმედების განხორციელებაზე, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას უშლის ხელს, მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ პირის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ამ ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანად მიჩნევას, პალატა განმარტავს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიულად დაუსაბთებელია და ექვემდებარება გაუქმებას.

1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციოს საჩივარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ვინაიდან სახეზე არ არის საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელს არ აკმაყოფილებს, რაც შეეხება პირველ მოპასუხეს, ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკითხის განმეორებით გადაწყვეტა არ შეესაბამება საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს კასატორებმა, წარმოადგინეს მშენებლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების მასალები და მოითხოვეს მათი საქმისათვის დართვა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ხსენებულ შუამდგომლობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, მსგავსი შუამდგომლობის გაზიარება დაუშვებელია, ამასთანავე, როგორც წინამდებარე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, სარჩელის წარმატებულობისათვის მნიშვნელობა არ აქვს მშენებლობის ნებართვისა და სხვა ადმისნისტრაციულ სამართლებრივი აქტების ვადის გაგრძელების საკითხს, რაც ასევე გამორიცხავს მის გაზიარებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილით და წარმოდგენილ მტკიცებულებებს უბრუნებს მხარეებს.

3. პროცესის ხარჯები:

3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

3.2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეებს საქმის განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვთ 320 ლარი, ხოლო, მეორე მოპასუხეს _ 150 ლარი. წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეებს მეორე მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მის მიერ გადახდილი თანხის სრულად ანაზღაურება, ხოლო პირველ მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ _ 320 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 104-ე, 407-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.ქ–ის“, მისი თავმჯდომარის _ ე.მ–ძისა და წევრების: მ.ნ–ძის, თ.გ–ის, ნ.ლ–ის, ზ.წ–ძის, გ.ჩ–ძის, შ.შ–ის, თ.ჩ–ძის, დ.ც–ას, ბ.კ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

2.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.ქ–ის“, მისი თავმჯდომარის _ ე.მ–ძისა და წევრების: მ.ნ–ძის, თ.გ–ის, ნ.ლ–ის, ზ.წ–ძის, გ.ჩ–ძის, შ.შ–ის, თ.ჩ–ძის, დ.ც–ას, ბ.კ–ძის სარჩელი შპს „ლ–ას“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

2.2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.ქ–ის“ თავმჯდომარე ე.მ–ძესა (პ/#........) და წევრებს: მ.ნ–ძეს (პ/# .......), თ.გ–ს (პ/# ......), ნ.ლ–ს (პ/# ........), ზ.წ–ძეს (პ/# .......), გ.ჩ–ძეს (პ/# ........), შ.შ–ს (პ/# ........), თ.ჩ–ძეს (პ/# .......), დ.ც–ას (პ/# ......), ბ.კ–ძეს (პ/# .......) შპს „ლ–ას“ (ს/კ # .......) სასარგებლოდ დაეკისროთ 150 ლარის გადახდა.

2.3. ნ.ლ–ძეს (პ/# ......) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.ქ–ის“ თავმჯდომარე ე.მ–ძისა (პ/# .....) და წევრების: მ.ნ–ძის (პ/# ......), თ.გ–ის (პ/# ........), ნ.ლ–ის (პ/# .......), ზ.წ–ძის (პ/# .......), გ.ჩ–ძის (პ/# ......), შ.შ–ის (პ/# .......), თ.ჩ–ძის (პ/# .........), დ.ც–ას (პ/# .......), ბ.კ–ძის (პ/# .......) სასარგებლოდ დაეკისროს 320 ლარის გადახდა.

3. კასატორთა შუამდგომლობა მტკიცებულებების საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, კასატორებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 3 (სამი) ფურცლად, ასევე, 26.09.2019წ. #ა-4349-19 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 7 (შვიდი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი