საქმე №ას-990-2019 14 თებერვალი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ს.ნ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან სააგენტო) მიმართ და მოითხოვა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 20.12.2008წ დასკვნის შესაბამისად, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით აუცილებელი გზის უფლების დადგენა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს ქ.ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #......). მისი მეზობელი უძრავი ქონების (ს/კ # ....... „) მესაკუთრეა მოპასუხე. ........ ქუჩამდე ასევე დაურეგისტრირებელია მიწის ნაკვეთი. მოსარჩელეს არ აქვს თავის ნაკვეთთან მისასვლელი გზა. ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება ნაკვეთში მოხვედრა, მოპასუხის მიწის ნაკვეთის გავლით მოწყობილი გზაა. მოპასუხე უფლებას არ აძლევს სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით მოაწყოს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი აუცილებელი გზა. ტერიტორია, რომლის გამოყენებითაც გზის მოწყობას მოითხოვს მოსარჩელე, ამჟამადაც გზის დანიშნულებით გამოიყენება, რომლითაც მოსარჩელე უკავშირდება ........ ქუჩას, მაგრამ ამ მონაკვეთს არ აქვს გზის სტატუსი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სარჩელზე დართული მტკიცებულებებით არ დასტურდება აუცილებელი გზის სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით მოწყობის აუცილებლობა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ქ.ბათუმში ........ ქ#25-ში მდებარე, კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობისათვის, ქ.ბათუმში, ........ დასახლებაში (ს/კ #.....) მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებით დაუდგინდა აუცილებელი გზა, რომელიც უნდა მოეწყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 დეკემბრის #008738018 ექსპერტიზის დასკვნისა და მისი #2 დანართის შესაბამისად.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ქ.ბათუმში, ........ ქ#25-ში მდებარე #05.32.02.116 უძრავი ქონება ეკუთვნის მოსარჩელეს, რომელიც მოქცეულია სხვის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე ნაკვეთს შორის და საჯარო გზასთან უშუალო კავშირი არ გააჩნია;
1.2.2. ამგვარი კავშირის უზრუნველყოფა შესაძლებელია სახელმწიფოს კუთვნილი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთისა და #..... მიწის ნაკვეთის გავლით;
1.2.3. საქმეში არსებული სიტუაციური გეგმის მიხედვით, საჯარო გზას მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი შეიძლება დაუკავშირდეს: ერთობლივად, #...... და #........ ნაკვეთების გავლით; ან - #...... ნაკვეთის გავლით; ან - სახელმწიფოს კუთვნილი ნაკვეთების გავლით;
1.2.4. მოსარჩელეს საჯარო კომუნიკაციებთან დამაკავშირებელი გზა მიწის ნაკვეთის არასწორი გამიჯვნის შედეგად არ მოუსპია. მან ნაკვეთი 2017 წლის 3 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა და მას იგი არ გაუმიჯნავს. გარდა ამისა, საქმის მასალების თანახმად, #..... ნაკვეთი ადრინდელმა მესაკუთრემ 2016 წლის 5 დეკემბერს გამიჯნა და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა კიდეც. გამიჯვნის შედეგად #...... ნაკვეთის მისამართად ........ ქუჩა განისაზღვრა. ამდენად, აშკარაა, რომ ამ ნაკვეთს მისასვლელი სწორედ ამ ქუჩიდან ჰქონდა, შესაბამისად, მესაკუთრეს არსებული დაკავშირება თვითნებური მოქმედებით არ გაუუქმებია, პირიქით, ყველა ეს მოქმედება სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან აღიარებულ და დადასტურებულ იქნა, რასაც ადასტურებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 იანვრის წერილიც.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნა განხორციელებადია, თუ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზებსა და კომუნიკაციებთან და ამ ნივთის ფუნქციური გამოყენება გამართლებულია მხოლოდ მეზობელი მესაკუთრის აუცილებელი გზის უფლებით დატვირთვის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის წინაპირობები დადგენილია, ამასთანავე, მართალია, საქმის მასალებით ირკვევა აუცილებელი გზის რამდენიმე ვარიანტის დადგენის შესაძლებლობა, თუმცა, გასაზიარებელია ქვემდგომი სასამართლოების დასკვნა, რომლის თანახმადაც მოსარჩელის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ერთი და არა რამდენიმე ნაკვეთის დატვირთვაა პრიორიტეტული. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ არ არსებობს მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა. რაც შეეხება კასატორის საკუთრების ხელყოფის გამო კომპენსაციის საკითხს, ვინაიდან იგი არ არის მოთხოვნილი, სასამართლო ვერ დაარღვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნას და ვერ გასცდება მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მოპასუხემ დაკარგა უფლება კომპენსაციაზე.
საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც აუცილებელი გზის უფლების დადგენის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი