საქმე №ას-1537-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი _ ხ.ხ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ.ბ.ჯ–ა“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ვ.ბ.ჯ–ამ“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხე ხ.ხ–ძის საკუთრებაში არსებულ ქ.რუსთავში, ....... (ს/კ # .......) ყადაღის დადება. განმცხადებელმა წარადგინა შპს „ს.ს.პ–ის“ 2019 წლის 30 აგვისტოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც მოპასუხე ხ.ხ–ძის მიმართ, დავალიანების დაკისრების თაობაზე სს „ვ.ბ.ჯ–ის“ სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხ.ხ–ძეს აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ #......) წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3. სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ხ.ხ–ძემ, რომელსაც 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა საპროცესო ვადა მის გამოსასწორებლად. ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, სააპელაციო პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადმოეგზავნა ზემდგომ _ საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ხ.ხ–ძის განცხადება/საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის დასაშვებობის საკითხი. ამ თვალსაზრისით კი, პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:
2.1. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში განცხადება წარადგინა ხ.ხ–ძემ. განცხადება ძირითადად მოტივირებულია ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის ობიექტური მიზეზებით, მასვე ერთვის 2019 წლის 21 მარტის მდგომარეობით გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (რომლითაც სუბსიდიის გაცემის ფაქტი არ დგინდება), სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის კორესპონდენციათა გაგზავნის დასტურები, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სანოტარო აქტისა და ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების ასლები;
2.2. 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო პალატამ განცხადებას დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 დღის ვადაში დაეზუსტებინა: განცხადება იყო თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი; განახლებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს საპროცესო მოქმედებათა განუხორციელებლობის ნეგატიური შედეგები;
2.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა ხ.ხ–ძეს მის მიერ მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის შესაბამისად, 2019 წლის 19 სექტემბერს ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, დას _ ე. ხ–ძეს;
2.4. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინების შემაჯამებელ დასკვნას საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194.2 მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრისათვის დადგენილ მოთხოვნათა ჩამონათვალს, კერძოდ, საჩივარი უნდა შეიცავდეს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინების ზუსტ დასახელებას; მითითებას, თუ რა ზომით უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ; გარემოებებს, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე კი, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამდენად, საჩივრის დასაშვებობის საკითხს სააპელაციო პალატა ამოწმებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 373-ე მუხლების შესაბამისად. ხსენებული ნორმები მოიაზრებს სააპელაციო პალატის მხრიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხის განსაზღვრასა (სსსკ-ის 39.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი) და საპროცესო მოთხოვნებთან საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში მასზე ხარვეზის დადგენის შესაძლებლობას.
4. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საჩივარი არ შეესაბამებოდა ზემოხსენებულ საპროცესო სტანდარტს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სავსებით კანონიერად დაუდგინა საჩივარს ხარვეზი და მის ავტორს განუმარტა, როგორც მისი გამოსწორების წესი და ვადა, ისე _ გამოუსწორებლობის შედეგები. უდავოა ისიც, რომ განჩინება ადრესატს ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით 2019 წლის 19 სექტემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 20 სექტემბერს და ამავე კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 30 სექტემბერს, ორშაბათს, სასამართლოს კი, არ მოეპოვებოდა ცნობა ხარვეზის გამოსწორების თაობაზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის შესაბამისად, საჩივრის/განცხადების დაუშვებლად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა. პალატა ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადმოგზავნილ დოკუმენტებს, რომლებიც სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბერს ჩაბარდა, თუმცა, ხსენებული ასევე არ წარმოადგენს ხარვეზის გამოსწორებას, რადგანაც მასში მოიპოვება იმ განცხადების ასლი, რომელზეც დადგინდა ხარვეზი და წარმოდგენილია იგივე მტკიცებულებები, რომლებიც, საპროცესო ვადის დარღვევის გარდა არ შეესაბამება ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მოთხოვნებს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ თბილისის სააპელაციო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 სექტემბრისა და 8 ოქტომბრის განჩინებები კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ.ხ–ძის საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 სექტემბრისა და 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი