Facebook Twitter

საქმე №ას-1138-2019 30 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე.ლ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ე.ლ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან სააგენტო) მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით ქ.თბილისში, ...... მდებარე დ.კ–ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და მოსარჩელისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ.თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სადგომი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების თანახმად, ირიცხება დ.კ–ის სახელზე. უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში. უძრავ ქონებაზე მფლობელობის უფლება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით მიიღო მოსარჩელემ, კერძოდ, მან საცხოვრებელი სადგომი დ.კ–ისგან შეიძინა 1957 წელს. აღნიშნული დროიდან დღემდე მოსარჩელე ცხოვრობს მითითებულ მისამართზე და არის მოსარგებლე. მოსარჩელე საცხოვრებელ სადგომს თავდაპირველად ფლობდა მეუღლესთან და შვილთან ერთად. 1983 წელს გარდაეცვალა მეუღლე და დღეისათვის სადგომს ფლობს შვილიშვილთან - ბ.ე–თან და მის მეუღლესთან - ე.მ–თან ერთად. შპს „ყ.თ–ის“ ბილინგის მონაცემთა ბაზაში აბონენტად რეგისტრირებულია ე.მ–ი. დ.კ–ი გარდაიცვალა 1958 წლის 15 ივნისს. მას არც კანონით და ანდერძით მემკვიდრეები არ დარჩენია. ანდერძების ერთიან რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი დ.ი. ძე კ–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. არც ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1958 წლის 15 ივნისს გარდაცვლილი დ.კ–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და მისი უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საქმის მასალებით ქონების უმკვიდროდ ცნობის წინაპირობები არ დგინდება, ამასთანავე, მოსარჩელე არ წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს, რადგანაც მას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდება, რომ იგი რეგისტრირებულია სადგომში და/ან იხდის კომუნალურ გადასახადებს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფლება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. სადავო უძრავი ქონება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე წარმოადგენს დ.კ–ის (კ–ვი) საკუთრებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად კი, ქ.თბილისში, ...... მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის;

1.2.2. დ.კ–ი გარდაიცვალა 1958 წლის 15 ივნისს;

1.2.3. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, 1958 წლის 15 ივნისს გარდაცვლილი დ.კ–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. ამავე პალატის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი დ.კ–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე;

1.2.4. შპს „ყ.თ–ის“ მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ე.მ–ი (რომელიც არის მოსარჩელის შვილიშვილის მეუღლე) აბონენტად რეგისტრირებულია 2016 წლის 12 ოქტომბრიდან, რაც შეეხება სხვა სახის კომუნალური გადახდის დოკუმენტებს, აბონენტად მითითებულია კ–ვა მ.ს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს, რომელთა თანახმადაც ის წარმოადგენს ქონების მოსარგებლეს მესაკუთრესთან 1957 წელს დადებული დათმობის გარიგების საფუძველზე, რასაც ადასტურებენ მოწმეები, ასევე, კასატორის შვილიშვილის მეუღლის რეგისტრაცია აბონენტად და განმარტავს, რომ განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. განსახილველი ნორმის თანახმად, მოთხოვნა განხორციელებადია არა მხოლოდ მასში გადმოცემული წინაპირობების დადასტურებისას, არამედ, მოსარჩელე ამავდროულად უნდა იყოს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე, რომელიც, ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერც ერთი ზემოხსენებული წინაპირობა ვერ დაადასტურა, მისი ინიციატივით დაკითხული მოწმეები არ ყოფილან გარიგების მონაწილეები, ისინი, მოსარჩელის მეზობლად საცხოვრებლად მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ გადავიდნენ და დაადასტურეს, რომ 1990-იანი წლების შემდგომ მოსარჩელე აღარ უნახავთ ხსენებულ მისამართზე, რაც შეეხება რეგისტრაციას, უდავოა, რომ მოსარჩელე არ არის რეგისტრირებული სადავო მისამართზე, ხოლო სადგომზე უფლების მოპოვების მტკიცებისათვის ვერ გამოდგება 2016 წლის 12 ოქტომბრიდან მოსარჩელის რძლის რეგისტრაცია შპს „ყ.თ–ის“ აბონენტად, რადგანაც სპეციალური კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ლ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი