საქმე №ას-1539-2019 6 თებერვალი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჩ....ს.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ე–ი“ (მოსარჩელე, ყოფილი შპს „ყ.თ–ი“)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ყ.თ–მა“ (ამჟამად შპს „თ.ე–ი“, იხ. სამეწარმეო რეესტრის მონაცემები: სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ № B19082424/3 გადაწყვეტილება ( 30/07/2019 18:49:52) , შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ..... ს–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის 231 071,29 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ბუნებრივი გაზის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს აწვდის ბუნებრივ აირს, ხოლო აბონენტს, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ეკისრება დადგენილ ვადებში შეთანხმებული საფასურის გადახდის ვალდებულება. ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიის ბილინგის მონაცემთა ბაზაში მოვალეს მინიჭებული აქვს სააბონენტო ნომერი _ 435222, სადაც დეტალურად არის აღრიცხული მიწოდებული და მოხმარებული გაზის მოცულობისა და ღირებულების ყოველთვიური მონაცემები, აგრეთვე გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობა. ბუნებრივი აირის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, აბონენტის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანების გადახდის განაწილვადების მიზნით, არაერთხელ დაიდო დავალიანების განაწილვადებით გადახდის შესახებ ხელშეკრულება, რომელთა თანახმადაც მხარემ თითოეულ შემთხვევაში სრულად აღიარა კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულებები და შეთანხმებული განრიგის მიხედვით, დათანხმდა დავალიანების გადახდას. თუმცა, აბონენტის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, გაუქმდა ხსენებული შეთანხმებები. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კი, აბონენტმა დავალიანების გადახდის გზითაც, დამატებით არაერთხელ აღიარა კომპანიის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების არსებობის ფაქტი და ოდენობა. 2017 წლის 16 ივნისს მოპასუხემ კომპანიას მიმართა დავალიანების განაწილვადების შესახებ წერილობითი თხოვნით, რასთან დაკავშირებითაც 2017 წლის 10 ივლისს მხარეებს შორის დაიდო დავალიანების განაწილვადებით გადახდის შესახებ საბოლოო შეთანხმება, თუმცა, მხარემ კვლავ არ შეასრულა შეთანხმებით განსაზღვრული პირობები. 2017 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ბუნებრივი აირის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და აბონენტის ბარათის მონაცემებზე დაყრდნობით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 231 071.29 ლარს
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ 211 413.16 ლარის ნაწილში ცნო, ხოლო, 19 658.13 ლარის ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოპასუხის განმარტებით, ეს თანხა ყოველთვის სადავო იყო მხარეთა შორის და მოსარჩელეს აღნიშნულთან დაკავშირებით არასდროს არ განუმარტავს თუ საიდან გამომდინარეობს მისი მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 215 956,16 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს სახით 15 115,13 ლარის დაკისრების მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ _ 4 543 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოპასუხე რეგისტრირებულია მოსარჩელე კომპანიის აბონენტად სააბონენტო ნომრით #435222. მოსარჩელე მოპასუხეს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აწვდის ბუნებრივ აირს;
1.2.2. საქმეში წარმოდგენილია აბონენტის ბარათი, რომელშიც ასახულია #435222 აბონენტის ბრუნვის ისტორია, აღრიცხულია მიწოდებული და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა, ასევე, გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობა. აბონენტის ბარათის შესაბამისად, 31.08.2017წ. მდგომარეობით, აბონენტის მიერ გადასახდელი გაზის მოხმარების საფასური შეადგენს 226 196.48 ლარს;
1.2.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო მოპასუხის მიერ 211 413.16 ლარის ნაწილში სარჩელის ცნობა. გარდა აღნიშნული თანხისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დამატებით დაეკისრა 4 543 ლარის გადახდა, რამაც ჯამში შეადგინა 215 956.16 ლარი. მოპასუხის განმარტებით, 4 543 ლარი ჯერ კიდევ სასამართლო დავის დაწყებამდე იყო სადავო მხარეთა შორის და არ არსებობდა მისი დაკისრების საფუძველი, შესაბამისად, სასამართლოს სადავო თანხა არ უნდა მიეჩნია მოვალის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულებად. 21.05.2019წ. სასამართლო სხდომაზე მოვალე კომპანიის დირექტორმა განმარტა, რომ 2015 წლიდან მოყოლებული მოპასუხე არ ეთანხმებოდა ჯამში 19 657.97 ლარს და ყოველ შედარების აქტში აკეთებდა ჩანაწერს აღნიშნულ თანხის სადავოობის თაობაზე. სადავო თანხა მოსარჩელემ სასამართლო დავის განმავლობაში დაარიცხა ძირ თანხას საურავის სახით (21.05.2019წ. სხდომის ოქმი, 15:18:24- 15:19:48). ის გარემოება, რომ 19 657.97 ლარი მხარეთა შორის ჯერ კიდევ 2015 წლიდან იყო სადავო, დასტურდება საქმეში წარმოდგენილ შეთანხმებებში არსებული სპეციალური ჩანაწერით (04.06.2015წ. შეთანხმების მე-4 და 10.07.2017წ. შეთანხმების მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ სხვაობა აბონენტის მიერ აღიარებულ დავალიანების ოდენობასთან შედარებით შეადგენს 19 657.97 ლარს და კომპანია (მოსარჩელე) იტოვებს უფლებას, მითითებულ თანხასთან დაკავშირებით (19 657.97 ლარი) მიმართოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს). სადავო 4 543 ლარი წარმოშობილია 2015 წლის აპრილის მდგომარეობით გადახდილი დავალიანების დარჩენილი ნაწილიდან. მოვალემ სააპელაციო პრეტენზია წარადგინა იმ თვალსაზრისით, რომ სადავო თანხა არ წარმოადგენდა გაზის საფასურს და მოსარჩელის მიერ დარიცხული იყო საურავის სახით, რომელიც იმთავითვე იყო მოპასუხის პრეტენზიის საგანი. 29.05.2015წ. შედარების აქტის თანახმად:
- 31.08.2012წ. მდგომარეობით საწყისი ნაშთი შეადგენდა 48 173.84 ლარს;
- 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარიცხული ძირი - 2 513 084.89 ლარს.
- 2015 წლის 30 აპრილამდე პერიოდში მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა შეადგენს 2 508 541,89 ლარს (2 177 719,81 ლარს დამატებული 330 822.08 ლარი);
- 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარიცხული საურავი - 16 937.13 ლარს;
- 01.05.2015წ.-27.05.2015წ. დარიცხული საურავი - 116.37 ლარს, რომელიც ამავე პერიოდში იქნა გადახდილი;
- სულ საბოლოო ნაშთი 69 653.97 ლარი.
ამავე აქტში აღნიშნულია, რომ მოპასუხე კომპანია ზემოხსენებული დავალიანებიდან ეთანხმება სასამართლოს მიერ დაკისრებულ 48 174 ლარს და 2014 წლის 10 მარტიდან დარიცხულ საურავებს 1 822 ლარს, ჯამში 49 996 ლარს. აქტის თანახმად, მოპასუხე არ ეთანხმება შედარების აქტში წარმოდგენილ დარჩენილ დავალიანებას საურავების ნაწილში მისი უსაფუძვლობის გამო;
1.2.4. 29.05.2015წ. შედარების აქტით დგინდება, რომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარიცხული ძირი თანხა შეადგენს 2 513 084.89 ლარს, ხოლო, 2015 წლის 30 აპრილამდე მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა - 2 508 541,89 ლარს (2 177 719,81 ლარს დამატებული 330 822.08 ლარი), შესაბამისად, დგინდება, რომ ძირი თანხის სახით დარიცხულ თანხასა და აბონენტის მიერ გადახდილ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 4 543 ლარს (2 513 084.89 – 2 508 541,89 =4 543). ამდენად, სადავო თანხა წარმოადგენს ძირი თანხიდან ნარჩენ დავალიანებას. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოვალეს არ წარუდგენია
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი წარმოადგენს და მოთხოვნა განხორციელებადია, თუ გამყიდველი დაამტკიცებს, რომ მყიდველს მიაწოდა ნასყიდობის საგანი, რაც შეეხება საზღაურის გადახდის ფაქტს, იგი მოვალის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. მოცემულ შემთხვევაში, მოვალე სადავოდ ხდის 4 543 ლარის ბუნებრივი აირის მიწოდების ფაქტს, თუმცა, ამ კუთხით მოსარჩელემ წარადგინა განკუთვნადი მტკიცებულებები: შედარების აქტით დასტურდება მიწოდებული ნასყიდობის საგნის ღირებულება, ხოლო, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მიწოდებული ბუნებრივი აირის ოდენობის გაქვითვა იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ სადავო 4 543 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირი წარმოადგენს მიწოდებულ ნასყიდობის საგანს, რომლის ღირებულებაც მოვალეს არ აქვს გადახდილი. ამ ფაქტის წინააღმდეგ დასაბუთებული შედავება არ არის წარმოდგენილი საკასაციო საჩივარში, ხოლო, სააპელაციო პალატის დასკვნა შეესაბამება საქმის მასალების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისთ დადგენილი წესით კვლევის სტანდარტს. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მოვალე ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ბუნებრივი აირის ნასყიდობის საფასურის დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
საკასაციო საჩივარს მოვალემ დაურთო დავალიანების განაწილების შესახებ 10.07.2017წ. ხელშეკრულებისა და 29.05.2015წ. შედარების აქტის ასლები. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენს, ამ ინსტანციაში მტკიცებულებათა წარმოდგენა ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას. შემოწმების ფაქტობრივი საფუძვლები, საკასაციო წარმოებისას შემოიფარგლება ქვემდგომ სასამართლოებში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სისწორითა და გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში გადმოცემული მოსაზრებებით. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ კასატორს უარი უნდა ეთქვას დოკუმენტების მიღებაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაუბრუნდეს ისინი.
3. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ს.ძ–ას მიერ კასატორის სახელით 23.07.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჩ....ს.ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები: შეთანხმება დავალიანების განაწილვადებით გადახდის თაობაზე და შედარების აქტი (ტ. III, ს.ფ. 59-61) 3 (სამი) ფურცლად.
3. შპს „ჩ....ს.ს“ (ს/კ #......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ს.ძ–ას მიერ კასატორის სახელით 23.07.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი