საქმე № ას-223-2020 16 ივნისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ.ფ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ფ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.02.2020წ. განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.07.2014წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.ფ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „განმცხადებელი“) და ლ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული როგორც „მოპასუხეები“) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სამკვიდროდან ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების წილის გამოთხოვის, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის გაუქმების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა 18.11.1992წ. დამოწმებული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 28.03.2014წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა, სამკვიდროდან ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების წილის გამოთხოვის, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის გაუქმების, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 07.05.2014წ. დამატებითი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი, 18.11.1992წ. დამოწმებული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.07.2014წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 28.03.2014წ. გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის სახელზე ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ...... უძრავი ქონების რეგისტრაცია ს/კ-ით ......; გაუქმდა მოპასუხეებს შორის 30.04.2012წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.10.2015წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
6. 15.07.2019წ. პირველმა მოპასუხემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 05.02.2020წ. განჩინებით:
- განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.07.2014წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, არ დაკმაყოფილდა.
- ამავე განჩინებით განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.07.2014წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველად.
განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.03.2020წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა მიეთითებინა, რა ნაწილში ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 05.02.2020წ. განჩინებას.
9. 19.03.2020წ. კერძო საჩივრის ავტორმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა 05.02.2020წ. განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.07.2014წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.03.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.07.2014წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
13. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
15. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ. 15.11.2019წ., საქმეზე Nას-1455-2019).
16. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტზე (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია) მითითებით ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.07.2014წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. განმცხადებლის განმარტებით, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია.
17. სსსკ-ის 423-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს მის მიერ მითითებული დოკუმენტების სიყალბის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს ასეთი განაჩენი არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დაუშვებელია (შდრ. სუსგ. N ას- 160-2019, 29.03.2019წ. Nას-609-576-2015 , 28.12.2015წ. ).
18. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (იხ.: სუსგ 15.11.2019წ., საქმზე Nას-1455-2019).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ფ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.02.2020წ. განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი