Facebook Twitter

საქმე №ას-109-2020 10 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ს–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის დადგენა, სარგებლის სახით გადახდილი თანხის ჩათვლა ძირი თანხის ანგარიშში, კრედიტორის წინაშე გადასახდელი დავალიანების მოცულობის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს შემცირება, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2015 წლის 4 ივნისს ბ.ს–ასა (შემდგომში „გამსესხებელი“ ან „კრედიტორი“) და ე.მ–ს (შემდგომში „მსესხებელი“, „მოვალე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა გამსესხებლისაგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, ექვსი თვის ვადით, 2015 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე სამი პროცენტის დარიცხვით.

2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (შემდგომში „ხელშეკრულება“) მე-10 მუხლის მიხედვით, მესაკუთრის ან/და მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო კანონით დადგენილი წესით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით მიემართა ნოტარიუსისათვის. კრედიტორის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების წარდგენის საფუძველზე, ნოტარიუსი უფლებამოსილი იყო სააღსრულებო ფურცელი გაეცა ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.

3. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დადგინდა პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.12% სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ქ. თბილისში, ....... მდებარე მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება (301 კვ.მ დაზუსტებული ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 საერთო ფართით 24.06 კვ.მ შენობა, N2 საერთო ფართით 41.87 კვ.მ.მ/მათ შორის 7.03 კვ.მ სარდაფი ს/კ. N…….) იპოთეკით დაიტვირთა. იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

5. 2018 წლის 14 თებერვალს ნოტარიუსმა ე.შ–მა კრედიტორის განცხადების საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სააღსრულებო ვალდებულების სახედ და მოცულობად განისაზღვრა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

6. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0.12 პროცენტი 2016 წლის 4 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსრულების ხარჯი - 126.72 ლარი.

7. კრედიტორმა სააღსრულებო ფურცელი წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და მოვალისათვის 14 500 აშშ დოლარისა და 126.72 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

8. მოსარჩელის მოთხოვნა

8.1. მოვალემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კრედიტორის მიმართ და მოითხოვა: 1) ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება; 2) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადად 2015 წლის 4 დეკემბრის განსაზღვრა; 3) მოვალის მიერ კრედიტორისთვის სარგებლის სახით გადახდილი 2 700 აშშ დოლარის სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში ჩათვლა; 4) მოვალის მიერ კრედიტორისთვის გადასახდელი სესხის ძირითად თანხად 7 300 აშშ დოლარის განსაზღვრა და კრედიტორის წინაშე სარგებელის სახით 300 აშშ დოლარის ვალდებულების არსებობის ფაქტის დადგენა; 5) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (0.12%-ის) შემცირება 0.001%-მდე და გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხად 86.6 აშშ დოლარის განსაზღვრა.

9. მოპასუხის პოზიცია

9.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მსესხებელი 2016 წლის იანვარ-სექტემბერში ნებაყოფლობით იხდიდა სარგებლის თანხას, შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა. ამასთან, აღსრულების ეტაპზე მოპასუხემ შეამცირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 4500 აშშ დოლარამდე.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

11.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 1000 აშშ დოლარით; ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მოვალის მიერ კრედიტორისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა1000 აშშ დოლარით; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

12.3. სასამართლომ ყურადღება მიაქცია ხელშეკრულების მე-4 მუხლს (სესხი უნდა დაბრუნდეს ექვსი თვის ვადაში 2015 წლის 4 დეკემბერს. მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების ვადაზე ადრე დაბრუნება. მხარეები, ასევე უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნების ვადა. მხარეთა შეთანხმებით ყოველთვიური სარგებლის კეთილსინდისიერი გადახდის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება ვალდებულების შესრულებამდე. სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და ძირითადი თანხის, დარიცხული სარგებლისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ასევე ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის ვადაზე ადრე გაცემა მოსთხოვოს) და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო ამ მუხლში გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი.

12.4. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექის 52-ე, 328-ე, 338-ე, 624-ე მუხლებით და დაადგინა, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული სადავო ჩანაწერი (ისევე, როგორც ხელშეკრულების სხვა მუხლები) არ შეიცავდა პირობას ხელშეკრულების წერილობითი ფორმით გაგრძელების სავალდებულოობაზე. ფორმის დაცვის ვალდებულება იპოთეკის ხელშეკრულებას მიემართება და მის ძალაში შესვლაზე ახდენს გავლენას. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავოა არა იპოთეკის გარიგებაში ცვლილების შეტანის ან/და გაგრძელების არამედ, სესხის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი, რომელიც რთული ფორმით დადების ვალდებულებას მხარეებს არ წარმოუშობს, მით უფრო კი, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მხარეთა მიერ ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელების პირობები წინასწარ დეტალურად იქნა განჭვრეტილი და ხელშეკრულებით გაწერილი.

12.5. აღნიშნული დათქმის სწორად განმარტებისათვის სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია იმ საკითხის დადგენა, მსესხებელმა სარგებელი კეთილსინდისიერად გადაიხადა თუ არა 2015 წლის 4 ივნისიდან 2015 წლის 4 დეკემბრამდე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა ზემოაღნიშნულ პერიოდში სარგებლის, 300 აშშ დოლარის ექვსჯერ გადახდის ფაქტი - მსესხებელმა 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის დეკემბრამდე გადაიხადა 1800 აშშ დოლარი. ამასთან, მან ერთი თვის სარგებელი 300 აშშ დოლარი ხელშეკრულების დადებისთანავე, ხოლო დანარჩენი - ეტაპობრივად გადაიხადა (2015 წლის 11 ივლისს - 300 აშშ დოლარი, 2015 წლის 15 სექტემბერს - 300 აშშ დოლარი, 2015 წლის 9 ნოემბერს - 600 აშშ დოლარი, 2015 წლის 18 დეკემბერს - 300 აშშ დოლარი).

12.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის შედავება მის მიერ აგვისტოს თვის სარგებლის გადაუხდელობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის მიერ გადახდილი 300 აშშ დოლარის აგვისტოს თვის საპროცენტო სარგებელში ჩათვლის ფაქტი.

12.7. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ვინაიდან ხელშეკრულების დადების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში მოვალე კეთილსინდისიერად იხდიდა სარგებელს, აღნიშნული, თავის მხრივ, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, კონკლუდენტურ მოქმედებას წარმოადგენდა, რომელსაც მხარეებმა ვალდებულების სრულად შესრულებამდე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება დაუკავშირეს.

12.8. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოვალის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მის მიერ გადახდილი 2700 აშშ დოლარი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის ნაწილს წარმოადგენდა და დაასკვნა, რომ სადავო თანხა ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი იყო.

12.9. ამასთან, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ვინაიდან ხელშეკრულებით ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 3%-ით არის განსაზღვრული, სარგებლის აღნიშნული ოდენობა არ ეწინააღმდეგებლოდა ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილ სტანდარტს.

12.10. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსესხებელი 2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით იხდიდა საპროცენტო სარგებელს, რითაც აღნიშნული ხელშეკრულების ვადა 2016 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით გაგრძელდა. ხოლო ვინაიდან სადავო სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელ მოცულობად სესხის ძირითადი თანხა და პირგასამტეხლოა მითითებული, რომლის ათვლაც 2016 წლის 4 ნოემბრიდან დაიწყო, არ არსებობდა სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

12.11. რაც შეეხება სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს თანხას, სააპელაციო სასამართლომ იგი არათანაზომიერად მაღალ ოდენობად მიიჩნია, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექის 418-420-ე მუხლებით, მხედველობაში მიიღო შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, მოვალის მიერ მრავალი თვის განმავლობაში სარგებლის სახით გადახდილი საკმაოდ სოლიდური თანხის ოდენობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 4500 აშშ დოლარიდან 1000 აშშ დოლარამდე უნდა შემცირებულიყო.

13. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.2. საკასაციო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოვალის მიერ სარგებლის თანხის ყოველთვიურად გადახდის გამო ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მიხედვით მსესხებელს სესხზე დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა 2015 წლის 4 ივნისიდან ყოველი მომდევნო თვის 4 რიცხვში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია - მოვალის მიერ არცერთი გადახდა არ ფიქსირდება ამ რიცხვში. ხოლო სააღსრულებო ფურცელში მითითებულია პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება 2016 წლის 4 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაშინ როდესაც მოვალეს 2016 წლის სექტემბრის შემდეგ თანხა საერთოდ არ გადაუხდია.

13.3. კასატორი სადავოდ ხდის ასევე 2015 წლის აგვისტოს თვის სარგებლის მის მიერ გადახდის ფაქტსაც და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მსესხებელი კეთილსინდისიერ გადამხდელად, რის გამოც არასწორად დაადგინა, რომ სარგებლის ყოველთვიურად გადახდის გამო ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლებოდა.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მსესხებელი კეთილსინდისიერ გადამხდელად, არასწორად დაადგინა მის მიერ სარგებლის ყოველთვიურად გადახდის ფაქტი, რის გამოც არასწორად დაასკვნა, რომ მხარეთა შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლებოდა.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

22. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მითითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

23. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

24. ამასთან, სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).

25. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სესხზე დარიცხული სარგებლის თანხის მის მიერ ყოველთვიურად გადახდის ფაქტს და აცხადებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული გარემოება.

26. მითითებული პრეტენზიის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს თავად მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებული იყო 6 თვის ვადით - 2015 წლის 4 ივნისიდან იმავე წლის 4 დეკემბრამდე, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში მსესხებელმა სარგებლის სახით ჯამში გამსესხებელს გადაუხადა 1 800 აშშ დოლარი. კერძოდ, ერთი თვის სარგებელი - 300 აშშ დოლარი გადაიხადა ხელშეკრულების დადებისთანავე, ხოლო დანარჩენი ხუთი თვის - ეტაპობრივად (2015 წლის 11 ივლისს - 300 აშშ დოლარი, 2015 წლის 15 სექტემბერს - 300 აშშ დოლარი, 2015 წლის 9 ნოემბერს - 600 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 18 დეკემბერს - 300 აშშ დოლარი) (იხ. ს.ფ 3-4). რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მის მიერ აგვისტოს თვის სარგებლის გადაუხდელობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხელშეკრულება დადებული იყო 6 თვით, ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა გადაიხადა ერთი თვის საპროცენტო სარგებელი (300 აშშ დოლარი), ხოლო შემდეგ თვეებში იგი ეტაპობრივად იხდიდა თანხებს (2015 წლის 4 დეკემბრამდე გადაიხადა 1500 აშშ დოლარი - 5 თვის საპროცენტო სარგებელი), ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ ხელშეკრულების დადებისას გადახდილი თანხა (300 აშშ დოლარი) აგვისტოს თვის სარგებლის ანგარიშში ითვლებოდა. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება კი კასატორს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია.

27. საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 4 ივნისის ხელშეკრულება სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ავტომატურად გაგრძელებულად.

28. მოცემული პრეტენზიის შემოწმების მიზნით სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 მუხლის იმ ჩანაწერს, რომლითაც განსაზღვრულია ხელშეკრულების გაგრძელების წესი და პირობები. კერძოდ, მასში მითითებულია, რომ მხარეები უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნების ვადა. მხარეთა შეთანხმებით ყოველთვიური სარგებლის კეთილსინდისიერი გადახდის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება ვალდებულების შესრულებამდე (იხ. ს.ფ 26).

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებებში გამოვლენილი მხარეთა ნების განმარტების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, სადაც სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან) დისპოზიცია განმარტებულია იმგვარად, რომ „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი). გარიგების სადავო დებულების განმარტება უნდა მოხდეს თავად გარიგების მთელი შინაარსის, იმ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რაც შესაძლოა, მხარეებს ევარაუდათ სადავო დებულების ფორმირებისას.

30. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას კი წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება (იხ. სუსგ №ას-635-602-2014 ,25 მაისი, 2015 წელი).

31. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე და იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ 2015 წლის 4 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეებმა ყოველთვიური სარგებლის გადახდის შემთხვევაში გარიგების ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობა გაითვალისწინეს, ამასთან, თავად კასატორიც არ ხდის სადავოდ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ (2015 წლის 4 დეკემბერი) იგი კვლავ უხდიდა გამსესხებელს თანხებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კი სრულად არ შეუსრულებია (არ გადაუხდია სესხის ძირითადი თანხა - 10 000 ლარი), საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება გაგრძელებულად და მართებულად უთხრა უარი მსესხებელს მის მიერ გადახდილი თანხების სესხის ძირითად თანხაში გადახდის ჩათვლის თაობაზე.

32. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 624-625-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 425.20 ლარის 70% – 297.64 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ე.მ–ს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს მ.ჩ–ის (პ/ნ: ......) მიერ 2020 წლის 26 თებერვალს №9118934828 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 425.20 ლარის 70% – 297.64 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე