Facebook Twitter

საქმე №ას-138-2020 3 ივნისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ლევან მიქაბერიძე,

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს.ნ. და გ.კ–ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ფ.ს–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – აუცილებელი გზის მოწყობის უფლების მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.ნ. და გ.კ–ა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია/კორპორაცია ან კასატორი) ბიზნეს გეგმის შესაბამისად, ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნ-ლ–ას“ 31 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობისა და სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტების გარანტირებული გაზმომარაგებით უზრუნველყოფა და აღნიშნული პროექტის რეალიზაცია საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა (ტ.1,ს.ფ. 24-30).

2. მშენებლობის ნებართვის მისაღებად, კორპორაციას საპროექტო მილსადენის სამშენებლო დერეფანში განთავსებულ ყველა მიწის ნაკვეთზე უნდა მოეპოვებინა სარგებლობის ან/და საკუთრების უფლება, რომელიც უნდა დარეგისტრირებულიყო სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ (შემდეგში: სააგენტო). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ფართობის გამოყენებას ითხოვს სარჩელზე თანდართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზებზე მითითებული განლაგების შესაბამისად.

3. პროექტის განხორციელების მიზნით კორპორაციამ საკუთარი ხარჯით გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების დიდ ნაწილთან და შესაბამისი უფლებები დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში (ტ.1,ს.ფ.42).

4. კორპორაციამ, მილსადენის სამშენებლო-საექსპლუატაციო დერეფნის ფართობზე სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, მოპასუხე მხარესთან აწარმოა მოლაპარაკებები და მიაწოდა სერვიტუტის ხელშეკრულებების პირობების, საკომპენსაციო თანხის ოდენობის და მისი გამოთვლის საფუძვლების შესახებ, თუმცა მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

5. კორპორაციის პროექტის განხორციელებისთვის და მშენებლობის ნებართვების მიღების მიზნით, კორპორაციის განცხადებების საფუძველზე ჩატარებულია შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური, არქეოლოგიური და ეკოლოგიური კვლევები.

6. შპს „ჯ.ფ.ს–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან მესაკუთრე) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, განლაგებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნ - ლ–ას“ მონაკვეთის საპროექტო დერეფანში. მოპასუხის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე: 1. [ს/კ .....] რეგისტრირებულია 2016 წლის 27 სექტემბრიდან, თუმცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, ხაზობრივი ნაგებობის არსებობის ფაქტი დასტურდება მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმით 2011 წლიდან (ტ.1,ს.ფ.31-32); 2. [ს/კ .....] რეგისტრირებულია 2017 წლის 31 მარტიდან, ხოლო ამავე ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე მილსადენის არსებობა ფიქსირდება 2016 წლის 7 აპრილიდან (ტ.1,ს.ფ.35-36); 3. [ს/კ67.06.50.036] რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ასევე მდებარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთში, რის გამოც აუცილებელია მისი გამოყენება.

7. კორპორაციას, პროექტის სრულყოფილად უზრუნველყოფის, გაზსადენის შეუფერხებელი და უსაფრთხო ექსპლუატაციის, მასზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების და სხვა ოპერაციიების განხორციელების და თავის სარგებლობაში და საკუთრებაში არსებული, სამშენებლო დერეფანში განთავსებული სხვა მიწის ნაკვეთებით შეუფერხებლად სარგებლობის მიზნით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლო დერეფანში მოხვედრილ ფართობებზე სარგებლობის (აუცილებელი გზის) უფლებების მოპოვება ესაჭიროებოდა საკადასტრო აზომვით ნახაზებზე დატანილი განლაგებების შესაბამისად, კერძოდ: ს/კ ..... – 4 646 კვ.მ, ს/კ ...... - 795 კვ.მ, 67.06.50.128 – 1 144 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე (სადავო ნაკვეთები) (ტ.1,ს.ფ.31-35).

8. სარჩელის მოთხოვნა

8.1. კორპორაციამ, 2017 წლის 29 დეკემბერს სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში, მოითხოვა, აუცილებელი გზის მოწყობა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნ-ლ–ას“ მონაკვეთის საპროექტო სამშენებლო დერეფანში განლაგებულ ფართობებზე, სარჩელზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზებზე მითითებული განლაგების შესაბამისად.

8.2. მოსარჩელემ, აგრეთვე მოითხოვა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

9. მოპასუხის პოზიცია

9.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

10. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კორპორაციის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მიეცა ნებართვა, მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოყენებისთვის, სარჩელზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზებზე მითითებული განლაგების შესაბამისად;

10.2. გადაწყვეტილება მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

10.3. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 115-ე, 170-ე, 180-ე, 247-ე მუხლებით.

11. მესაკუთრის სააპელაციო საჩივარი

11.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესაკუთრემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით მესაკუთრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

12.1.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

12.1.2. კორპორაციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

12.1.3. კორპორაციას, მაგისტრალურ გაზსადენზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადით ნება დაერთო აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოეყენებინა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ნ-ლ–ას“ მონაკვეთის საპროექტო სამშენებლო დერეფანში, სარჩელზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზებზე მითითებული განლაგების შესაბამისად;

12.2. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით აპელანტის პრეტენზიების დაუსაბუთებლობაზე მიუთითა. სასამართლოს შეფასებით აპელანტის მტკიცება, რომ მისთვის, უცნობი იყო მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მაგისტრალური გაზსადენის მილების არსებობა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან, საქმეში არსებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებით, დგინდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთებზე მოპასუხის მიერ საკუთრების უფლების მოპოვებამდე იყო დაფიქსირებული ხაზობრივი ნაგებობის სახით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული გაზსადენი მილები. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული გარემოებები საჯარო და ხელმისაწვდომი იყო, რის გამოც, აპელანტის პოზიცია, რომ მისთვის უცნობი იყო ასეთი მილების, მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე არსებობის ფაქტი, უსაფუძვლო იყო.

12.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის (აპელანტის) პოზიცია, რომ არსებული შეზღუდვა და მოსარჩელის სასარგებლოდ მისი უძრავი ქონებების უფლებრივად დატვირთვა ამცირებდა მიწის ნაკვეთების გამოყენების ხარისხს, არ იყო დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გამოყენებული შეზღუდვის ღონისძიებები, შესაბამისობაში იყო მის მიზნებთან, კონკრეტულად ორ (ს/კ:......; ს/კ:.....) სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში.

12.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მესამე სადავო უძრავ ქონებაზე ს/კ:......, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობა არ იყო განთავსებული, შესაბამისად, აღნიშნული ნაკვეთის, მხოლოდ სამშენებლო ტექნიკის განთავსების მიზნით გამოყენება, არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის.

12.5. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 170.1-ე „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“ და 180.1-ე „თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს“, 247.1-ე „მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ“ მუხლებზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა „სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ-ებები №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).“

12.6. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობა განლაგებულია N ..... და N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებში, შესაბამისად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ნივთის ჯეროვანი გამოყენება მოპასუხის მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე, რაც უდავოდ მეტყველებს, რომ მაგისტრალური მილსადენის მშენებლობისა და შესაბამისი პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი იყო მოსარჩელე, შესულიყო და ესარგებლა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ზემოთმითითებული მიწის ნაკვეთებით.

13. კორპორაციის საკასაციო საჩივარი

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კორპორაციამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აუცილებელი გზის უფლება მოითხოვა:

13.1.1. მიწის ნაკვეთზე, ს/კ-ით: ..... - მშენებლობისა და ექსპლუატაციის ვადით;

13.1.2. მიწის ნაკვეთზე, ს/კ-ებით: ...... და ..... გაზსადენის ექსპლუატაციის ვადით;

13.2. კასატორის განმარტებით, მოპასუხის # ......, # ...... და # ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული მდებარეობდა კორპორაციის კუთვნილი ,,ს-ქ–ის~ 700 მმ დიამეტრის მოქმედი მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც ხაზობრივი ობიექტის სახით საჯარო რეესტრშიც იყო დარეგისტრირებული და მინიჭებული ქონდა # ..... საკადასტრო კოდი. ახალი, ,,ნ-ლ–ას~ 31 კმ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა კი კორპორაციამ განახორციელა ზუსტად მოძველებული ,,საგურამო-ქუთაისის~ 700 მმ დიამეტრის მოქმედი მაგისტრალური გაზსადენის ადგილზე/ტრანშეაში - თავდაპირველად განხორციელდა ,,ს-ქ–ის~ გაზსადენის დემონტაჟი და დემონტაჟის შემდეგ, ახალი გაზსადენი ჩაიდო ზუსტად იგივე ადგილას. ახალი გაზსადენის მშენებლობის გამო კი, მოწინააღმდეგე მხარის მდგომარეობა არათუ არ გაუარესებულა, არამედ პირიქით, გაუმჯობესდა, ვინაიდან ახალი გაზსადენის აშენებამდე არსებობდა ე. წ. ,,ძველი~ გაზსადენის დაზიანების რეალური საფრთხე, ხოლო ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ, აღნიშნული საფრთხე ფაქტიურად აღარ არსებობს და აპელანტის მიწის ნაკვეთს არანაირი საშიშროება აღარ ემუქრება.

13.3. კორპორაციას აუცილებელი გზის უფლება ესაჭიროებოდა არამარტო ,,ნ-ლ–ას“ 31 კმ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის მიზნით, არამედ, ამავე გაზსადენის ექსპლუატაციისთვისაც. მაგისტრალური გაზსადენის შეუფერხებელი, უსაფრთხო და ჯეროვანი ოპერირებისათვის აუცილებელია პერიოდულად მაგისტრალურ გაზსადენებზე სადიაგნოსტიკო, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად კი, თავისთავად საჭიროა გაზსადენის მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე კორპორაციას სათანადო უფლებები ქონდეს მოპოვებული (ბუნებრივია, თუ გაზსადენის მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე სათანადო უფლებები არ ექნება მოპოვებული კორპორაციას, ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება გაზსადენებზე სადიაგნოსტიკო, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება).

13.4. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აუცილებელი გზის უფლება კორპორაციისათვის რეალურად მხოლოდ გაზსადენის მშენებლობის მიზნით იყო საჭირო, რაც ცალსახად არასწორია. თუ სააპელაციო სასამართლოს პოზიციას გავიზიარებთ, ამ შემთხვევაში აღარ იარსებებს ,,ნ-ლ–ას“ მაგისტრალური გაზსადენის ჯეროვნად ოპერირების და ექსპლუატაციის შესაძლებლობა.

13.5. იმისათვის, რომ კორპორაციას განეხორციელებინა ,,ს-ქ–ის“ 700 მმ დიამეტრის ე. წ. ძველი მაგისტრალური გაზსადენის დემონტაჟი და მის ნაცვლად მოეხდინა ,,ნ-ლ–ას“ 31 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა, აუცილებელი იყო რომ ,,კორპორაციას“ სათანადო უფლებები ჰქონოდა მოპოვებული გაზსადენის მთელ სიგრძეზე/პერიმეტრზე, ორივე მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა როგორც ძველი გაზსადენის დემონტაჟი, ისე ახლის მშენებლობა, ვინაიდან, ძველი გაზსადენის დემონტაჟის და ახალი გაზსადენის მშენებლობის ტექნოლოგიები აპრიორი მოითხოვს აბსოლუტურად ყველა მიმდებარე მიწის ნაკვეთზე სათანადო უფლებების არსებობას და ამ მიწის ნაკვეთების გამოყენებას (მიმდებარე მიწის ნაკვეთების გამოყენება აუცილებელია ასევე, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, გაზსადენების ოპერირების და ექსპლუატაციის პროცესში).

13.6. ,,ს-ქ–ის“ 700 მმ დიამეტრის ე. წ. ძველი მაგისტრალური გაზსადენი მდებარეობდა # ..... მიწის ნაკვეთზე, ამავე მიწის ნაკვეთის ე. წ. ქვედა ბოლოში, # ...... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის საზღვართან (# ..... და # ....... მიწის ნაკვეთები ერთმანეთს ესაზღვრებიან). იმისათვის, რომ # ..... მიწის ნაკვეთზე მომხდარიყო ,,ს-ქ–ის“ ძველი გაზსადენის დემონტაჟი და შემდეგ, ამავე მიწის ნაკვეთზე განხორციელებულიყო ახალი გაზსადენის მშენებლობა, აუცილებელი იყო, რომ სამუშაოების წარმოების პროცესში მომხდარიყო # .... მიწის ნაკვეთის გამოყენებაც. ტექნიკური ნორმებით, რეგულაციებით და შესაბამისი სტანდარტებით, როგორც ძველი გაზსადენის დემონტაჟი, ასევე ახალი გაზსადენის მშენებლობა უნდა განხორციელდეს ორივე მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ # ..... ნაკვეთის (ანუ ერთი) მხრიდან, დემონტაჟთან და ახალი გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება ვერ მოხდებოდა (სხვა სიტუაციასთან გვექნებოდა საქმე, თუკი ,,ს-ქ–ის“ ძველი გაზსადენი განლაგებული იქნებოდა # ...... მიწის ნაკვეთის შუაში. ამ შემთხვევაში, მხოლოდ # ...... მიწის ნაკვეთიც იქნებოდა სამუშაოების საწარმოებლად საკმარისი). იმავე ტექნიკური ნორმების და მოთხოვნების გათვალისწინებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთვის/ნებართვის პირობების დასაკმაყოფილებლად საჭიროა უფლებების მოპოვება გაზსადენის სამშენებლო დერეფანში მოხვედრილ მთლიან ფართობზე.

13.7. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ნორმების და სტანდარტების მხედვით, მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო საექსპლუატაციო დერეფნის სიგანის მინიმალური ოდენობა შეადგენს 25 მეტრს, ხოლო ხსენებულ 25 მეტრიან დერეფანში გაზსადენის ტრასა დაახლოებით შუაში უნდა იყოს მოთავსებული. შესაბამისად, 25 მეტრიანი დერეფანი ნებისმიერ შემთხვევაში გადაფარავდა # ...... მიწის ნაკვეთსაც.

13.8. კასატორის განმარტებით, კორპორაციას აუცილებელი გზის უფლება ესაჭიროებოდა, არამარტო მაგისტრალური გაზსადენი მილის მშენებლობის მიზნით, არამედ მისი ექსპლუატაციისთვისაც. გაზსადენის შეუფერხებელი, უსაფრთხო და ჯეროვანი ოპერირებისთვის აუცილებელია პერიოდულად მაგისტრალურ გაზსადენებზე სადიაგნოსტიკო, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, შესაბამისად საჭიროა მიმდებარე ნაკვეთებზე, სამუშაოების ჩასატარებლად სათანადო უფლებების არსებობა.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმება, ხდება საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამასთან გასათვალისწინებელია სსსკ-ის 396-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოებები. შემოწმების ფაქტობრივ საფუძველს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასა და სხდომის ოქმებში ასახული ახსნა-განმარტებები და უკვე დასახელებული ფაქტები/გარემოებები წარმოადგენს. ამასთან, დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ასეთი გარემოებებისა და ახსნა/განმარტებების გარდა, საკასაციო სასამართლო დამატებით იმსჯელებს მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ ფაქტებზე, ესაა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

18. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში უკვე განხილულ, დამტკიცებულ და შეფასებულ საკითხებს ეხება, რის გამოც, საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველების არარსებობის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას, კვლავ იმსჯელოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე.

19. საკასაციო სასამართლო, ყურადღებას გაამახვილებს, მოსარჩელის მოთხოვნაზე და განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით. განსახილველ შემთხვევაში მხარის საკასაციო პრეტენზია, სადავო მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, აუცილებელი გზის მოწყობას ეხება, მისი მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიზნით. ამასთან, უდავოა, რომ სარჩელში მითითებული მოთხოვნა ასეთი ფორმულირებით არ ყოფილა ჩამოყალიბებული (სასარჩელო მოთხოვნა ზოგადი და მუდმივი ხასიათის იყო), კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა აუცილებელი გზის მოწყობის უფლების მიღებას ეხება სადავო მიწის ნაკვეთებზე, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ დასახელებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზის უფლება, მხოლოდ მშენებლობის მიზნით სჭირდებოდა (სასარჩელო მოთხოვნის ბუნდოვანებას არ უარჰყოფს მხარის წარმომადგენელიც, ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; დამატ. იხ. 2019 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი, 14:28:37-14:30:53წთ; ტ.2,ს.ფ.131).

20. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც, მესაკუთრის სამი სადავო მიწის ნაკვეთიდან, მხოლოდ ორი მიწის ნაკვეთის ( ..... და ..... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული) გარკვეულ ნაწილს ფარავდა მაგისტრალური გაზსადენი, ამასთან, დადგენილია, რომ სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია (აღნიშნული დადასტურებულია, ქვემდგომ ინსტანციებში საქმის განხილვის დროს მხარეთა მიერ), უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ გაზსადენის ექსპლუატაციის ვადით მიიღოს აუცილებელი გზის უფლება სადავო ნაკვეთებზე.

21. საკასაციო სასამართლო დამატებით, # ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ კასატორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ თავად კორპორაციის განმარტებით, დასახელებულ მიწის ნაკვეთზე არ გადის გაზსადენი მილი, არამედ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სამშენებლო ტექნიკის განლაგების მიზნით ითხოვდა აუცილებელი გზის მოწყობის უფლების მოპოვებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უდავოა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ფაქტი (იხ. 2019 წლის 12 ნოემბრის სხდომის ოქმი, 14:26:00-14:30:53წთ; ტ.2,ს.ფ.131), ამასთან მხარეები, არ უარჰყოფენ დასახელებულ ნაკვეთზე გაზსადენი მილის არარსებობას, შესაბამისად კასატორის მოთხოვნა დასახელებული მიწის ნაკვეთის უფლებრივი დატვირთვის შესახებ დაუსაბუთებელია.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ნ. და გ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს.ნ. და გ.კ–ას“ (ს/კ: .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ, 2020 წლის 17 იანვარს, #65969 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ლ. მიქაბერიძე