Facebook Twitter

საქმე №ას-1570-2019 29 მაისი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს "ი. ჯ." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ჯ. ს. მ. ლ." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით, შპს "ჯ. ს. მ. ლ." (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) და შპს „…“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოვალე) შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის მიხედვითაც მოვალემ კრედიტორისათვის 152 815 აშშ დოლარის გადახდა იკისრა. მან ნაკისრი ვალდებულება ნებაყოფლობით არ შეასრულა და, 2016 წლის 12 აგვისტოს სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი. კრედიტორის განცხადების საფუძველზე კერძო აღმასრულებელმა დაიწყო იძულებითი აღსრულება და, დავალიანების ამოღების მიზნით, საქართველოს ყველა ბანკში გახსნილ მოვალის კუთვნილ ანგარიშებს ყადაღა დაადო აღსასრულებელი მოთხოვნისა და აღსრულების საფასურის ფარგლებში.

2. კერძო აღმასრულებელმა 2016 წლის 8 სექტემბერს წერილი გაუგზავნა სს „ა. ს. ბ. ს.“, (ამჟამინდელი სახელწოდებაა სს "ი. ჯ."; შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კასატორი ან ბანკი) და, მოვალის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალების საფუძველზე 156 343.40 და 2203.27 აშშ დოლარის მოვალის ანგარიშიდან ჩამოჭრა და კრედიტორის ანგარიშზე ჩარიცხვა დაავალა. დავალების შესრულებისას ბანკმა ტექნიკური შეცდომა დაუშვა და, ნაცვლად - 156 343,40 აშშ დოლარისა, აღმასრულებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე 156 343,40 ლარი ჩარიცხა. შედეგად, შესასრულებელ ვალდებულებასა და აღსრულებულ მოთხოვნას შორის სხვაობამ - 87 793.51 აშშ დოლარი შეადგინა. ბანკმა მეორე დღესვე, 2016 წლის 9 სექტემბერს მოვალეს, რომელმაც ამასობაში მოასწრო ანგარიშზე დარჩენილი თანხის მთლიანად გატანა, წერილობით შეატყობინა შეცდომის თაობაზე და მოვალეს საინკასო დავალიანების დარჩენილი ნაწილის - 88 544.87 და 2 202.61 აშშ დოლარის უკან დაბრუნება მოსთხოვა; მოვალემ მოთხოვნა არ შეასრულა.

3. მოგვიანებით, 2016 წლის 13 სექტემბერს, კრედიტორმა (მოსარჩელემ) განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და მოვალის საბანკო ანგარიშებზე გამოყენებული ყადაღისა და საინკასო დავალების გაუქმება მოითხოვა. ამის საფუძველზე შესაბამისად იმოქმედა კერძო აღმასრულებელმა და მოვალის კუთვნილ ყველა საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე გააუქმა შეზღუდვა, თუმცა, კერძო აღმასრულებელმა 2016 წლის 21 ოქტომბერს ხელმეორედ წარუდგინა ბანკს (მოპასუხეს) საინკასო დავალება. ამ უკანასკნელმა მოვალის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალიანება - 88 544.87 და 2 202.61 აშშ დოლარის ფარგლებში კი აღრიცხა, მაგრამ, მოთხოვნილი თანხის არარსებობის გამო, აღმასრულებლის დავალება ვერ შეასრულა.

4. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით კრედიტორმა სარჩელი აღძრა ბანკის წინააღმდეგ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ის ამტკიცებდა, რომ საინკასო დავალიანებები კერძო აღმასრულებლის მოთხოვნით გაუქმდა, ამავე დროს მოსარჩელეს შეეძლო, მოთხოვნა სხვა კომერციულ ბანკში ინკასოს წარდგენით დაეკმაყოფილებინა, რაც ცხადყოფს, რომ მხარეები მორიგდნენ, თავად უზრუნველყვეს ანგარიშსწორებაც და, ზიანის ანაზღაურების გზით, მოსარჩელე დამატებით ცდილობს თანხის ამოღებას.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 317-ე და 992-ე მუხლები გამოიყენა.

7. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 87 789.51 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება განპირობებული იყო მოპასუხის იმ აუცილებელი წინდახედულობის გამოუჩენლობის გამო, რომელიც მას ევალებოდა, შესაბამისად, ამ კონკრეტული გაუფრთხილებელი ქმედების პირდაპირი და უშუალო შედეგი იყო ის, რომ მოსარჩელემ მოვალისგან - 87 793.51 აშშ დოლარი ვერ მიიღო.

8.2. სააპელაციო სასამართლომ, კრედიტორის მიერ საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი შეზღუდვების მოხსნის შესახებ მოთხოვნა, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლების წინაპირობად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მნიშვნელოვანი დელიქტის ჩადენის მომენტია, როდესაც ზიანი წარმოიშობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრედიტორის დაკმაყოფილება დამოკიდებული იქნებოდა მის მოქმედებაზე, რომელსაც მიმართავდა ზიანის მიმყენებლის წინააღმდეგ დელიქტის ჩადენის შემდეგ. კრედიტორის ერთადერთი მოვალეობა მოთხოვნის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენა იყო, რაც მან განახორციელა კიდეც. შესაბამისად, დაზარალებულისათვის იმ ვალდებულების დაკისრება, რაც თავად ზიანის მიმყენებელს ეკუთვნის, კანონიდან არ გამომდინარეობდა, მეტიც, არღვევდა დელიქტური რესტიტუციის პრინციპებს.

9. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

9.1. კასატორის მტკიცებით, იმ პირობებში, როცა კრედიტორი თავად აძლევს უფლებას, მოვალეს განკარგოს მისი ანგარიშები და აუქმებს შესაბამის შეზღუდვებს, ამასთან, როგორც შეზღუდვების მოხსნის, ასევე, მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების განახლების შემდგომ, მოვალის ანგარიშებზე ფიქსირდება ნაშთი და არ ხდება კრედიტორის მიერ ამ თანხაზე აღსრულების მიქცევა, შეუძლებელია მივიჩნიოთ, რომ ზიანი ბანკის ქმედების პირდაპირი და უშუალო შედეგია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არათუ ბანკის ბრალეულობა არ გამორიცხა, არამედ ზიანის დადგომაში მოსარჩელის ბრალიც კი არ დაადგინა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ დასაბუთებულია.

12. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018 № ას-809-776-2016, 04.04.2017).

13. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარე დასკვნის თანახმად, ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი ვითარება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა.

14. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, სახელდობრ, დადგენილია, რომ ბანკმა, ნაცვლად ამერიკული დოლარისა, კრედიტორს - 156 343.40 ლარი ჩაურიცხა, თუმცა, ზიანში კრედიტორის ბრალიც იკვეთება, რაც გამოიხატა იმაში, რომ აღმასრულებელმა 2016 წლის 13 სექტემბერს სწორედ კრედიტორის დავალებით ყველა დაწესებულებაში გახსნილ მოვალის საბანკო ანგარიშებზე არსებული შეზღუდვები მოხსნა. ამ დროისათვის მოვალეს სს „თიბისი ბანკში“ არსებულ ანგარიშზე 1 500 000 ლარი უფიქსირდებოდა, რაც საკმარისი იყო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ, მართალია, მართებულად მოიძია სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, სსკ-ის 992-ე მუხლი, მაგრამ, განსახილველ შემთხვევაში, დამფუძნებელ ნორმასთან ერთად სარჩელი უნდა დაეფუძნოს სსკ-ის 415-ე მუხლს, რომლის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება, თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ნაწილობრივ დაძლია სსსკ-ის 992-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის შემადგენელი ელემენტების არსებობის დადასტურების ტვირთი, ხოლო მოპასუხემ, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის გამომრიცხველი (ამ შემთხვევაში შერეული ბრალის) გარემოებები, ვერ დაამტკიცა. შესაბამისად, სსკ-ის 415-ე მუხლის საფუძველზე, ზიანის ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ შერეული ბრალის პროპორციულად, ანუ თითოეულის წილი თანაბრად, 50%-ით უნდა განისაზღვროს, ამდენად, მოპასუხეს მიყენებული ზიანის ნახევრის, ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

16. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2000 ლარის ანაზღაურება;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს "ი. ჯ." საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს "ჯ. ს. მ. ლ." სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. სს "ი. ჯ." შპს "ჯ. ს. მ. ლ." სასარგებლოდ დაეკისროს 43 896.755 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

5. სს "ი. ჯ." შპს "ჯ. ს. მ. ლ." სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2000 ლარის ანაზღაურება;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი