საქმე №ას-317-2020 15 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებაზე საქმეზე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის გამო, შპს „ა–ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ასევე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადაში და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.
საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შპს „ა–ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მოდავე მხარემ.
საკასაციო საჩივარში კასატორად მითითებულია, როგორც შპს ,,ა–ი'', ასევე მ.მ–ა.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორების მიერ გასაჩივრებულია 2020 წლის 5 მარტის განჩინება ნაწილობრივ და როგორც ისინი მიუთითებენ, გადაწყვეტილება საჩივრდება - აპელანტი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია) მხარის კანონიერების დადგენის ნაწილში. ამასთან, საკასაციო საჩივრის მიხედვით, საჩივრდება 2020 წლის 5 მარტის საოქმო განჩინება, რომლითაც შუამდგომლობა მოსამართლების: თეიმურაზ სიხარულიძისა და თამარ სვანიძის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამ ნორმით განსაზღვრულია საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი და უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს.
საქმის მასალების მიხედვით, მ.მ–ა პროცესის მონაწილე მხარეს არ წარმოადგენდა და არ არის გამოტანილი მის მიმართ, ამასთან, ეს გადაწყვეტილება უშუალოდ მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ ეხება, შესაბამისად, მისი საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარება.
რაც შეეხება შპს ,,ა–ს'', საქმის მასალების მიხედვით, სახეზეა ისეთი ვითარება, როცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მხარე, რომლის სასარგებლოდაცაა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რაც დაუშვებელია.
საკასაციო საჩივრით, პრაქტიკულად შედავებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილის მსჯელობის ნაწილი, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით ვერ იქნება საკასაციო საჩივრის საფუძველი გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლი, მართალია არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის განსხვავებულად განმარტების წინაპირობას არ იძლევა (დისპოზიცია: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში). სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ ის მის წინააღმდეგაა მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესებს შეეხება, რის თაობაზეც მხარემ სააპელაციო საჩივარში უნდა მიუთითოს (შდრ: სუსგ Nას-286-274-2015, 06 აპრილი, 2015 წელი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეს, რომლის სასარგებლოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს გაასაჩივროს იგი ზემდგომი წესით. ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას ანიჭებს პირს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. დასკვნა, რომელიც ამ პრინციპიდან გამომდინარეობს, მდგომარეობს შემდეგში: თუკი მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მისი უფლება არ დარღვეულა და სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მისი დავა, მას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აღარ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამართლებრივი შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ იგი არასწორი და კანონშეუსაბამოა, საკასაციო სასამართლო ვერ გააუქმებს და ვერ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს იქნება კასატორის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლიდან გამომდინარე დაუშვებელია. ამდენად, მხარეს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება მთლიანად, თუ იგი მის წინააღმდეგაა გამოტანილი, ან იმ ნაწილში, რომელიც მის წინააღმდეგაა მიღებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის არსი წარმოადგენს არა პირის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას, არამედ ორიენტირებულია იმ პირის/პირთა უფლებების დაცვაზე (გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება), რომელთა მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება, ანუ გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილით - სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი უფლებები და/ან მოვალეობები.
საკასაციო საჩივარში კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთების ნაწილს, რაც ზემოთაღნიშნული განმარტებიდან და დადგენილი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე ვერ გახდება სასასაციო საჩივრის ფარგლებში განხილვის საგანი.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ კასატორს პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მის მიმართ დადგენილ შედეგზე არ გააჩნია, შესაბამისად, სათანადო მხარის განსაზღვრისა და მოსამართლეთა აცილების თაობაზე გამოთქმული პრეტენზიების დასაბუთებულად მიჩნევაც კი, საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ამავე საკასაციო საჩივრით შედავებულია ასევე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერება და მოთხოვნილია ამ გადაწყვეტილის სრულად გაუქმება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლი განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამდენად, საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის წინააღმდეგაა გამოტანილი.
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლო მითითებულ საკითხს ვერ შეაფასებს, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სულ სხვა საქმეზე და სხვა დავასთან დაკავშირებით 2015 წლის 13 ივლისს, მაშინ როდესაც, მოცემული საქმეზე სარჩელი აღძრულია 2019 წლის 11 მარტს და გადაწყვეტილება მიღებულია 2019 წლის 25 ნოემბერს, შესაბამისად, დაუშვებელია კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხის კვლევა/შეფასება მოხდეს სხვა საქმეზე წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, შესაბამისად, ამ ნაწილშიც განუხილველად უნდა დარჩეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აქედან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ.მ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 374-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა–ისა“ და მ.მ–ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის საოქმო განჩინებაზე მოსამართლების: თეიმურაზ სიხარულიძისა და თამარ სვანიძის აცილების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ა–ისა“ და მ.მ–ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
3. შპს „ა–ისა“ და მ.მ–ას საკასაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
4. შპს ,,ა–ს'' (ს/ნ ......) და მ.მ–ას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (გადახდის თარიღი" 5.05.2020წ. / საგადახდო დავალება №23550554) სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე