საქმე №ას-422-2020 25 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ.გ–ძის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, საქმეზე – თ.გ–ძის სარჩელის გამო, ა.გ–ისა და ბ.გ–ის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ნივთზე 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით თ.გ–ძის სარჩელი ა.გ–ისა და ბ.გ–ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.გ–ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. ეს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ.გ–ძემ.
აღნიშნული კერძო საჩივარი განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საქმის მასალების გაცნობისას ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ბ.ბ–ძემ (იხ.მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 312) 2020 წლის 2 ივნისს, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და უარი თქვა კერძო საჩივარზე იმაზე მითითებით, რომ მხარისთვის მისაღებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აღარ სურს კერძო საჩივრის განხილვა და ითხოვა მისი განუხილველად დატოვება და ასევე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
სასამართლო დამატებით დაუკავშირდა კერძო საჩივრის ავტორს - თ.გ–ძეს და განუმარტა კერძო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. თავის მხრივ, მხარემ დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ, ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებს კერძო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, კერძო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ.გ–ძის წარმომადენელ ბ.ბ–ძის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.გ–ძის წარმომადენელ ბ.ბ–ძის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება თ.გ–ძის კერძო საჩივარზე ა.გ–ისა და ბ.გ–ის მიმართ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განჩინებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე