Facebook Twitter

საქმე №ას-480-2020 29 ივნისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ.შ–ას, ტ.შ–ასა და რ.შ–ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებაზე, საქმეზე მ.შ–ას სარჩელის გამო, ნ.შ–ას, ტ.შ–ასა და რ.შ–ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საკასაციო საჩივარს ნ.შ–ას, ტ.შ–ას მოთხოვნის ნაწილში უნდა დაუდგინდეს ხარვეზი, ხოლო საჩივარი რ.შ–ას მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და იგი ასევე გასაჩივრებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

განსახილველ შემთხვევაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ.შ–ას სარჩელი ნ.შ–ას, ტ.შ–ასა და რ.შ–ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა, რაც საჩივრით გასაჩივრდა ნ. და ტ.შ–ების მიერ.

2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ნ. და ტ.შ–ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 2019 წლის 1 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ტ.შ–ებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.შ–ამ, ტ.შ–ამ და რ.შ–ამ.

სსსკ-ის 391-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. იმავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი, ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გადაწყვეტილება გამოტანილი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის დანაწესი მოიაზრებს გასაჩივრების მსურველი მხარის იმ შესაძლებლობას, რომ ზემდგომი წესით მან იდავოს მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება რ.შ–ას არ გაუსაჩივრებია, სააპელაციო საჩივარი/საჩივარი წარადგინეს მხოლოდ ნ. და ტ.შ–ებმა და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაც მხოლოდ ნ. და ტ.შ–ების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იქნა განხილული და მათ მიმართ არის მიღებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ.შ–ას საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო საჩივარს ნ.შ–ას და ტ.შ–ას მოთხოვნის ნაწილში უნდა დაუდგინდეს ხარვეზი, რადგან მას არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. პალატა ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია საკუთრების უფლებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა. შესაბამისად, დავის საგნის ფასი უნდა განისაზღვროს 4 000 ლარით, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს 150 ლარს.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორები შუამდგომლობენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე საქმის განხილვამდე, მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (სასამართლო ხელმისაწვდომობა) ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი.

სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ეს ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ-ის 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსსკ-ის 48-ე მუხლი). ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული წესის შესაბამისად, საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ კასატორებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნიათ, მხოლოდ ზეპირი მითითება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე სასამართლოს ვერ შეუქმნის შინაგან რწმენას, რომ მათ არ შეუძლიათ მოცემული დროისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამდენად, პალატა უარყოფს შუამდგომლობას დაუსაბუთებლობისა და მძიმე ეკონომიური მდგომარეობის დაუდასტურებლობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი რ.შ–ას მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო საკასაციო საჩივარს ნ.შ–ას და ტ.შ–ას მოთხოვნის ნაწილში უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და კასატორებს დაევალოთ, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, საკასაციო სასამართლოში წარმოადგინონ მძიმე ეკონომიური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მათი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 39-ე, 41-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საკასაციო საჩივარი რ.შ–ას მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. ნ.შ–ას და ტ.შ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდეს, საკასაციო საჩივარს დაუდგინდეს ხარვეზი და კასატორებს დაევალოთ, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება წარმოებაში და განუხილველად დარჩება.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე