Facebook Twitter

საქმე №ას-1764-2019 15 ივნისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ხ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ-მოძრავი ნივთების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.მ–ძის სარჩელი მოპასუხის თ.ხ–ძის წინააღმდეგ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო თ.ხ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა

2019 წლის 1 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

2020 წლის 5 ივნისს, უზენაეს სასამართლოს განმცხადებით მომართა ნ.მ–ძის წარმომადგენელმა, კერძო საჩივარზე განაცხადა უარი და მოითხოვა საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ნ.მ–ძის წარმომადგენლის გ.გ–ძის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ნ.მ–ძის კერძო საჩივარზე, წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ სამოქალაქო საქმე ნ.მ–ძის კერძო საჩივართან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2019 წლის 6 დეკემბერს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

2020 წლის 5 ივნისს, უზენაეს სასამართლოს განმცხადებით მომართა ნ.მ–ძის წარმომადგენელმა, კერძო საჩივარზე განაცხადა უარი და მოითხოვა საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა კერძო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ ნ.მ–ძის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ნ.მ–ძის მიერ კერძო საჩივრის არსებითად განხილვამდე კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო, კერძო საჩივრის ავტორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 4 დეკემბრის N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ–ძის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება ნ.მ–ძის კერძო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე ნ.მ–ძის განცხადების გამო, თ.ხ–ძის მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე;

3. კერძო საჩივრის ავტორს ნ.მ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით, გ.გ–ძის (პ/ნ ......) მიერ 2019 წლის 4 დეკემბერს N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე