Facebook Twitter

საქმე № ას-842-1056-08 16 ივნისი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 31.03.2009წ. განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.მ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ყ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "“მოპასუხე") მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო ქონებიდან რეალური წილის გამოყოფა, მიუღებელი სარგებლის - 1500 ლარის დაკისრება და სარიტუალო დარბაზის მოწყობილობის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

2. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 11.03.2008წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს უ.ყ–ძის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან – ქობულეთის რაიონის სოფელ ..... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან და მიწის ნაკვეთიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის 20.10.2006წ. N1749\5 დასკვნაში ნაჩვენები ვარიანტით საკუთრებაში გამოეყო აზომვით ნახაზზე აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული N1, N5, N2 ოთახები და პირველ სართულზე განთავსებული N7 ოთახი. ამასთან, პირველ სართულზე მდებარე ფართი განაწილდა თანაბარწილად და მოსარჩელესათვის გამოყოფილი, აზომვით ნახაზზე ნაჩვენები N7 ოთახის სიგანე განისაზღვრა 5.30 მეტრით. მოსარჩელეს გამოეყო 1100 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სახლის გვერდითა და სახლის უკანა მხარეს მიკუთვნებული ოთახების გასწვრივ, ხოლო მეორე სართულზე ასასვლელი კიბე, აივანი და ეზოს წინა მხარე ჭიშკრიდან სახლამდე, საერთო ფართით 300 კვ.მ დარჩა საერთო სარგებლობაში. სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი სარგებლის ანაზღაურებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.07.2008წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 11.03.2008წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და სარჩელი დანაშთი სამემკვიდრეო ქონებიდან რეალური წილის გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 31.03.2009წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მორიგება მხარეთა შორის.

5. 19.02.2020წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა (განცხადება ფოსტას ჩაბარდა 18.02.2020წ.) მოსარჩელის განცხადება. განმცხადებელი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 31.03.2009წ. განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას. განცხადება თანდართული მასალებით მოპასუხეს ჩაბარდა 22.05.2020წ..

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

7. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

8. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 31.03.2009წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

- მოსარჩელე, რომელსაც ქობულეთის რაიონის სოფელ ..... საკუთრების უფლებით გააჩნია საცხოვრებელი სახლის (საერთო სასარგებლო ფართით 265,9 კვ.მ) და 2500 (ორი ათას ხუთასი) კვ.მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1\2-დი ნაწილი, თანახმაა, აღნიშნული ქონება 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარის, მორიგების აქტის შედგენის მდგომარეობით არსებული კურსით, სანაცვლოდ, საკუთრების უფლებით გადაცეს აღნიშნული ქონების 1\2 ნაწილის მესაკუთრეს - მოპასუხეს.

- მოპასუხე აღნიშნული მორიგების აქტის საფუძველზე კისრულობს ვალდებულებას, 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარში, მორიგების აქტის შედგენის მდგომარეობით არსებული კურსით, მოსარჩელის სასარგებლოდ გადაიხადოს ნაწილ-ნაწილ ან მთლიანად ერთად, ოთხი წლის განმავლობაში, კერძოდ, 31.03.2013წ.-მდე.

- განსაზღვრულ ვადაში თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული მორიგების აქტისა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოპასუხე დარეგისტრირდეს ქობულეთის რაიონის სოფელ ..... მდებარე უძრავი ქონების 1\2 ნაწილის (რომელიც ირიცხება მოსარჩელის საკუთრებად) მესაკუთრედ.

- იმ შემთხვევაში, თუ 31.03.2013წ.-მდე 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი მთლიანად არ იქნება დაფარული, მხარეები თანხმდებიან, რომ მათი საერთო (საზიარო) საკუთრება გაუქმდეს ქონების ნატურით გაყოფის გზით და წილები გადანაწილდეს შემდეგი ფორმით, კერძოდ, მოსარჩელეს მიეკუთვნოს ქობულეთის რაიონის სოფელ ..... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან – საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული N1 (37.0 კვ.მ) და N5 (28.0 კვ.მ) ოთახი და პირველ სართულზე განთავსებული N7 ოთახი. ამასთან, პირველ სართულზე მდებარე ფართი განაწილდეს თანაბარწილად - N7 ოთახის სიგრძე განისაზღვროს 5.30 მეტრით. ასევე მიეკუთვნოს 1100 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სახლის გვერდითა და სახლის უკანა მხარეს მიკუთვნებული ოთახების გასწვრივ, ხოლო მეორე სართულზე ასავლელი კიბე, აივანი და ეზოს წინა მხარეს ჭიშკრიდან სახლამდე, საერთო ფართი 300 კვ.მეტრი დარჩეს საერთო სარგებლობაში, ხოლო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული N2 (16.6 კვ.მ), N3 (37,7 კვ.მ), N4 (6.6 კვ.მ) და N6 (19.3 კვ.მ) ოთახი და პირველ სართულზე განთავსებული N8 ოთახი მიეკუთვნოს მოპასუხეს, ასევე 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახლის გვერდითა და სახლის უკანა მხარეს მიკუთვნებული ოთახების გასწვრივ.

- მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ აღნიშნული ფორმით მოხდეს უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაცია.

- მხარეები თანხმდებიან იმის შესახებ, რომ, თუ 2013 წლის 31 მარტისთვის 15 000 ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარში, მორიგების აქტის შედგენის მდგომარეობით არსებული კურსით, სრულად არ იქნება დაფარული, რაც გამოიწვევს თანხის გადახდის ნაწილში შეთანხმების გაუქმებას, მოპასუხეს დაუბრუნდეს მოსარჩელის სასარგებლოდ იმ დროისთვის გადახდილი თანხა.

9. მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების თავისებურებიდან გამომდინარე, მხარეები წარმოადგენენ ერთდროულად მოვალესაც და კრედიტორსაც. განჩინება ითვალისწინებს მხარეთა მიერ შესასრულებებელი ვალდებულებების გარკვეულ ეტაპებს, რომლებიც გაწერილია დროში. კერძოდ, განჩინების თანახმად, მოპასუხე იღებდა ვალდებულებას, ნაწილ-ნაწილ ან მთლიანად, ოთხი წლის განმავლობაში (31.03.2013წ.-მდე) გადაეხადა თანხა, რის სანაცვლოდაც მოსარჩელე მას გასცემდა სადავო უძრავი ქონების 1\2 ნაწილზე საკუთრების უფლებას. ამ ვადაში თანხის გადახდის თაობაზე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უძრავ ნივთზე საზიარო უფლება გაუქმდებოდა ქონების ნატურით გაყოფის გზით და წილები მხარეთა შორის გადანაწილდებოდა შეთანხმებული ფორმით.

ამდენად, მოსარჩელეს მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმების ნაწილში განჩინების იძულებითი აღსრულების შესახებ წარმოეშობოდა მხოლოდ 31.03.2013წ. შემდეგ, ანუ მას შემდეგ, თუ არ შესრულდებოდა მოპასუხის ვალდებულება 31.03.2013წ.-მდე თანხის გადახდის თაობაზე. პირველი პირობის იძულებითი აღსრულება მორიგებითვე გამოირიცხა და ამ პირობის დარღვევა განისაზღვრა მეორე პირობის ამოქმედების სავალდებულო წინაპირობად. შესაბამისად, მოსარჩელეს საზიარო უფლების გაუქმების პირობაზე სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მხოლოდ 31.03.2013 წ. შემდეგ.

10. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის 29.11.2016წ. განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებს მოპასუხის მხრიდან მორიგების აქტით გათვალისწინებული პირველი პირობის დარღვევას - 31.03.2013წ.-მდე თანხის გადახდის შესახებ ვალდებულების შეუსრულებლობას და განმარტავს, რომ სურს განჩინების იძულებითი აღსრულება (ს.ფ. 279), ანუ ითხოვს მეორე პირობის ამოქმედებას. საქმის მასალებით არ დასტურდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 31.03.2009წ. განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ფაქტი, რომელშიც კრედიტორი იქნებოდა მოსარჩელე, ხოლო მოვალე - მოპასუხე.

11. 19.02.2020წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით კვლავ მომართა მოსარჩელემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 31.03.2009წ. განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა (ს.ფ.285). განცხადება თანდართული მასალებით მოპასუხეს ჩაბარდა 22.05.2020წ. (ს.ფ.308), თუმცა მას სასამართლოსთვის არ მოუმართავს და გამოუთქვამს რაიმე მოსაზრება აღნიშნულ განცხადებასთან მიმართებაში.

12. აღსრულებასთან დაკავშირებული პროცესუალური საკითხების შეფასებისას საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ საქმეში აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო დათქმა აღსრულების ვადასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს ვიწრო პოცესუალური თვალსაზრისით განმარტებული. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (დაწვრილებით იხ.: სუსგ საქმეზე Nას-684-638-2017, 07.07.2017წ. ).

13. საქმეში წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 26.03.2020წ. ცნობა მასზე, რომ ბიუროს არქივის მასალებში და საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის მონაცემებით რეგისტრირებული არ არის სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მხარეებს წარმოადგენენ მოსარჩელე და მოპასუხე (ს.ფ.297).

14. როგორც საკასაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ აღნიშნავს, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე შპს „ი. და მ–ძე” საქართველოს წინააღმდეგ სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40) - იხ. სუსგ # ას-1238-1161-2015, 12.02.2016წ; შდრ.სუსგ-ები: # ას-1187-1117-2015, 05.02.2016წ; #ას-1132-1065-2015, 03.05.2016წ; #ას-650-616-2015, 26.07.2017წ. ).

15. პალატას მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 31.03.2009წ. განჩინებაზე უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით, ასევე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 20-ე და 21-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს ე.მ–ძის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 31.03.2009წ. განჩინებაზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი ე.მ–ძის სასარგებლოდ.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი