საქმე №ას-1920-2018 31 მაისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ბმა „ე.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ვ. ვ-ვა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – 2010 წლის 25 მარტის საერთო კრების #7 ოქმის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქალაქ ბათუმში, … ნ. ქუჩა #...-ში (ყოფილი …. დასახლება #..., სახლი №…-ში), მცხოვრებ ბინის მესაკუთრეთა მიერ 2008 წლის 8 ივლისს, ჩამოყალიბდა ბმა ”ე.”(შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან ამხანაგობა), რომელშიც გაერთიანდა ამხანაგობის 7 წევრი, მათ შორის - ვ. ვ-ევა (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), მას საკუთრებაში აქვს ქალაქ ბათუმში, … ნ. ქუჩა #...-ში მდებარე ბინა #....
2. მოპასუხემ მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე.“ 2010 წლის 21 მარტის #7 კრების ოქმი (შემდეგში სადავო კრების ოქმი), რომლითაც საკუთრებაში აღირიცხა მის სარგებლობაში მყოფი, ამხანაგობის კუთვნილი 35,55 კვ.მ დამხმარე სათავსი (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 15-16, ტ.1), რასაც მხარი დაუჭირა ამხანაგობის ხუთმა წევრმა.
3. 2008 წლის 8 ივლისს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე.“ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ი. ბ-ძე (შემდეგში - თავდაპირველი/ყოფილი თავმჯდომარე), (იხ. კრების ოქმი, ს.ფ. 38, ტ.1), ამ უკანასკნელმა 2017 წლის 4 აგვისტოს საკუთრებაში დაირეგისტრირა მოპასუხის მეზობლად, პირველ სართულზე, … ნ. ქუჩა #...-ში მდებარე ბინა #... (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 32-33, ტ.2), რის შემდეგაც გახდა ამხანაგობის წევრი, აღნიშნული უძრავი ქონება მანამდე ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის საკუთრება იყო.
4. 2015 წლის 14 ოქტომბრიდან ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მ. თ-ძე ასრულებს (იხ. #10 ოქმი, ს.ფ. 23. ტ.1).
5. 2015 წლის 26 ნოემბერს ამხანაგობის ყოფილმა თავმჯდომარემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დარჩა განუხილველად.
8.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი, რომლის დასაშვებობა პირველი ინსტანციის სასამართლოს არ შეუმოწმებია. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 180-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. ამდენად, მატერიალურსამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას.
8.2. სააპელაციო პალატის დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდებოდა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება არ მოთხოვნილა, ხოლო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიეკუთვნებინა მხარისთვის ის, რაც მას არ უთხოვია.
9. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგ გარემოებაზე მითითებით:
9.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებასთან ერთად მოთხოვნის იურიდიული ინტერესიც განიმარტა, კერძოდ, ამხანაგობა დაინტერესებული იყო მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნებით.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების გაანალიზების შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
12. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის აღძვრის ის იურიდიული ინტერესი, რაც, სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს.
15. პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ამხანაგობა დაინტერესებული იყო მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნებით. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა კი, მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელითაა შესაძლებელი. უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების ბათილად ცნობა მოცემულ შემთხვევაში, მიკუთვნებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენს, შესაბამისად, ის დამოუკიდებელი სარჩელის დავის საგანი ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, ვინაიდან მას შეეძლო მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რომლის წინააღმდეგაც არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება.
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბმა „ე.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი