Facebook Twitter

№ას-1729-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „თ. …“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ჯ. თ. გ. ნ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ჯ. თ. გ. ნ.“ (შემდეგში: მოსარჩელე) შპს „თ. …-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ: ზიანის - 7 500 აშშ დოლარისა და 3 331 ლარის, პირგასამტეხლოს - 125 000 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის - 4 428 723 აშშ დოლარის, შუამავლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს - 190 000 აშშ დოლარისა და მომსახურების ხელშეკრულებით გადასახდელი 2 500 აშშ დოლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით: შპს „ჯ. თ. გ. ნ.“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „თ. …-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 500 აშშ დოლარისა და 3 331 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

4. სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები, მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და 2019 წლის 10 ოქტომბერს ჩაჰბარდა.

5. 2019 წლის 18 ოქტომბერს მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მისთვის გაგზავნის შემდეგ, მან სააპელაციო სასამართლოში ერთსა და იმავე დღეს წარადგინა შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე და შეგებებული სააპელაციო საჩივარი. ეს უკანასკნელი სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დამოუკიდებელ სააპელაციო საჩივრად. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 379-ე მუხლი და ეს ვადა აპელანტს არ დაურღვევია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დასაბუთებელია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

9. სსსკ-ის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

10. ზემომითითებული მუხლიდან გამომდინარეობს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან. თავისი ხასიათით, შეგებებული სააპელაციო საჩივარი ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო და მის წინააღმდეგ მიმართული საჩივარია, მისი მიზანია ამ ძირითადი სააპელაციო საჩივრის პარალიზება და გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მეორე მხარის მოთხოვნა.

11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება შემდეგი:

11.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის, 7 500 აშშ დოლარისა და 3 331 ლარის, ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნები მოწინააღმდეგე მხარისათვის: პირგასამტეხლოს - 125 000 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის - 4 428 723 აშშ დოლარის, შუამავლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს - 190 000 აშშ დოლარისა და მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2 500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე (ტომი 2, ს.ფ. 290-332).

11.2 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 340-350).

11.3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო (ტომი 2, ს.ფ. 365-366). ამასთან, 2019 წლის 9 ოქტომბერს სასამართლომ აღნიშნული სააპელაციო საჩივრის ასლი და თანდართული დოკუმენტები გაუგზავნა მოპასუხეს, რომელმაც ისინი 2019 წლის 10 ოქტომბერს ჩაიბარა (ტომი 2, ს.ფ. 371).

11.4. 2019 წლის 18 ოქტომბერს მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა სააპელაციო შესაგებელი (ტომი 2, ს.ფ. 373-384) და, ასევე, სააპელაციო საჩივარი (ტომი 2, ს.ფ. 385-402), რომელიც თავისი არსით შეგებებული სააპელაციო საჩივარია.

12. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტი სააპელაციო შესაგებლის შესაბამის გრაფაში უთითებდა, რომ იგი აპირებდა შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანას (ტომი 2, ს.ფ. 378). საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო შესაგებელთან ერთად, სსსკ-ის 379-ე მუხლით დადგენილ ვადაში, წარადგინა სააპელაციო საჩივარი. ნათელია, რომ ეს სწორედ შეგებებული სააპელაციო საჩივარია. ამას ადასტურებს სააპელაციო საჩივრის შინაარსიც, კერძოდ, მოპასუხე მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაუკმაყოფილებლობას. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ძირითადი სააპელაციო საჩივრის უარყოფის მცდელობა და მიზანი იმისა, რომ მეორე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდეს. ამდენად, მართალია, მოპასუხემ თავის დროზე არ ისარგებლა სსსკ-ის 364-ე მუხლით და დამოუკიდებელი სააპელაციო საჩივარი არ წარადგინა, მაგრამ მას დარჩა შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 379-ე მუხლით. შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე არ ვრცელდება კანონის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს 14 დღეში (სსსკ-ის 369-ე მუხლი). იგი შეიძლება წარდგენილ იქნეს სააპელაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში (სსსკ-ის 379-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება - ძირითადი სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეეტანა.

13. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოს, სსსკ-ის 379-ე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგინა, თუმცა, შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმები შემოწმებას საჭიროებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მათი შემოწმების ეტაპიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ. …-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე, შპს „თ. …-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი