Facebook Twitter

№ას-1360-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – თ. ჩ-ანი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – რ. გ-ვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ჩ-ანი (შემდეგში - პირველი მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, რ. გ-ვას (შემდეგში - მოსარჩელე, მესაკუთრე) სარჩელი დაკმაყოფილდა და პირველი მოპასუხისა და პ. გ-ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, დ. ყ. ქ. N…/…-ში მდებარე N.. ბინა (ს/კ(ს/კ 01.13.05.013…..), (შემდეგში სადავო ქონება).

2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და სადავო ბინის ყოფილ მესაკუთრეს - თ. ი-ანს (შემდეგში - გამსხვისებელი), მოპასუხეთა მიმართ ჰქონდათ ნასყიდობის თანხის ნაწილის - 10 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, რაც დასტურდება პოლიციაში მოკვლევის ეტაპზე მოწმეთა ჩვენებებით. კასატორმა მზაობა გამოთქვა, გამოათავისუფლოს სადავო ფართი, თუკი მოსარჩელე მას 10 000 აშშ დოლარს გადაუხდის.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. უფლების წარმოშობის საფუძველია 2017 წლის 1 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა.

5.2.2. სადავო ქონებას, მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.

6. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

8. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

9. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის შეპირისპირება წარმოადგენს, შესაბამისად, მესაკუთრის სასარჩელო მოთხოვნის შესაგებლით გამორიცხვაც სწორედ ამ გარემოების წარმატებით მტკიცების რეალიზაციაზეა დამოკიდებული. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მას მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საგნის ფასიდან 45000 აშშ დოლარიდან 10 000 აშშ დოლარის გადახდამდე შეუძლია, უარი თქვას ნივთის გადაცემაზე. ეს პრეტენზია სსკ-ის 369-ე მუხლის (იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა) დანაწესიდან გამომდინარე, შესაძლოა, საფუძვლიანიც ყოფილიყო, თუკი კასატორი ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე იქნებოდა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ არცერთი მოპასუხე ამ ხელშეკრულების მხარე არაა, შესაბამისად, იგი ვერ დაეყრდნობა ზემოხსენებული ნორმის დანაწესს. პალატის შეფასებით, კასატორის პრეტენზია ქონების გამსხვისებელსა და მოპასუხეთა შორის მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი ნასყიდობის ხელშეკრულების წინმსწრებად დადებულ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას ეფუძნება. შესაგებელში პირველი მოპასუხის მიერ აღწერილი გარემოებების თანახმად, მან გამსესხებელთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, მოპასუხემ ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის ვადაში კრედიტორს თანხა ვერ გადაუხადა, რის შემდეგაც ის და კრედიტორი შეთანხმდნენ, რომ უძრავი ნივთის 45 000 აშშ დოლარად გაყიდვის შემდგომ, კრედიტორი სესხის - 35 000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნას დაიკმაყოფილებდა, ხოლო დარჩენილ თანხას (10 000 აშშ დოლარს) მას გადაუხდიდა. მითითებულ გარემოებათა ერთობლიობა ცხადყოფს, რომ მოპასუხე ქონების ამჟამინდელ მესაკუთრესთან სამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფებოდა და მისი სამართლებრივი პრეტენზიებიც სხვა პირისკენაა მიმართული, რაც ამ საქმის დავის საგანი არ არის და თავისთავად ცხადია, მოპასუხეთა მიერ ქონების მართლზომიერად ფლობის გასამართლებლად ვარგის სამართლებრივ არგუმენტაციად არ განიხილება.

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #8762019748, გადახდის თარიღი 03.12.2019), 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ჩ-ანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ. ჩ-ანს (010240…) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება #8762019748, გადახდის თარიღი 03.12.2019) 70% - 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი