№ას-494-474-2016 8 ივნისი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი (მოსარჩელე) – შპს „კ. კ.“ (შპს „ა. ჯ.“ უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - ლ. ნ-ია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ა. რ. კ-ი
წარმომადგენელი - გურამ გვენცაძე
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – შპს „ა. ფ.“ (ა. რ. კ-ის უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - გურამ გვენცაძე
მოწინააღმდეგე მხარე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – შპს „ა. ჯ.“
წარმომადგენელი - ლ. ნ-ია
მესამე პირი - შპს „ა. გ.“
წარმომადგენელი - გ. გ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება (სარჩელში), სესხის დაბრუნება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2011 წლის 22 თებერვალს, ა. რ. კ-ის (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) მოთხოვნით შპს „ა. ჯ.“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) დირექტორმა ბ. ვ-ამ (შემდეგში - დირექტორი) კომპანიის ანგარიშიდან გამოიტანა 251 000 ლარი და გადასცა მოპასუხის ძმიშვილს დ. კ-ს (შემდეგში - მოპასუხის რწმუნებული), რომელმაც 250000 ლარი შეიტანა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ს. კ.“ (შემდეგში - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან მისო) ანგარიშზე, მისი პარტნიორების - მოპასუხისა და ა. ტ-ს შენატანების სახით, ხოლო 1000 ლარი თვითონ დაიტოვა.
2. მოპასუხემ მოსარჩელეს 2010 წლის 19 ივნისიდან 2013 წლის 30 მაისამდე ჩაურიცხა 26 257.50 ევრო.
3. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 371 000 ლარის (იხ. 3.2 პუნქტი: 251 00 +80 000 + 40 000), ამ თანხით სარგებლობის შედეგად მიღებული შემოსავლის - 105 690 ლარისა და ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად ზიანის, დასაბრუნებელი თანხის 0,1%-ის, დაკისრება.
3.1. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელესა და შპს „ა. ფ.“ (შემდეგში - შპს ან საწარმო) შორის (რომლის დამფუძნებელი და დირექტორიც მოპასუხეა) არსებობდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში საქართველოში იძენდნენ პროდუქციას (თხილს), ამუშავებდნენ და გაჰქონდათ ექსპორტზე; მხარეთა შორის წარმოიშვა უთანხმოება, რის შემდეგაც მოპასუხემ უარყო მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის პირობები (მოგების კომპენსირების, ასევე შპს-ში წილების გადაცემის თაობაზე); მოსარჩელის მტკიცებით, 2011 წელს მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 371 000 ლარი, თუმცა ამ თანხას არ უთვლის ანგარიშსწორებაში იმ საფუძვლით, რომ შესრულება მოპასუხემ მიიღო როგორც ფიზიკურმა პირმა და არა როგორც შპს-ს დირექტორმა. ამის გამო, შპს-მ სარჩელი აღძრა მოსარჩელისა (მოცემულ საქმეში) და მისი ფინანსური მენეჯერის ა. ვ-ას (შემდეგში - ფინანსური მენეჯერის) წინააღმდეგ ჩარიცხულ თანხასა და მიწოდებულ პროდუქციას შორის სხვაობის დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, მოპასუხის განცხადების საფუძველზე, მოსარჩელე კომპანიის ფინანსური მენეჯერის მიმართ 410 210 ლარის მითვისების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
3.2. მოსარჩელის განმარტებით, 371 000 ლარი მოპასუხეს სამ ეტაპად გადაეცა:
- 2011 წლის 22 თებერვალს - 251 000 ლარი (იხ.პ 1);
- 2011 წლის 27 სექტემბერს, მოპასუხის დავალებით, 80 000 ლარი გადაეცა გედევან კორძახიას შპს „ა. გ.“ (შემდეგში - მესამე პირის) საგადასახადო დავალიანების გასასტუმრებლად;
- მოსარჩელის სალაროდან გატანილი თანხა - 40 000 ლარი დირექტორმა გადასცა მოპასუხის რწმუნებულს, რომელმაც ეს თანხა, მოპასუხის დავალებით, გადასცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორს - დ. ს-ძეს (შემდეგში - მ. დირექტორი).
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 251 000 ლარი მესამე პირის კუთვნილი თანხაა, რომელიც საგადასახადო შემოწმების პერიოდში, სათანადო დოკუმენტების გაფორმების გარეშე, დროებით გადატანილ იქნა მოსარჩელე საწარმოში. ვინაიდან მოპასუხე მესამე პირის 80% წილის მესაკუთრე და გენერალური დირექტორია, თანხის მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის გადაცემით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრებულად ვერ მიიჩნევა. 80 000 ლარის გადაცემა მოპასუხემ უარყო, ხოლო 40 000 ლართან მიმართებით განმარტა, რომ ეს თანხა იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხად გაცემული თანხა, რომელიც, მოპასუხის მითითების საფუძველზე, მისოს დირექტორმა საკუთარი ქონების უზრუნველყოფით აიღო სესხად და გადასცა მოსარჩელე კომპანიის დირექტორს.
5. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის გადაცემული თანხის - 26 257.5 ევროს დაკისრება. შეგებებული სარჩელის მიხედვით, ეს თანხა იყო უპროცენტო სესხი, რომელიც მოსარჩელეს 2 წლის ვადით გადაეცა. ეს უკანასკნელი კი, სესხს არ აბრუნებდა.
6. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ უარყო მხარეთა შორის სესხის სამართლებრივი ურთიერთობა და აღნიშნა, რომ თანხა მასსა და შპს-ს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში თხილის ბიზნესის წარმოებისათვის ჩაირიცხა.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- მოპასუხეს დაეკისრა 251 000 ლარისა და 26 370 ლარის გადახდა, მოსარჩელის სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
- შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.1 პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316–ე, 317–ე, 361–ე, 385–ე, 623-ე, 624-ე, 979-ე და 981-ე მუხლები და დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის თანხის 251 000 ლარის გადაცემას იურიდიული საფუძველი არ გააჩნდა.
7.2. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელისაგან მიღებული 40 000 ლარიდან, მოპასუხის დავალებით, მოსარჩელე კომპანიის დირექტორის სასესხო ვალდებულება დაიფარა. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია და მოპასუხეს დაეკისრა 26 370 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
7.3. 80 000 ლარის დაბრუნების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მითითებული თანხის მოპასუხის დავალებით განკარგვა.
7.4 სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სათანადო წესით დაედასტურებინა, რომ A. K. A….-R. … …-2300 … C.-…-F.-ის მიერ მოპასუხისათვის ჩარიცხული 24 776 ევრო და K. A.-S. S.-ის მიერ ჩარიცხული 1481.5 ევრო სესხი იყო, რის გამოც შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, 105 690 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- მოპასუხეს დაეკისრა ძირითადი თანხის - 251 000 ლარისა და ზიანის - 62 750 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელის მოპასუხეს დაეკისრა 26 257.5 ევროს გადახდა, შეგებებული სარჩელის მოსარჩელის სასარგებლოდ.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის - მოპასუხისათვის 26 370 ლარის დაკისრებაზე უარის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, 26 370 ლარის მოპასუხეზე დაკისრება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს „კ. კ.“ (შემდეგში ასევე მოხსენიებული როგორც მოსარჩელე, კასატორი) ცნობილ იქნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ სამოქალაქო საქმეში მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა უფლებამონაცვლის დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის (იმ დავაში მოსარჩელის) სასარგებლოდ დაკისრებული თანხის - 26 257.50 ევროს მოთხოვნის ნაწილში ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს/საწარმო (შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი), ისევე, როგორც წინამდებარე სასარჩელო წარმოებაზე შეგებებული სარჩელის ნაწილში (უფლებამონაცვლეობის საფუძველი გახდა მოთხოვნის დათმობის ურთიერთობა, რის გამოც უფლებამონაცვლეობა მხოლოდ კრედიტორულ მოთხოვნებს შეეხო და ურთიერთსარჩელებზე მოპასუხეებად კვლავ თავდაპირველი მოპასუხეები დარჩნენ).
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით შეგებებული სარჩელით მოსარჩელის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა;
- შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
14.1. სააპელაციო პალატამ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყდნობით (მოწმეთა ჩვენებები, პროკურორის დადგენილება) დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში მოსარჩელისა და მესამე პირის შეთანხმების საფუძველზე ამ უკანასკნელისაგან მოსარჩელემ აღურიცხავად მიიღო გარკვეული რაოდენობის საქონელი (თხილი) და ფულადი რესურსები, რაც გამოწვეული იყო გადასახადის დამალვის გამო კომპანიის (მესამე პირი) საგადასახადო შემოწმებით.
14.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება არსებობდა და ერთადერთ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ის, რომ თავისი კუთვნილი ფული თუ მატერიალური აქტივები მესამე პირმა დროებით გადაიტანა მოსარჩელე კომპანიაში ყოველგვარი ვალდებულების გარეშე - ამ უკანასკნელის თანხმობის საფუძველზე, რაც საჭიროებისთანავე მესამე პირის დამფუძნებელმა - მოპასუხემ უკანვე გაიტანა, ანუ დაიბრუნა თავისი საკუთრება დროებით გადატანილი მოსარჩელე კომპანიაში.
14.3. სააპელაციო პალატის მითითებით, სარჩელის საფუძვლებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ფაქტობრივად შესრულების კონდიქციიდან გამომდინარე მოითხოვდა მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას. პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა შესრულების კონდიქციის ფაქტობრივი შემადგენლობა.
14.4. პალატის განმარტებით, სსკ-ის 361-ე მუხლით განმტკიცებული კანონისმიერი პრეზუმფციის - რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას - გაქარწყლება მოსარჩელის ვალდებულება იყო, რომელმაც ეს ტვირთი ვერ ზიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ 251 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.
14.5. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ 26 370 ლარის მოპასუხისათვის გადაცემას, პალატამ, სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, მითითებული ფაქტი დადასტურებულად არ მიიჩნია.
14.6. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით პალატამ გაიზიარა მოსარჩელის შესაგებელი, რომლის თანახმადაც, თანხა მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა მხარეთა შორის არსებული სხვა ურთიერთობის (თხილის შესყიდვა) ფარგლებში. კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოდავე მხარეები (შპს და მოსარჩელე) 2011 წლის 9 ივნისიდან 2012 წლის 4 დეკემბრამდე ნასყიდობით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც შპს მოსარჩელეს ურიცხავდა თანხას. შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი თანხა რომ არ არის ზემოხსენებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში გადარიცხული, შეგებებული მოსარჩელის მტკიცების ტვირთია. მსგავსი მტკიცება შეგებებული სარჩელის ავტორს არ განუხორციელებია. პალატის მითითებით, წარმოდგენილი დოკუმენტები (ცნობები) არც სესხის ხელშეკრულების არსებობას არ ადასტურებდა, რის გამოც შეგებებული სარჩელი არ დააკმაყოფილა.
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, მოპასუხისათვის 251 000 ლარის, 26 370 ლარისა და 105 690 ლარის დაკისრება მოითხოვა შემდეგ პრეტენზიაზე მითითებით:
15.1. სააპელაციო სასამართლომ მიიღო საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, მოახდინა რა კრიმინალური ქმედების ლეგიტიმაცია. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება აგებულია საქონლისა და ფულის აღურიცხავად გადატანის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებაზე.
15.2. ამასთან, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ პროდუქცია ან ფული გადაეცა მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლომ ეს ფაქტი დაადგინა მესამე პირის საბუღალტო დოკუმენტაციის საფუძველზე, მაშინ, როდესაც საქმეში ისინი წარმოდგენილი არ არის. პალატამ საბუღალტრო დოკუმეტად მიიჩნია თავად მოპასუხის მიერ შედგენილი დოკუმეტი, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით არ წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს. საგულისხმოა, რომ თავად მოპასუხეც ადასტურებს, რომ საქონლისა და ფულის მიწოდება აღურიცხავად მოხდა.
15.3. ერთი საწარმოს მიერ მეორისათვის პროდუქციის გადასაცემად აუცილებელია სამი დოკუმენტის შედგენა: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, ხოლო თანხის გადაცემისათვის საკონტროლო სალარო აპარატის ქვითარი ან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. შესაბამისად, საქმეზე მოწმედ დაკითხული მოპასუხის ნათესავისა და საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირების ჩვენება ვერ გახდება პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი მტკიცებულება სსსკ-ის 102.3 მუხლიდან გამომდინარე. ამასთან, არცერთი მოწმე საქონლის მიწოდებას არ დასწრებია და მათი ჩვენებები აგებული იყო ვარაუდებზე.
15.4. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ მესამე პირიდან მოსარჩელე კომპანიაში გადატანილია ფული ან პროდუქტი, სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ მოპასუხემ თავისი აქტივები გადაიტანა მოსარჩელე კომპანიაში, რის გამოც მას ჰქონდა უფლება, უკან დაებრუნებინა ის. გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ მესამე პირის კუთვნილი საქონელი და ფული მოპასუხის აქტივად. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ გააჩნდა ფინანსური ვალდებულება, რომლის გამოც კომპანია ვალდებული იქნებოდა მისთვის 251 000 ლარი გადაეცა.
15.5. კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობის შესახებ გარიგება (რამდენადაც მოსარჩელე და მოპასუხე ერთობლივად ყიდულობდნენ თხილს, ამუშავებდნენ და ექსპორტზე გაჰქონდათ; მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაფუძნებაც ორივე მხარის ინტერესს წარმოადგენდა), რომლის ფარგლებშიც გადასცა მოპასუხეს თანხა, თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობა არ დადგინდა, შესაბამისად არც ვალდებულება წარმოშობილა, რის გამოც მოპასუხეს თანხა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადაეცა. სსკ-ის 981.2 მუხლის თანახმად კი, მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიღებული ფულის სარგებლობის პროცენტი - 105 690 ლარი უნდა გადაიხადოს.
15.6. 26 370 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე მოსარჩელეს ისე ეთქვა უარი, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებაში ნახსენებიც არ არის. მითითებული თანხის მოპასუხის დავალებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, მოპასუხის ძმისშვილის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაკითხვის ოქმი; თავად მოპასუხის მოწმედ დაკითხვის ოქმი;
15.7. საქმის მასალებით დგინდება, რომ ეს თანხა მოსარჩელე კომპანიიდან გავიდა, მოპასუხის ძმიშვილმა თანხა მიიღო მოსარჩელე კომპანიის დირექტორისაგან; ასევე დგინდება, რომ მოპასუხის ძმიშვილმა თანხა გადასცა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორს. ამდენად, თანხა, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს.
16. მოპასუხემ შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება - მოსარჩელისათვის 26 257.5 ევროს დაკისრება მოითხოვა შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
16.1. პალატამ გაიზიარა მოსარჩელის შესაგებელი, რომლის თანახმადაც, თანხა მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა მხარეთა შორის არსებული სხვა ურთიერთობის (თხილის შესყიდვა) ფარგლებში და მიუთითა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მხარეთა შორის ამგვარი ურთიერთობის არსებობა დასტურდებოდა. კასატორის მითითებით სწორედ ამ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ჩარიცხულ 24 776 ევროსა და 1 481.5 ევროს არავითარი კავშირი არ აქვს მოსარჩელესა და შპს-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ამ უკანასკნელის მიერ მოსარჩელისათვის ჩარიცხულ 443 832.5 აშშ დოლართან და 2 306 902.3 ევროსთან. 26 257.5 ევრო წარმოადგენს უშუალოდ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 2 წლის ვადით უპროცენტოდ ნასესხებ თანხას.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ, ხოლო შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმების გამოყენებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასება-დადგენის თვალსაზრისით, კასატორებმა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინეს.
19. პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სარჩელი მოპასუხისათვის 80 000 ლარის, 13 630 ლარისა (40 000 ლარიდან) და ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად ზიანის - დასაბრუნებელი თანხის 0,1%-ის დაკისრების ნაწილში საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა, შესაბამისად, საკასასაციო სასამართლო მსჯელობს 251 000 ლარის, 105 690 ლარისა და 26 370 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის კანონიერებაზე.
20. მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნის - 251 000 ლარისა და 26 370 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და სსკ-ის 979.1 მუხლი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით).
21. შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. შესრულების უკან მოთხოვნისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.
22. 251 000 ლარის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემა მხარეთა შორის სადავო არ არის, ისინი შესრულების სამართლებრივ საფუძველზე დავობენ. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შესრულება სსკ-ის 102.1. მუხლიდან გამომდინარე მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, უფრო ზუსტად კი, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს გადაცემით სსკ-ის 976-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და რომ ეს ვალდებულება, ფაქტობრივად არ არსებობს. ვალდებულების არარსებობა კი, ნიშნავს შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას. ამასთან, მოპასუხემ, პოზიტიურად უნდა დაასაბუთოს საწინააღმდეგო, კერძოდ, რა არის შესრულების სამართლებრივი საფუძველი, მისი აზრით, რისთვის მიიღო შესრულება.
22.1. სარჩელის მიხედვით, მოპასუხეს ფული გადაეცა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფარგლებში, თუმცა, რაკი მოგვიანებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მხარეთა შორის არ დადგინდა ერთობლივი საქმიანობის სამართლებივი ურთიერთობა, კასატორი მიიჩნევს, რომ ამ თანხის გადაცემის ვალდებულება არ არსებობდა და მოპასუხეს უკან უნდა დაებრუნებინა. პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართულია.
22.2. მოპასუხის შესაგებლის მიხედვით, მას მიღებულის შენარჩუნების უფლება აქვს, ვინაიდან 251 000 ლარი მესამე პირის კუთვნილი თანხაა, რომელიც საგადასახადო შემოწმების პერიოდში სათანადო დოკუმენტების გაფორმების გარეშე დროებით გადატანილ იქნა მოსარჩელე საწარმოში. ვინაიდან მოპასუხე მესამე პირის 80% წილის მესაკუთრე და გენერალური დირექტორია, თანხის მიღებით მოპასუხე უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, არამედ, მან თანხა, ფაქტობრივად, დაიბრუნა.
22.3. მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ არის გამართული, რამდენადაც მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების შემთხვევაშიც კი, ის სამართლებრივად ვერ უპირისპირდება მოსარჩელის მოთხოვნას და ვალდებულების არსებობას ვერ ადასტურებს. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა, რომ მესამე პირმა შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელეს დროებით გადასცა თანხა და მიაწოდა საქონელი, ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ არ ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს აქტივების საწარმოსთვისვე დაბრუნების ვალდებულება ექნებოდა და არა - ფიზიკური პირისათვის, მოპასუხე რაკი საწარმოს 80% წილის მესაკუთრე და გენერალური დირექტორია, საკუთარ თავს საწარმოსთან აიგივებს და მიიჩნევს, რომ საწარმოს კუთვნილი ქონება თავისი ქონებაა, რაც არასწორია. იურიდიული პირი, მოცემულ შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დამოუკიდებელი სამართალსუბიექტია, რომლის უფლება-მოვალეობები იმიჯნება მისი პარტნიორისა და დირექტორის უფლება-მოვალეობებისაგან, კერძოდ, საზოგადოებას, მისი პარტნიორების პირადი ქონებისაგან განცალკევებული, საკუთარი ქონება გააჩნია.
23. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ მტკიცდება.
23.1. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება, ძირითადად, დააფუძნა სისხლის სამართლის საქმის მასალებს, კერძოდ, სააპელაციო პალატამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში მოსარჩელისა და მესამე პირის შეთანხმების საფუძველზე ამ უკანასკნელისაგან მოსარჩელემ აღურიცხავად მიიღო გარკვეული რაოდენობის საქონელი (თხილი) და ფული. სადავო 251 000 ლარი კი, სწორედ მესამე პირის მიერ მოსარჩელე კომპანიაში დროებით გადატანილი თანხაა, რომელიც მოპასუხემ დაიბრუნა.
23.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ცალკეულ პირთა ჩვენება, რომელიც მიცემულ იქნა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას სამართალდამცავი ორგანოებისადმი, ვერ იქნება განხილული სათანადო და საკმარის მტკიცებულებად, თუკი ის არ არის გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლო არ უთითებს სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული მოწმეთა ჩვენებები, მტკიცებულების რომელ პროცესუალურ საშუალებად მიიჩნია. თუ აღნიშნული ჩვენებები სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ამ შემთხვევაში, არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული მოწმის ჩვენების ინსტიტუტის თავისებურებები (სსსკ-ის 140-ე-153-ე მუხლები). თუ სააპელაციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის მასალები შეაფასა, როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენებები იმ პირთა ახსნა–განმარტებებია, რომლებიც ამ სამოქალაქო საქმეში წარმოადგენენ პროცესის მხარეებს (მაგალითად, მითითებული სადავო ფაქტის დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, მოპასუხის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაკითხვის ოქმზე) ან დაინტერესებულნი არიან საქმის შედეგით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაშიც, მათი ჩვენებები სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით უნდა გამოკვლეულიყო და შეფასებულიყო.
23.3. ამდენად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას მიცემული ჩვენებების გარდა არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ფაქტი, რომ მოსარჩელის ანგარიშზე არსებული თანხა, რეალურად, შპს-ს კუთვნილ თანხას წარმოადგენდა, რომელიც 2011 წლის დასაწყისიდან მოსარჩელე კომპანიაში იქნა გადატანილი. შესაბამისად, არ დგინდება, რომ ფული თუ მატერიალური აქტივები მესამე პირმა დროებით გადაიტანა მოსარჩელე კომპანიაში. ასეც რომ ყოფილიყო, როგორც აღინიშნა, მესამე პირის დამფუძნებელი - მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, კომპანიის თანხა თავად მიეღო. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ 251 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში დაამტკიცა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა.
24. მეორე სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 26 370 ლარის დაკისრებაა. სარჩელის მიხედვით, 26 370 ლარი მოსარჩელის დირექტორმა გადასცა მოპასუხის რწმუნებულს, რომელმაც, მოპასუხის დავალებით, თანხა გადასცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორს.
24.1. შესაგებლის მიხედვით, თანხა იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხად გაცემული, კერძოდ, მოპასუხის მითითების საფუძველზე, მისოს დირექტორმა საკუთარი ქონების უზრუნველყოფით სესხად აიღო და გადასცა მოსარჩელე კომპანიის დირექტორს. მ. დირექტორმა გადაცემული თანხით რომ ეს სესხი დაფარა, დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
24.2. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ 26 370 ლარის მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ გადაცემა ვერ დაასაბუთა. როგორც აღინიშნა (პუნქტი 22), სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შესრულება, მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, მოსარჩელეს უნდა დაესაბუთებინა 26 370 ლარის გადაცემით რომელი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და რომ ეს ვალდებულება, ფაქტობრივად არ არსებობს. მას ამის შესახებ არ მიუთითებია, ამასთან, არც მოპასუხის საწინააღმდეგო მტკიცება, რომ ამ თანხით სესხი დაიფარა, დამაჯერებლად არ უარუყვია. მოსარჩელეს საკასაციო პრეტენზიაც მხოლოდ იმ კუთხით აქვს წარმოდგენილი, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა ნამდვილად გადასცა (იხ. პუნქტი 15.7).
24.3. პალატა მიუთითებს, რომ, ამ შემთხვევაშიც, თანხის - 26 370 ლარის მოპასუხისათვის გადაცემა ამ უკანასკნელს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა სადავოა გადაცემის სამართლებრივი საფუძველი. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შესრულება კი, მოსარჩელემ სათანადოდ ვერ დაამტკიცა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაბუთებული პრეტენზია ვერ წარმოადგინა სასამართლოს მიერ დადგენილი იმ გარემოების წინააღმდეგ, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა და მოსარჩელემ მოპასუხისათვის 26 370 ლარის გადაცემით სწორედ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება შეასრულა.
24.4. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეთათვის 251 000 ლარის ვალდებულების გარეშე გადაცემა სათანადოდ დაასაბუთა, ხოლო 26 370 ლარის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაცემა ვერ დაადასტურა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ გადაცემული თანხის - 251 000 ლარის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანია, ხოლო მოთხოვნა მოპასუხისათვის 26 370 ლარის დაკისრების თაობაზე - უსაფუძვლო.
25. მოსარჩელის მოთხოვნა, უსაფუძვლოდ მიღებულ ფულზე პროცენტის - 105 690 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, სსკ-ის 981-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს (თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა ან, უხეში გაუფრთხილებლობის გამო, მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან - 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 980-ე მუხლის, ასევე, ქვემოთ მოყვანილი წესების საფუძველზე; 2. თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო, მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. საგნიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაბრუნდეს) ეფუძნება.
26. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ თანხის მიღებისას იცოდა სამართლებრივი საფუძვლის ნაკლის შესახებ, შესაბამისად, მას, როგორც ფულის არაკეთილსინდისიერ მიმღებს, პროცენტი თანხის გადაცემიდან 22.02.2011 წლიდან სარჩელის აღძვრამდე - 12.08.2013 წლამდე (რაკი მოსარჩელე სწორედ სარჩელის აღძვრამდე ითხოვს პროცენტის დაკისრებას) უნდა დაეკისროს. პროცენტის ოდენობა კი, უნდა განისაზღვროს საბანკო ანაბრისათვის სადავო პერიოდში არსებული საშუალო საბაზრო ფასის მიხედვით (წლიური 9 %) - 62 102.26 ლარით.
27. პალატის მოსაზრებით, შეგებებული საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
27.1. პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის 26 257.50 ევროს დაკისრების თაობაზე სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და სსკ-ის 979.1 მუხლს ეფუძნება.
27.2. დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 2010 წლის 19 ივნისიდან 2013 წლის 30 მაისამდე ჩაურიცხა 26 257.50 ევრო. შეგებებული სარჩელის მიხედვით, აღნიშნული თანხა შეგებებული სარჩელის მოპასუხეზე უპროცენტოდ გადაცემული სესხია. ამ უკანასკნელმა უარყო მხარეთა შორის სესხისსამართლებრივი ურთიერთობა და აღნიშნა, რომ ჩარიცხული თანხა მასსა და შპს-ს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, თხილის ბიზნესის წარმოების თანხას წარმოადგენდა.
27.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა არ დასტურდება, თუმცა მიიჩნევს, რომ პალატამ არასწორად დაადგინა, რომ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი თანხა შპს-სა და შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შორის არსებული ნასყიდობითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ჩარიცხული პროდუქციის საფასურია. სააპელაციო პალატამ ეს ფაქტი კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე დაადგინა, რომლითაც მხარეთა შორის ამგვარი ურთიერთობის არსებობა დასტურდებოდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებულ დავაში შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარე არ იყო. გადაწყვეტილებით ნასყიდობითსამართლებრივი ურთიერთობა დადგინდა მოსარჩელესა და შპს-ს შორის. ამდენად, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე ხელშეკრულების მონაწილე არ იყო. ამასთან, რომც მივიჩნიოთ, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა შპს-ს ნაცვლად ჩაურიცხა, პალატა იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობს 24 776 ევროსა და 1 481.50 ევროს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ჩარიცხვა (გადაწყვეტილებით მიწოდებულ პროდუქციასა და ჩარიცხულ თანხებს შორის სხვაობის საფუძველზე დადგინდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის ვალი შპს-ს მიმართ 410 210 ლარი და 200 200 ევრო იყო, შესაბამისად, სხვა დავალიანება ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს არ გააჩნდა). სხვა მტკიცებულება კი, რომელიც თანხის თხილის საფასურისათვის ჩარიცხვას დაადასტურებდა, წარმოდგენილი არ არის.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. პალატა აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელს ნაწილობრივ (მოპასუხისათვის 251 000 ლარისა და 62 102.26 ლარის დაკისრების ნაწილში) აკმაყოფილებს, ხოლო შეგებებულ სარჩელს სრულად აკმაყოფილებს.
29. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
30. საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 8509.36 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1491.35 ლარის გადახდა; მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 2734.65 ლარის გადახდა; მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 465.47 ლარის გადახდა;
მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 853.53 ლარის გადახდა; მოსარჩელეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 463.35 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა; მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 849.65 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა; მოსარჩელეს, შეგებებული სარჩელის მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 6023.65 ლარის გადახდა შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
31. 2017 წლის 5 ივნისს მოპასუხის წარმომადგენელმა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ შუამდგომლობა წარმოადგინა და მიუთითა, რომ თუკი მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდებოდა და მოპასუხეს თანხის გადახდა დაეკისრებოდა, ის გაქვითულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 16.09.2014 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის მოპასუხის მიმართ არსებულ ვალდებულებაში.
31.1. პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოში ზეპირი განხილვის შემდეგ საქმის არსებითად განხილვა დასრულდა 2017 წლის 29 მაისს და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2017 წლის 8 ივნისს, შესაბამისად, მოპასუხემ შუამდგომლობა წარადგინა საქმის არსებითად განხილვის დასრულების შემდგომ, როდესაც სასამართლო გასული იყო სათათბიროდ გადაწყვეტილების გამოსატანად.
31.2. სსკ-ის 442-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ დასაკისრებელ ვალდებულებათა გაქვითვის წინაპირობაა აღნიშნულის თაობაზე მხარის მიერ ნების გამოვლენა. მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ამგვარი ნება მხოლოდ საქმის არსებითად განხილვის დასრულების შემდეგ გამოხატა, რის გამოც სასამართლო ვეღარ იმსჯელებს მხარეთა ვალდებულებების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით შეწყვეტაზე. შესაბამისად, შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მხარეს უფლება აქვს, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე მოთხოვნა აღსრულების ეტაპზე წარადგინოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „კ. კ.“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ა. ფ.“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს „კ. კ.“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4.1. ა. რ. კ-ს, შპს „კ. კ.“ სასარგებლოდ, დაეკისროს 251 000 ლარის გადახდა;
4.2. ა. რ. კ-ს, შპს „კ. კ.“ სასარგებლოდ, დაეკისროს 62 102.26 ლარის გადახდა;
4.3. დანარჩენ ნაწილში შპს „კ. კ.“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. შპს „ა. ფ.“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
5.1. შპს „ა. ჯ.“, შპს „ა. ფ.“ სასარგებლოდ, დაეკისროს 26 257.50 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა;
6. ალი რიზა კიზილდაგს, შპს „კ. კ.“ სასარგებლოდ, დაეკისროს 8509.36 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
7. შპს „კ. კ.“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს 1491.35 ლარის გადახდა. თანხა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
8. ალი რიზა კიზილდაგს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს 2734.65 ლარის გადახდა. თანხა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
9. შპს „კ. კ.“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს 465.47 ლარის გადახდა. თანხა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
10. ალი რიზა კიზილდაგს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს 853.53 ლარის გადახდა. თანხა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
11. შპს „კ. კ.“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს 463.35 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა. თანხა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
12. ალი რიზა კიზილდაგს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს 849.65 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა. თანხა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
13. შპს „ა. ჯ.“, შპს „ა. ფ.“ სასარგებლოდ, დაეკისროს 6023.65 ლარის გადახდა შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
14. ალი რიზა კიზილდაგისა და შპს „ა. ფ.“ წარმომადგენლის - გ. გ-ძის შუამდგომლობა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
15. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი