Facebook Twitter

№ას-261-249-2016 15 ივლისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – რ.კ. „ა.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კოოპერატივის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აჭარის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის რ.კ „ა.“ (შემდეგში - კოოპერატივი, მოსარჩელე, კასატორი) XX ყრილობის 2013 წლის 7 ნოემბერის დადგენილებით კოოპერატივის წესდებაში განხორციელდა ნაწილობრივი ცვილება, კერძოდ, საბჭოს წევრთა შემადგენლობა ნაცვლად 21-ისა განისაზღვრა 19 წევრით; სარევიზიო კომისიაში, ნაცვლად სამისა, არჩეული იქნა ერთი წევრი; გამგეობის რაოდენობრივი შემადგენლობა, ნაცვლად 7 წევრისა, განისაზღვრა 5 წევრით. 2013 წლის 7 ნოემბრის საბჭოს კრების დადგენილებით კი, კოოპერატივის გამგეობის წევრად აირჩა 5 წევრი, ხოლო გამგეობის თავჯდომარედ ჯ. მ-ძე აირჩა.

2. 23.01.2014 წელს კოოპერატივის წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი) მიმართა და მოითხოვა 2013 წლის 7 ნოემბრის ყრილობისა და საბჭოს კრების ოქმების საფუძველზე სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. 2014 წლის 24 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი.

3. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში განმცხადებელმა ნაწილობრივ აღმოფხვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებული ხარვეზები. ხარვეზი არ აღმოფხვრილა სანოტარო წესით დამოწმებული ყრილობის ოქმის წარდგენის მოთხოვნის ნაწილში, რის გამოც განმცხადებელს უარი ეთქვა კოოპერატივის 2013 წლის 7 ნოემბრის ყრილობის ოქმისა და საბჭოს კრების ოქმის საფუძველზე მიღებული ცვილებების სამეწარმეო რეესტრში რეგიტრაციაზე.

4. 2014 წლის 19 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ყრილობის ოქმისა და საბჭოს კრების ოქმის საფუძველზე კოოპერატივის რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ ყრილობის ოქმი არ იყო დამოწმებული ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტით, რაც რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კოოპერატივის 2013 წლის 7 ნოემბრის ყრილობის ოქმისა და საბჭოს კრების ოქმის საფუძველზე შესაბამისი ცვლილება განხორციელდა კოოპერატივის საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ მონაცემებში.

7. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.01.2015 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8.1. პალატის მითითებით, დავის გადასაწყვეტად უნდა შეფასებულიყო, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული კოოპერატივის წესდებაში ცვილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმება გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილების დამოწმებას ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტის ფორმით, თუ ამგვარი გარიგების დამოწმებისას საკმარისია მასზე განხორციელებული ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, ანუ დოკუმენტის დამოწმება კერძო აქტის ფორმით.

8.2. პალატამ მიუთითა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010 წლის N71 ბრძანებაზე (შემდეგში - ინსტრუქცია), რომლის თანახმადაც იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ცალსახად ადგენს დოკუმენტის დამოწმების აუცილებლობას საჯარო აქტის ფორმით, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ნოტარიუსის ვალდებულებას, შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის და სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა.

8.3. პალატამ დაასკვნა, რომ სადავო გადაწყვეტილებათა ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, რის გამოც ისინი დამოწმებული უნდა იქნეს საჯარო აქტის ფორმით. ვინაიდან ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია მხოლოდ 2013 წლის 7 ნოემბრის ყრილობისა და საბჭოს კრების ოქმებზე არსებული ხელმოწერების ნამდვილობა და აღნიშნული დოკუმენტები ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტის ფორმით დამოწმებული არ არის, სააპელაციო პალატამ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

9.1. კასატორის მოსაზრებით, წესდებაში ცვლილების განხორციელების სანოტარო წესით დამოწმება გულისხმობს ნოტარიუსის მიერ როგორც საჯარო აქტის ფორმით დამოწმებას, ისე კერძო აქტის ფორმით დამოწმებას. იმ შემთხვევაში თუ ყრილობის მონაწილეთა თხოვნით მას დაესწრებოდა ნოტარიუსი, კრების ოქმი დამოწმდებოდა საჯარო აქტის ფორმით. ინსტრუქციის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი ადასტურებს, რომ ნოტარიუსის დასწრება ყრილობაზე და ოქმის საჯარო აქტის ფორმით დამოწმება დამოკიდებული იყო ყრილობის მონაწილეთა სურვილზე. მონაწილეებს კი, ასეთი სურვილი არ გამოუთქვამთ.

9.2. სასამართლომ გარიგება გააიგივა კრების ოქმთან, რაც არასწორია, ვინაიდან ინსტრუქციის მეხუთე თავით მოწესრიგებულია გარიგების დამოწმება, ხოლო მეშვიდე თავით კრების ოქმის დამოწმება. ამდენად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ინსტრუქციის 66-ე მუხლის მე-10 პუნქტით, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსის მიერ ოქმზე ხელმომწერი პირების ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება საკმარისია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია კოოპერატივის საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კოოპერატივის სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაზე მარეგისტრირებელი ორგანოს უარის მართლზომიერების საკითხი, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს უარი იმას ეფუძნება, რომ კოოპერატივის საერთო კრების გადაწყვეტილება არაა დადასტურებული ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტით. კასატორის მოსაზრებით, კოოპერატივის ზემოხსენებული გადაწყვეტილების დადასტურება ნოტარიუსის კერძო აქტითაც შეიძლებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში, განხორციელდა კიდეც.

15. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-11 პუნქტზე (მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში (პარტნიორთა შეთანხმებაში) ცვლილებების შეტანის თაობაზე, ამასთანავე, გადაწყვეტილება სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს), რომლითაც ამგვარი გადაწყვეტილებისათვის დადგენილია სანოტარო ფორმა.

16. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010 წლის N71 ბრძანების მე-15 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის და სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით შესრულებული სანოტარო აქტი არის საჯარო აქტი. ამავე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია, საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს სანოტარო აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა წერილობითი განმარტება. ივარაუდება, რომ მხარეებმა სანოტარო აქტის ხელმოწერამდე მიიღეს ჯეროვანი განმარტებანი. უდავოა, რომ ნოტარიუსს კოოპერატივის საერთო კრების 7.11.2013 წლის გადაწყვეტილება მითითებული ნორმების შესაბამისად, საჯარო აქტის ფორმით, არ დაუმოწმებია და გადაწყვეტილებაზე დამოწმებულია მხოლოდ ხელმოწერები კერძო აქტის ფორმით, რასაც ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-6 (გარიგებაზე ან სხვა დოკუმენტზე ხელმოწერების დამოწმებისას, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხოლოდ მხარეთა (წარმომადგენელთა) პირადობა, ქმედუნარიანობა და დაამოწმოს ხელმომწერ პირთა ხელმოწერების ნამდვილობა) და მე-7 (ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით შესრულებული დოკუმენტი არის კერძო აქტი) პუნქტები ითვალისწინებს. შესაბამისად, კოოპერატივის საერთო კრების 7.11.2013 წლის გადაწყვეტილება არაა დამოწმებული კანონით დადგენილი წესით - საჯარო სანოტარო აქტით, რის გამოც მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი კოოპერატივის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელებაზე.

17. არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლომ გარიგება გააიგივა კრების ოქმთან და არ გამოიყენა ინსტრუქციის 66-ე მუხლი, რომელიც კრების (სხდომის) ოქმის დამოწმებას აწესრიგებს და კრებაზე ნოტარიუსის დასწრებისა თუ კრების ოქმების ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტით დამოწმების სავალდებულოობას არ ითვალისწინებს.

18. პირველ რიგში, პალატა განმარტავს, რომ გარიგება კერძო სამართლის ზოგადი ცნებაა და არა მხოლოდ სამოქალაქო სამართალში, არამედ კერძო სამართლის სხვა დარგებში, მათ შორის, საკორპორაციო სამართალშიც გამოიყენება. კოოპერატივის წევრთა კრების გადაწყვეტილება მრავალმხრივი გარიგებაა, რომლის მიღების პირობები და პროცედურა, როგორც წესი, კანონით განისაზღვრება, მოცემულ შემთხვევაში, კოოპერატივის საერთო კრების გადაწყვეტილება მიიღება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე.

19. რაც შეეხება ინსტრუქციის 66-ე მუხლის პირველ (ნოტარიუსი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ან კრების (სხდომის) მონაწილეთა თხოვნით დაესწროს სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ამხანაგობების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების დამფუძნებელ, აგრეთვე მმართველ ორგანოთა კრებებს (სხდომებს) და შეადგინოს ოქმი კრების (სხდომის) მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, აგრეთვე კრების (სხდომის) ჩაშლის შესახებ) და მე-10 (იმ შემთხვევაში, როცა ნოტარიუსთან წარდგენილ იქნება სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მმართველი ორგანოების კრების (სხდომის) ოქმი, ნოტარიუსი ადასტურებს ხელმომწერი პირების ხელმოწერის ნამდვილობას ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით) პუნქტებს, მითითებული ნორმები არ აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საწარმოს მმართველი ორგანოს კრების გადაწყვეტილებისათვის (ოქმისათვის) მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-11 პუნქტი).

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.კ. „ა.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ რ.კ. „ა.“ დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #5111917020, გადახდის თარიღი 31.03.2016) 70% – 210.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი