Facebook Twitter

საქმე №ას-1611-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ბ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „კ. ბ.“ (შემდეგში მოსარჩელე), თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელი აღძრა მ. ბ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მ. ო-ძის, რ. დ-ძისა და მ. ო-ძის მიმართ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

5. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა გამოწვეული იყო აპელანტის უკიდურესად მძიმე ყოფით, ასევე - დედის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსება, რითაც წაერთვა დარღვეული უფლების დაცვის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობაში მითითებული ჰქონდა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებზე, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

7. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.

8. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან, აპელანტი დასაბუთებულად ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, რაზეც სააპელაციო სასამართლომ კანონშეუსაბამოდ უთხრა უარი.

9. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ სასამართლო ხარჯის გადახდის გადავადება სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა (სსსკ-ის 48.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს), რაც, თავის მხრივ, შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. ამავე კოდექსის 102.1 მუხლია შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103.1 მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

10. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლის საფუძველზე, ირკვევა, რომ აპელანტს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. სააპელაციო საჩივარში მან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად მხოლოდ სიტყვიერად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დროებით უმუშევარი იყო (ტომი 1, ს.ფ. 254-263), თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (მაგალითად, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა) არ წარუდგენია. ამასთან, კერძო საჩივარში, აპელანტმა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის განმაპირობებელ გარემოებად დაასახელა დედის ავადმყოფობა (ტომი 2, ს.ფ. 33-34), რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც, ასევე, არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, მას არც კი მიუთითებია, რომ ასეთი მტკიცებულება ჰქონდა, მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში აპელანტს განუმარტა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობის შესახებ. ამდენად, მხარის მიერ ფაქტებზე მხოლოდ მითითება, სსსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, არაა საკმარისი სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნულ ვადაში მოპასუხე საჭირო მტკიცებულებების მოპოვებას ვერ მოახერხებდა, მას შეეძლო ამ ვადის გაგრძელება ეთხოვა, რასაც შემდგომ სასამართლო შეაფასებდა და სათანადო საფუძვლის არსებობისას, მხარის თხოვნას დააკმაყოფილებდა (სსსკ-ის 64-ე მუხლი), თუმცა მოპასუხეს არც ამგვარად უმოქმედია.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად დაუდგინა ხარვეზი სააპელაციო საჩივარს და აპელანტს მისცა ვადა მისი გამოსწორებისათვის. კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, რაც, სსსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. სსსკ-ის 70.1 მუხლის წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2018 წლის 19 ოქტომბერს ჩაჰბარდა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 18). შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 20 ოქტომბერს დაიწყო და იმავე წლის 29 ოქტომბერს დასრულდა, თუმცა აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

14. რაც შეეხება უფლების სასამართლო წესით დაცვის შეზღუდვის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, აქ საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, როდესაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს (იხ. სუსგ №ას-1494-2019, 27 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-396-2019, 28 ივნისი, 2019 წელი). როგორც ზემოთ ითქვა, აპელანტს სასამართლოსათვის ბაჟის გადავადების დასაბუთებული შუამდგომლობა არც წარუდგენია. ასეთ დასაბუთებას არც კერძო საჩივარში არ შეიცავს.

15. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, სამართალწარმოებისათვის გარკვეული საფასურის დაწესება არ არღვევს კონვენციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებასაც. სასამართლოს განმარტებით, ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით (Kreuz v. Poland, 19.06.2001). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე (1) მუხლითა და „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. როგორც აღინიშნა, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, პალატის განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

16. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: სუსგ №ას-1494-2019, 27 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; №ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; №ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; №ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი