Facebook Twitter

საქმე №ას-1486-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „ო.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ა. ს. ბ.- ს.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: სს „ა. ს. ბ.- ს.“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, ბანკი, საზოგადოება) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.1. შპს „ო.“ (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, კერძო საჩივრის ავტორი) 2 060 400 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ;

1.2. მსესხებელს 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 45 331.3 ევროს გადახდა დაეკისრა კრედიტორის სასარგებლოდ;

1.3. სარჩელი არ დაკმაყოფილდა მსესხებლისათვის პროცენტის - 30 478.46 ლარისა და პირგასამტეხლოს, 3 865 310.4 ლარის, დაკისრების მოთხოვნის ნაწილებში;

1.4. სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილშიც, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, 54 178.02 ევროს, პროცენტის - 6 881.1 ევროსა და პირგასამტეხლოს, 186.329.13 ევროს, მთლიანად 247 388.25 ევროს დაკისრება;

1.5. ამასთან, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 2012 წლის 11 ოქტომბრის კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8 225.09 ევროს დაკისრებაზე.

2. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილებში გაასაჩივრა სააპელაციო წესით და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

4. 2019 წლის 26 ივნისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „იბა ჯეომ“ (შემდეგში: ახალი კრედიტორი, ახალი საზოგადოება), რომელმაც მოითხოვა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მისი ცნობა იმ საფუძვლით, რომ კრედიტორმა საქმიანობის სფერო და სახელწოდება შეიცვალა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით, ზემოხსენებული განცხადება დაკმაყოფილდა.

5.1. სააპელაციო სასამართლომ განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა განმცხადებლის მიერ წარდგენილ არაერთ მტკიცებულებაზე, მათ შორის: სს „ა. ს. ბ.- ს.“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და მისი არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის განკარგულებაზე; რეორგანიზაციის, საქმიანობის სფეროსა და სახელწოდების შეცვლის შესახებ - სს „ა. ს. ბ.- ს.“ ერთადერთი მონაწილის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე; სს „ი. ჯ.“ წესდებაზე; სამეწარმეო რეესტრიდან 2019 წლის 8 აპრილის ამონაწერზე. სამართლებრივად განჩინება დაეფუძნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 92.1 მუხლის დანაწესს.

6. დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

6.1. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა არსებობდეს გარანტი - კონკრეტული ბანკის სახით. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი გარანტის არსებობა არ იკვეთება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ახალი კრედიტორის ცნობის მართლზომიერება.

9. ზემოაღნიშნული თვალსაზრისით, საკითხის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 92-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ეს ნორმა განსაზღვრავს საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს. საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც, მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც (შდრ. სუსგ №ას-1477-1397-2017, 30.01.2018; სუსგ ას-74-2019, 7.02.2019).

10. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 11 დეკემბერს ბანკის დამფუძნებელმა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა წერილობით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს. მან ბანკის ისეთ იურიდიულ პირად რეორგანიზაციაზე ნებართვის მიღება ითხოვა, რომელიც არ აწარმოებს საბანკო საქმიანობას (ტომი 3, ს.ფ. 157). სს „ა. ს. ბ.- ს.“ (ს/ნ2023…) ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და სს „ა. ს. ბ.- ს.“ (ს/ნ20235…) არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის განკარგულებით დასრულდა ბანკის ლიკვიდაციის პროცესი და მას თანხმობა მიეცა, გარდაქმნილიყო, არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად (ტომი 3, ს.ფ. 145). ზემოხსენებული განკარგულებისა და ბანკის ერთადერთი დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბანკი გარდაიქმნა არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად, კერძოდ, სს „ი. ჯ.“ და შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (ტომი 3, ს.ფ. 142-165).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა მივიჩნიოთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე სს „ა. ს. ბ.- ს.“ ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა იმგვარად, რომ იგი გარდაიქმნა არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად - სს „ი. ჯ.“. შესაბამისად, ეს უკანასკნელი წარმოადგენს მოსარჩელის უფლებამონაცვლეს.

12. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კერძო საჩივრის ავტორის მიერ იმაზე აპელირება, რომ არ არსებობს საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი წინაპირობა - არ იკვეთება კონკრეტული ბანკის სახით გარანტის არსებობა. ამ კუთხით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილი შეეხება არა საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნას (ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა), არამედ კრედიტის დაუბრუნებელი ნაწილის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდას. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებული არგუმენტი, უსაფუძვლოა.

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ო.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი