Facebook Twitter

საქმე №ას-334-2019 31 მაისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ი. დ-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ი. ფ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხისა და იპოთკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი. დ-ამ (შემდგომში - მოსარჩელე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ფ-ის (შემდგომში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-10 პუნქტის (რომელიც ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილებას განსაზღვრავს) ბათილად ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. მოსარჩელემ საჩივარი წარადგინა დაუსწრებელ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე მოსარჩელის საჩივარი უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა ათი დღით, ხოლო 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით, კიდევ ხუთი დღით გაუგრძელდა. ეს უკანასკნელი 2019 წლის 25 იანვარს აპელანტის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა. აპელანტმა სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და ამ ვადაში არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე, 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა დადგენილ ვადაში სასამართლოში არ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი.

9. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

10. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა განპირობებული იყო მოსარჩელის მძიმე ფინანსური მდგომარეობით. მან სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მისი მდგომარეობა და უკანონოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

12. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი და მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მისთვის დამატებითი ვადა უნდა მიეცა სახელმწიფო ბაჟის თანხების მობილიზებისთვის.

13. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას არ იზიარებს და მომჩივნის ყურადღებას შემდეგ გარემოებებზე მიაქცევს:

13.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას გარკვეულ შეზღუდვებს უდგენს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი), რომლის შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, მიიღებს იმ უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები). როგორც აღინიშნა საპროცესო კანონმდებლობა ადგენს სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების გამონაკლისს, კერძოდ, აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სასამართლო ხარჯების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება, გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია საერთოდ, კონკრეტული დროისათვის ან გარკვეული ოდენობით.

13.2. მოცემულ შემთხვევაში, მომჩივანი აპელირებდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, რამაც ის შეაფერხა გადაეხადა სააპელაციო სამართალწარმოებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის შესაბამისი ოდენობა, თუმცა მას სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენია საკუთარი მძიმე მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, მართებულად არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. რაც შეეხება, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე აპელირებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გაგრძელებას, სასამართლოს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახის მიზნით სახსრების მოსაძიებლად მომჩივანს მისცეს დამატებითი დრო, თუმცა ეს უნდა იყოს გონივრული ვადა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამართალწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს, საპროცესო ვადის ხანგრძლივად გაგრძელება კი, უთუოდ შელახავს მხარეთა თანაბარი მოპყრობის პრინციპს და საქმის განხილვას დაუსაბუთებლად გააჭიანურებს. ამავდროულად, მართალია, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სპექტრს განეკუთვნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამგვარი მოთხოვნით სასამართლოს მიმართ მიმართვა არ იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული, მით უმეტეს, როდესაც მომჩივანი ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოს წინაშე რამდენიმეჯერ შუამდგომლობს.

13.3. განსახილველ დავაზე, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოსთვის წარდგენის მიზნით, აპელანტს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების ვადა სააპელაციო სასამართლომ არაერთგზის, ჯერ 2018 წლის 22 ნოემბერს, ხოლო შემდგომ 2019 წლის 8 იანვარს გაუგრძელა. აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში სასამართლოში არც სახელმწიფოს ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და არც მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი არ წარუდგენია, რომელიც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა შესაბამისი შუამდგომლობის თანხლებით, კიდევ ერთხელ შეეფასებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობა. საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ სასამართლო, საკუთარი ინიციატივით ვერ გამოიკვლევს მხარის ქონებრივ მდგომარეობას და დაინტერესებულმა პირმა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სასამართლოს წინაშე საკუთარი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენით უნდა დაასაბუთოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელებისა თუ გადავადების აუცილებლობა. სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კეთილი ნების საფუძველზე აპელანტს ორჯერ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, მიუხედავად იმისა, რომ მას სასამართლოსთვის საკუთარი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარუდგენია, ხოლო ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს ბოლო განჩინების (2019 წლის 8 იანვრის) ჩაბარების შემდგომ, ისე ამოიწურა საპროცესო ვადა, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით დამატებითი ვადის მიუცემლობის თაობაზე, არათუ არ შეესაბამება რეალობას, არამედ, პირიქით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ზემოხსენებული განჩინებები ერთმნიშვნელოვნად მოწმობს საპირისპირო გარემოებას. საგულისხმოა ისიც, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე მოსარჩელეს არც სააპელაციო საჩივარში და არც კერძო საჩივარში არ მიუთითებია.

14. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. დ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი