Facebook Twitter

№ ას-172-2020 17 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ლევან მიქაბერიძე,

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი (საჩივრის ავტორი) - ე. წ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა (საჩივრის ავტორის) – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით, ე. წ-ს (შემდეგში: მოსარჩელე, განცხადების (საჩივრის) ავტორი) უარი ეთქვა სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე შპს ,,ს.“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღდეგე მხარე) წინააღმდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

2. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა ხარვეზის თაობაზე არსებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული კერძო საჩივარი ნაბეჭდი სახით, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი, მასზე დადგენილი ხარვეზის, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის საფუძვლით.

5. დასახელებულ განჩინებაზე განცხადება (საჩივარი) წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი (განცხადება) განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. იმავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

8. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ უარის თქმის თაობაზე, კერძო საჩივრით გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელიც განუხილველად დარჩა, კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, მხარემ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, ხოლო საპროცესო კანონმდებლობა ე.წ. მეორეულ აპელაციას არ ითვალისწინებს (განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საბოლოოა და მის გასაჩივრებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს), განუხილველად უნდა დარჩეს წარმოდგენილი განცხადება (საჩივარი) და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე. წ-ის განცხადება (საჩივარი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ლ. მიქაბერიძე