Facebook Twitter

ბს-60-7-კს-04 19 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება და საქმის წარმოებაში მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 26 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სს “ე.-ის” მიმართ და მოითხოვა ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ არსებული დავალიანების _ 20075 ლარის _ დაფარვის მიზნით ღია აუქციონზე მოპასუხის ქონების რეალიზაცია.

სს “ე.-მ” სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ _ არ ცნო ქონებისა და მიწის გადასახადის დავალიანება საურავთან ერთად, ხოლო დღგ-ს, სოციალური გადასახადისა და სხვა სახის დავალიანების არსებობა არ უარყო და გამოხატა მოსარჩელესთან შეთანხმებით დადგენილ ვადაში დაფარვის მზადყოფნა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი და დაადგინა სს “ე.-ის” სახელმწიფო დავალიანების _ 90075 ლარის _ დაფარვის მიზნით სპეციალიზებულ ღია აუქციონზე ამ უკანასკნელის 272039 ლარის ღირებულებას ქონების რეალიზაცია. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ე.-მ”, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა ქონებისა და მიწის გადასახადის ძირითადი დავალიანების დავალების (საურავთან ერთად) დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ, სხვა სახის გადასახდელის დაკისრების ნაწილში სარჩელი ცნო. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა ასევე ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 2 ოქტომბრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების პირველი პუნქტით აპელანტის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დააკმაყოფილა, ამავე დროს აპელანტს მიეცა ვადა ხარვეზის, კერძოდ, ვ. მ.-ის მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების დოკუმენტის წარმოდგენისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით, სასამართლო განჩინების პირველი პუნქტის კერძო საჩივრის შეტანით გასაჩივრების უფლება.

აპელენტმა ვ. მ.-ის სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა მინდობილობა, რომლითაც მას მოსარჩელე უფლებას ანიჭებდა წარმოედგინა სს “ე.-ი” ყველა ინსტანციის სასამართლოში და გაესაჩივრებინა სასამართლო გადაწყვეტილებები. ხოლო განჩინების პირველი პუნქტი სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრდა კერძო საჩივრის შეტანით, რომელშიც აპელანტმა მიუთითა, რომ სს “ე.-ი” იმყოფებოდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, რასაც ადასტურებდა ბანკ “...-იდან” წარმოდგენილი ამონაწერი სს-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და რაც მისი აზრით, წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს. აპელენტმა ითხოვა 2003წ. 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნის უარყოფის ნაწილში და საბაჟოს გადახდის გადავადება, რათა შეძლებოდათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დარღვეული უფლების აღდგენა. 2004წ. 22 იანვრის განჩინებით საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი ამონაწერით არ დასტურდებოდა სს “ე.-ის” გადახდისუუნარობა, დოკუმენტი წარმოდგენილი იყო ასლის სახით, ბეჭდის გარეშე, ამავე დროს ამ დოკუმენტით შეუძლებელი იყო მხარის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებას.

ამავე დროს სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 22 იანვარს გამოიტანა მეორე განჩინებაც, რომლითაც სს “ე.-ის” წარმომადგენლის, სს-ის რუსთავის ფილიალის “ბ.-ის” დირექტორის, ვ. Mმ.-ის, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ აპელანტმა არ გამოასწორა ხარვეზი, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ხოლო წარმოდგენილი ამონაწერით სს ბანკი “...-იდან” არ დასტურდებოდა სს “ე.-ის” გადახდის უუნარობა და იგი არ წარმოადგენდა ხარვეზის გადახდის გადავადების საფუძველს.

სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სს “ე.-ის” მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრის შეტანის გზით იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის განხილვისა თუ განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას სს “ე.-ის” 2004წ. 15 იანვრის კერძო საჩივარზე საპელაციო პალატის 2004წ. 8 დეკემბრის განჩინებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კერძო საჩივარი, ისე, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია მისი საფუძვლიანობის თაობაზე, გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სს “ე.-ის” წარმომადგენლის, ვ. Mმ.-ის, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ივნისის განჩინება სს “ე.-ის” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სს “ე.-ის” მიერ წარმოდგენილი სს ბანკი “...-ის” ცენტრალური ფილიალის 2004წ. 8 თებერვლის ამონაწერისა და სს “ს.-ის” რუსთავის ფილიალის 2004წ. 12 თებერვლის ¹01—03/064 ცნობის საფუძველზე სს “ე.-ს” უნდა გადაევადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა და მისი სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში, ვინაიდან აღნიშნული ამონაწერი და ცნობა ნათლად მიუთითებენ აპელანტის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ ეტაპზე მისი მხრიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობაზე. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოცემული დავა საგადასახადო დავათა კატეგორიას განეკუთვნება, მოსარჩელე მხარეს ფაქტობრივად სახელმწიფო წარმოადგენს, რომელიც არ არის შეზღუდული ბაჟის გადახდით და აპელანტისთვის, მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმა საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს “ე.-ის” წარმომადგენლის ვ. მ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 იანვრის განჩინება სს “ე.-ის” წარმომადგენლის, ვ. Mმ.-ის, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, სს “ე.-ს”, სსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე, მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაევადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და სს “ე.-ის” სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ე.-ის” წარმომადგენლის, ვ. მ.-ის, კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 იანვრის განჩინება სს “ე.-ის” წარმომადგენლის ვ. მ.-ის, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

3. სს “ე.-ს” გადაევადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

4. სს “ე.-ის” წარმომადგენლის, ვ. მ.-ის, სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრედება.