№ას-539-539-2018 21 დეკემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი (მოსარჩელე) – მ. გ-ძე
წარმომადგენელი - თ. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლა
წარმომადგენლები - ს. ლ-ძე (დირექტორი); მ. მ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. გ-ძე (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) 19... წლის ... სექტემბრიდან დასაქმებული იყო სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლის (შემდეგში - სკოლა, მოპასუხე ან დამსაქმებელი) პედაგოგად, ხოლო 20... წლის .... სექტემბერს დაინიშნა ამავე სკოლის .... მასწავლებლად. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 695.02 ლარს შეადგენდა.
2. სკოლის დირექტორის 2016 წლის 24 ივნისის #1/კ-049 ბრძანებით, დასაქმებულს, სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, დისციპლინური სახდელის სახით გამოეცხადა სასტიკი საყვედური (იხ. ბრძანება ს.ფ. 80.ტ.1).
3. 2016 წლის 15 სექტემბერს მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულების ხელახლა დადებით, გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, რომლის მოქმედების ვადად 2019 წლის 15 სექტემბერი განისაზღვრა (ხელშეკრულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი).
4. 2016 წლის 11 ნოემბერს, სკოლის მე-10 კლასის რამდენიმე მოსწავლეს, იმავე სკოლის მე-6-მე-7 კლასის მოსწავლეებსა და მოსარჩელის შვილს შორის ინციდენტის შედეგად, მოსარჩელემ სკოლის ორ მოსწავლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
5. 2017 წლის 24 იანვარს შედგა სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომა, მოსარჩელის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხის განსახილველად, კერძოდ, ამავე სკოლის მეათე კლასის მოსწავლის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, მეთორმეტე კლასის მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მის პირად ცხოვრებაში ჩარევის ფაქტზე. სკოლის მეათე კლასის მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე საკითხის განხილვისას დადგინდა, რომ მოსარჩელის ქმედება წარმოადგენდა სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-8 ნაწილის დარღვევას და მოსარჩელეს დისციპლინურ სახდელად დაეკისრა ხელფასის დაკავება არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. იმავე სკოლის მეთორმეტე კლასელის მიმართ საკითხის განხილვისას დადგინდა, რომ მოსარჩელის ქმედება არ წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას, ხოლო მეათე კლასის მოსწავლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისათვის, მოსარჩელეს სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლება (იხ. ოქმი ს.ფ. 123-132. ტ.1).
6. სკოლის დირექტორის 2017 წლის 27 იანვრის #1/კ-008 ბრძანების (შემდეგში სადავო ბრძანება) 1-ლი პუნქტით, დასაქმებულს სკოლის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, დისციპლინური სახდელის სახით 10 სამუშაო დღის ხელფასი დაუკავდა. იმავე ბრძანების მეორე პუნქტით, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, მოსარჩელეს დისციპლინურ სახდელად სამსახურიდან გათავისუფლება დაეკისრა (იხ. ბრძანება ტ.1. ს.ფ. 133).
7. 2017 წლის 1 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა.
9. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის #158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 35-ე მუხლები, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 37-ე მუხლი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის #57/ნ ბრძანება გამოიყენა.
9.1. რაიონულმა სასამართლომ საქმეზე გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სკოლის მეათე კლასის მოსწავლეს ფიზიკურად არ შეჰხებია, თუმცა ორ მოსწავლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, მოსწავლეები და მათი ოჯახები მოიხსენია არაეთიკურად, რის საფუძველზეც დისციპლინურმა კომიტეტმა შეისწავლა ვითარება და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა დირექტორის ბრძანება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა და მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მხრიდან არ ვლინდებოდა სკოლის მეათე კლასის მოსწავლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ დირექტორის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე კანონიერი იყო, აღნიშნულის არგუმენტად სასამართლომ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსარჩელის მიმართ უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სასატიკი საყვედური, რაც შკს-ის 37-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძვეზე ამართლებდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
10.1. აპელანტის მტკიცებით, სადავო ბრძანების 1-ლი პუნქტის საფუძველზე, შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, დისციპლინური სახდელის სახით 10 სამუშაო დღის ხელფასი დაუკავდა; ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის საფუძველზე კი, შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, დისციპლინურ სახდელად სამსახურიდან გაათავისუფლეს. აპელანტმა ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ მისი მხრიდან სკოლის მეათე კლასის მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დადასტურდა. ამდენად, აპელანტის განმარტებით, მას ერთი სამართალდარღვევისათვის ორი დისციპლინური სახდელი დაეკისრა, რაც დუაშვებელი იყო.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა უხეშად დაარღვია, მასწავლებლის ეთიკის ნორმები. პალატამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია აპელანტის მხრიდან მოსწავლეებისადმი მიმართვის ვერბალურ ფორმას და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ბავშვები და მათი ოჯახის წევრები უხამსად მოიხსენია თანასკოლელებისა და მასწავლებლის თანდასწრებით; ამავდროულად, პედაგოგი უხეშად შეეხო მოზარდთათვის უაღრესად ფაქიზ და ინტიმურ საკითხს - არასრულწლოვანთა სქესობრივ ცხოვრებას.
11.3. სააპელაციო პალატის დასკვნით, მართალია, დისციპლინური სამართალწარმოების დროს აპელანტის მიერ ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის დადასტურებული ფაქტი, სასამართლო სამართალწარმოების ფარგლებში არ დამტკიცდა, მაგრამ დამსაქმებლის ნების გამოვლენა მოსარჩელესთან ხელშეკრულების მოშლის თაობაზე მართლზომიერი იყო, ვინაიდან, მოსაწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის არსებობის მიუხედავადაც, აპელანტის მიერ ჩადენილი, უდავოდ დამტკიცებული და ყოვლად მიუღებელი ქმედებებიც საკმარისი საფუძველი იყო დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების მოსაშლელად.
12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
12.1 კასატორის განმარტებით, მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დადასტურებულა, შესაბამისად, არ გამოვლენილა დასაქმებულის ის დისციპლინური გადაცდომა, რის საფუძველზეც მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. კასატორის მტკიცებით, ზემოხსენებული გარემოებების გათავალისწინებით, მას ერთი სამართალდარღვევისათვის ერთდროულად დაკისრებული აქვს ორი დისციპლინური სახდელი - 10 დღის ხელფასის დაკავება და სამუშაოდან დათხოვნა, რაც დაუშვებელია.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დასაბუთებულია.
16. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
17. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) და შრომის შინაგანაწესის 22.9 მუხლი დაედო.
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოხსენებული ნორმის დანაწესი, შესაბამისად, არ გამოიკვლია ამ ნორმის სწორად გამოყენებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა და იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო სარჩელის უარყოფით, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).
20. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში გამორკვეულია, რომ დასაქმებულთან დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა ცალმხრივად შეწყვიტა 2017 წლის 27 იანვრის ბრძანების საფუძველზე. სადავო ბრძანება ორი ნაწილისგან შედგება, რომლის პირველი ნაწილით მოსარჩელეს მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დაეკისრა დისციპლინური სახდელი 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება, ხოლო მეორე ნაწილით მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე რეაგირების სახით დასაქმებული სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე პალატის მსჯელობის საგანს მითითებული ნორმის წინაპირობების არსებობის შემოწმება და ამ ნორმის დანაწესის სამართლებრივად სწორი ინტერპრეტაციის შედეგად, სადავო საკითხის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია წარმოადგენს.
21. საკასაციო პალატის წინაშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში დასმული საკვანძო საკითხის გამორკვევის მიზნით, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ სამართალწარმოების პროცესში განხორციელებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის ფარგლებში დადგენილია, რომ დასაქმებულმა მოსწავლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო დასაქმებულის მხრიდან მოსწავლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის სადავო ფაქტი არ დადგინდა.
22. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ: სუსგ. საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი). ამდენად, შრომითსამართლებრივი ურთიერთობებში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში პალატის განმარტებით, სწორედ სადავო სამართალურთიერთობის ძლიერი მხარე - დამსაქმებელი იყო ვალდებული სასამართლოს წინაშე დაემტკიცებინა მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებით სადავო ფაქტი არ დადასტურდა, ხოლო მხოლოდ დისციპლინური კომიტეტის სხდომის აქტი არ წარმოადგენდა მოსწავლის ფიზიკური შუერაცხყოფის ფაქტის დასადასტურებლად საკმარის საფუძველს. აქვე, ამ საკითხთან დაკავშირებით, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკასაციო სამართალწარმოების დროს პალატა ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებით (სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) და სამართლებრივი კონტექსტით აფასებს დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტები, რამდენად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.
23. დავაზე დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ივნისს დასაქმებულს კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, დისციპლინური სახდელის სახით გამოეცხადა სასტიკი საყვედური. 2017 წლის 27 იანვარს კი, მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დიციპლინური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაუკავდა 10 სამუშაო დღის ხელფასი, ისე რომ წინმსწრები სახდელი გაქარწყლებული არ ყოფილა. დამსაქმებლის მოსაზრებით, ერთი წლის განმავლობაში ზედიზედ ორი დისციპლინური გადაცდომის ჩადენით, დასაქმებულმა შექმნა მისი სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივად ლეგიტიმური საფუძველი. ეს მიდგომა გაიზიარეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმაც. საკასაციო პალატის განსჯით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ამგვარი ინტერპრეტაცია არ გამომდინარეობს კანონმდებლის ნებიდან და დასაქმებულის ორმაგად დასჯის სტანდარტს ქმნის, რაც ეწინააღდეგება არა მხოლოდ შრომის კანონმდებლობას, არამედ სამოქალაქო სამართალში გაბატონებულ სამართლიანობის ზოგად პრინციპსაც, რომ არ შეიძლება პირს ერთი და იმავე ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რამდენიმეჯერ დაეკისროს. განსახილველ შემთხვევაში, მართალია როგორც შრომის კოდექსის, ასევე შინაგანაწესის შესატყვისად, დამსაქმებელს ჰქონდა კანონშესაბამისი უფლებამოსილება 1 წლის განმავლობაში განმეორებით შრომითი ვალდებულების დარღვევისათვის გაეთავისუფლებინა დასაქმებული თანამდებობიდან, თუმცა საქმის გარემოებები ცხადყოფს, რომ დამსაქმებელმა ნაცვლად სამუშაოდან გათავისუფლებისა, დასაქმებულს სახდელის სახით შეუფარდა 10 დღის ხელფასის დაკავება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი დავუშვებთ, რომ დასაქმებულისათვის 1 წლის განმავლობაში ორჯერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენამ წარმოშვა დამატებით სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველიც, შედეგად მივიღებთ, რომ დასაქმებულს მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის ერთდროულად უნდა შეფარდებოდა როგორც ხელფასის დაკავების სანქცია, ასევე სამუშაოდან დათხოვნაც, რაც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის იურიდიულ არსს ეწინააღმდეგება და ვალდებულების დამრღვევი დასაქმებულის დასჯის ისეთ მოდელს ქმნის, რაც კანონის ინტერეპრეტაციის არცერთი მეთოდით არაა გამართლებული და დასაშვები. კონკრეტულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა სადავო ბრძნების ორ ნაწილად დიფერენცირების ფარგლებში, პედაგოგს არა მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფის, არამედ მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის შეუფარდა სამსახურიდან გათავისუფლების სანქცია, თუმცა, ვინაიდან, მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში არ დადგინდა ამ ფაქტის ნამდვილობა, სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა ამ დარღვევისათვის დასაქმებულის წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობის გადამჭრელი ზომების მიღებას. მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კი, დამსაქმებელმა მიზანშეწონილად მიიჩნია რა, დამოუკიდებელი, სხვა სახდელის გამოყენება, მან დაკარგა მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება. საბოლოოდ, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხემ ამ დავის ფარგლებში ვერ შეძლო სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაემტკიცებინა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერება. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დავაზე გამოიკვეთა დამსაქმებლის სადავო ბრძანების მე-2 პუნქტის (მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების) ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
24. დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების სამართლებრივი საფუძვლიანობის გაქარწყლების პარალელურად საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დასაქმებულის შრომით უფლებებში რესტიტუციის სამართლებრივი საკითხის გადაჭრა.
24.1. საკასაციო პალატის განმარტებით, სამუშაოზე აღდგენის სასარჩელო მოთხოვნა, მას შემდეგ რაც გამოიკვეთება დამსაქმელის არამართლზომიერი ქმედება, უპირველესად, უნდა შეფასდეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონტექსტით. მითითებული ნორმის თანახმად კი, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). ამდენად, შრომის კანონმდებლობა უპირატესად სწორედ დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას მოიაზრებს დარღვეული უფლების რესტიტუციის ყველაზე უფრო სამართლიან ღონისძიებად, ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად ამ უფლების გამოყენებისათვის კანონმდებლობა შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობას (აღარ არსებობს ის სტუქტურული ერთეული, რომელშიც დასაქმებული მუშაობდა, დასაქმებულის მიერ დაკავებულ შტატზე სხვა პირი დასაქმდა და სხვა) უკავშირებს.
25. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, 2018 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, დამსაქმებელმა მიუთითა, რომ მას არ გააჩნდა დასაქმებულის სამუშაო ადგილზე აღდგენის რესურსი, ვინაიდან, დასაქმებულის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე სხვა პირი ახორციელებდა საქმიანობას. ამავდროულად, კასატორმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ მისთვის პრიორიტეტული არ იყო სამუშაოზე აღდგენა და ერთი წლის შრომის ანაზღაურების ტოლფასი კომპენსაციის (8340.24 ლარის (695.02*12)) მიღების ფარგლებში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, რაც სარჩელის შეცვლად არ განიხილება და ამ უფლებით სარგებლობა სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი (სსსკ-ის 83.4 მუხლის თანახმად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.). ამდენად, დავაზე ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა დამსაქმებლისათვის შრომითი კომპენსაციის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
25.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. აქედან გამომდინარე, კომპენსაციის გამოანგარიშებისას პალატამ იხელმძღვანელა როგორც ზემოხსენებული კრიტერიუმებით, ასევე კასატორის მიერ მითითებული, მოპასუხისათვის დასაკისრებელი კომპენსაციის მოცულობის ფარგლებით და კომპენსაციის გონივრულ ოდენობად, დასაქმებულის ერთი წლის შრომის ანაზღაურება მიიჩნია.
26. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოპასუხეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული სასამართლო ხარჯის - 225 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ. გ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. გ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ .... საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 27 იანვრის #შ71701/კ-008 ბრძანების მე-2 პუნქტი მ. გ-ძის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ;
5. სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლას, მ. გ-ძის სასარგებლოდ, დაეკისროს კომპენსაციის - დასაქმებულის ერთი წლის ხელფასის - 8340.24 (რვა ათას სამას ორმოცი ლარი, 24 თეთრი) ლარის გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით;
6. მ. გ-ძის სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
7. სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის საჯარო სკოლას, მანანა გამცემლიძის სასარგებლოდ, დაეკისროს 225 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი