საქმე №ას-1668-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – მ. რ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – მ. ბ-აძე, გ. წ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ. რ-ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სასამართლოში სარჩელი აღძრა მ. ბ-ისა (შემდეგში პირველი მოპასუხე) და გ. წ-ის (შემდეგში მეორე მოპასუხე) მიმართ და მათთვის ზიანის, 10 055.87 ლარის, ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა პირველმა მოპასუხემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იშუამდგომლა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ აპელანტის წარმომადგენელი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა. მას გაუკეთდა რთული ოპერაცია, კერძოდ, ტერფის დრენირება და უკვე თითქმის 7 თვეა, ამბულატორიაში გადახვევის პროცედურას იკეთებს, რადგან არცერთი ტერფი არ შეხორცებულა. საგულისხმოა ისიც, რომ მოცემული სასამართლო სხდომის გადადებას მეორე მხარეც ითხოვდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 387.1 და 387.3 მუხლების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 229.2 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
10. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის, აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
12. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. #ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ; #ას-1410-1330-2017; 30.01.208 წ).
13. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
15. ამდენად, ნათელია, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით ავადმყოფობა ის მიზეზია, რომელიც მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ ცნობას განაპირობებს, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუკი წარმოდგენილი იქნება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა და ეს ცნობა პირდაპირ მიუთითებს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
16. საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი ისაა, აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ქმნის თუ არა საფუძველს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის. ამ შემთხვევაში, საუბარია შემდეგ მტკიცებულებებზე, კერძოდ, შპს „ნ. ჰ.“ 2019 წლის 18 სექტემბრის ცნობაზე და ამავე დაწესებულების მიერ გაცემულ საავადმყოფო ფურცელზე. მათი მეშვეობით დგინდება შემდეგი: აპელანტის წარმომადგენელმა მ.ჩხარტიშვილმა შპს „ნ. ჰ.“ ამბულატორიას მიმართა 2019 წლის 18 სექტემბერს, რა დროსაც დაუდგინდა დიაგნოზი: „მარცხენა ტერფის ფლეგმონა L03.1 ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 E11.5 დიაბეტური ტერფი“. იქვე, მოკლე ანამნეზში აღნიშნულია, რომ პაციენტს 2019 წლის ივლისში გაუკეთდა ოპერაცია - „მარცხენა ტერფის ფლეგმონის გახსნა-დრენირება“. მას ყოველდღიურად სჭირდებოდა შეხვევა, პაციენტი იმყოფებოდა ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, ამავე დღეს მას მიეცა ბეტადინითა და დერმაზინის მალამოთი შეხვევის თაობაზე სამკურნალო და შრომითი რეკომენდაცია (ს.ფ. 344-345). რაც შეეხება საავადმყოფო ფურცელს, მასში მითითებულია მ.ჩ-ის სტაციონარში ყოფნის პერიოდზე - 2019 წლის 12 ივნისიდან 2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით (ს.ფ. 346-347).
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცნობები ვერ გამოდგება საკმარის საფუძვლად სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის. როგორც ზემოთ განიმარტა, კანონმდებელი საამისოდ მოითხოვს ისეთი ცნობის არსებობას, სადაც პირდაპირ იქნება აღნიშნული სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ზემოხსენებული არცერთი ცნობა ამგვარ მითითებას არ შეიცავს. ამასთან, არც მათი შინაარსიდან არ ირკვევა, შეეძლო თუ არა აპელანტის წარმომადგენელ მ.ჩხარტიშვილს გადაადგილება შესაბამისი დიაგნოზის არსებობის პირობებში. ცნობიდან ჩანს, რომ პაციენტს რეკომენდაცია მიეცა დღეში ერთხელ გადახვევასა და მალამოს წასმაზე, მაგრამ არ ჩანს ამ უკანასკნელის მიერ გადაადგილების შეუძლებლობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება. თუკი ასეთი ვითარება იარსებებდა, როგორც წესი, მას საავადმყოფო ფურცელს გაუგრძელებდნენ, რაც საქმის მასალებით არ დგინდება. ზემოთ აღინიშნა, რომ საქმეში არსებობს სასამართლო სხდომამდე გაცილებით ადრე გაცემული საავადმყოფო ფურცელი. ამ დოკუმენტის მიხედვით, მ.ჩხარტიშვილი სტაციონარში 2019 წლის 12 ივნისიდან ამავე წლის 24 ივნისამდე იმყოფებოდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომა (სადაც აპელანტი არ გამოცხადდა) ოთხ თვეზე მეტი ხნის შემდეგ - 2019 წლის 29 ოქტომბერს დაინიშნა. „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის #281/ნ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი სწორედ საავადმყოფო ფურცელია. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებსა და უცხოელებზე, რომლებიც მუშაობენ საქართველოს საწარმოებში, ორგანიზაციებში და დაწესებულებებში, მიუხედავად მათი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმისა. ამდენად, საავადმყოფო ფურცელი ის დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს პირის შრომისუუნარობის ფაქტს. შესაბამისად, მისი მეშვეობით, სასამართლოსთვისაც სარწმუნო გახდებოდა იმ ფაქტის უტყუარობა, რომ საავადმყოფო ფურცელზე მყოფი პირი სასამართლოში ვერ გამოცხადდებოდა. სხდომაზე წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერც საქმეში არსებული ფოტოსურათები (ს.ფ.367-369) ვერ გამოდგება, ისინი პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას არ იძლევა და კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებას ვერ ადასტურებს.
18. სსსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103.1 მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის უნდა წარმოედგინა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს საფუძველს შეუქმნიდა რწმენისათვის, რომ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიო იყო, თუმცა მას ამგვარად არ უმოქმედია. სათანადო საფუძვლის არსებობისას, აპელანტს შეეძლო, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან დამატებითი ცნობაც წარმოედგინა, რომელიც მის მიერ მითითებულ გარემოებას სიცხადეს შესძენდა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მყარი საფუძველი შეექმნებოდა დასკვნისათვის, რომ აპელანტის წარმომადგენელი სხდომაზე ვერ მივიდოდა და გამოუცხადებლობა საპატიო იყო.
19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელ მ.ჩ-ს (იხ. რწმუნებულება, ს.ფ. 15-18; აქტი ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ ს.ფ. 334, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), თუმცა დანიშნულ დროს აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.
20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც აპელანტს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა პროცესზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი არ აცნობა სასამართლოს, სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს (შდრ. სუსგ-ები № ას-1312-1232-2017, 24.11.2017; № ას-633-591-2017, 21.09.2017; №ას-48-44-2017, 01.03.2017; № ას-880-830-2015, 21.10.2015).
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. რ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი