საქმე №ას-1727-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – თ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ნ. პ-ი, ლ. კ-ძე, სს „თ. ბ."
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ. კ-ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სასამართლოში სარჩელი აღძრა ნ. პ-ის (შემდეგში პირველი მოპასუხის), ლ. კ-ძისა (შემდეგში მეორე მოპასუხის) და სს „თ. ბ.“ (შემდეგში მესამე მოპასუხის) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
1.1. პირველ და მეორე მოპასუხეს შორის 2010 წლის 27 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა ½ ნაწილში;
1.2. პირველ და მეორე მოპასუხეს შორის 2012 წლის 7 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა ½ ნაწილში;
1.3. პირველ და მეორე მოპასუხეს შორის 2014 წლის 27 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა ½ ნაწილში;
1.4. ქ.რუსთავში, მ. გამზირის …-ში (შ. გამზირი …) მდებარე 60.63კვ.მ #15 ბინის (შემდეგში უძრავი ქონება) მესაკუთრედ ცნობა;
1.5. უძრავი ქონების ½ ნაწილში მესამე მოპასუხესა და პირველ მოპასუხეს შორის 2016 წლის 19 ივლისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება მოსარჩელის წარმომადგენელმა მ.ელიკაშვილმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მან, როგორც აპელანტის კანონიერმა წარმომადგენელმა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება შპს „ს. ფ.“ 2019 წლის 28 ოქტომბერს ჩააბარა. ამასთან, იგი შპს „ლ.-ფ.“ დირექტორიცაა და ზოგჯერ თავის საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ამავე ორგანიზაციიდან აგზავნის. ასე მოხდა მოცემულ შემთხვევაშიც, კერძოდ, გზავნილზე, „გამგზავნის დასახელების“ გრაფაში შპს „ლ.-ფ.“ მიეთითა, ხოლო „გამგზავნის გზავნილის ნომრის“ გრაფაში - მოსარჩელეზე. ამ გარემოებებს ადასტურებს: საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის უკუგზავნილი, 2019 წლის 12 ნოემბრის წერილობითი პასუხი და 2019 წლის 17 აპრილის ამონაწერი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებელია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
7. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება შემდეგი:
7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ: ა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობაზე მითითება; ბ. სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება; გ. დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის და არა უმეტეს 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა (ტომი 2, ს.ფ. 121-123).
7.2. დასახელებული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს, რომელსაც იგი ჩაჰბარდა 2019 წლის 21 ოქტომბერს (ტომი 2, ს.ფ. 124-125).
7.3. 2019 წლის 30 ოქტომბერს აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიმართა (ტომი 2, ს.ფ. 126).
7.4. ვინაიდან ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა 2019 წლის 22 ოქტომბერს (ხარვეზის შესახებ განჩინების აპელანტის წარმომადგენლისათვის ჩაბარების დღე) დაიწყო, ხოლო ამ ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობა წარმომადგენელმა ფოსტაში 2019 წლის 29 ოქტომბერს ჩააბარა, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა სსსკ-ის 368.5 მუხლის საფუძველზე (ტომი 2, ს.ფ. 128-130).
8. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან ამ ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა ფოსტას 2019 წლის 28 ოქტომბერს ჩააბარა, საიდანაც ეს ვადა დაცულია. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შპს „ს. ფ.“ უკუგზავნილი, ამავე ორგანიზაციის 2019 წლის 12 ნოემბრის წერილობითი მიმართვა და 2019 წლის 17 აპრილის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ტომი 2, ს.ფ. 135-138).
9. ამდენად, განსახილველი სადავო საკითხი შემდეგია: სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა საქართველოს ფოსტას 2019 წლის 29 ოქტომბერს ჩაჰბარდა (როგორც ეს საქმეში არსებული საფოსტო კონვერტიდან ირკვევა), თუ აპელანტმა იგი ერთი დღით ადრე - 2019 წლის 28 ოქტომბერს წარადგინა (როგორც ამაზე კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს).
10. საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება ფოსტის გზავნილის კოდით - #AP01…, შპს „ს. ფ.“ 2020 წლის 28 ოქტომბერს ჩაჰბარდა. საფოსტო კონვერტზე მითითებული ფოსტის გზავნილის კოდი სრულად ემთხვევა კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ იმავე მონაცემს, კერძოდ, ერთი მხრივ - საქართველოს ფოსტის უკუგზავნილების დეტალებში აღნიშნულ კოდს და მეორე მხრივ - საქართველოს ფოსტის 2019 წლის 12 ნოემბრის წერილში მითითებულ გზავნილის ნომერს. ორივე ამ მტკიცებულების მიხედვით, ზემოხსენებული გზავნილი შპს „ს. ფ.“ მიღებულია გასაგზავნად, 2019 წლის 28 აპრილს. ამასთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ აპელანტის წარმომადგენელი, ამავდროულად, შპს „ლ.-ფ.“ დირექტორიცაა. შესაბამისად, მის მიერ აპელანტის სახელით სასამართლოში წარსადგენი კორესპონდენციის გაგზავნისას „გამგზავნად“ დასახელებულია ეს ორგანიზაცია, ხოლო „გამგზავნის გზავნილის ნომრად“ - აპელანტი.
11. სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სადავო საკითხის სრულყოფილად შესაფასებლად, საკასაციო სასამართლო დამატებით გაეცნო შპს „ს. ფ.“ ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებს (g.post.ge) და გამოარკვია, რომ #AP0100… გზავნილი საფოსტო სერვის ცენტრს ნომრით 3300 (ეს სწორედ ის სერვის ცენტრია, რომელიც საქმეში არსებულ საფოსტო კონვერტზეა აღნიშნული) ჩაბარდა 2019 წლის 28 ოქტომბერს, 16:51 საათზე (ეს სწორედ ის დროა, რაც კერძო საჩივარზე თანდართულ საქართველოს ფოსტის 2019 წლის 12 ნოემბრის წერილობით პასუხშია მითითებული). ამასთან, 2019 წლის 29 ოქტომბერს გზავნილი ამავე ორგანიზაციის დახარისხების ცენტრს გადაეცა.
12. ამდენად, კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების თხოვნით სააპელაციო სასამართლოში ჩაბარებულია სწორედ ის გზავნილი, რომელიც საქართველოს ფოსტას ჩაბარდა 2019 წლის 28 ოქტომბერს, 16:51 საათზე.
13. სსსკ-ის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება, დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების საკითხის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი