Facebook Twitter

საქმე №ას-1750-2018 15 მაისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ს-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ..ა..ჯ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობი, მე-… მ/რაიონში მდებარე ნაკვეთი №…/… და მასზე არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობები, საკადასტრო კოდით №01.14.02…., რეგისტრირებულია შ.პ.ს. „ბ..ა..ჯ.“-ს (შემდგომში - „მოსარჩელე“) საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულება №140601…, დამოწმების თარიღი 1…/0…/20…, ნოტარიუსი ქ. ძ-ი.

2. ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, მე-… მ/რ-ში, საკადასტრო კოდით №01.14.02…. რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №…/…) არსებული მშენებარე კორპუსის მე-… სართულზე მდებარე 148 კვ.მ. ფართს (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება") ფლობს ი. ს-ძე (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“).

3. 2017 წლის 27 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით არის მართლზომიერი მფლობელი. მოპასუხე არის ამხანაგობა „მ.-….“-ის წევრი, გარიგების საფუძველზე, მოპასუხისა და ამხანაგობის სხვა წევრების თანხმობის გარეშე მოხდა საზიარო უფლების საგნის განკარგვა. მოპასუხემ სრულად გადაიხადა ქონების საფასური, თუმცა საგნის ახალმა მესაკუთრემ (მოსარჩელემ) მოსთხოვა მის ოჯახს ბინის გათავისუფლება. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1982 წლის 5 აგვისტოს №393 გადაწყვეტილებით, საქართველოს მხატვართა კავშირთან ჩამოყალიბდა №… საბინაო სამშენებლო კოოპერატივი და მასვე 1987 წლის 31 აგვისტოს №1309 განკარგულებით დაუმაგრდა მიწის ნაკვეთი, დაევალა კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მოშენების პროექტის შედგენა და საპროექტო დავალებაში, საქართველოს მხატვართა კავშირთან შექმნილი კოოპერატივისთვის 200 ბინის გათვალისწინება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, მე-… მ/რაიონში საკადასტრო კოდით 01.14.02…. რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი #.../…) არსებული, მშენებარე კორპუსის მე-… სართულზე მდებარე 148 კვ.მ. ფართის მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და აღნიშნული უძრავი ქონების მოსარჩელისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოპასუხის მითითებით, იგი არის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1996 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ი. ი. ასული ს-ძე გამოყვანილი იქნა მხატვართა კავშირის ამხანაგობა ,,ს.”-დან.

9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ აქვს სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.

10. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში. მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო ქონება საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მოსარჩელის სახელზეა აღრიცხული, ამასთანავე რაიმე მტკიცებულება რაც სადავო ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის უფლებაზე მიუთითებდა, საქმეში წარდგენილი არ არის. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მფლობელობის მართლზომიერების დასტურად მიუთითებდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრობაზე, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1996 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გამოყვანილია მხატვართა კავშირის ამხანაგობა ,,ს.”-დან, აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებით და არც სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის.

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების მისი მხრიდან მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების სასამართლოსთვის წარუდგენლობა მოპასუხის მხრიდან ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტზე მიუთითებს. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

13. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

14. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: დარღვეულია დისპოზიციურობის პრინციპი, მოპასუხეს არ ჰქონია გონივრული ვადა წარედგინა მტკიცებულებები სადავო ქონების კანონიერად ფლობის შესახებ და დაედასტურებინა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

22. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

23. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1. ს.ფ. 14), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

26. კასატორის პრეტენზია, რომ არ ჰქონია გონივრული ვადა წარედგინა მტკიცებულებები სადავო ქონების კანონიერად ფლობის შესახებ და დაედასტურებინა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის ფაქტი ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორმა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი წარადგინა 2017 წლის 23 თებერვალს, სადაც აღნიშნა, რომ დამატებით მტკიცებულებებს მისი მხრიდან სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის შესახებ წარადგენდა მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე. წინამდებარე საქმეზე მოსამზადებელი სხდომა, რომელიც შემდგომში მთავარ სხდომაში გადაიზარდა, შედგა 2017 წლის 7 დეკემბერს. შესაბამისად მხარეს აღნიშნული მტკიცებულებების წარსადგენად თითქმის ათი თვე ჰქონდა.

27. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ იმჟამად ჩაერთო საქმეში და არ იცნობდა საქმის მასალებს, ასევე მიუთითა სხვა საქმეზე, რომელიც სასამართლოს წარმოებაში იყო და რომელსაც სავარაუდოდ მჭიდრო კავშირი შეიძლება ჰქონოდა წინამდებარე საქმესთან. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ, მხარის განმარტებით მტკიცებულებები იყო არქივში და მათი წარდგენისთვის საჭირო იყო დამატებითი დრო (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, CD დისკი: 14:16:38-14:18:15, ტ.1. ს.ფ. 50, 51). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს გონივრული ვადა ჰქონდა მტკიცებულებები წარედგინა სასამართლოსთვის. ათი თვე არის ის ვადა, როდესაც მხარეს ნებისმიერი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაშიც კი შეეძლო მტკიცებულებების მოპოვება. ამასთანავე, მხარეს არ მიუთითებია მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობის ობიექტურ გარემოებებზე, შესაბამისად მხოლოდ მითითება ყველანაირი დასაბუთების გარეშე, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გონივრული ვადა წარედგინა მტკიცებულებები ვერ იქნება გაზიარებული.

28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ №ას-1501-2018, 13 ნოემბერი, 2019 წელი; № ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 18 დეკემბრის №77 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70%- 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. ს-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ი. ს-ძეს (პ/ნ 010090…) დაუბრუნდეს ლ. ხ-ვას მიერ 2018 წლის 18 დეკემბრის №77 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე