საქმე № ას-1143-2018 24 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. კ. ტ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახური (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. კ. ტ.“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ №62 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის ჯარიმის სახით 2050 ლარის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 1 თებერვალს დაიდო №62 ხელშეკრულება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების, სისტემის ორგანოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების დაზღვევის მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით სადაზღვევო კომპანიამ იკისრა ვალდებულება, გაეწია შემსყიდველისათვის მომსახურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
3. მოპასუხე არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის თაობაზეც არაერთხელ უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ. დაზღვეულებმა პატაკებით მიმართეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სადაც მიუთითეს, რომ სადაზღვევო კომპანიამ ხელშეკრულების 21.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ აუნაზღაურა არაპროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში სამედიცინო მომსახურებაზე გადახდილი თანხა.
4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების დანართის ტექნიკური დოკუმენტაციის სხვა პუნქტიც, სადაც განსაზღვრულია, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი ვალდებულია, გასცეს საგარანტიო ფურცელი არაპროვაიდერ კლინიკაში დაზღვეულის მოთხოვნისთანავე. აღნიშნული დასტურდება დაზღვეულთა წერილებით/პატაკებით, რომლის მიხედვით სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეულებს უარი ეთქვათ საგარანტიო ფურცლის გაცემაზე. დაზღვეულებმა მიმართეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელშეკრულების 6.5.1. პუნქტის შეუსრულებლობის თაობაზე რეაგირების განხორციელების მიზნით.
5. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 25 ნოემბერს მოპასუხემ შეწყვიტა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ დაზღვეულების ოჯახის ექიმთან ვიზიტზე ჩაწერა გადატვირთულობის გამო. აღნიშნულის თაობაზე 2013 წლის 25 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს №1150.. წერილით მიმართა ერთ-ერთმა დაზღვეულმა, სადაზღვევო კომპანიის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო, რეაგირების განხორციელების მიზნით. აღნიშნული დარღვევების თაობაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ეცნობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეაგირებისთვის. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №703 განკარგულებით მოპასუხეს გამოეცხადა გაფრთხილება.
6. ზემოხსენებული სხვადასხვა დარღვევის გამო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მოპასუხეს 2013 წლის 24 დეკემბერს გაუგზავნა №158386 წერილი ჯარიმის – 313.60 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის თაობაზე. აგრეთვე, 2013 წლის 27 დეკემბერს – №165399 წერილი ჯარიმის – 1417.13 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის თაობაზე და, 2014 წლის 22 იანვარს ხელშეკრულების თანახმად, №33352 წერილი ჯარიმის – 313.60 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის თაობაზე.
7. აღნიშნული ჯარიმები მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დღემდე არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2013 წლის 1 თებერვლის №62 ხელშეკრულების ფარგლებში მან გასცა სულ 11,586 დაზღვევის პოლისი. ყოველთვიურად ხდებოდა სადაზღვევო კომპანიის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიღება/დადასტურება, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არასოდეს პრეტენზია არ გამოუთქვამს.
9. მოპასუხემ მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. გარდა ამისა, არ არსებობს მისი დაკისრების საფუძვლები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1730,73 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 18 ოქტომბერს, №19 დაწესებულების ინსპექტორმა პატაკით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოადგილეს და განმარტა, რომ 2013 წლის 30 ივლისს მიმართა არაპროვაიდერ სტომოტოლოგიურ კლინიკას და სამედიცინო მომსახურებისათვის გადაიხადა 1640 ლარი. 2013 წლის 3 ოქტომბერს, თანხის ანაზღაურების მიზნით, მომსახურებისათვის გადახდილი ყველა დოკუმენტი წარედგინა სადაზღვევო კომპანიას, თუმცა პატაკის წარდგენის დროისათვის თანხა არ ანაზღაურებია, რაზეც მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ მითითებულ პირს მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარჯი – 1500 ლარი მოპასუხემ ჩაურიცხა 2013 წლის 13 ნოემბერს, ანუ 30 დღის დაგვიანებით.
13. 2013 წლის 18 ოქტომბერს №19 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორმა პატაკით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოადგილეს და განმარტა, რომ 2013 წლის 10 სექტემბერს მეუღლესთან ერთად მიმართა არაპროვაიდერ სტომოტოლოგიურ კლინიკას და თავისი სამედიცინო მომსახურებისათვის გადაიხადა 1410 ლარი, ხოლო მეუღლემ – 1480 ლარი. სავარაუდოდ, 2013 წლის 18 სექტემბერს, თანხის ანაზღაურების მიზნით, მისი მომსახურებისათვის გადახდილი ყველა დოკუმენტი წარედგინა სადაზღვევო კომპანიას. მეუღლისათვის გაწეული მომსახურების დამადასტურებელი საბუთები სადაზღვევო კომპანიას წარედგინა 2013 წლის 3 ოქტომბერს, თუმცა პატაკის წარდგენის დროისათვის თანხა არ ჩარიცხვია, რაზეც მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ აღნიშნულ პირს მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარჯი – 1269 ლარი მოპასუხემ აუნაზღაურა 2013 წლის 24 ოქტომბერს, ანუ 25 დღის დაგვიანებით.
14. 2013 წლის 18 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა პატაკით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოადგილეს და განმარტა, რომ 2013 წლის სექტემბერში ჩაიტარა სტომოტოლოგიური მომსახურება არაპროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში და სამედიცინო მომსახურებისათვის გადაიხადა 1100 ლარი.
15. 2013 წლის 24 სექტემბერს, თანხის ანაზღაურების მიზნით, მისი მომსახურებისათვის გადახდილი ყველა დოკუმენტი წარედგინა სადაზღვევო კომპანიას, თუმცა პატაკის წარდგენის დროისათვის თანხა ვერ მიიღო და, საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერის თანახმად, 799.80 ლარი მხოლოდ 2013 წლის 11 ნოემბერს, 35 დღის დაგვიანებით ჩაერიცხა.
16. 2013 წლის 21 ოქტომბერს №16 დაწესებულების სამორიგეოს უფროსმა ინსპექტორმა პატაკით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოადგილეს და განმარტა, რომ 2013 წლის 2 სექტემბერს, მიმართა არაპროვაიდერ სტომოტოლოგიურ კლინიკას და სამედიცინო მომსახურებისათვის გადაიხადა 1640 ლარი. 2013 წლის 20 სექტემბერს, თანხის ანაზღაურების მიზნით, მომსახურებისათვის გადახდილი ყველა დოკუმენტი წარედგინა სადაზღვევო კომპანიას. მისმა მეუღლემ იმავე კლინიკაში მიიღო 1000 ლარის ღირებულების სტომატოლოგიური მომსახურება, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია სადაზღვევო კომპანიას წარედგინა 2013 წლის 26 სექტემბერს, პატაკის წარდგენის დროისათვის თანხა არ ანაზღაურებია, რაზეც მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. კუთვნილი 800 ლარი მოპასუხემ ჩაურიცხა 2013 წლის 13 ნოემბერს.
17. 2013 წლის 21 ოქტომბერს №16 დაწესებულების ინსპექტორმა პატაკით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოადგილეს და განმარტა, რომ 2013 წლის 18 სექტემბერს მიმართა არაპროვაიდერ სტომოტოლოგიურ კლინიკას და სამედიცინო მომსახურებისათვის გადაიხადა 1378 ლარი. 2013 წლის 20 სექტემბერს, თანხის ანაზღაურების მიზნით, მომსახურებისათვის გადახდილი ყველა დოკუმენტი წარედგინა სადაზღვევო კომპანიას. პატაკის წარდგენის დროისათვის თანხა არ მიუღია და 1240 ლარი ჩაერიცხა 2013 წლის 13 ნოემბერს, 43 დღის დაგვიანებით.
18. 2013 წლის 1 ნოემბერს №16 დაწესებულებაში მომუშავე პირის მეუღლემ განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოადგილეს და განმარტა, რომ 2013 წლის სექტემბერში მიმართა არაპროვაიდერ სტომოტოლოგიურ კლინიკას და სამედიცინო მომსახურებისათვის გადაიხადა 1810 ლარი. 2013 წლის 30 სექტემბერს, თანხის ანაზღაურების მიზნით, მომსახურებისათვის გადახდილი ყველა დოკუმენტი წარედგინა სადაზღვევო კომპანიას. პატაკის წარდგენის დროისათვის თანხა ანაზღაურებული არ არის, რაზეც მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ დაზღვეულს მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარჯი – 1498.50 ლარი ჩაერიცხა 2013 წლის 21 ნოემბერს, 41 დღის დაგვიანებით.
19. 2013 წლის 2 დეკემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსმა ინსპექტრომა პატაკით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოადგილეს და განმარტა, რომ მისმა მეუღლემ სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩაიტარა ორთოპედიული მომსახურება. მისმა მეუღლემ შესაბამისი საბუთები სადაზღვევო კომპანიაში ჩააბარა 2013 წლის 8 ნოემბერს, რის საფუძველზეც უნდა ჩარიცხვოდა 1490 ლარი, რომელიც მხარეს არ მიუღია. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულება – 1490.00 ლარი მას ჩაერიცხა 2013 წლის 10 და 11 დეკემბერს, 32 დღის დაგვიანებით.
20. 2013 წლის 25 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი ინსპეტორის მიმართვიდან ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ დაზღვეული მისი ოჯახის წევრი, მეუღლე საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას. 2013 წლის 7 ნოემბერს მოპასუხეს ჩააბარა ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ცენტრის ოტორინოლარინგოლოგის მიერ გაცემული ფორმა №100. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოითხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შუამდგომლობა სადაზღვევო კომპანიაში, რადგან განცხადებით მიმართვის დროისათვის საგარანტიო ფურცელს უშედეგოდ ელოდებოდა.
21. 2013 წლის 21 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების სამმართველოს მებრძოლმა პატაკით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და განმარტა, რომ 2013 წლის 4 ნოემბერს კლინიკაში იმყოფებოდა ოტორინოლარინგოლოგთან კონსულტაციის მიზნით, რის შედეგადაც დასჭირდა სასწრაფო ცხვირის ნიჟარებისა და ძგიდის ოპერაცია. 2013 წლის 4 ნოემბერს მიმართა სადაზღვევო კომპანიას და ჩააბარა დოკუმენტაცია საგარანტიო ფურცლის მოთხოვნით. კომპანიაში განუმარტეს, რომ საგარანტიო ფურცლის განხილვას სჭირდებოდა 10 სამუშაო დღე და შეეძლო, დაკავშირებოდა ცხელ ხაზს. 10 ნოემბრის შემდეგ ყოველ დღე უკავშირდებოდა ცხელ ხაზს, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, პატაკით მოითხოვა დახმარების გაწევა.
22. საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 22 დეკემბრის განკარგულების თანახმად, 2013 წლის 1 თებერვლის №62 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის მიეცა გაფრთხილება.
23. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (შემდგომ – სსსკ) მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დაადასტურებდა მოპასუხის მიერ, სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების ფაქტს, თუმცა აპელანტმა სასამართლოს დასაბუთებული პრეტენზია ვერ წარუდგინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ 2013 წლის 1 თებერვლის №62 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების რიგი დაზღვეულების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში არაჯეროვნად, ვადაგადაცილებით შეასრულა.
24. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის შედავება, რომ მოცემულ დავაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არ არის სათანადო მოსარჩელე.
25. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 1 თებერვალს დადებული №62 ხელშეკრულებით განისაზღრა ამავე ხელშეკრულების მხარეები და მათი უფლება-მოვალეობები. ხელშეკრულების მე-8 მუხლში მოცემულია ტერმინთა განმარტება. 8.1. პუნქტის თანახმად, მზღვეველია მოპასუხე (იგივე „მიმწოდებელი“); 8.2. პუნქტის მიხედვით, დამზღვევია – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (იგივე „შემსყიდველი“); 8.3. პუნქტის თანახმად, დაზღვეულში იგულისხმება დამზღვევის მიერ წარმოდგენილ პირთა სია, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის საგანს.
26. ამავე ხელშეკრულების 20.4 პუნქტით განისაზღვრა დამზღვევის (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) უფლებამოსილებები. კერძოდ, 20.4.1. 20.4.2. 204.4. პუნქტების თანახმად, დამზღვევი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მზღვეველს დაზღვევის განხორციელება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს მზღვეველისაგან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; მოსთხოვოს მზღვეველს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
27. ხელშეკრულების 24-ე პუნქტი (მხარეების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა), ასევე, პირდაპირ მიუთითებს მიმწოდებლისა და შემსყიდველის პასუხისმგებლობაზე, კერძოდ, 24.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დამრღვევ მხარეს (შემსყიდველს ან მიმწოდებელს) დაეკისრება ჯარიმის გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით (ჯარიმა ვადებთან არ არის დაკავშირებული).
28. 24.2. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლისა და შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა იმ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც ვადებთანაა დაკავშირებული, მხარეს მეორე მხარის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.5% ოდენობით.
29. ამავდროულად, ხელშეკრულების 20.5. პუნქტი ითვალისწინებს დაზღვეულის მხოლოდ შემდეგ უფლებამოსილებას: მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება მზღვეველისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; დაზღვეულს სურვილის შემთხვევაში უფლება ეძლევა დააზღვიოს მშობელი და სრულწლოვანი შვილები საკუთარი ხარჯით.
30. ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას და მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენს.
31. სააპელაციო საჩივრით სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა.
32. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხარისხის და ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ კრედიტორის ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი, საფუძვლიანად დაიანგარიშა პირგასამტეხლოს ოდენობა არაჯეროვანი შესრულებისათვის, ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
33. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
34. კასატორმა განმარტა, რომ სსკ-ის 349-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ისე მესამე პირმა. აღნიშნული ნორმის დათქმა „თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“ მიუთითებს სპეციალურ ნორმაზე – 837-ე მუხლზე, შესაბამისად, უფლებები, რომლებიც დამზღვევს წარმოეშობა 2013 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულებით, ეკუთვნით მესამე პირებს, ანუ დაზღვეულებს. ასევე, გასათვალისწინებელია ვალდებულების არსი, თუ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნის უფლება გააჩნია დაზღვეულს, მაშინ პირგასამტეხლო, რომელიც აქცესორული უფლებაა და არ არსებობს ძირითადი უფლების გარეშე, მიმაგრებულია დაზღვეულზე.
35. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა 2013 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულების 24.2 და 24.3 პუნქტები, რომლებიც განსაზღვრავს ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს. ხელშეკრულება არ იძლევა მხარეთა მკაფიო განმარტებას და მიუთითებს მხოლოდ „მიმწოდებელსა“ და „შემსყიდველზე“, ამავდროულად, დამოუკიდებლად მოიხსენიებს „მხარეებს“. ამდენად, 24.2 პუნქტი საშუალებას აძლევს დაზღვეულს, მოითხოვოს პირგასამტეხლო, ვინაიდან თუ შემსყიდველს სურდა აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაზღვეულისათვის, ის წინამდებარე მუხლში მიუთითებდა არა „მხარეებს“, არამედ მხოლოდ „მიმწოდებელსა“ და „შემსყიდველს“. 24.3 პუნქტი მხარეებს ანიჭებს შესაძლებლობას, აუნაზღაურონ ერთმანეთს მიყენებული ზიანი. ამრიგად, დაზღვეულიც უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უსაფუძვლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ მაშინ, როდესაც ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით დაირღვა დაზღვეულთა უფლებები.
36. კასატორმა მიიჩნია, რომ დაზღვეულებმა რიგ შემთხვევაში ვერ დაადასტურეს სადაზღვევო კომპანიისათვის მიმართვის ფაქტები, რაც, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მათი მტკიცების საგანში შედიოდა.
37. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების საფუძველზე ურთიერთობა ხორციელდებოდა მიღება-ჩაბარების აქტების დადასტურების გზით. მოსარჩელე მოპასუხის აქტებს, პრეტენზიის გარეშე, ადასტურებდა, შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ მიიღო მოსარჩელემ მომსახურება თუ პრობლემები დააფიქსირა.
38. კასატორის განმარტებით, მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია. 2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხემ 11 586 სადაზღვევო პოლისი გასცა და, უმრავლეს შემთხვევაში, კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მოსარჩელემ მიუთითა მხოლოდ 8 დარღვევაზე ვადებთან მიმართებით და ორ შემთხვევაზე, როდესაც ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
40. ამავე სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
41. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
45. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
46. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
47. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
48. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
49. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
50. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
51. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
52. საკასაციო პალატამ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
53. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 1 თებერვლის №62 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიაში დააზღვია მისი თანამშრომლები და ოჯახის წევრები.
54. მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ პირთა მიმართ დაარღვია, კერძოდ, რიგ შემთხვევებში, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში ვადაგადაცილებით და არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულებები, რის გამოც მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
55. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელემ სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით ვერ დაადასტურა, რომ დაზღვეულები მიმართავდნენ სადაზღვევო კომპანიას სადავო პრეტენზიით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხის არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ თავად მოპასუხე დაწესებულებაში ვერ იქნა მოძიებული იმ პირთა განცხადებები, რომელთა მიმართ სადაზღვევო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამოც დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება მხარეს.
56. მოპასუხე ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირია და მხოლოდ მისი განმარტება ვერ გადაწონის მოსარჩელის პოზიციას, რომელსაც ოფიციალური დოკუმენტით მიმართეს დაზღვეულებმა, დააფიქსირეს საკუთარი პრობლემის არსებობა. როგორც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, დაზღვეულები არა მხოლოდ წერილობით მიმართავდნენ მოპასუხეს, არამედ სატელეფონო შეტყობინებებს უტოვებდნენ კომპანიას. ამდენად, კასატორის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
57. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს ვერც მხარის მითითება არასათანადო მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის შესახებ.
58. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 1 თებერვალს დადებული №62 ხელშეკრულების 20.4 პუნქტით განისაზღვრა დამზღვევის (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) უფლებამოსილებები. 20.4.1. 20.4.2. 204.4. პუნქტების თანახმად, დამზღვევი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მზღვეველს დაზღვევის განხორციელება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს მზღვეველისაგან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; მოსთხოვოს მზღვეველს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
59. ხელშეკრულების 24-ე პუნქტი (მხარეების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა), ასევე, პირდაპირ მიუთითებს მიმწოდებლისა და შემსყიდველის პასუხისმგებლობაზე, კერძოდ, 24.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დამრღვევ მხარეს (შემსყიდველს ან მიმწოდებელს) დაეკისრება ჯარიმის გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით (ჯარიმა ვადებთან არ არის დაკავშირებული).
60. 24.2. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლისა და შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა იმ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც ვადებთანაა დაკავშირებული, მხარეს მეორე მხარის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.5% ოდენობით.
61. ამავდროულად, ხელშეკრულების 20.5. პუნქტი ითვალისწინებს დაზღვეულის მხოლოდ შემდეგ უფლებამოსილებას: მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება მზღვეველისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; დაზღვეულს სურვილის შემთხვევაში უფლება ეძლევა დააზღვიოს მშობელი და სრულწლოვანი შვილები საკუთარი ხარჯით.
62. მხარეთა შორის შეთანხმებული ზემოაღნიშნული პირობები ცხადად მიუთითებს მოსარჩელის უფლებამოსილებაზე, მოპასუხეს მიმართოს პრეტენზიით დაზღვეულთა მიმართ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
63. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სრულიად მართლზომიერად დაეკისრა პირგასამტეხლოს - 1730,73 ლარის გადახდა, რაც სავსებით გონივრული ოდენობაა დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით.
64. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
65. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
66. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
67. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
68. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
69. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 15 ივლისს №568 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 (სამასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი - 150 ლარი და სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს. კ. ტ.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ სს „ს. კ. ტ.“ (ს/ნ: 20240…) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 15 ივლისს №568 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 (სამასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი - 150 ლარი და სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე