საქმე №ას-822-822-2018 13 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შ. დ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – კ. დ-ია, ც. დ-ია (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. კ. (შემდგომ – მოსარჩელე) და ც. დ-ებმა (შემდგომ – მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შ. დ-ას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული 1250 აშშ დოლარისა და 750 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეთა განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ. პ-ის (შემდგომ – დასაჩუქრებული) სასარჩელო მოთხოვნა, უკანონოდ იქნა აღიარებული 2000 წლის 9 სექტემბერს საჯარო რეესტრში ბ. დ-ას (შემდგომ – მამკვიდრებელი) სახელზე არსებული რეგისტრაცია 3960 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/4 ნაწილში, შესაბამისად, გაუქმდა 2012 წლის 2 აგვისტოს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მამკვიდრებელსა და ამჟამინდელ მოსარჩელეს შორის 1/4 ნაწილში და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი, გაუქმდა 2012 წლის 2 აგვისტოს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მამკვიდრებელსა და ამჟამინდელ მეორე მოსარჩელეს შორის 1/4 ნაწილში და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი. დასაჩუქრებულის წილი მამკვიდრებლის კომლიდან განისაზღვრა 1/4-ით და იგი ცნობილ იქნა სადავო 3960.00 კვ.მ ნაკვეთის, 3900.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების თანამესაკუთრედ.
3. ზემოაღნიშნული საქმის განხილვისას მამკვიდრებელი გარდაიცვალა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მოპასუხე.
4. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მამკვიდრებელმა, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სანაცვლოდ, მიიღო ფულადი ანაზღაურება. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნასყიდობის საგნის 1/4 წილი მან გაასხვისა მესაკუთრის თანხმობის გარეშე, შესაბამისად, ან ნაწილში ნასყიდობის ფასი მოსარჩელეებისაგან მან უსაფუძვლოდ მიიღო, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს კრედიტორ მხარეს. მოპასუხემ მემკვიდრეობით მიიღო სადავო ქონება, რაზეც საკუთრების მოწმობა გაიცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, შესაბამისად, პასივის ანაზღაურება უნდა მოხდეს იმ აქტივის ფარგლებში, რაც მიღებულ იქნა მამკვიდრებლისაგან. მოპასუხემ აღიარების კომისიაში განაცხადი წარადგინა, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლემ სამკვიდრო მოწმობის წარდგენით და, შესაბამისად, გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. მამკვიდრებელს მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა სადავო ქონება. 2013 წელს იგი გარდაცვლილი იყო და ამიტომ ეთქვა უარი აღიარების კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარებაზე.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ უძრავი ქონება მემკვიდრეობით არ მიუღია, სადავო ქონება არ შედიოდა სამკვიდრო მასაში, მან საკუთრების უფლება მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით. 2013 წელს ზემოხსენებულმა კომისიამ უარი უთხრა სადავო ქონების მესაკუთრედ აღიარებაზე. აღნიშნული ქონება მოპასუხემ აჩუქა ათენში მცხოვრებ დასაჩუქრებულს. ჩუქების ხელშეკრულება ბათილად არ არის ცნობილი და საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაცია შეჩერებულია უვადოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1250 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ – 750 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების თანახმად, უკანონოდ იქნა აღიარებული 2000 წლის 9 სექტემბერს საჯარო რეესტრში მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრაცია 3960 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/4 ნაწილში. შესაბამისად, გაუქმდა 2012 წლის 2 აგვისტოს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს შორის 1/4 ნაწილში და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი. გაუქმდა 2012 წლის 2 აგვისტოს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მამკვიდრებელსა და მეორე მოსარჩელეს შორის 1/4 ნაწილში და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი. დასაჩუქრებულის წილი მამკვიდრებლის კომლიდან განისაზღვრა 1/4-ით და ცნობილ იქნა მითითებული ქონების – 3960.00 კვ.მ ნაკვეთის, ასევე, 3900.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების თანამესაკუთრედ.
9. სადავო 3960.00 კვ.მ ნაკვეთი მამკვიდრებელმა მოსარჩელეს მიჰყიდა 5000 აშშ დოლარად, რისი 1/4 (რა ნაწილშიც გაბათილდა ხელშეკრულება) შეადგეს 1250 აშშ დოლარს. 3900.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები მამკვიდრებელმა მიჰყიდა მეორე მოსარჩელეს 3000 ლარად. აღნიშნული თანხის 1/4 (რა ნაწილშიც გაბათილდა ხელშეკრულება) 750 ლარია.
10. ამდენად, სადავო ¼- ¼ ნაწილებში მამკვიდრებელმა გაასხვისა ისეთი უძრავი ქონება, რომლის გასხვისების უფლებაც მას არ გააჩნდა, რის შედეგადაც მოსარჩელეებმა განიცადეს ზემოაღნიშნული ოდენობის ქონებრივი დანაკლისი. ხელშეკრულებები ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა სხვა პირი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
11. რაც შეხება იმ საკვანძო საკითხს, მოპასუხეს, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეს აკისრია თუ არა მისი კრედიტორების – მოსარჩელეების წინაშე ვალდებულება, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში (ს.ფ. 149-150-ზე) განთავსებულია 2013 წლის 13 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა მოპასუხის სახელზე, რომლითაც ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადაეცა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება სრულად აქტივებით, მოძრავი და უძრავი ნივთებით, მათ შორის, სადავო უძრავი ნივთები, რომელთაც უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე ან მის გარეშე ფლობდა მამკვიდრებელი.
12. 2013 წლის 5 ივლისს, აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდგომ, მოპასუხემ, როგორც თავისი ძმის – მამკვიდრებლის უფლებამონაცვლემ განცხადება წარადგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, კერძოდ, მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისაგან 9244 კვ.მ ფართზე და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარება.
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მოპასუხის საკუთრების უფლება 9244 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული ქონება შედის მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში, იგი მოპასუხემ მიიღო მემკვიდრეობით, რაც წარმოშობს მემკვიდრის ვალდებულებას, დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორები.
14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1328-ე მუხლით, 1484-ე მუხლით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, უნდა დარჩეს უცვლელად, შესაბამისად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
16. კასატორმა მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
17. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 244-ე მუხლის მოთხოვნა, არასწორად შეაფასა საქმეზე დართული მტკიცებულებანი და არასწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებანი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლემ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მოპასუხე 2006 წლიდან ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს და 2013 წლის 5 ივლისს თავად მიმართა განცხადებით საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გადაეცა საკუთრების მოწმობა, რის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონება აღირიცხა მოპასუხის სახელზე. 2014 წელს მან უძრავი ნივთი გაასხვისა დასაჩუქრებულზე, თუმცა საჯარო რეესტრის უკანონო გადაწყვეტილებით რეგისტრაცია შეჩერდა უვადოდ, რადგან დასაჩუქრებული უცხო ქვეყნის მოქალაქედ იქნა მიჩნეული. ფაქტობრივად კი, აღნიშნული პირი საქართველოს მოქალაქეა.
18. კასატორმა განმარტა, რომ მამკვიდრებელმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სადავო მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად მიმართა 2011 წლის 19 ივლისს, თუმცა იგი 2012 წლის 11 დეკემბერს გარდაიცვალა. აღიარების კომისიამ 2013 წლის 19 აპრილის №18 გადაწყვეტილებით უარი უთხრა მამკვიდრებელს საკუთრების უფლების მინიჭებაზე, განხილვის ვადის ამოწურვის გამო. კომისიას, მამკვიდრებლის გარდაცვალების მოტივით, საქმის წარმოება არ შეუჩერებია. მოპასუხეს 2013 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება გადაეცა, თუმცა მას იგი არ გაუსაჩივრებია. ამდენად, სსკ-ის 1484-ე მუხლის საფუძველზე მამკვიდრებლის კრედიტორების მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულება არ ეკისრება.
19. კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლოს არ უმსჯელია მის მიერ სხდომაზე მითითებულ პრეტენზიაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. სსკ-ის 1488-ე მუხლის დაცვით მოსარჩელეებს პრეტენზია მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში არ წარუდგენიათ და მოპასუხეს მოთხოვნა წარუდგინეს ხსენებული მომენტიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
20. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ ჩუქების ხელშეკრულება დასაჩუქრებულის მიმართ ძალაშია, შესაბამისად, კასატორს სადავო თანხის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
23. მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
24. 2012 წლის 2 აგვისტოს დამოწმებული ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ მამკვიდრებელმა მესარჩელეს მიჰყიდა 3960 კვ.მ, ხოლო მეორე მოსარჩელეს – 3900 კვ.მ მიწის ნაკვეთები არსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად.
25. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა აღიარებული 2000 წლის 9 სექტემბერს საჯარო რეესტრში მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრაცია 3960 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/4 ნაწილში, გაუქმდა 2012 წლის 2 აგვისტოს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს შორის 1/4 ნაწილში და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი, ასევე, გაუქმდა 2012 წლის 2 აგვისტოს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მამკვიდრებელსა და მეორე მოსარჩელეს შორის 1/4 ნაწილში და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი. დასაჩუქრებულის წილი მამკვიდრებლის კომლიდან განისაზღვრა 1/4-ით და ცნობილ იქნა მითითებული ქონების – 3960.00 კვ.მ ნაკვეთის, ასევე, 3900.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების თანამესაკუთრედ.
26. სადავო 3960.00 კვ.მ ნაკვეთი მამკვიდრებელმა მოსარჩელეს მიჰყიდა 5000 აშშ დოლარად, რისი 1/4 (რა ნაწილშიც გაბათილდა ხელშეკრულება) შეადგენს 1250 აშშ დოლარს, ხოლო მეორე მოსარჩელეს – 3900.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები 3000 ლარად. აღნიშნული თანხის 1/4 (რა ნაწილშიც გაბათილდა ხელშეკრულება) 750 ლარია.
27. 2012 წლის 11 დეკემბერს მამკვიდრებელი გარდაიცვალა და მის მემკვიდრეს წარმოადგენს მოპასუხე.
28. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის გადაწყვეტილებით სადავო მისამართზე არსებული 9244 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე აღიარებულ იქნა მოპასუხის საკუთრების უფლება.
29. კასატორმა სადავოდ გახადა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლემ. ამავდროულად, მხარემ ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია მისი პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სსკ-ის 1488-ე მუხლთან მიმართებით.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
32. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: №ას-1529-1443-2012; №ას-973-1208-04; №ას- 664-635-2016).
33. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის შინაარსისა და სარჩელში მითითებული ფაქტების/გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილია კონდიქციური სარჩელი სსკ-ის 976-ე მუხლიდან გამომდინარე. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: 1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს: უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.
34. მოხმობილი ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის გამოკვეთილი უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე (ქონებრივი სიკეთის გადანაცვლება) და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
35. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-360-342-2015, 03.06.2015; Nას-1193-1122-2015, 31.05.2016; Nას-74-71-2016, 25.05.2016წ; Nას-225-215-2016, 25.05.2016წ; Nას-184-171-2015, 20.05.2016წ; №ას-390-390-2018, 15.05. 2018 წ.).
36. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია კონდიქციური ვალდებულების საფუძველზე მხარეთა შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის ფაქტი, კერძოდ, მოპასუხის მამკვიდრებელმა მოსარჩელეებს მიჰყიდა უძრავი ქონება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, რის სანაცვლოდაც მიიღო ფულადი ანაზღაურება. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა გარიგება მოსარჩელეების მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ, შესაბამისად, მოპასუხის მამკვიდრებელი მოსარჩელეთა მიერ გადახდილი ნასყიდობის საფასურით უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
37. საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიღების დროს მოქმედებდა არა როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლე, არამედ საკუთრების უფლება მოიპოვა ძმისგან დამოუკიდებლად, 2006 წლიდან უძრავი ნივთის ფლობის საფუძველზე.
38. საკასაციო საჩივრის აღნიშნული არგუმენტი მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება, რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილია მითითებული პრეტენზიის საწინააღმდეგო მტკიცებულება, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც აღიარებულ იქნა 9244 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის საკუთრების უფლება.
39. აღნიშნული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის საფუძველი გახდა მისი ძმის – მამკვიდრებლის კანონისმიერ მემკვიდრედ ყოფნის ფაქტი, რის გამოც მას უფლება ჰქონდა, ემართა 2012 წლის 11 დეკემბერს გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები და პასივები. აღნიშნული გარემოება გამოკვლეულ და დადგენილ იქნა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რაც კასატორმა სათანადო წესით ვერ გააქარწყლა.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო შეიცავს ქონებრივი უფლებების ერთობლიობას, რაც იმას ნიშნავს, რომ, მართალია, გარდაცვალებისას სამკვიდრო ქონება მამკვიდრებელს არ ჰქონია რეგისტრირებული საკუთრებაში, მაგრამ მას გააჩნდა ამ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის უფლება. სწორედ ეს უფლება გადავიდა მემკვიდრეობით და, აღნიშნულის გამო, გადასცა მას 2014 წელს აღიარების კომისიამ საკუთრებაში სადავო მიწის ნაკვეთი.
41. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
42. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. აღნიშნული წესის დაუცველობა კი მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
43. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა მის მიერ სარჩელის საპირისპიროდ მითითებული გარემოებები.
44. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია ვერც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
45. აღნიშნულის დასასაბუთებლად კასატორმა მიუთითა, რომ მოსარჩელეებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მისი მემკვიდრისათვის სადავო თანხის ანაზღაურების მოთხოვნა არ წარუდგენიათ, რითაც დაარღვიეს სსკ-ის 1488-ე მუხლის მოთხოვნა (მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას).
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედება სადავო ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება, რადგან მოსარჩელეებმა, როგორც მამკვიდრებლის კრედიტორებმა ამ უკანასკნელის მიმართ სადავო მოთხოვნის არსებობის შესახებ შეიტყეს კანონიერ ძალაში იმ სასამართლო გადაწყვეტილების შესვლის შემდეგ, რომლითაც მამკვიდრებლის მიმართ პრეტენზიის წარდგენის საფუძველი გაუჩნდათ (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოხსენებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოსარჩელეებს მამკვიდრებლის უფლებამონაცვლისათვის რაიმე პრეტენზიის წარდგენის წინაპირობა არ გააჩნდათ.
47. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
48. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
50. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
52. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ. ჯ-ძის მიერ 2018 წლის 2 ივლისს №17045359 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ. დ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შ. დ-ას (პ/ნ: 3300105…) დაუბრუნდეს მ. ჯ-ძის (პ/ნ: 3300100…) მიერ 2018 წლის 2 ივლისს №17045359 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე