საქმე №ას-169-169-2018 10 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. ბ-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ბ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უძრავი ქონების ღირებულების 1/3-ის – 21 666 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 19… წლიდან ცხოვრობდა სადავო ბინაში, რომლის პრივატიზაცია განხორციელდა 19… წელს მოპასუხის სახელზე. მოსარჩელე რეგისტრირებული იყო ამავე მისამართზე და პერიოდულად სარგებლობდა ბინით, თუმცა მოპასუხემ უძრავი ქონება, მისი თანხმობის გარეშე, გაასხვისა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ უნდა აუნაზღაურდეს მისი წილის შესაბამისად გაყიდული ქონების ღირებულების – 65 000 აშშ დოლარის 1/3 ნაწილი.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 19… წლის … აგვისტოს სადავო საცხოვრებელი ბინის პრივატიზაცია მის სახელზე განხორციელდა კანონის სრული დაცვით. მოპასუხეს სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107-ე დადგენილების საფუძველზე რაიმე უფლება არ მოუპოვებია, ვინაიდან არც პრივატიზაციის და არც დადგენილების გამოცემის პერიოდში იგი უძრავ ქონებას არ ფლობდა. 19… წელს მოსარჩელემ შექმნა ოჯახი და საცხოვრებლად გადავიდა სხვა ქვეყანაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბინაში მოსარჩელე დარეგისტრირდა 19… წლის … აპრილს.
7. საბინაო პირობების შემოწმების შესახებ 19… წლის … აგვისტოს გაცემული ცნობის მიხედვით, ბ-ი ა. (შემდგომ – მხარეთა დედა) ოჯახი სამი პირისგან შედგებოდა და მასთან ერთად ბინაში ცხოვრობდნენ მოსარჩელე და მოპასუხე.
8. 19… წლის … აგვისტოს ხელშეკრულებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი სადავო ბინა მოპასუხეს გადაეცა უსასყიდლოდ საკუთრებაში. აღნიშნულს დაეთანხმნენ ოჯახის დარჩენილი ორი წევრიც.
9. 2014 წლის 25 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, სადავო ბინაზე რეგისტრირებული იყო მოპასუხის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 19… წლის … აგვისტოს გაფორმებული №1-490 პრივატიზაციის ხელშეკრულება.
10. საჯარო რეესტრის 2016 წლის 1 აპრილის მონაცემებით უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ა. მ-ოს საკუთრების უფლება, რის საფუძვლადაც მითითებულია 20… წლის … მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება.
11. სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ იგი წარმოადგენდა 19… წლის … აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებელს ან დამქირავებლის ოჯახის წევრს და მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება ვერც მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა.
12. სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო საკითხზე არსებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ვერ დადასტურდა მოსარჩელის მიერ სადავო ბინაში ცხოვრებისა და სარგებლობის ფაქტი, მხოლოდ ჩაწერა კი მას ამ ქონებაზე უფლებამოპოვებულ სუბიექტად არ აქცევს. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმე მ. ზ-ის განმარტებას, რომლის თანახმად „მოსარჩელე 19… წელს სომხეთის რესპუბლიკაში, ქ. ერევანში გათხოვდა ... იგი ყოველ წელს ჩამოდიოდა და ალბათ თითო თვით სადავო ბინაში რჩებოდა ხოლმე ... ის უვლიდა დედას“... (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი); მოწმე ზ. ზ-ის ჩვენებას, რომლის მიხედვით „იგი იცნობს მხარეებს... მოპასუხესთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა აქვს... მოსარჩელე მოპასუხის სამხედრო სამსახურში წასვლის შემდეგ გათხოვდა... ბავშვი თბილისში გააჩინა... გათხოვების შემდეგ მოსარჩელეს თბილისში აღარ უცხოვრია... ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე, ალბათ ორი კვირით“ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი); მოწმე რ. ნ-ის ჩვენებას, რომლითაც დგინდება, რომ „მოსარჩელე სომხეთის რესპუბლიკაში გათხოვდა და გათხოვების შემდეგ სადავო ბინაში აღარ უცხოვრია. მოწმის განმარტებით, მოსარჩელე თბილისში ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე 2-2 კვირით. (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი); მოწმე ეთერ გოცირიძის ჩვენებას, რომლის თანახმად „მოსარჩელე გათხოვების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ერევანში... მისი შვილები სომხეთის რესპუბლიკაში სწავლობდნენ... მოსარჩელე თბილისში ჩამოდიოდა წელიწადში ერთხელ ზაფხულობით, ათი დღის- ორი კვირის ხანგრძლივობით.“
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ, მართალია, მოსარჩელე 19… წლიდან რეგისტრირებულია სადავო მისამართზე, თუმცა, მოპასუხესთან გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღნიშნულ მისამართზე მუდმივად მცხოვრებ და ამავე ფართით მოსარგებლე სუბიექტს არ წარმოადგენს. შესაბამისად, მხოლოდ ჩაწერის ფაქტი მას სახლთმფლობელობაზე უფლებამოპოვებულ სუბიექტად ვერ აქცევს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
16. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი. იმსჯელა სადავო ბინის პრივატიზაციის კანონიერებაზე, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
17. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელე 19… წლიდან აღარ წარმოადგენს სადავო ქონების მფლობელს, თუმცა სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ 19… წელს, პრივატიზაციისას საჭირო გახდა მოსარჩელის თანხმობა, რათა უძრავი ქონება მოპასუხის სახელზე აღრიცხულიყო.
18. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე. საკასაციო სასამართლოს №ბს-1204 განჩინება შეეხებოდა არა პრივატიზებული ქონების რეალიზაციით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, არამედ ქირავნობის ხელშეკრულების მოშლას საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას.
19. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე 19… წელს დაქორწინდა და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდა. მართალია, მოსარჩელე 19… წელს გათხოვდა, თუმცა, ფაქტობრივად, აგრძელებდა სადავო ბინაში ცხოვრებას 20… წლამდე, დედის გარდაცვალებამდე. აქ დაიბადა მისი შვილი და შევიდა სკოლაში. შესაბამისად, მას სადავო უძრავ ნივთთან საყოფაცხოვრებო კავშირი არ გაუწყვეტია. 2014 წელს კი, მოსარჩელე აიძულეს, დაეტოვებინა ბინა.
20. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები. აღნიშნული პირები არ ცხოვრობდნენ იმ კორპუსში, სადაც სადავო ბინა მდებარეობს, მათ არ იცოდნენ, რომ მოსარჩელის შვილი დაიბადა და პირველი კლასი დახურა სადავო სახლში ცხოვრებისას. ფაქტობრივად, მოსარჩელის ნივთები ბინის რეალიზაციამდე იმყოფებოდა მის კუთვნილ ოთახში, სადავო ბინაში.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო ს.აპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
25. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის ისეთი უძრავი ნივთის რეალიზაციით მიღებული თანხიდან წილის ანაზღაურება, რომელზეც საკუთრების უფლება მოპასუხემ მოიპოვა პრივატიზაციის გზით.
26. საკასაციო სასამართლო დასაშვებ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეაფასებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატამ იმსჯელა პრივატიზაციის საკითხებზე მაშინ, როდესაც დავა შეეხება ზიანის სახით უძრავი ქონების ღირებულების ნაწილის გადახდას.
27. იმისათვის, რომ სასამართლოს შეეფასებინა, მიადგა თუ არა მოსარჩელეს ზიანი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად, უნდა დადგენილიყო, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს აღნიშნულ ქონებაზე პრეტენზიის გაცხადების კანონიერი საფუძველი. ასეთად მოსარჩელემ მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო ბინაზე საკუთრების უფლება მოპასუხემ მიიღო პრივატიზაციის შედეგად. პრივატიზაციის პროცესში მოსარჩელე მასთან ერთად ფლობდა აღნიშნულ ფართს და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრება მოპასუხის სახელზე აღირიცხა, მოსარჩელეს არ დაუკარგავს ბინიდან წილის მიკუთვნების უფლება. მოპასუხემ კი, მისი თანხმობის გარეშე, გაასხვისა უძრავი ნივთი და მიღებული თანხიდან წილი მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.
28. ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, წარმოეშვა თუ არა მოსარჩელეს სადავო ბინიდან წილის მიღების უფლება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილების პირველი ნაწილი საკუთრების მოპოვების სამართლებრივ შედეგს უკავშირებს საცხოვრებელი სახლის (ბინის) დაკავების ფაქტს. ნორმის მიხედვით „პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას“; ამავე დადგენილების მე-5 ნაწილის თანახმად, „საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან“. ამდენად, 107-ე დადგენილებით გათვალისწინებული საკუთრების უფლების მოსაპოვებლად მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ პრივატიზაციის დროისათვის წარმოადგენდა ბინის დამქირავებელს, მოსარგებლეს, რომელიც ცხოვრობდა და სარგებლობდა ბინით (შდრ: სუსგ №ას-471-471-2018, 28 თებერვალი, 2019 წელი; №ას-1765-2018, 7 მარტი, 2019 წელი).
29. აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასაბუთება ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმეებზე დადგენილ სტაბილურ პრაქტიკას (მათ შორის არაა ადმინისტრაციული საქმის ნომრით კასატორის მიერ დასახელებული განჩინება - №ბს-1204) და მითითებულთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
30. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები იმ გარემოების დასადგენად, რომ მოსარჩელე 19… წლიდან, დაქორწინების შემდეგ სადავო ბინაში აღარ ცხოვრობდა, შესაბამისად, 19… წელს პრივატიზებისას მას აღნიშნულ ქონებაზე არანაირი უფლება არ წარმოშობია.
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
32. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა.
33. ამავდროულად, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
34. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. აღნიშნული წესის დაუცველობა კი მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს იწვევს.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ პრივატიზების პროცესში იგი მოპასუხესთან ერთად ფლობდა სადავო ბინას. მოპასუხემ კი სარჩელს დაუპირისპირა მოწმეთა განმარტებები, რომლებმაც მიუთითეს, რომ დაქორწინების მომენტიდან მოსარჩელეს სადავო ბინაში აღარ უცხოვრია.
36. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ დამატებით განცხადებაში ასახულ მოსაზრებას, რომ მოცემული საქმის განხილვისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის №ას-1206-1151-2013 საქმეზე მიღებული განჩინება, რომელიც შეეხება პრივატიზებული ქონების უკანონოდ გასხვისებისას უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე ქონების ნაწილის მესაკუთრედ ცნობას. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვების უფლება წარმოეშვა, შესაბამისად, წინამდებარე დავისა და №ას-1206-1151-2013 საქმის ფაქტობრივი გარემოებანი ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება, ამდენად, სამართლებრივად სხვაგვარად შეფასებას საჭიროებს, ვიდრე ეს მხარის მიერ მითითებულ საქმეზე განხორციელდა.
37. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
40. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: 10.03.2017წ. საქმე №ას-1169-1124-2016; 29.05.2015წ. საქმე №ას-1161-1107-2013; 24.12.2012წ. საქმე №ას-934-877-2012; 5.08.2005წ. საქმე №ას-155-146-05; 14.11.2005წ. საქმე №ას-516-838-05; 14.06.2005წ. საქმე №ას-265-594-05; 26.07.2004წ. საქმე №ას-284-610-05).
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2017 წლის 2 თებერვლის ცნობა, დაბადების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის თარგმანი), მთლიანობაში „3“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 102-104), ვინაიდან საკასაციო ინსტანციაში მხარეები ახალ გარემოებებზე მითითებისა და ახალი მტკიცებულებების წარდგენის საპროცესო შესაძლებლობას მოკლებულნი არიან (სსსკ-ის 407-ე მუხლი).
43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 6 მარტს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2663 ლარისა და 29 თეთრის 70% – 1864 (ერთი ათას რვაას სამოცდაოთხი) ლარი და 30 (ოცდაათი) თეთრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ნ. ბ-ს (პ/ნ: 010100…) დაუბრუნდეს 2018 წლის 6 მარტს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2663 ლარისა და 29 თეთრის 70% – 1864 (ერთი ათას რვაას სამოცდაოთხი) ლარი და 30 (ოცდაათი) თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორს ნ. ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (2017 წლის 2 თებერვლის ცნობა, დაბადების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის თარგმანი), მთლიანობაში „3“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 102-104);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე