საქმე Nა-154-შ-2-2015 15 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი ქეთევან მამადაშვილი
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – მოვალის ძებნა და მოყვანა
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟოსა და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. ც-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც: კ. ზ-ს დაეკისრა საბაჟო გადასახდელების გადახდა 19 749 400 ბელორუსული რუბლის ოდენობით და სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 987 470 ბელორუსული რუბლის ოდენობით.
2017 წლის 9 ოქტომბერს ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2019 წლის 7 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ქ. მ-მა და განაცხადა, რომ ვერ ხერხდება მოვალის კ. ზ-ის (010…) მოძიება აღმასრულებლისათვის ცნობილ მისამართზე: ქ. თბილისი, ზ. დასახლება … მ/რ, … კვარტალი, კორპუსი №…, ბ. №….
მოცემულ შემთხვევაში კრედიტორები არიან ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ქალაქ გომელის საბაჟო ტერმინალი და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. ც-ვა, ხოლო მოვალეა კ. ზ-ი.
აღმასრულებლის განმარტებით მოვალეს „წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ ჩაბარდა საჯარო გამოქვეყნების გზით 2018 წლის 16 მარტს, ხოლო შეტყობინება ქონებრივი ნუსხის წარმოდგენისა და დაყადაღებული ქონების ნებაყოფლობით წარმოდგენის შესახებ არ ჩაბარებია. შუამდგომლობაში აღნიშნულია ასევე, რომ მოვალის სახელზე ამ ეტაპზე არ ირიცხება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონება, არ ერიცხება დადებითი ნაშთი საბანკო ანგარიშზე. ამასთან, მოვალის სახელზე რეგისტრირებულია ავტომანქანა, რომელიც დაყადაღებულია მარეგისტრირებელ ორგანოში და გადაცემულია დაკავებაზე, თუმცა ამ დროისათვის ქონება არ არის წარდგენილი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რათა მოხდეს მისი სააუქციონოდ მომზადება მოვალის დავალიანების დაფარვის მიზნით.
შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან მოვალე თავს არიდებს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, გადაწყვეტილების აღსრულების შეუფერხებლად მიმდინარეობისათვის აუცილებელია მოვალის დავალდებულება, წარმოადგინოს ქონებრივი ნუსხა, დაყადაღებული ავტომანქანა, დააზუსტოს საცხოვრებელი მისამართი და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად მოხდეს მოვალის მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღმასრულებელმა იშუამდგომლა ოფიციალურად გამოცხადდეს ძებნა მოვალეზე - კ. ზ-ზე (პ/ნ: 0102…).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ქ. მ-ის შუამდგომლობა, მოვალის ძებნისა და მოყვანის თაობაზე, მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ქ. მ-ის შუამდგომლობა მოვალის ძებნისა და მოყვანის შესახებ თანდართულ მასალებთან ერთად და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, რომლის საფუძველზედაც სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნისა და მოყვანის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოვალის მოძებნა, რის გამოც ვერ სრულდება საქმეზე Nა-154-შ-2-2015 2017 წლის 9 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება NA17125…).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ქ. მ-ის შუამდგომლობა მოვალის ძებნისა და მოყვანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ქ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. გამოცხადდეს მოვალე კ. ზ-ზე (პ/ნ 01022…, მისამართზე: ქ. თბილისი, ზ. დასახლება … მ/რ, … კვარტალი, კორპუსი №…, ბ. №….) ძებნა;
3. მოვალე კ. ზ-ის ძებნის განხორციელება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
4. მოძებნის შემთხვევაში მოვალე კ. ზ-ი წარდგენილ იქნეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში და შეწყდეს მის მიმართ გამოცხადებული ძებნა;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე