Facebook Twitter

საქმე №ას-1556-2019 15 მაისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ჭ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი მოპასუხე გ. ჭ-ის მიამრთ, განქორწინების და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.

დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განესაზღვრა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან, 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი გ. ჭ-ის დედას ს. ჭ-ს ჩაბარდა 2019 წლის 11 დეკემბერს.

2019 წლის 14 დეკემბერს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გურამ ჭვინტიაშვილმა და ითხოვა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება, რადგან ვერ შეძლო ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შევსება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა.

კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს, გ. ჭ-ის, მის მიერ მითითებულ მისამართზე, გაგეგზავნა ორჯერ, თუმცა არ ჩაბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსაქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა.

საქმეში არსებული უკუგზავნილებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს, გ. ჭ-ს, მის მიერ მითითებულ მისამართზე (გარდაბანი, ლ. ქ. …, ბინა …) გაეგზავნა ორჯერ, თუმცა ვერ ჩაბარდა, ვინაიდან ადრესატი მისამართზე არ იმყოფებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის თანახმად, თუ მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ჭ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი