Facebook Twitter

საქმე №ას-253-2020 17 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ა. ხ-ანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჩ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ძის სარჩელი ა. ხ-ნის მიმართ ბეს თანხის ორმაგად დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ.

3. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, რაც საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და საჩივრის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა. ამავე პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა საჩივრის ავტორის წარმომადგენლის შუამდგომლობა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა საჩივრის ავტორს გაუგრძელდა 3 დღით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება საჩივრის ავტორის წარმომადგენელს 2020 წლის 23 იანვარს ჩაბარდა. შესაბამისად, მას განჩინებით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში 2020 წლის 28 იანვრის ჩათვლით უნდა წარედგინა, ხოლო ვინაიდან ამ ვადაში საჩივრის ავტორს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს სასამართლოსთვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების შესაბამისად, არსებობდა საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო წარდგენილი საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ საქმე №ას-470-438-2017, 2 ივნისი, 2017 წელი, საქმე №ას-299-284-206, 22 აპრილი, 2016 წელი).

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლით განსაზღვრულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურა. კერძოდ, 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

11. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ მითითებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს საჩივრის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ თავისი მოტივირებული განჩინებით საჩივრის საფუძვლების გაუზიარებლობის შემთხვევაში (იხ. სუსგ №ას-228-217-2017, 14 მარტი, 2017 წელი). ხოლო, თუ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ შეუფასებია წარდგენილი საჩივარი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.

12. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ განჩინება, რომლითაც საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2020 წლის 23 იანვარს, თუმცა მას განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

14. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრის განხილვისას, საჩივარზე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც მხარე ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

15. ზემოაღნიშნული ნორმების მხედველობაში მიღებით და გამომდინარე იქიდან, რომ საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო იგი დაუშვებლად, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მოცემული საჩივარი სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, მოპასუხის საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. ხ-ნის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე