Facebook Twitter

საქმე №ას-1837-2019 16 ივნისი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ო. ლ-ვა (მოსარჩელე)

დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე - საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.10.2019წ. გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ო. ლ-ვამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „ კასატორი“) მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 26.12.2011წ. დაბადებული გ. ლ-ვა. მოპასუხე მოსარჩელეს არ აძლევს საშუალებას ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში. მამის უფლებების შეზღუდვა არღვევს თავად არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.

2.2. მამას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შვილი ინახულოს მის საცხოვრებელ ადგილას შეუზღუდავად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მოსარჩელეს უნდა განესაზღვროს არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესი, კერძოდ, ყოველი კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან ორშაბათი დღის 10:00 საათამდე; ასევე საზაფხულო არდადეგების პერიოდში ერთი თვით - 15 ივნისიდან 15 ივლისამდე და ზამთრის სეზონის არდადეგებზე - 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელემ ბავშვი გაიტაცა იმ დროს, როდესაც მის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი, არასრულწლოვანს ეძებდა პოლიცია მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოსთან ერთად. მოსარჩელე ბავშვს უნერგავს ზიზღს დედის და მისი ოჯახის წევრების მიმართ. ბავშვის ყოფნა მოსარჩელესთან სახიფათოა და ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვი დაკავებულია სხვადასხვა აქტივობებით.

3.2. ბავშვი შეჩვეულია დედასთან ყოფნას და დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაძლებს მის გარეშე.

4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:

4.1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, მიუხედავად ყოფილი ცოლ-ქმრის დაძაბული ურთიერთობისა, ბავშვს ორივე მშობელთან უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, რაც აუცილებელია გურამ ლაგვილავას სრულფასოვანი განვითარებისათვის.

4.2. ბავშვის ასაკის, მისი პოზიციის, მხარეთა საცხოვრებელ ადგილებს შორის მანძილის, მამა-შვილს შორის ამ ეტაპზე მიჯაჭვულობის არარსებობის გათვალისწინებით, ურთიერთობის აღდგენისა და შეგუება-შეჩვევის მიზნით, ამ ეტაპზე შეუძლებელია საუბარი ღამე დარჩენასთან დაკავშირებით. მიზანშეწონილია, მამას მიეცეს მონახულებისა და წაყვანის უფლება დღის საათებში. მშობელთან შეჩვევის შემდეგ კი შესაძლებელია გაიზარდოს მოსარჩელესა და არასრულწლოვანს შორის ურთიერთობის როგორც პერიოდულობა, ასევე ხანგრძლივობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.09.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილთან, 2….12.20…წ. დაბადებულ გ. ლ-ასთან ურთიერთობის წესი განესაზღვრა შემდეგნაირად:

2.1. პირველი - სამი თვე: ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღის 10 საათიდან 18 საათამდე არასრულწლოვანი შვილის (მისი საცხოვრებელი ადგილიდან) წაყვანის უფლებით და 18 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით;

2.2. სამი თვის შემდეგ (შესაძლოა მანამდეც) არასრულწლოვანის მამასთან დარჩენის სურვილის შემთხვევაში, შვილის ყოველი თვის, ყოველი კვირის პარასკევს, სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ, მისი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და კვირას 20 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით.

2.3. ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში, არასრულწლოვანი შვილის სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2.2 პუნქტით დადგენილი განრიგი შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

გადაწყვეტილება საააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.10.2019წ. გადაწყვეტილებით:

სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 2; 2.1; 2.2; 2.3 პუნქტები) და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგნაირად:

3.1. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ დღეს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ბავშვის საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და 15:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით;

3.2. მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ და კვირა დღეს, ოთხ-ოთხი საათით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ან ბავშვის სურვილის გათვალისწინებით და მხარეთა შეთანხმებით დღის სხვა დროის მონაკვეთში ბავშვის წაყვანის უფლებით და 15:00 საათზე ან მხარეთა შეთანხმებულ დროს დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით;

3.3. მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ და კვირა დღეს, რვა-რვა საათით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ან ბავშვის სურვილის გათვალისწინებით და მხარეთა შეთანხმებით დღის სხვა დროის მონაკვეთში ბავშვის წაყვანის უფლებით და 18:00 საათზე ან მხარეთა შეთანხმებულ დროს დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით;

3.4. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლისა და 6 თვის შემდეგ, ყოველ შაბათ და კვირა დღეს, რვა-რვა საათით, 10:00 საათიდან ბავშვის წაყვანის უფლებით და18:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით. ამასთან, ბავშვის მამასთან ღამით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, თვეში ორჯერ, შაბათ-კვირა დღეს, შაბათი დღის 10:00 საათიდან ბავშვის წაყვანის უფლებით, კვირა დღის 18:00 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით;

3.5. ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში, ბავშვის სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით 3.1. – 3.4. პუნქტებით დადგენილი განრიგი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

3.6. დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 26.12.2011წ. დაბადებული გურამ ლაგვილავა.

6.2. მეუღლეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. ქორწინება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით.

6.3. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან, ქ. თბილისში, ს. გ. N.,../…, ბინა ….

6.4. მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნ..

6.5. არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეა. არასრულწლოვანს და მოსარჩელეს უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ ჰქონიათ ნორმალური მამა-შვილური ურთიერთობა.

6.6. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის მწვავე, კონფლიქტური ურთიერთობაა.

6.7. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 11.10.2017წ. დასკვნის თანახმად, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში, 03.10.2017წ. ჩაირიცხა არასრულწლოვანი გურამი ლაგვილავა მოპასუხის წერილობითი განცხადების საფუძველზე. სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ მას არ უნდა მამასთან ურთიერთობა და ეშინია მისი. მოპასუხის ოჯახში არის შესანიშნავი პირობები ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის. ბავშვს აქვს ცალკე სათამაშო ოთახი, ცალკე საძინებელი დედასთან ერთად. ჩატარებული აქვს ასაკობრივი პროფილაქტიკური აცრები. მისი ფსიქო-მოტორული განვითარება შეესაბამება ასაკს. ოჯახის ყველა წევრი ზრუნავს ბავშვზე. მოპასუხე მუშაობს ბანკში, იგი სრულად უზრუნველყოფს ბავშვის საჭიროებებს.

6.8. 15.11.2017წ. განხორციელდა სოციალური მუშაკის ვიზიტი მოსარჩელის ოჯახში, სოფელ ნ….. ჩხორუწყუს რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 20.11.2017წ. დასკვნის თანახმად, მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს ორსართულიან კაპიტალურად ნაგებ სახლში, სადაც არის 9 ოთახი: ორი მისაღები, სამზარეულო, 6 საძინებელი, კეთილმოწყობილი აბაზანა. ოთახები მოწყობილია შესაბამისი ავეჯით, საცხოვრებელი კარგ მდგომარეობაშია, დაცულია წვიმის, ქარისა და დიდთოვლობის დროს. ჰიგიენური მდგომარეობა დაცულია. ოჯახის შემოსავალს შეადგენს მოსარჩელის კერძო საქმიანობა, სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციიდან 600-700 ლარი, კოოპერატივი ,,ნ.“ 600 ლარი, სეზონზე აქვთ 1,5ტ თხილი.

სოციალური მუშაკის ვიზიტისას მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელეს ახლობლები და მეზობლები ახასიათებენ დადებითად, განმარტავენ, რომ მას არ უყვარს ტყუილები, არის მეგობრული, ნაკლებად ეტანება ალკოჰოლურ სასმელს, სიმთვრალეში არ ხასიათდება ფიცხი ხასიათით. სოციალური მუშაკის დაკვირვებით, ბავშვის მიმართ მოსარჩელე და მისი დედა გამოხატავენ სითბოსა და სიყვარულს. არასრულწლოვანს მამის სახლში აქვს საკუთარი ოთახი, ასევე ერთი ოთახი, სადაც მხოლოდ მისი სათამაშოებია. ოჯახს ჰყავს დიდი თანადგომის ქსელი, რომლებიც უწევენ ფსიქოემოციურ მხარდაჭერას და ოჯახს მხარში უდგანან. მიუხედავად ყოფილი ცოლ-ქმრის დაძაბული ურთიერთობისა, სოციალურ მუშაკს მიზანშეწონილად მიაჩნია, ბავშვს ორივე მშობელთან ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, რაც აუცილებელია არასრულწლოვნის სრულფასოვანი განვითარებისთვის.

6.9. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის 17.11.2017წ. დახასიათების თანახმად, მოსარჩელე მუშაობს შპს სამშენებლო საპროექტო ,,ი.“ დირექტორად, ახლობლებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან სარგებლობს კარგი ავტორიტეტით. სოფელში იცნობენ, როგორც კარგი რეპუტაციის ახალგაზრდას. მერია მოსარჩელეს ახასიათებს დადებითად.

6.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.10.2017წ. გადაწყვეტილებით მოპასუხის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეს აეკრძალა დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში მოპასუხისთვის, მათ შორის მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან, სადაც შეიძლება მოპასუხე იმყოფებოდეს, 50 მეტრის რადიუსში მიახლოება და კონტაქტი. მოსარჩელეს ასევე აეკრძალა დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში მოპასუხესთან რაიმე ფორმით ურთიერთობა. იმ ნაწილში, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვდა დამცავი ორდერის გამოცემას არასრულწლოვნის მიმართ, განცხადება არ დაკმაყოფილდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

6.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.04.2018წ. განჩინებით მეურვეობის და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს დაევალა საქმეში ფსიქოლოგის ჩართვა. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის ლელა პარწიკანაშვილის 07.08.2018წ. მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ფსიქოლოგმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიწყო საქმეზე მუშაობა, განხორციელდა არასრულწლოვნის მშობლების ვიზიტები. არასრულწლოვნის ვიზიტი დაიგეგმა 06.08.2018წ., რაც შეთანხმებულ იქნა მოპასუხესთან. ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე მოპასუხემ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვმა კატეგორიული უარი განაცხადა ფსიქოლოგთან ვიზიტზე და მცდელობის მიუხედავად, მისი დათანხმება ვერ მოახერხა.

6.12. თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ფსიქოლოგის 04.05.2018წ. დასკვნა/შეფასების მიხედვით, არასრულწლოვანს აქვს კარგი კოგნიტური უნარ-ჩვევები, კოოპერატიულობის მაღალი ხარისხი, ადაპტაციის უნარ-ჩვევები, ზრდა-განვითარებისა და ფსიქიკური პროცესების მხრივ დევიაცია არ აღინიშნება. თერაპიის პროცესში მეგობრულია, სერიოზული, ჩართულია მოტივაციით, არის პოზიტიური. სოციალური მუშაკის კითხვებს: ეშინია თუ არა მამის - პასუხობს რომ არა, ხოლო კითხვას, წაყვება თუ არა მამას ბაღიდან - პასუხობს რომ არა. არასრულწლოვანი მშვიდია, უსაფრთხოების განცდა აღსდგა, იცის, რომ საკუთარი სურვილის გარეშე მას არავინ წაიყვანს - რეკომენდირებულია ატრავმული გარემო.

6.13. სასამართლო სხდომაზე მოწვეული ფსიქოლოგის რეკომენდაციით, რომელიც ასევე ესწრებოდა არასრულწლოვანთან გასაუბრებას, ბავშვი დაცული უნდა იყოს მშობლების კონფლიქტის ნახვისგან. არასრულწლოვანი ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამამ გაუყიდა ბინა, გაუუქმა პასპორტი, აბრაზებს დედას, 6 წლის ბავშვისათვის ამგვარი საკითხების ცოდნა მიუღებელია. არასრულწლოვანს არ ახსოვს, არ იცის მამასთან ურთიერთობა, მაგრამ მას არც რაიმე სახის უარყოფითი ფაქტი გაუხსენებია. სავარაუდოა, რომ ამჟამად მამის ნახვაზე უარის თქმის მიზეზი მშობლებს შორის კონფლიქტური ურთიერთობაა (ტ.1,ს.ფ.324-346; სხდომის ოქმი; მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფსიქოლოგის მოსაზრება).

6.14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება არ უნდა შეეზღუდოს.

6.15. სასამართლოს მითითებით, მართალია, 1...09.20…წ. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მოსარჩელემ მოპასუხის ნებართვის გარეშე წაიყვანა შვილი, თუმცა ამ ორი დღის განმავლობაში ბავშვის მიმართ საფრთხისშემცველი ქცევის ფაქტი არ დაფიქსირებულა. რაიმე უარყოფით გარემოებას ვერ იხსენებს ვერც არასრულწლოვანი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მამას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული რაიმე სახის აქტით არ ჰქონია შეზღუდული შვილთან მიახლოვება და მასთან ყოფნა. უდავოა, რომ მოსარჩელე შვილის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ის შემჩნეული არ არის ისეთ საქმიანობაში, რაც შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს ბავშვის აღზრდა - განვითარებას და სამართლებრივი გზებით იბრძვის ბავშვთან ურთიერთობის უფლების რეალიზაციისათვის. პალატა მიუთითებს ჩხორუწყუს რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 2...11.20…წ. დასკვნაზე, ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის 1...11.20..წ. გაცემულ დახასიათებაზე, რომელთა თანახმად, მოსარჩელე ხასიათდება დადებითად.

პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ფსიქოლოგის ...05.20..წ. დასკვნა/შეფასებაზე, სადაც არასრულწლოვანმა სოციალური მუშაკის კითხვას, ეშინია თუ არა მამის - უპასუხა, რომ არა. სასამართლო სხდომაზე მოწვეული ფსიქოლოგის განმარტებით, რომელიც ასევე ესწრებოდა არასრულწლოვანთან გასაუბრებას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში, არასრულწლოვანმა არ იცის მამასთან ურთიერთობა, მაგრამ მასთან ურთიერთობიდან ვერც რაიმე სახის უარყოფით ფაქტს იხსენებს, გარდა იმისა, რაც ბავშვმა გადმოცემით იცის დედისგან. მნიშვნელოვანია ასევე სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვი შეესწრო კონფლიქტს, რამაც დააზიანა მისი ფსიქიკა. ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ აღნიშნული დამოკიდებულია დედის ხელშეწყობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი გ. ლ-ვას ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან. პალატას მიაჩნია, რომ დავაში მონაწილე თითოეულმა მხარემ, მათთვის კანონით მინიჭებული უფლების, კონკრეტულ შემთხვევაში მშობლის უფლების განხორციელებისას, უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 115-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. მოპასუხემ მისთვის მინიჭებული მშობლის უფლება არ უნდა გამოიყენოს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს მეორე მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილთან.

6.16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სსკ-ის 1199-ე მუხლის არასწორ განმარტებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ განსაზღვრული ურთიერთობის წესი შესაძლოა საზიანო აღმოჩენილიყო ბავშვის ინტერესებისთვის. პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეა, რომელის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია ქალაქი თბილისი, ს.ს გ. N…/…, ბინა …. რაც შეეხება მოსარჩელეს, მას ამჟამად საცხოვრებელი ადგილი თბილისში არ გააჩნია. მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია ჩხოროწყუს რაიონის სოფელი ნ., რომელიც დაახლოებით 300 კილომეტრითაა დაშორებული თბილისიდან. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული დროით ბავშვის მამასთან ყოფნა საზიანო იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. კერძოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკითხი, თბილისში, ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღის 10 საათიდან 18 საათამდე სად უნდა იმყოფებოდეს არასრულწლოვანი, სად უნდა წაიყვანოს ბავშვი მოსარჩელემ მისთვის მინიჭებული უფლების ფარგლებში.

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ სკოლის მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია სკოლისთვის მომზადება, რასაც მოსარჩელე მხარე ვერ შეძლებს, ვინაიდან, მას თბილისში საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. რაც შეეხება მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის დაშორებას ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან, 6 წლის ბავშვისთვის რთული იქნება გაუძლოს მრავალსაათიან მგზავრობას ჩხოროწყუს მიმართულებით.

6.17. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში. სსკ-ის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ბავშვის უფლებათა კონვენციაში.

6.18. სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, ასევე არასრულწლოვნის ყოველდღიური რეჟიმის მხედველობაში მიღებით, მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა უნდა განსაზღვრულიყო სასამართლოს მიერ მითითებული გრაფიკით.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, რომლის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოძალადის მიერ არასრულწლოვნის მოტაცების ან მისთვის სხვა სახის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლო გადაწყვეტილებით მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულების უფლება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და შემაკავებელი ორდერისა, 2017 წლის სექტემბერში მოსარჩელემ და მისმა ადვოკატმა გაიტაცეს ბავშვი. ისინი დაკავებულ იქნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ფოთი-ბათუმის ცენტრალურ სატრანსპორტო გზაზე. მოსარჩელეს უნდა აეკრძალოს არასრულწლოვნის მონახულება.

7.2. არასრულწლოვანთან სოციალური მუშაკის გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ მას არ უნდა მამასთან ურთიერთობა. მოპასუხის ოჯახში შესანიშნავი პირობებია ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის, ოჯახის ყველა წევრი ზრუნავს ბავშვზე. მოპასუხე მუშაობს ბანკში და იგი სრულიად უზრუნველყოფს მის საჭიროებებს. სოციალური მუშაკის კითხვას, წაყვება თუ არა მამას ბაღიდან, არასრულწლოვანი პასუხობს, რომ არა. იცის, რომ საკუთარი სურვილის გარეშე მას არავინ წაიყვანს. სხდომაზე მოწვეული ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ბავშვი დაცული უნდა იყოს მშობლების კონფლიქტის ნახვისგან. ფსიქოლოგის განმარტებით, არასრულწლოვანი ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამამ გაუყიდა ბინა, გაუუქმა პასპორტი, აბრაზებს დედას.

7.3. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწვეული იქნა არასრულწლოვანი, რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ არ უნდა მამასთან ყოფნა და არ წაყვება სოფელში. არასრულწლოვანი შაბათს და კვირას დაკავებულია ფეხბურთის თამაშით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესზე და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას იმ დასაბუთებით, რომ მამასთან ურთიერთობა, რომელმაც 2017 წლის სექტემბერში უნებართვოდ წაიყვანა ბავშვი, საზიანოა არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. კასატორის განმარტებით, ბავშვს არ სურს მამასთან ურთიერთობა.

12. პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. სსკ-ის 1202-ე მუხლით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

13. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ (შემდეგში კონვენცია) შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ.

კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.

კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში; შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება, არ უნდა შეეზღუდოს (სუსგ №ას-63-59-2017, 13.11.2018წ.).

15. ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს (კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

16. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებით, მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ, როდესაც ამ მიზეზით ბავშვი ან ერთ მშობელთან ცხოვრობს ან მეორესთან (Cılız v. the Netherlands) (სუსგ Nას-198-2019, 28.05.2019წ.).

17. კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ უნდა აღდგეს მამა-შვილს შორის ურთიერთობა. პალატა ყურადღებას ამახვილებს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციაზე, რომელიც მიუთითებს, რომ არასრულწლოვანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მამასთან ურთიერთობა, მამის მხრიდან არ იკვეთება ძალადობა ან სხვა რაიმე ქმედება, რომელიც შეუფერებელი იქნებოდა მშობლისთვის. სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, მხოლოდ დედის პოზიცია არ წარმოადგენს მამისთვის უფლებების შეზღუდვის საკმარის საფუძველს, მით უფრო, რომ არასრულწლოვანი გარკვეულ ასაკამდე, მშობლების დაშორებამდე იზრდებოდა მათთან ერთად (იხ.: 28.10.2020წ. სხდომის ოქმი, 16:18:06-16:21:16). სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე გამოკითხული იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგი, ლელა პარწიკანაშვილი, რომელიც ესწრებოდა არასრულწლოვანთან გასაუბრებას. ფსიქოლოგის განმარტებით, მშობლებს შორის მტრული დამოკიდებულებაა, რაც აზიანებს ბავშვის ინტერესებს. ფსიქოლოგის მითითებით, მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია მეორე მშობელთან ურთიერთობა ბავშვისთვის (28.10.2020წ. სხდომის ოქმი, 15:56:50). რაც შეეხება ბავშვის დატვირთულ გრაფიკს, ფსიქოლოგის მითითებით, იმდენად აუცილებელია მშობელს და შვილს შორის ჯანსაღი ურთიერთობის არსებობა, სხვა საკითხებს არ აქვთ განმსაზღვრელი მნიშვნელობა, მით უფრო, რომ ბავშვი დაწყებით სასწავლო საფეხურზეა და არ არის რეკომენდირებული, ყველა წუთი დაკავებული ჰქონდეს (28.10.2020წ. სხდომის ოქმი, 16:04:52- 16:06:19). საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელე შვილის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ის შემჩნეული არ არის ისეთ საქმიანობაში, რაც შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს ბავშვის აღზრდასა და განვითარებას. რაც შეეხება 2017 წლის სექტემბერში მომხდარ შემთხვევას, როდესაც მოსარჩელემ მოპასუხის ნებართვის გარეშე წაიყვანა შვილი, ბავშვის საუკეთესო ინტერესების მხედველობაში მიღებით სასამართლოს მხრიდან წახალისებული ვერ იქნება არასრულწლოვანთან მიმართებაში მშობლების შეუთანხმებელი ქმედება, თუმცა აქვე მიუთითებს, რომ მხოლოდ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს მამასა და შვილს შორის ოჯახური კავშირის აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებას. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, მამას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული რაიმე სახის აქტით არ ჰქონია შეზღუდული შვილთან მიახლოვება და მასთან ყოფნა. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მამასთან ყოფნის პერიოდში ბავშვის მიმართ საფრთხისშემცველი ქცევის ფაქტი არ დაფიქსირებულა, რაიმე უარყოფით გარემოებას ვერ იხსენებს ვერც არასრულწლოვანი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სადავო შემთხვევის შემდეგ მამამ მიმართა სასამართლოს და უკვე სამართლებრივი გზით დაიწყო მოქმედება არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის უფლების რეალიზაციისათვის.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ურთიერთობის წესი ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის საზიანო არ იქნება, პირიქით, არასრულწლოვანი შვილის მჭიდრო ურთიერთობა მამასთან აუცილებელია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მამის შვილთან ურთიერთობის წესი განსაზღვრულია რამდენიმეთვიანი პერიოდებით, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესებში უზრუნველყოფს მამა-შვილს შორის ურთიერთობის ეტაპობრივ და ემოციურად დამზოგავი ფორმით აღდგენას.

18. პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, სადაც სასამართლო არ დაეთანხმა მთავრობის არგუმენტს, რომ ცალკე მცხოვრები შვილის მიერ ყოველი შაბათ-კვირის მამასთან ერთად გატარება უარყოფითად იმოქმედებდა მის განვითარებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულება, როგორიცაა, ფსიქოლოგის ან სხვა ექსპერტის შეფასებები. მშობლებისა და შვილების მიერ ერთმანეთის კომპანიით ორმხრივად სარგებლობა კონვენციის „ოჯახური ცხოვრების“ ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (Kutzner v. Germany) (სუსგ №ას-63-59-2017, 13.11.2018წ.).

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, კასატორს უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 8917209102, გადახდის თარიღი 09.01.2020წ.) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ნ. გ-ას (პ/ნ: 0101400…) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 8917209102, გადახდის თარიღი 09.01.2020წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

პაატა ქათამაძე