საქმე №ა-4373-შ-134-2019 12 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ქალაქ მინსკის მოსკოვის რაიონის ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – დ. დ-ი (პ-ი)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენი
დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენით დ. ზ. ძე დ-ი (პოტაპოვი) ცნობილ იქნა დამნაშავედ მოტყუებით ქონების დაუფლებაში; ქონების ფარულ დატაცებაში, ჩადენილი განმეორებით და განესაზღვრა სასჯელის სახით სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 თვით პატიმრობა და სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 თვით პატიმრობა; დ. ზ. ძე დ-ს (პ-ი) დაეკისრა მ. გ. ასული ქ-ას სასარგებოდ ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად 2 680 რუბლისა და 11 კაპიკის, ხოლო მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 1500 რუბლის, მთლიანობაში - 4180 რუბლისა და 11 კაპიკის გადახდა; დ. ზ. ძე დ-ს (პ-ი) დაეკისრა სახელმწიფოს შემოსავალში 210 რუბლისა და 50 კაპიკის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 27 სექტემბრის №14157 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ქალაქ მინსკის მოსკოვის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა დ. დ-ის (პ-ი) მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
3. შუამდგომლობაზე თანდართული ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ამავე სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში 2019 წლის 19 იანვრიდან.
4. ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს ცნობით დასტურდება, რომ ამავე სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ქალაქ მინსკის მოსკოვის რაიონის ინსპექციის ცნობით დასტურდება, რომ 2019 წლის 26 ივლისის მდგომარეობით დ. დ-ს ეკისრება დავალიანება სახელმწიფო ბაჟის სახით 210,50 ბელარუსული რუბლის ოდენობით.
5. ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე დ. დ-ი (პ-ი) (ბრალდებული) სასამართლო განხილვას ესწრებოდა; დ. დ-ის (პ-ი) სარეგისტრაციო მისამართია - საქართველო, ქ. ონი, ნ. ბ. ქ. №….
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ქალაქ მინსკის მოსკოვის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. დადგინდა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების დ. დ-ისთვის (პ-ი) გაგზავნა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების, ასევე, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარე დ. დ-ს (პ-ი) გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – საქართველო, ქ. ონი, ნ. ბ. ქ. №…. მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად, ორივე შემთხვევაში, მითითებული იყო იმ გარემოებაზე, რომ ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე, ხოლო მისმა ბაბუამ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო დოკუმენტები მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ქალაქ მინსკის მოსკოვის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა დ. დ-ის (პ-ი) მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
14. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენით, დ. ზ. ძე დ-ი (პ-ი) ცნობილ იქნა დამნაშავედ მოტყუებით ქონების დაუფლებაში; ქონების ფარულ დატაცებაში, ჩადენილი განმეორებით და განესაზღვრა სასჯელის სახით სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 თვით პატიმრობა და სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 თვით პატიმრობა; ამავე განჩინებით, დ. ზ. ძე დ-ს (პ-ი) დაეკისრა მ. გ. ასული ქ-ას სასარგებოდ ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად 2 680 რუბლისა და 11 კაპიკის, ხოლო მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 1500 რუბლის, მთლიანობაში - 4180 რუბლისა და 11 კაპიკის გადახდა; დ. ზ. ძე დ-ს (პ-ი) დაეკისრა სახელმწიფოს შემოსავალში 210 რუბლისა და 50 კაპიკის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. 2019 წლის 26 ივლისის მდგომარეობით, დ. დ-ს ეკისრება დავალიანება სახელმწიფო ბაჟის სახით 210,50 ბელორუსული რუბლის ოდენობით. ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 19 იანვრიდან. მოწინააღმდეგე მხარე დ. დ-ი (პ-ი) (ბრალდებული) სასამართლო განხილვას ესწრებოდა; ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენი ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. დ. დ-ს (პ-ი) ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს და მისი მისამართია - ქ. ონი, ნ. ბ. ქ. №….
17. მინსკის კონვენციის 51-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებზე ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომლებიც გამოტანილია სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მოსაზრება აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს რა შუამდგომლობას კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენი, რომლითაც დ. ზ. ძე დ-ს (პ-ი) დაეკისრა სახელმწიფოს შემოსავალში 210 რუბლისა და 50 კაპიკის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ქალაქ მინსკის მოსკოვის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა დ. დ-ის (პ-ი) მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის პარტიზანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 იანვრის განაჩენი, რომლითაც დ. ზ. ძე დ-ს (პ-ი) დაეკისრა სახელმწიფოს შემოსავალში 210 რუბლისა და 50 კაპიკის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე