Facebook Twitter

საქმე № ას-478-2020 03 ივლისი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2020წ. განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ. ა-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოსარჩელე", „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე. …“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოპასუხე“) მიმართ თაღლითური ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის - 16 172 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.05.2017წ. განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.11.2017წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.05.2017წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2018წ. განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.07.2018წ. განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ ამავე სასამართლოს 24.02.2017წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

8. 15.10.2019წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დაზუსტებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელემ მოპასუხის, ასევე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და ი/მ ლ. კ-ევის მიმართ.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.10.2019წ. განჩინებით დაზუსტებული სარჩელი დარჩა განუხილველად (ტ.9, ს.ფ. 8-10).

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.11.2019წ. განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად (ტ.10, ს.ფ. 104-107).

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.10.2019წ. და 11.11.2019წ. განჩინებებზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.10.2019წ. განჩინება დაზუსტებული სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (ტ.10, ს.ფ.327-332).

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.11.2019წ. განჩინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე (ტ.10, ს.ფ. 333-340).

14. 27.05.2020წ. მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2020წ. განჩინებების გაუქმება.

15. 02.07.2020წ. მოსარჩელემ შუამდგომლობებით მომართა საკასაციო სასამართლოს (ტ.10, ს.ფ. 376-483). მან მოითხოვა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა გაერთიანება, მტკიცებულებების დართვა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, მიუთითა პირებზე, რომელთა მონაწილეობით უნდა მოხდეს საქმის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

17. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

18. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.10.2019წ. განჩინებით დაზუსტებული სარჩელი დარჩა განუხილველად (ტ.9, ს.ფ.8-10). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.10.2019წ. განჩინება დაზუსტებული სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (ტ.10, ს.ფ.327-332).

19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.11.2019წ. განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად (ტ.10, ს.ფ.104-107). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.11.2019წ. განჩინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე (ტ.10, ს.ფ. 333-340).

20. 27.05.2020წ. მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2020წ. განჩინებების გაუქმება.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

22. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (სუსგ.-ები: №ას-1587-2019 , 04.11.2019წ.; №ას-1947-2018 27.12.2018წ. ).

23. ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს, გასაჩივრებული განჩინებები საბოლოოა და არ საჩივრდება (დაწვრილებით იხ.: სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ.). შესაბამისად, აღნიშნული განჩინებების კანონიერება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).

25. გათვალისწინებით იმისა, რომ საკასაციო სასამართლო განუხილველად ტოვებს კერძო საჩივარს, საკასაციო პალატა არ მსჯელობს საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებული შუამდგომლობების საფუძვლიანობაზე, რომლებიც ასახულია კერძო საჩივრის ავტორის 02.07.2020წ. განცხადებებში. შესაბამისად, 02.07.2020წ. შუამდგომლობები ასევე დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ა-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2020წ. განჩინებებზე დარჩეს განუხილველად.

2. მ. ა-ის 02.07.2020წ. შუამდგომლობები დარჩეს განუხილველად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე