Facebook Twitter

№ ას-230-230-2018 23 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ა-ოვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ქ-ძე, ო. ა-ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ვ. ფ. №…., ბ. №…, მიწის/უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №05.22.44…. (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“), 2016 წლის 23 დეკემბრიდან არის მ. ქ-ძის, ო. ა-ძისა (შემდგომში ერთობლივად – „მოსარჩელეები“) და ა. ა-ვას (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“) თანასაკუთრება.

2. სადავო ბინის ერთ-ერთი თანამესაკუთრე - გ. ა-ძე, რომელიც ბინაში ცხოვრობდა მოპასუხესთან (მეუღლესთან) ერთად, გარდაიცვალა 2… წლის … სექტემბერს. მისი გარდაცვალების შემდეგ ამ ბინაში ცხოვრებას აგრძელებს მხოლოდ მოპასუხე.

3. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელეების საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 20… წლის … დეკემბრიდან. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა №16117… და სამკვიდრო მოწმობა №19….

4. უძრავი ქონება მართლზომიერად დაკავებული აქვს მხოლოდ მოპასუხეს და მიუხედავად სხვა მესაკუთრეების - მოსარჩელეების არაერთი მოთხოვნისა, არ აძლევს მათ საშუალებას, ისარგებლონ აღნიშნული უძრავი ქონებით.

5. მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებაში თითოეულის წილი განსაზღვრულია, თუმცა თითოეულის წილი იდეალურია და არ არის ფაქტობრივად გაყოფილი.

6. 2017 წლის 9 იანვარს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის დავალდებულება ხელი არ შეეშალა მოსარჩელეებისთვის მათ საკუთრებაში არსებული ქონებით: საცხოვრებელი ბინით და ამ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთებით სარგებლობაში; ასევე, მოსარჩელეებისთვის გადაეცა ბინაში შესასვლელი კარის გასაღების თითო ეგზემპლიარი და აენაზღაურებინა მოსარჩელეთა მიერ წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯები.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელეები, მართალია, არიან სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეები მოპასუხესთან ერთად, თუმცა საკუთრების უფლება მესაკუთრეებზე აღრიცხულია იდეალურ წილებში, უძრავი ნივთი წარმოადგენს საზიარო საგანს, რეალურად კი მათი წილები არ არის გამოყოფილი. ამასთანავე, მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა და შეუძლებელია მათი ერთად ცხოვრება და საზიარო საგნის ერთობლივად გამოყენება, ვიდრე არ იქნება თითოეული მესაკუთრის წილი ცალკე გამიჯნული ან მხარეები არ შეთანხმდებიან საზიარო საგნის გამოყენების სხვა წესზე. გარდა ამისა, მოპასუხემ აწ გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად კაპიტალური რემონტი ჩაუტარა აღნიშნულ უძრავ ქონებას. ბინაში არსებული მოძრავი ნივთები, როგორც ჭურჭელი, ისე ავეჯი და ტექნიკა შეძენილია მის მიერ. მოსარჩელეები კი სადავო ბინაში დაახლოებით 25 წელია არ ცხოვრობენ.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე დავალდებულდა ხელი არ შეეშალა მოსარჩელეებისათვის თანასაკუთრებაში არსებული ქონებით - საცხოვრებელი ბინით სარგებლობაში.

9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-173-ე მუხლებით, 956-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ მოსარჩელეებმა შეძლეს მათი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება, ამიტომ აპელანტის მხრიდან უნდა მოხდეს მოსარჩელეებისათვის თანასაკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის შეწყვეტა. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტები საზიარო საგნის გაყოფასთან დაკავშირებით არ არის წინამდებარე დავის ჭრილში განსახილველი საკითხი.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

14.1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები, რომლითაც წესრიგდება საზიარო უფლებიდან წარმოშობილი ურთიერთობები. მესაკუთრეები საზიარო ნივთით უნდა სარგებლობდნენ მათი კუთვნილი წილების შესაბამისად, რაც გულისხმობს მონაწილეთა შეთანხმებას მათი წილის კვალობაზე ნივთით სარგებლობის წესზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი თანამონაწილე მთლიან უძრავ ნივთზე განახორციელებს ბატონობას, როგორც მოცემულ დავაში იქნა გადაწყვეტილი, ამით აშკარად დაირღვევა სხვა თანამესაკუთრის კანონიერი უფლება თავის კუთვნილ წილზე.

14.2. სასამართლომ მოპასუხის პოზიცია არ შეაფასა სათანადოდ, კერძოდ, მოპასუხე წინააღმდეგი იყო მოსარჩელეებს განეხორციელებინათ მთლიან უძრავ ქონებაზე ბატონობა, ვინაიდან ისინი ითხოვდნენ მთლიანი ქონების სარგებლობაში გადაცემას და მის მართვას ისეთნაირად, რითაც ზიანი ადგება მოპასუხის ინტერესებს. იგი თანახმაა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით, წილობრივი მონაცემების გათვალისწინებით დადგინდეს მათი კუთვნილი ფართით ინდივიდუალური სარგებლობის წესი.

14.3. სასამართლოს მიერ უძრავი ქონება მიჩნეულ იქნა რა მხარეთა თანასაკუთრებად (იდეალურ წილებში), ვერ იქნა გაკეთებული სათანადო სამართლებრივი აქცენტები თუ რა თანაფარდობით ჰქონდა თითოეულ მესაკუთრეს საზიარო საგნის მართვის უფლება და რეალურად როგორ უნდა განხორციელებულიყო საზიარო საგნის მართვა სამი მესაკუთრის მიერ. ასეთ ვითარებაში, როცა მხარეთა კუთვნილი იდეალური წილები არ არის გამიჯნული და მოსარჩელეთა უფლება არ დასტურდება საცხოვრებელ ბინაში არსებულ, საკმაოდ ძვირადღირებულ მოძრავ ნივთებზე, შეუძლებელია, მოსარჩელეებს გადაეცეთ მთლიანი საცხოვრებელი ბინის ფაქტობრივად ფლობის უფლება; მოსარჩელეთა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა საცხოვრებელი ბინის გასაღების გადაცემაზე და შემდგომში, დაზუსტებული მოთხოვნა, რომელიც იმავე შინაარსისაა, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს და აშკარად არღვევს კასატორის უფლებას ისარგებლოს კუთვნილი იდეალური წილით.

14.4. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება არის მოპასუხის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ოჯახი, სადაც იგი ცხოვრობს წლების მანძილზე. მხარეთა შორის არ არის ჯანსაღი ურთიერთობა, მოსარჩელეების სარჩელი მიმართულია იქითკენ, რომ მოპასუხეს არ ჰყავს მეუღლე, ცხოვრობს მარტო და მთლიან საცხოვრებელ ბინაზე ისინი თუ მოიპოვებენ ბატონობას, მოპასუხეს იძულებით დაატოვებინებენ საცხოვრებელ ბინას. სწორედ ამიტომ მოსარჩელეები არცერთ სასამართლო ინსტანციაში არანაირ მორიგებაზე არ დათანხმდნენ მოპასუხეს.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები, რომლითაც წესრიგდება საზიარო უფლებიდან წარმოშობილი ურთიერთობები. წინამდებარე საქმის გადაწყვეტისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის, როგორც საკუთრების უფლების მარეგულირებელი ნორმებით, კერძოდ 170-ე - 173-ე მუხლებით, ასევე 956-ე მუხლით, რომელიც არეგულირებს საზიარო საგნის მართვის წესებს. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთ-ერთ თანამონაწილეს მთლიან უძრავ ნივთზე მიეცა ბატონობის განხორციელების უფლება, რამაც დაარღვია სხვა თანამესაკუთრის კანონიერი უფლება თავის კუთვნილ წილზე. აღნიშნულის საპირისპიროდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, მოპასუხე დავალდებულდა ხელი არ შეეშალა მოსარჩელეებისთვის თანასაკუთრებაში არსებული ქონებით - საცხოვრებელი ბინით სარგებლობაში, ისე, რომ კასატორს თანასაკუთრების კანონიერი უფლება კუთვნილ წილზე არ დარღვევია. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა შეზღუდული იყოს კანონით ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული (იხ. სუსგ №ას-1148-1094-2014 19 მარტი, 2015 წელი).

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა.

21. კასატორი პრეტენზიას აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მისი წინააღმდეგობა, მოსარჩელეებს განეხორციელებინათ მთლიან უძრავ ქონებაზე ბატონობა, კერძოდ, იგი თანახმა იყო ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრულიყო მოსარჩელეების კუთვნილი წილის შესაბამისი ფართით ინდივიდუალური სარგებლობის წესი.

22. განსახილველ შემთხვევაში სადავო ქონება სამი სუბიექტის თანასაკუთრებაა, რომლებიც ქონების იდეალურ წილებს ფლობენ და ქონება რეალურად გაყოფილი არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ რეალური წილების გაუქმების ან/და გამოყოფის შესახებ მოსარჩელეებს სარჩელში არ აღუნიშნავთ და მათი მოთხოვნა არის ჰქონდეთ შესაძლებლობა, როგორც მოპასუხე სარგებლობს, ისე ისარგებლონ საკუთრებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილი და მოდავე მხარეთა ინტერესების შეპირისპირების გზით მართებულად მიიჩნიეს სარჩელი საფუძვლიანად.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილება არ ართმევს უფლებას დამოუკიდებელი სარჩელით თავად მოითხოვოს თანასაკუთრებაში არსებული ქონების გამიჯვნა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-39-39-2016, 1 მარტი, 2016 წელი; საქმე №ას-67-65-2014, 31 ივლისი, 2014 წელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ თანამესაკუთრეები ვერ შეთანხმდებიან სადავო უძრავი ქონებით სარგებლობის წესზე, კასატორს უფლება აქვს, სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული მუხლების შესაბამისად, სარჩელი აღძრას სასამართლოში.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ № ას-469-437-2017 30 აპრილი, 2018 წელი; №ას-787-754-2016 11 ნოემბერი, 2016 წელი).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. კასატორი გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფოს ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. ა-ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე