საქმე № ას-214-2020 30 ივნისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.ბ–ძე, ე.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.01.2020წ. განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 11.11.2019წ. გადაწყვეტილებით ლ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი გ.ბ–ძის და ე.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მეორე მოპასუხე“, „მოპასუხეები“, „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება მდებარე: ჭიათურა, სოფელი ......., ს.კ. N......, ........, ........, ........, ........, ........
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.01.2020წ. განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი საჩხერის რაიონული სასამართლოს 11.11.2019წ. გადაწყვეტილებაზე როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები ესწრებოდნენ საჩხერის რაიონული სასამართლოს 11.11.2019წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას.
2.2. პირველმა მოპასუხემ 06.12.2019წ. მიმართა სასამართლოს და ჩაიბარა გადაწყვეტილება. შესაბამისად, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომდევნო დღიდან - 07.12.2019წ.-დან და ამოიწურა 20.12.2019წ. 24:00 საათზე. დადგენილია, რომ მას ამ ვადაში სააპელაციო საჩივარი არ აღუძრავს, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა ვადის ამოწურვის შემდეგ, 26.12.2019წ..
2.3. მეორე მოპასუხეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა განჩინების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, მეორე მოპასუხისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 12.12.2019წ.-დან და ამოიწურა 25.12.2019წ. 24:00 საათზე. სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა ვადის ამოწურვის შემდეგ, 26.12.2019წ..
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.01.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა (წარმომადგენელი თ.გ–ძე). კერძო საჩივარი დაფუძნებულია შემდეგზე: სხდომის ოქმის ჩანაწერებით და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით არ დასტურდება, რომ მოპასუხეები ესწრებოდნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. ამასთან, მეორე მოპასუხისთვის გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 12 დეკემბერს და გზავნილი ფოსტას ჩააბარა გასაჩივრების ვადის დაცვით, 26 დეკემბერს. რაც შეეხება პირველ მოპასუხეს, მას გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ დოკუმენტები დარჩა მიკროავტობუსში და დაუბრუნდა მხოლოდ 25 დეკემბერს, ღამის საათებში.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.03.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
6. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა დაარღვიეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
7. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
8. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეები (აპელანტები) არ წარმოადგენენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტებს. ასეთზე კერძო საჩივრის ავტორები არ უთითებენ.
9. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. 31.01.2019წ., საქმეზე №ას-873-2018). ამდენად, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (სსსკ-ის მე-60 მუხლი).
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014). სსსკ-ის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
11. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეები და მათი წარმომადგენელი თ.გ–ძე (იხ.: რწმუნებულებები, ს.ფ. 71,72) ესწრებოდნენ საჩხერის რაიონულ სასამართლოში 28.10.2019წ. გამართულ სხდომას და ამდენად, მათთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (იხ.: 28.10.2019წ. სხდომის ოქმი და ხელწერილი ს.ფ. 78-86). 11.11.2019წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერით დგინდება, რომ მოპასუხეები ასევე პირადად ესწრებოდნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ.: სხდომის ოქმი CD დისკზე, ს.ფ. 87-90). რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების მსჯელობას მასზე, რომ მოპასუხეები არ ესწრებოდნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს მათ მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლნენ. კერძო საჩივრის ავტორები ვერ ადასტურებენ მათ მიერ მითითებულ გარემოებას.
12. პირველმა მოპასუხემ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, 06.12.2019წ. განცხადებით მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით და ამავე დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ.101). ამდენად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ჩააბარების თარიღის მომდევნო დღიდან, 07.12.2019წ.-დან და დასრულდა 20.12.2019წ..
რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, მას ან/და მის წარმომადგენელს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავთ. შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან - 12.12.2019წ. და ამოიწურა 25.12.2019წ..
13. საჩხერის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით წარდგენილ იქნა 27.12.2019წ.. საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 26.12.2019წ.. ამდენად, სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც პირველი, ისე მეორე მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 26.12.2019წ., ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
15. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ძის და ე.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.01.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი