საქმე №ას-136-2020 6 ივლისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - რ.ც–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ს.კ.ს–ო" (მოპასუხე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - განცხადებების განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.10.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ.ც–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე", "კერძო საჩივრის ავტორი", "განმცხადებელი") სასარჩელო მოთხოვნა შპს „ს.კ.ს–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე") მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 135 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 10 000 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3135 ლარი. მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა - 10 000 ლარის 0.01% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 30 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დაუსწრებელი გადაწყვეტილება 12.11.2018წ. ჩაბარდა მოპასუხის დირექტორს (ს.ფ.227,232,233).
2. 11.11.2019წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსარჩელემ წარმოადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.10.2019წ. განჩინების გაუქმებას და საქმის მეორე ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას (ს.ფ.262).
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.02.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში დაეზუსტებინა გასაჩივრებული განჩინების დასახელება და მიეთითებინა განჩინების მიმღები სასამართლო. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ს.ფ.269-271). საპროცესო ვადის დაცვით კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.03.2020წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა (ს.ფ.280,281).
4. 12.03.2020წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ არ ავსებს კერძო საჩივარზე დადგენილ ხარვეზს. კერძო საჩივრის ავტორი ამ განცხადებითვე მოითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას (ს.ფ.284). შემდგომ განმცხადებელმა მოითხოვა და მოსამართლის აცილება (ს.ფ. 288).
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.04.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა საქმის განხილვისგან მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 20.04.2020წ. განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი და განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დარჩა განუხილველად. განმცხადებელს განემარტა, რომ მიემართა გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსთვის, ვინაიდან თავად აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოა უფლებამოსილი განიხილოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა-არგაცემის საკითხი.
6. მოსარჩელემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს 03.06.2020წ. მომართა განცხადებებით და მოითხოვა განმხილველი მოსამართლის აცილება, სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.04.2020წ. განჩინების განმარტება, საქმის წარმოების განახლება, სააღსრულებო ფურცლის გაცემა (ს.ფ.320-324).
განცხადებებზე მსჯელობის მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოითხოვა საქმე.
7. მოსარჩელემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს 26.06.2020წ. მომართა განცხადებით წარმოდგენილი განცხადებების გახმობის თაობაზე. განმცხადებელმა განმარტა, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, პირველი ინსტანციის სასამართლომ გასცა მის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცელი და სადავო აღარაფერი აქვს (ს.ფ.327).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ რ.ც–ძის 03.06.2020წ. განცხადებები განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრონციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის/განმცხადებლის უფლება, გამოიხმოს სარჩელი/განცხადება. სსსკ-ის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისთვის დაბრუნების თაობაზე. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა განცხადებების გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რაც განცხადებების განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ.: სუსგ №ა-5252-ა-13-2017, 5 იანვარი, 2018 წელი , №ვ-602-ა-11-2016, 31 ოქტომბერი, 2016 წელი)
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 831, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ც–ძის შუამდგომლობა განცხადებების გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. რ.ც–ძის 03.06.2020წ. განცხადებები განუხილველად იქნეს დატოვებული.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე